ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

პუბლიკაციები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 29 ივლისი 2024

ავტორები: პიოტრ სვოვი, იურიდიული მრჩეველი, კატარჟინა ბატკო-ტოვუჩთან, Citizens Network Watchdog Poland-ის პროგრამის დირექტორთან თანამშრომლობით

 

შესავალი

 

ფულის გათეთრების საწინააღმდეგო საქმიანობა (შემდგომში: AML) პოლონეთში ეფუძნება ევროკავშირის რეგულაციებსა და 2018 წლის 1 მარტის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის აქტს, რომელმაც ეროვნულ სამართლებრივ წესრიგში დანერგა ევროკავშირის კანონმდებლობა.

 

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული ორგანოა ფინანსური ინფორმაციის გენერალური ინსპექტორი (შემდგომში: GIIF), რომელიც მოქმედებს ფინანსთა სამინისტროში სპეციალურად შექმნილი განყოფილების ფარგლებში.

 

AML-ის მიმართულებით მთავარი სახელმწიფო რეესტრი გახლავთ ბენეფიციარი მესაკუთრეობის ცენტრალური რეესტრი (შემდგომში: CRBR). ის აგროვებს ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა სახელი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ქვეყანა, PESEL (პოლონეთში მოქმედი ფიზიკური პირის ინდივიდუალური და უნიკალური ნომერი), ინფორმაციას ბენეფიციარი მფლობელის წილის ან უფლებამოსილების ზომისა და ხასიათის შესახებ. მონაცემებს რეესტრს აწვდიან ე.წ. „ვალდებული დაწესებულებები“, რომელთა ზუსტი ნუსხა ჩამოთვლილია აქტში. ეს მოიცავს, მათ შორის, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიებს, ტრასტებსა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

AML-ის თემა პოლონეთში ყველაზე აქტუალურია ბიზნეს სფეროსთან მიმართებით. ამას მოწმობს მიმდინარე სასწავლო კურსები და კონფერენციები, ასევე სხვადასხვა IT ინსტრუმენტების არსებობა AML პროცესების გაადვილების მიზნით. ეს სავარაუდოდ გამოწვეულია იმით, რომ ბიზნეს სუბიექტებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია ბენეფიციარი მესაკუთრეობის შესახებ CRBR-ს და შეასრულონ სხვა AML ვალდებულებები.

 

ეს თემა ბიზნესებისთვის კიდევ უფრო აქტუალური გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდგომ. რუსული კაპიტალის მქონე სუბიექტებზე დაწესებული სანქციების გამო გაჩნდა კონტრაგენტების გაფართოებული გადამოწმების საჭიროება. CRBR ამ მხრივ შესაძლოა სასარგებლო ინსტრუმენტი იყოს.

 

ბიზნეს სუბიექტებს ბოლო დროს ასევე უწევთ ევროპისა და პოლონეთის საარჩევნო კალენდრის გათვალისწინება, რადგან პოლიტიკურად აქტიურ პირებთან საქმიანი ურთიერთობის შემთხვევაში AML-ის რეგულაციები მათ დამატებით ვალდებულებებს აკისრებთ.

 

AML-ით საჯაროდ ხელმისაწვდომი ინსტრუმენტების გამოყენების მხრივ, პოლონეთში ბიზნეს საზოგადოების გარეთ არსებული სუბიექტები მათ მინიმალურად მიმართავენ. ჟურნალისტების შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს მასალა, რომელშიც ავტორები მიუთითებენ, რომ მათი დასკვნები ეყრდნობა CRBR-ში არსებული მონაცემების ანალიზს. არასამთავრობო ორგანიზაციების შემთხვევაში, ეს თემა ძირითადად წარმოდგენილია ანგარიშგების ვალდებულებების ჭრილში და თავად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ CRBR-ისთვის მონაცემების მიწოდების საჭიროებიდან გამომდინარე. პოლონეთის  “ჩემი სახელმწიფო ფონდი” აწარმოებს სერვისს სახელწოდებით Rejestr.io, რომელიც აანალიზებს პოლონეთის ეროვნული სასამართლო რეესტრის მონაცემებს და ნათლად აჩვენებს კავშირებს სხვადასხვა სუბიექტებს შორის. თუმცა, არ არსებობს მსგავსი ინსტრუმენტი, რომელიც CRBR-ს მონაცემებს შეაგროვებდა, თუნდაც კონკრეტულ მიდგომასთან დაკავშირებით, მაგალითად რუსეთთან დაკავშირებულ კომპანიებთან საქმიანი თანამშრომლობისთვის. ანალოგიური ვითარება გვხვდება  თვითმმართველობებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან მიმართებაში.

 

AML-ის ძირითადი საკითხები მოიცავს პრობლემებს დე ფაქტო ბენეფიციარი მფლობელის პრაქტიკული განსაზღვრის მხრივ და CRBR-ში გამოქვეყნებულ მონაცემებზე წვდომასთან მიმართებაში. ეს უკანასკნელი საკითხი აქტუალურია CJEU-ს გადაწყვეტილების ფონზე გაერთიანებულ საქმეებში C-37/20 და C-601/20, WM (C-37/20), Sovim SA (C-601/20) ლუქსემბურგის ბიზნეს რეესტრების წინააღმდეგ. თუმცა, პოლონეთში აღნიშნული გადაწყვეტილების დასკვნების შედეგად არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა CRBR–ზე ზოგადი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის აუცილებლობის მხრივ.

