მოქალაქეების კომენტარები Facebook-ზე განთავსებულ ფოტოებზე – ნაწილი პირველი

სიახლეები | მედია, ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ანალიზი 14 აგვისტო 2012

პოლიტიკურ სუბიექტებსა და მოქალაქეებს შორის სოციალური ქსელებით დამყარებული კომუნიკაციის ანალიზისთვის მნიშვნელოვანია გაზიარებულ ფოტოებზე მომხმარებელთა მიერ გაკეთებული კომენტარების გაცნობა. ამავე დროს. მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ ზოგჯერ პოლიტიკური პარტიების გვერდების ადმინისტრატორები ზოგიერთ უარყოფით კომენტარებს შლიან. მიუხედავად ამისა, გვერდებზე ამ დროისთვის არსებული მოსაზრებების შინაარსის გადმოცემით გარკვეული ტენდენციების ჩვენება შეიძლება.

 

 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ კომენტარების სტატისტიკა და სხვადასხვა სახეობების მიხედვით მათი კლასიფიკაცია აქვე სურათზეა მოცემული. მაგალითისთვის, „ახალი მემარჯვენეების“ შემთხვევაში პარტიის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს ივლისში სულ 122 კომენტარი მოჰყვა. აქედან მოქალაქეებმა 2-ჯერ დაუსვეს კითხვა და მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიიღეს პასუხი პარტიის გვერდის ადმინისტრატორისგან. სხვა დანარჩენი შემდეგნაირად განაწილდა: დადებითი კომენტარი 7, უარყოფითი – 3, პარტიის მხრიდან გამოხმაურება უარყოფითი კომენტარზე – 4, ნეიტრალური – 102 და გამოხმაურება აღნიშნულ კომენტარებზე 4. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება იშვიათი გამონაკლისია  კვლევის დანარჩენ ობიექტებთან შედარებით, მოქალაქეების კომენტარებზე რეაგირების კუთხით. უფრო ზუსტად, სხვა პოლიტიკური ძალები მოქალაქეებს იმ შემთხვევაშიც არ პასუხობენ, როცა პარტიის წარმომადგენლებს ისინი პირდაპირ კითხვებით მიმართავენ. აღნიშნულ საკითხზე მოგვიანებით უფრო ვრცელ სტატიასაც შემოგთავაზებთ.

 

პოლიტიკური სუბიექტების სოციალური ქსელის გვერდის კომენტარების სტატისტიკურ მონაცემებთან ერთად საყურადღებოა მათი შინაარსი. დავიწყოთ „ახალი მემარჯვენეებით“. დადებითი კომენტარების დროს სოციალური ქსელების მომხმარებლები პოზიტიურად აფასებდნენ მათ კამპანიას მონოპოლიების წინააღმდეგ. ზოგიერთი მიიჩნევდა, რომ სწორედ ეს ძალა აკრიტიკებს მთავრობას 9 წლის განმავლობაში პრობლემის არსებობის გამო.

 

კრიტიკული მოსაზრებების მხრივ საკმაოდ საინტერესო დიალოგი შედგა ერთ-ერთ მოქალაქესა და პარტიის წარმომადგენელს შორის გამოქვეყნებულ ფოტოსთან დაკავშირებით, სადაც ნაჩვენები იყო როგორ ეხმარება შეშის დაჭრაში დავით გამყრელიძე მოსახლეობას.

 

 

 

აღნიშნულ საუბარში „ახალი მემარჯვენეები“ „ხალხის გაჭირვების წინასაარჩევნო პიარისთვის გამოყენებაში“ დაადანაშაულეს. პოლიტიკურმა ორგანიზაციამ კი არგუმენტად დაუპირისპირა ის, რომ მისი კონკურენტებიც მსგავსად იქცევიან და ისინიც ჩადიან რეგიონებში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. დიალოგი შეგიძლიათ იხილოთ ფოტოზე სრული სახით.

