ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცეჟ–გლუზასთან

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 1 აგვისტო 2024

 

ინტერვიუ ალისია ვანცეჟ–გლუზასთან, ერთ-ერთი უძველესი პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციის Fundacja Ośrodek KARTA-ს (KARTA ცენტრის ფონდის) თანადამფუძნებელთან, მასწავლებელთა მოძრაობა „სოლიდარობის“ აქტივისტთან (Niezależny Samorządny Związek Zawodowy “Solidarność” - დამოუკიდებელი თვითმმართველობის პროფკავშირი „სოლიდარობა“); ასევე ის არის საომარი მდგომარეობის პერიოდში (1981–83) პოლონეთში, მიწისქვეშა გაზეთ „KARTA“-ს თანადამფუძნებელი, რედაქტორი და გამომცემელი; KARTA Center-ის მრავალი პროექტის კოორდინატორი დღემდე.



 

- ორმოცი წლის წინ, 1981 წლის 13 დეკემბერს, პოლონეთის კომუნისტურმა მთავრობამ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა, რათა ჩაეხშო ოპოზიციური მოძრაობა „სოლიდარობა“, რომელიც აერთიანებდა მილიონობით მოქალაქეს. როგორ შეხვდა ხალხი იმ დროს მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც შეზღუდა ადამიანის უფლებები?

 

ეს არ იყო ერთგვაროვანი ინდივიდუალური ან კოლექტიური, მყისიერი რეაქცია. საყურადღებოა ისიც, რომ საომარი მდგომარეობა შემოიღეს უქმე დღეს (შაბათ-კვირის ღამეს), ზამთარში, ძლიერი ყინვის დროს და ყველა სახის საკომუნიკაციო საშუალებები - ტელეფონი, რადიო და ტელევიზია მაშინვე გაითიშა. შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის (საქალაქთაშორისო მატარებლები, ტრამვაი და ავტობუსები) მოძრაობა. საომარი მდგომარეობის გამოცხადება ტელევიზიით დილით გადაიცა და მრავალჯერ გაიმეორეს.

 

12 დეკემბერს, გვიან საღამოს, გზებზე სამხედრო ტრანსპორტი ამოძრავდა, ღამით კი, მილიციამ წამოიწყო თავდასხმები „სოლიდარობის“ ოფისებსა და სხვადასხვა სტრუქტურაზე. ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდებოდა, ზეპირად ვრცელდებოდა, ზოგიც კი ყვიროდა რაც ხდებოდა და აფრთხილებდა მეზობლებს სახლების აივნებიდან. 12/13 დეკემბრის ღამეს დააკავეს 10,000-მდე ადამიანი (ამისათვის ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო „სოლიდარობის“ აქტივისტების ბინების კარების შემტვრევა).

 

ორშაბათს, 14 დეკემბერს, დაიწყო საოკუპაციო გაფიცვები სამუშაო ადგილებზე, ქარხნებსა და მაღაროებში. იქ, სადაც ცვლაში მუშაობდნენ (მაგ., მაღაროები ან ფოლადის ქარხნები), 12/13 დეკემბრის ღამის ცვლის მუშაკები ადგილზე დარჩნენ. ეს ადგილები წინააღმდეგობის მთავარ წერტილებად იქცა.

 

1981 წლის 16 დეკემბერს, კატოვიცეში, Wujek-ის ქვანახშირის მაღაროში გაფიცვის დროს, მილიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. ცხრა მაღაროელი დაიღუპა და ბევრიც დაშავდა. ამ მაღაროელთა სიკვდილი საომარი მდგომარეობის პერიოდის უდიდესი ტრაგედია იყო.

 

1981 წლის 14 დეკემბერს, ომისშემდგომ სამთო ინდუსტრიაში ყველაზე გრძელი გაფიცვა დაიწყო პოლონეთის სამხრეთით მდებარე ქვანახშირის ორი მაღაროს, "პიასტისა" და "ზიემოვიტის" კოლექტივმა. ორი კვირის განმავლობაში ორივე მაღაროში 4,000-მდე მუშა აპროტესტებდა საომარი მდგომარეობის შემოღებას; დაახლოებით, ნახევარმა გაფიცვის დასრულებამდე გაძლო. ხალხს დღემდე ახსოვს ისტორიები მაღაროელთა შესახებ, რომლებმაც რამდენიმე დღე გაატარეს მიწისქვეშ 650 მეტრზე. ნათურები გამოირთო, საკვებად მხოლოდ პური, წყალი, ვაშლი და ურთიერთდახმარებისა და სოლიდარობის ისტორიები ჰქონდათ… ამასობაში, მილიცია ცდილობდა გაფიცვის აღკვეთას.