 

ამჟამად, CRBR არის საჯარო, უფასო და ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს მასში დაცული ინფორმაცია ვებ ბრაუზერიდან. ამ შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის შეცვლის აუცილებლობა წამოჭრილია ზემოხსენებული სასამართლოს გადაწყვეტილების, ბოლო AML6 დირექტივის და პოლონურ სამართლებრივ წესრიგში საოჯახო ფონდების ინსტიტუტის დანერგვის საკითხის შემოტანის კონტექსტში. პოლონური AML-ის კანონი ბენეფიციარი მესაკუთრე პირების გამჟღავნების თვალსაზრისით საოჯახო ფონდს ტრასტთან აიგივებს. რაც საკამათოა არის იმ პირთა ფარგლები, რომლებსაც ეს ვალდებულება ეხება.

 

საოჯახო ფონდების შემთხვევაში, იმ პირთა წრე, რომელთა მონაცემებიც გამჟღავნებას ექვემდებარება, შეიძლება მოიცავდეს, მაგალითად, არასრულწლოვან ბავშვებს ან პირებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ფონდის საქმიანობასთან, როგორც მაგალითად დამფუძნებლების მშობლები ან ბებია-ბაბუა. მეორე მხრივ, ამან შეიძლება შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და გამომძიებელი ჟურნალისტების მხრიდან საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ეს შესაძლებლობა არ გამოიყენება. ეს სავარაუდოდ გამოწვეულია უნარების, ინსტრუმენტების, გამოცდილების და ინტერესის ნაკლებობით. პოლონეთში საჯარო და საჯარო-კერძო სფეროებში ბოროტ საქმიანობაზე მომუშავე ორგანიზაციების რაოდენობა შედარებით მცირეა.ცალკეულ შემთხვევებს ამხელენ ჟურნალისტები, როდესაც ეს შემთხვევები ეხება მედიისთვის საინტერესო პირებსა და ბიზნესებს. მიუხედავად ამისა, სტატიები ეფუძნება ექსპერტთა მოსაზრებებს. საოჯახო ფონდების შესახებ მონაცემების სიღრმისეული ანალიზი არ ჩატარებულა.

 

 

რეკომენდაციები

 

პოლონეთში საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ რეკომენდაციები ეხება შესწორებული დირექტივის იმპლემენტაციას, რადგან სწორედ ამ დროს არის ცვლილებების განხორციელების ყველაზე მაღალი ალბათობა.

 

ასეთ შემთხვევაში ჩვენი რეკომენდაციაა,რომ  განხორციელების პროცესი წინასწარ დაიწყოს საჯარო კონსულტაციებით, რომლის ფარგლებშიც დირექტივის მიზნების სხვადასხვა ასპექტების განხილვა მოხდება. პოლონეთის სამართლებრივი პროცესი კონტექსტში, მოსალოდნელია ძლიერი ლობირება, რათა საოჯახო ფონდები არ დაექვემდებარონ რეესტრს, რაც არ იქნება საუკეთესო გამოსავალი. ჟურნალისტებმა უკვე აჩვენეს, რომ ეს იურიდიული პირი შეიძლება გამოიყენებოდეს მისი სამართლებრივი დანიშნულების ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, საოჯახო ფონდების შესახებ კანონის შეცვლა შესაძლოა უფრო აქტუალური იყოს, ვიდრე ბენეფიციარი მესაკუთრეობის შესახებ დებულებების ცვლილება.

 

ასევე საჭიროა რეესტრში რეგისტრაციის შემდგომი წვდომის დაშვება მათთვის, ვინც უზრუნველყოფს სამოქალაქო ან მედიის მხრიდან ზედამხედველობას, რათა გადაწყვეტილებები კარგად იყოს გააზრებული.

 

ბოლოს, ჩვენ ვურჩევთ პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს, გამოიკვლიონ მონაცემები რეესტრში და დაადგინონ, შეესაბამებიან ისინი თუ არა მათ საჭიროებებს. ამის განხორციელება ცვლილებების შემუშავებამდე ხელს შეუწყობს კარგი კანონის მიღებას, რომელიც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

 

ანალიზის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

 

                       

ანალიზი მომზადდა პროექტის - „ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და გამჭვირვალობის სტანდარტების გაზრდა" - ფარგლებში, რომელიც თანადაფინანსებულია ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ვიშეგრადის გრანტების მეშვეობით. ის ასევე დაფინანსებულია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ფონდის მისიაა ცენტრალურ ევროპაში მდგრადი რეგიონული თანამშრომლობის იდეების განვითარება. 

ანალიზის შინაარსზე პასუხისმგებელია Citizens Network Watchdog Poland და მასში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეხედულებებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024