 

სწორედ მაშინ დაიწყო დამოუკიდებელმა ინფორმაციამ მიმოქცევა, გაჩნდა საინფორმაციო ბიულეტენი და ბუკლეტები - დაბეჭდილი, გადაწერილი, გავრცელებული და მიმოფანტული ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, ასევე წარმოიქმნა "სოლიდარობის" აქტივისტების იატაკქვეშა სოციალური მოძრაობა, მათი ძალისძმევით, ვინც მოახერხა ინტერნირებისა და დაპატიმრების თავიდან აცილება. მოგვიანებით, მიწისქვეშა საგამომცემლო საქმიანობაც აღმოცენდა. თუმცა, საზოგადოების უმეტესობა მაინც საკმაოდ პასიური იყო. 1981 წლის დეკემბერში პოლონეთში, დაახლოებით, 38 მილიონი მოქალაქე იყო, 10 მილიონამდე წევრი კი დამოუკიდებელ თვითმმართველ პროფკავშირში - „სოლიდარობა“. დადგენილია, რომ მთელი მიწისქვეშა მოძრაობა შეადგენდა არაუმეტეს 100,000 ადამიანს ანუ აქტივისტების 1%-ს.

 

 

- ზოგადად, რას ფიქრობთ სიტუაციაზე, როდესაც მთავრობა და პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს? როგორ შეიძლება ხალხი ეფექტურად შეეწინააღმდეგოს ასეთ კანონს, როდესაც სტატუს კვო, მათ შორის ძალაუფლების მქონე სტრუქტურები და რესურსები, ხელისუფლების მხარესაა?

 

ჩემთვის ბუნებრივი რეაქცია პროტესტი და ამბოხებაა. ეს დამოკიდებულია მხოლოდ საზოგადოების თვითორგანიზების  უნარზე და ძალების მაქსიმალურ მობილიზებაზე. მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საზოგადოებრივი აზრის ლიდერები, რომლებმაც უნდა შეაფასონ წარმატების შანსები და პროტესტის სხვადასხვა ფორმის უსაფრთხოება: ღია, როგორიცაა მარშები, დემონსტრაციები (როგორც ბელორუსში ან ისრაელში), პარტიზანული (როგორც უკრაინაში „მაიდნის“ შემთხვევაში) ან საიდუმლო, როგორიცაა მიწისქვეშა მოძრაობის ორგანიზება, რომელიც ფოკუსირებული იყო „ხანგრძლივ ბრძოლაზე“ (როგორც ეს იყო პოლონეთში საომარი მდგომარეობის დროს, გაფიცულ ქარხნებსა და მაღაროებში წინააღმდეგობის პუნქტების ლიკვიდაციის შემდეგ). ლიდერების როლი ასევე არის საკომუნიკაციო არხების ორგანიზება, ხალხის მონდომების შეფასება, ალიანსების ძიება ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ და, სიტუაციიდან გამომდინარე, მოქმედების სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავება. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლიდერული სტრუქტურების ორგანიზებას - რეპრესიების შემთხვევაში მათი ჩანაცვლებით და რესურსებით უზრუნველყოფას. ასევე აუცილებელია ქმედებების უსაფრთხო დოკუმენტირება და დაარქივება.

 

 

- 1982 წელს მეგობართა ჯგუფთან ერთად შექმენით მიწისქვეშა გაზეთი „KARTA“, რომელიც მიეძღვნა თავისუფლების თემას მსოფლიოში, სადაც დომინირებს დიქტატურები. შეგიძლიათ აღწეროთ თქვენი მიწისქვეშა საქმიანობა იმ პერიოდში?

 

საომარი მდგომარეობის პირველი სამი კვირის განმავლობაში მეგობრების ჯგუფმა დავიწყეთ სოციოკულტურული ჟურნალის შექმნა, როგორც დომინანტური „სოლიდარობის“ საქმიანობის ალტერნატივა, რომლითაც იმედგაცრუებული ვიყავით. მაშინვე შევუერთდით ორგანიზაციის იატაკქვეშა საქმიანობას. ვინაიდან ზბიგნევ გლუზას - ჩვენს ლიდერს და მომავალში ჟურნალ "KARTA"-ს მთავარ რედაქტორს, პატარა მანქანა ჰქონდა და "მესენჯერის" როლს ითავსებდა -  ავრცელებდა ინფორმაციას გაფიცვების, მთავრობის ჩარევების, “სოლიდარობისა” და სხვა მნიშვნელოვანის შესახებ. მე და ჩემი მეგობარი ვეძებდით ბინებს მიმალვაში მყოფი ადამიანებისთვის, ფარული სარედაქციო შეხვედრებისთვის, ბეჭდვისთვის და ა.შ. რთული იყო, რადგან ეს პირად კონტაქტებსა და მხარდამჭერ ადამიანთა მთელს ჯაჭვზე იყო დაფუძნებული. ეს იყო ასევე ხალხის გამბედაობისა და მზაობის გამოცდის დრო.

 

სამი კვირის შემდეგ, როდესაც ყველა აქტიური საპროტესტო აქცია და მჯდომარე გაფიცვები დასრულდა, მივხვდით, რომ წინ „გრძელი მარში“ გველოდა და მზად უნდა ვყოფილიყავით ამისთვის. საახალწლო შეხვედრის დროს დავიწყეთ საუბარი გაზეთის კონცეფციაზე, რომელიც არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფდა, არამედ ასახავდა იმ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდა საზოგადოება - ინტელექტუალურ რეაქციას მოვლენებზე.

 

1982 წლის 4 იანვარს მე, ზბიგნევ გლუზამ, სამ სხვა ადამიანთან ერთად (კატარჟინა მადონი, ალდონა იავლოვსკა და აგატა ტუშინსკა) დავაარსეთ დამოუკიდებელი იატაკქვეშა გაზეთი სახელწოდებით "KARTA" - პირველი ნომერი იყო ერთი ფურცელი, რომელიც ორმხრივად იყო დაბეჭდილი, საიდანაც მოდის ჟურნალის სახელწოდება. სათაური ასევე იყო მინიშნება ჩეხურ ოპოზიციურ ჟურნალ "Karta 77"-ზე და სიტყვაზე "Charta" (ქარტია) - ანუ ისეთ დოკუმენტებზე, როგორიცაა ადამიანისა და მოქალაქის უფლებების დეკლარაცია და სხვა.

 

ჟურნალი დაიბეჭდა შვიდ ეგზემპლარად, რადგან ეს იყო ის რაოდენობა, რომლის ერთჯერადად გადატანაც შეიძლებოდა თხელ ქაღალდზე და დავიწყეთ თანამოაზრეებთან დარიგება შემდგომი გადაწერისა და გავრცელების თხოვნით. მომდევნო ნომრებზე მუშაობისას გამოვიყენეთ პრიმიტიული ტრაფარეტული მეთოდები, რამაც გაზარდა ასლებისა და გვერდების რაოდენობა. მერე უკვე დასავლეთიდან კონტრაბანდულად შემოტანილ მიმეოგრაფს ვიყენებდით. მომდევნო ეტაპი იყო "KARTA”-ს დაბეჭდვა იატაკქვეშა, საიდუმლო სტამბებში პროფესიონალურ დანადგარებზე, სქელ, მრავალგვერდიან ჟურნალებად.

 

ჩვენ ორიენტირებული ვიყავით დიქტატორულ სამყაროში არსებული თავისუფლების მაგალითების წარმოჩენაზე. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ როგორ მოიპოვებდნენ თავისუფლებას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას რეპრესირებული ადამიანები. ჩვენ ვწერდით დისიდენტებზე გდრ-დან ან კუბიდან, "ნავის ხალხზე" - ლტოლვილებზე ვიეტნამიდან, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "მსოფლიოს ექიმებზე" და კატალონიელ მომღერალ ლუის ლიაკზე. იმ დროს, ჯერ კიდევ იატაკქვეშეთში, ჩვენ შევქმენით ჩვენი პირველი წიგნი „W stanie. Zbiorowy dziennik stanu wojennego“ - “საომარი მდგომარეობის კოლექტიური დღიური.” წიგნი შედგება ქრონოლოგიურად დალაგებული ჩანაწერებისგან, რომლებიც ასახავს ხალხის რეაქციას საომარი მდგომარეობის შესახებ და იმ ადამიანების ანგარიშებს, რომლებიც გაათავისუფლეს ციხეებიდან. ამან შესანიშნავად შეამზადა ზბიგნევ გლუზა, რომელიც თავადაც დააპატიმრეს, 1985 წლის 4 მარტს.

 

- რა როლს ასრულებენ სამოქალაქო აქტივისტები და მათი გაერთიანებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში? რა გაკვეთილების სწავლა შეუძლიათ დღევანდელ თავისუფლების მებრძოლებს ახლო წარსულიდან?

 

როგორც უკვე აღვნიშნე, ლიდერებმა უნდა შეასრულონ მთავარი როლი. აუცილებელი კრიტერიუმია სოციალური განწყობის შეგრძნება, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია არ გადააფასო საზოგადოება, რადგან რთულ დროს ადამიანები, ძირითადად, იბრძვიან, რათა მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრონ. აქტივისტებმა უნდა გამოიჩინონ მოთმინება, ფოკუსირდნენ გრძელვადიან მოქმედებებზე, უზრუნველყონ საკვანძო ფიგურების უსაფრთხოება (და ჰქონდეთ მეორე და მესამე „რიგი“ მათი ჩანაცვლებისთვის), შექმნან სტრუქტურები და შეკრიბონ მოკავშირეები – წინა კონტაქტებსა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. მათ უნდა იზრუნონ კომუნიკაციაზე, ანუ მუდმივად აცნობონ საზოგადოებას, რომ არიან ბრძოლაში და დაამტკიცონ ეს სხვადასხვა გზით - რაც ძალიან ამაღლებს ხალხის მოტივაციას.

 

საომარი მდგომარეობის დროს არსებობდა სხვადასხვა, ხანდახან სასაცილო მეთოდიც: ბროშურების სიმაღლიდან გადმოყრა, სატელევიზიო და რადიო სიგნალების შეწყვეტა „საკუთარი გადაცემების“ გადაცემით - თუნდაც ეს მხოლოდ სიმღერები ყოფილიყო; ტროტუარებზე ნახატები და ლოზუნგები, წარწერები და შტამპები ბანკნოტებზე; ავტორიტეტების დამცინავი იუმორისტული მოვლენები, მაგ., ხალხს ბროშებად ეკეთა „ელექტრო რეზისტორის“ (აქ არის სიტყვათა თამაში - “რეზისტორ” ითარგმნება როგორც -  წინააღმდეგი. ავტორი). „ვუჯეკის“ შახტში მაღაროელების მკვლელობის წლისთავებზე ეწყობოდა ფანჯრებში სანთლების გამოფენის კამპანია და ა.შ. მიზანი იყო სიმბოლიზმის პოპულარიზაცია, რომელიც იქცეოდა წინააღმდეგობისა და თანამშრომლობის, ურთიერთგაგების ნიშნად.

 

 

- რა საქმიანობით არის დაკავებული თქვენი ცენტრი დღეს? ჩვენ ვიცით, რომ KARTA-ს აქვს თხრობის უნიკალური მეთოდი საზოგადოების ინფორმირება წარსული მოვლენების, განსაკუთრებით ახლო წარსულის შესახებ. რა ხდის ამ მეთოდს უნიკალურს და რატომ გადაწყვიტეთ მისი განვითარება?

 

დღეს „KARTA“ არის ისტორიული ჟურნალი, რომელიც ეხება მე-20 და 21-ე საუკუნეების პოლონეთის ისტორიასა და მის ურთიერთობას მეზობლებთან. როგორც ჟურნალი, ასევე წიგნები, რომლებსაც ჩვენ გამოვცემთ, მოგვითხრობენ ისტორიებს „ქვემოდან“, ცალკეული ადამიანების გამოცდილების პრიზმაში, მაგრამ ასეთი შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს (რათა დავიცვათ მრავალხმიანობისა და მულტიპერსპექტივის პრინციპი), ასევე „ბარიკადის ყველა მხრიდან“ (მათ შორის პოლიტიკური, ეროვნული ბარიკადები და ა.შ.).

 

„KARTA“-ში ვაქვეყნებთ მხოლოდ წყაროებს, როგორებიცაა მემუარები, დღიურები, მოწმეთა ცნობები, პირადი დოკუმენტები, ფოტოები, პრესის სტატიები ან ოფიციალური დოკუმენტების ფრაგმენტები, თუ ისინი მნიშვნელოვანი წყაროა. ჩვენ ასევე ვიყენებთ ნარატიულ ტექნიკას ჩვენს წიგნებში - წყაროების ქრონოლოგიური შეკრების მეთოდს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაჯგუფებთ ქრონოლოგიური წყაროების ყველაზე გამომხატველ და შინაარსობრივ ფრაგმენტებს. ეს ქმნის მოვლენების მოზაიკურ გამოსახულებას. ისტორიკოსები წერენ მხოლოდ შესავალს, ან შემდეგ კომენტარის სახით ხსნიან ძნელად გასაგებ კონტექსტებს. წყარო დოკუმენტების მულტიპერსპექტიული შედგენა არის პუბლიკაციის ბირთვი. ამ გზით მკითხველს ვაძლევთ საშუალებას, დამოუკიდებლად გააკეთოს დასკვნები.

 

ისტორიკოსების სინთეზური თუ ანალიტიკური ტექსტები ყოველთვის რაღაც პოზიციიდან იწერება და ყოველთვის იწერება „მომხდარი ფაქტის შემდეგ“, ეს [კარტას მეთოდი] კი არის ერთგვარი ეროვნული, სათემო მეხსიერების ჩანაწერი - წარსულის გასაგებად და საკმარისია „შეეხო და დაინახო“ - აღიქვა ხმებით და წარსული გამოსახულებებით.



 

- რა როლს თამაშობს ხელოვნება, ლიტერატურა, თეატრი და კულტურა დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლაში? როგორ შეადარებთ თქვენს ბრძოლას 1980-იანი წლების ბოლოს თანამედროვე, ინტერნეტის ეპოქის ბრძოლებთან?

 

პოლონეთში, 1970-იან წლებში სტუდენტურმა ალტერნატიულმა თეატრმა გადამწყვეტი როლი ითამაშა დამოუკიდებლობისა და წინააღმდეგობის მოძრაობების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში და ოფიციალურისაგან განსხვავებულ ნარატივს სთავაზობდა მაყურებელს. ამ თეატრის ფესტივალებმა 1970-1980-იან წლებში სტუდენტების მსოფლმხედველობის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და კულტურული და იდეოლოგიური შეხების წერტილებად იქცა.

 

მომავალი "KARTA"-ს გარშემო მჭიდროდ იყო დაკავშირებული პოზნანის "Teatr Ósmego Dnia"-სთან (მერვე დღის თეატრი), იმ დროის ერთ-ერთ ცნობილ თეატრალურ ჯგუფთან. „KARTA“-ს ლიდერი ზბიგნევ გლუზა საომარი მდგომარეობის დაწყებამდე აპირებდა ამ თეატრის შესახებ წიგნის დასრულებას - მსახიობების სპექტაკლების, წერილების, ლექსებისა და მათი განცხადებების ფრაგმენტების წყაროების შეკრების მეთოდით. საომარი მდგომარეობის დროს ეს თეატრიც, ერთგვარად, „იატაკქვეშ“ გადავიდა - სპექტაკლები იმართებოდა ეკლესიებში, კერძო სახლებში.

 

იატაკქვეშა სტამბებმა გამოსცეს არა მარტო პოლიტიკური და ოპოზიციური თხზულებები და წიგნები, არამედ მხატვრული ლიტერატურა, რომელიც არ იყო კომუნისტურ პოლონეთში. მაგალითად, პოლონელი პოეტის ჩესლავ მილოშის ლექსები, რომელმაც ნობელის პრემია  მიიღო ლიტერატურაში 1980 წელს, მაგრამ ის პოლონეთში არ ქვეყნდებოდა 1950-იანი წლებიდან, მას შემდეგ, რაც ემიგრაციაში წავიდა. გამოიცა მეამბოხე მომღერლების ალტერნატიული მუსიკის კასეტები. აყვავდა სატირული ხელოვნება - ნახატი, სატირული კაბარე და ალტერნატიული ქუჩის ხელოვნება, რადგან ტირანის გაშარჟება არის მის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური ელემენტი.

 

1980-იან წლებში რთული იყო ტექსტების ან ნახატების ასლების გაკეთება გასავრცელებლად, ამიტომ მხოლოდ ის ნაწარმოებები მისწვდებოდა ბევრ ადამიანს, რომელთა მრავალი ეგზემპლარი იყო დაბეჭდილი (ამიტომაც ქაღალდი იყო „სტრატეგიული“ საქონელი, მისი ყიდვა მაღაზიებში შეუძლებელი იყო – იატაკქვეშა სტამბებში იყენებდნენ ძირითადად... მოპარულ ქაღალდს). სატელეფონო საუბრები ისმინებოდა და შეხვედრების ორგანიზება რთული იყო.

 

კომპიუტერების, მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის ეპოქაში - რა თქმა უნდა, ადვილია მასალების, ტექსტების, ინფორმაციის, სურათებისა და მიმართვების  გავრცელება. მარტივია ხალხის შეკრება; მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა სახის პრობლემა: ყალბი ინფორმაცია და თუნდაც “დიპფეიკები”, დეზინფორმაცია, ინფორმაციის მიმღებების მანიპულირების შესაძლებლობა, პანიკის დათესვა, ყალბი ანგარიშების პრობლემა და კიბერშეტევები. გარდა ამისა, ასეთ მარტივ კომუნიკაციას მიჩვეული ადამიანები შეიძლება უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს გადადგას ისეთი ნაბიჯი, როგორიც იყო პოლონეთში საომარი მდგომარეობის დროს - ანუ შეწყვიტოს კომუნიკაცია: დაბლოკოს მობილური ქსელები და ინტერნეტი.

 

 

- როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და მისი თანამგზავრი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები გაათავისუფლეს, იყო თუ არა აზრი პოლონურ საზოგადოებაში, რომ შესაძლოა ამა თუ იმ ფორმით ამ ცვლილებების შებრუნების მცდელობები ყოფილიყო? დაიწყო თუ არა ქვეყანამ გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით ისტორიული მეხსიერების გადახედვის კუთხით, რათა მომავალში ეფექტურად შესწინააღმდეგებოდა მსგავს პროცესებს? რას ფიქრობთ დღევანდელ მოვლენებზე, მათ შორის პუტინის აგრესიაზე უკრაინაში და ევროპის, მათ შორის პოლონეთის საფრთხეებზე?

 

მე ვფიქრობ, რომ პოლონეთში ჩვენ საერთოდ არ ვიყავით მზად კომუნიზმის მობრუნების  საფრთხეზე ფიქრისთვის. პოლონეთში კომუნიზმის დაცემის შემდეგ შედგა პოლონეთის მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებები[1] და პირველი ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები 1989 წელს, ასე რომ პოსტ-სოლიდარობის ძალების მიერ ძალაუფლების მშვიდობიანი აღების შედეგად. კომუნისტები უკიდურესად დასუსტდნენ - ჩვენ კი, გამარჯვების სრული განცდა გაგვიჩნდა.

 

პირველი გაფრთხილება იყო ყოფილი კომუნისტების ხელისუფლებაში დაბრუნება და ალექსანდრე კვაშნევსკის არჩევა პოლონეთის პრეზიდენტად, რომელმაც 1995 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა ლეხ ვალენსა, “სოლიდარობის” ლეგენდარული ლიდერი. თუმცა, მისი მთავრობა პოზიტიური აღმოჩნდა. რეალურად, პოლონეთი ნატო-სა და ევროკავშირში შევიდა ყოფილი კომუნისტი პრემიერ-მინისტრის, ლეშეკ მილერისა და ყოფილი კომუნისტი პრეზიდენტის, ალექსანდრე კვაშნევსკის დროს. ყველაფერი სწორი მიმართულებით განვითარდა - დემოკრატიის შენება, ადამიანისა და სამოქალაქო უფლებებისადმი ზრუნვა და ისტორიის გადააზრება. არანაირი დაბრკოლება არ ყოფილა.

 

„KARTA“-ს პირველი ოფიციალური (ნებადართული) ნომერი გამოვიდა 1990 წელს. იგი იქცა კვარტალურ ისტორიულ გამოცემად, რომელიც უპრობლემოდ ასახავდა კომუნისტურ დანაშაულებს. ჩვენ დავაარსეთ Ośrodek KARTA (კარტას ცენტრი) და დავიწყეთ ფართომასშტაბიანი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდა საბჭოთა ოკუპაციის დროს პოლონეთის მოქალაქეების წინააღმდეგ სსრკ-ისა და პოლონეთის ტერიტორიებზე ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებას, როგორც ცენტრის, ისე ადგილობრივი კომუნისტების მიერ.

 

ერთადერთი პრობლემა, უფრო სწორად, წინააღმდეგობა იყო ის, რომ პრაქტიკულად არ მომხდარა საომარი მდგომარეობის შემქმნელების გასამართლება, მათ შორის იმათი, ვინც გასცემდა ბრძანებას დაეხვრიტათ მაღაროელები და წარსულში კომუნისტური დანაშაულების ჩამდენები. ასევე, არასაკმარისი იყო სპეცსამსახურების ყოფილი საიდუმლო თანამშრომლების ვეტინგის პროცესი. „დაუმთავრებელი ვეტინგის“ საკითხმა ყოფილი ოპოზიცია ერთმანეთს დააპირისპირა და გარდამავალ პერიოდში სადავო საკითხად დარჩა.

 

თუმცა, 2015 წელს მემარჯვენე ფრთის ხელისუფლებაში მოსვლა პოლონეთისთვის უფრო საშიში ჩანდა. ამ მომენტიდან დაიწყო ისტორიასთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან პოლონეთის მემარჯვენე პოლიტიკური ძალა იყო ძალიან ნაციონალისტური, ქსენოფობიური და შეუწყნარებელი, გამორიცხავდა სხვა აღმსარებლობის ადამიანებს („ნამდვილი პოლონელი კათოლიკეა!“) და პოლონეთის ისტორიასა და ერს მხოლოდ გმირის ან უდანაშაულოდ ტანჯული მსხვერპლის როლში წარმოაჩენდა.

 

2015–2023 წლებში მოხდა პოლონური დემოკრატიის ჩამოშლის პირველი ეტაპი. ეს გამოიხატა სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლების უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოების განადგურებით, ქონების მიტაცებით, განათლების სისტემის განადგურებითა და ურთიერთობების გაფუჭებით მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირთან. რაღაც მომენტში დადგა პოლექსიტის საფრთხეც კი.

 

საბედნიეროდ, 2023 წლის 15 ოქტომბერს არჩევნები მემარჯვენეების მოწინააღმდეგე ძალებმა მოიგეს. ახლა ჩვენ შეშფოთებით ვუყურებთ სხვა ქვეყნებს, სადაც მემარჯვენეები ძალას იკრებენ.

 

პოლონეთში დიდია 1943 წლის ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებული ისტორიული წყენა, როდესაც უკრაინელებმა ჩაიდინეს სასტიკი დანაშაული პოლონელების წინააღმდეგ და შემდეგ უკრაინელების წინააღმდეგ საპასუხო ქმედებებიც განხორციელდა. თუმცა რუსეთის შეჭრას საშინელ ბარბაროსობად მივიჩნევთ და მთელი ძალით ვცდილობთ დავეხმაროთ უკრაინას. ჩვენ გვეშინია პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო მცირე ქვეყნებისკენ არიან მიმართული, როგორებიცაა ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და მოლდოვა. თუმცა, ჩვენ გვჯერა ალიანსების სიძლიერის, განსაკუთრებით ნატო-სა და ამერიკის დახმარების (ამიტომაც გვაწუხებს პუტინის მოკავშირე ტრამპის გამარჯვების პერსპექტივა).

 

 

- საქართველოს ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ მიიღო მსგავსი კანონი, როგორც რუსეთში „უცხოელ აგენტებთან დაკავშირებით“, რამაც გამოიწვია ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი ბოლო 30 წლის განმავლობაში. როგორც ვხედავთ, კრემლი აქტიურად უჭერს მხარს მსგავსი კანონების ინიციირებას მეზობელ ქვეყნებში, საქართველოში, ყირგიზეთში და ა.შ. რა პარალელებს გაავლებდით რუსეთში 12 წლის განმავლობაში მოქმედ კანონთან და რა გავლენა აქვს მას სხვა ქვეყნებზე? არის ეს კრემლის მიზნის ნაწილი - ქვეყნების ხელახალი კოლონიზაცია?

 

„უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის შემოღება უდავოდ სასიკვდილო საფრთხეა საქართველოსა და სხვა ქვეყნების საზოგადოებისთვის. მე დავაკვირდი ამ კანონის გავლენას რუსეთში საზოგადოება “მემორიალზე”. იქ 2012 წელს დაინერგა, დაიწყო მცირე შევიწროებით, ადმინისტრაციული სახდელით, შემოწმებით და ა.შ. ათი წლის შემდეგ “მემორიალი” საბოლოოდ დაიშალა სასამართლო სხდომაზე, წაართვეს ოფისი, ჩამოართვეს საბანკო ანგარიშები და გაჩხრიკეს მემორიალის წევრების ოფისები და ბინები. 2022 წლის ოქტომბერში მემორიალს მიენიჭა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, ბელარუსულ “ვიასნასთან” და “უკრაინის სამოქალაქო თავისუფლებების” ცენტრთან ერთად. დღეს „მემორიალის“ წევრების უმეტესობა ემიგრაციაშია მიმოფანტული საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთსა და ისრაელში; რამდენიმე ციხეში და სასჯელაღსრულების კოლონიებშია, რამდენიმე რჩება რუსეთში და... ელოდება ბედის აღსრულებას...

 

ბევრი ამბობს, რომ 2021 წლის დეკემბერში „მემორიალის“ დაშლის შესახებ განცხადება მომავალი ომის პირველი ნიშანი იყო. „მემორიალმა“ დიდი როლი ითამაშა რუსეთის საზოგადოებისთვის ჩეჩნეთის ომებში პუტინის დანაშაულების გამჟღავნებაში. ამჯერად, საჭირო გახდა უკრაინაში დაგეგმილი დანაშაულების მოწმის განეიტრალება...

 

 

- KARTA ასევე წერს საქართველოს შესახებ და თქვენ გეგმავთ რამდენიმე გამოცემა მიუძღვნათ საქართველოს ისტორიის საკითხებს. ერთ-ერთი მათგანია 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყება. რატომ დაინტერესდით ამ პროექტით და როგორ ფიქრობთ, რატომ არის მნიშვნელოვანი პოლონელებისთვის ამ ისტორიის გაცნობა?

 

გასულ წელს, KARTA Center-ის წარმომადგენლებმა ჩვენი გამოცემები თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს და IDFI-სთან თანამშრომლობა დაამყარეს. KARTA-ს დელეგატებმა გააცნეს მუშაობის მეთოდები და შესთავაზეს გამოცდილების გაზიარება ისტორიის დოკუმენტირების კუთხით. ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ სტალინიზმთან ანგარიშების გასწორებაზე, რადგან საქართველოში არსებული სტალინის კულტი, როგორც ჩანს, იმის შედეგია, რომ ადამიანებმა ბოლომდე არ იციან მრავალი ერის წინააღმდეგ სტალინის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, მათ შორის ქართულის მიმართ. ბუნებრივი ჩანდა 1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყების საკითხით დაინტერესება და თემის განვითარება KARTA-ს მეთოდების გამოყენებით, რომელიც ზემოთ ვახსენე.

 

მრავალი წლის წინ, KARTA-მ მოამზადა დისიდენტური მოძრაობების საერთაშორისო ლექსიკონი 24 ქვეყანაში - საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში. პოლონეთში ყოველთვის იყო და არის საკმაოდ დიდი ქართული დიასპორა. ჩვენ გვსურს, შევისწავლოთ მისი ისტორია, რომელიც საინტერესოა პოლონელებისთვის, რომლებსაც, რა თქმა უნდა, აქვთ დადებითი გრძნობები ამ ლამაზი ქვეყნის მიმართ.

 

 

- დასასრულს, როგორია თქვენი მისწრაფებები სამომავლოდ და როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენები საქართველოში და სხვაგან?

 

2022 წლის ივნისში, KARTA-მ გახსნა ახალი ობიექტი ვარშავაში, სახელწოდებით "WITRYNA Domu Wschodniego" - ეს იყო პირდაპირი პასუხი "მემორიალის" ლიკვიდაციაზე და უკრაინაში ომის დაწყებაზე, ათასობით ომის ლტოლვილის შემოდინებაზე უკრაინიდან პოლონეთში, ასევე ომის მოწინააღმდეგეების რუსეთიდან და ლუკაშენკოს რეჟიმის ოპოზიციონერების ბელარუსიდან. ეს ადგილი ემსახურება სოციალურ მობილიზაციას აღმოსავლური ტირანიების წინააღმდეგ.

 

ჩვენ აქ ვქმნით ბიბლიოთეკას ამ დიასპორების ეროვნულ ენებზე და ვაგროვებთ მათი ქვეყნების საარქივო დოკუმენტებს. ამ დიასპორების თემები აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებას: სადისკუსიო შეხვედრებს, ფილმების ჩვენებას, თეატრალურ წარმოდგენებს, ვორქშოპებს, მრგვალ მაგიდებს და ა.შ. აქაც არის ადგილი და დრო ქართული დიასპორისთვის - აქ იზრდება მათი წიგნებისა და დოკუმენტების კოლექცია და ორშაბათი დღე განკუთვნილია ქართველი კურატორის მიერ ორგანიზებული შეხვედრებისთვის.

 

 

 

 

 


 

[1] პოლონეთის მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებები გაიმართა ვარშავაში, პოლონეთში 1989 წლის თებერვლიდან აპრილამდე. მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები აკრძალულ პროფკავშირთან „სოლიდარობა“ და სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან მზარდი სოციალური არეულობის განმუხტვის მცდელობის მიზნით.

 

 

 

-

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024