 

მართლაც, რამდენიმე პოლიტიკური პარტია აქტიურად მუშაობდა რეგიონებში და ფოტოებით ცდილობდა საკუთარი კამპანიის გაშუქებას. ამაზე სოციალური ქსელების

 

 

მომხმარებლები განსხვავებულად რეაგირებდნენ. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის შემთხვევაში ზოგი მათ „ეროვნულ და ქრისტიანულ მორალზე დამყარებულ ძალას“ უწოდებდა და „აღფრთოვანებული იყო პარტიის ლიდერების შემართებითა და ბრძოლისუნარიანობით“. სხვები კი პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის დამსგავსებაში ადანაშაულებდნენ ხალხთან გადაღებული ფოტოების გამო. ასევე, მიაჩნდათ, რომ პარტიის მესვეურებს მოსახლეობა მხოლოდ წინასაარჩევნოდ „უყვარდებათ“ და „ახსენდებათ“. ბოლოს, ფოტოს, სადაც ნაჩვენები იყო როგორ მიდიოდა ზურგზე ცხვარმოკიდებული გიორგი თარგამაძე კრიტიკულად შეხვდა ერთი მოქალაქე. გთავაზობთ მის კომენტარს: „გრცხვენოდეთ ბატონო გიორგი, რომ რიტუალებში იღებთ მონაწილეობას და საცოდავ ცხვარს ყელს გამოჭრით მხოლოდ საკუთარი პიარისთვის. ასეთ რამეს ცივილიზებული პოლიტიკოსი არ გააკეთებდა. თუ გააკეთებდა ცივილიზებული ერისგან კრიტიკას დაიმსახურებდა.“

 

 

უნდა ითქვას, რომ სასულიერო პირებთან ფოტოების გადაღება ან ზოგადად რელიგიის თემაზე აპელირება თითქმის ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვისაა დამახასიათებელი. ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაცია (მაგალითად, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“), რომელთა გვერდებზეც ინტერაქცია ძალიან დაბალია და რამდენიმე ერთეული მოქალაქე იწონებს ან აზიარებს მათ მიერ დადებულ ინფორმაციას, მხოლოდ მართლმადიდებლური დღესასწაულების მოსახლეობისთვის მილოცვის პოსტებზე ეხმაურებიან მოქალაქეები და მადლობას უხდიან.

 

 

საინტერესოა ბიძინა ივანიშვილის Facebook-ის გვერდზე დაფიქსირებული კომენტარებიც. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს: „ხალხო, უბედნიერესი ვარ! თავად მეუფე იობი მობრძანდა აქციაზე. ამას აღარ უნდა საუბარი ეს რას ნიშნავს.“ „მეუფე იობი. მამა ლუკაც უკანაა. ამ ადამიანების მუდამ მჯერა და თუ მათი მჯერა ე.ი ბატონ ბიძინასიც მჯერა“. „როგორც მეუფე იობი ამბობს: თუ ეს მთავრობა დარჩა, სულ ცოტა ხანში საქართველო აღარ იარსებებსო და მართლაც რომ ასე იქნება. და ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად ქართველები და არ უნდა მივცეთ მტერს საქართველოს განადგურების უფლება“.

 

 

მსგავსი კომენტარების ავტორები საკმაოდ ნეგატიურად შეხვდნენ იმ ადამიანის მოსაზრებას, რომელმაც შემდეგი რამ დაწერა: „პოლიტიკურად ანგაჟირებულობისგან შეიკავეთ თავი. საქართველოს სახელით ნუ სარგებლობთ. დაანებეთ პარტიულ პროპაგანდას თავი. საეკლესიო და ქრისტიანულ თემატიკას ნუ გადაუხვევთ!“

 

     

 

ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში კი მოცემული იყო პრეზიდენტის მიერ ალავერდის მოლოცვის ფოტოები. თანაც, ფოტოზე პარტიის გვერდის ადმინისტრატორს გამოტანილი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვები: “ჩვენი პატრიარქი დგას იქ, სადაც ხალხს ყველაზე მეტად უჭირს და ხალხს ყველაზე მეტად სჭირდება ნუგეში”.

 

 

აღნიშნული ტენდენციიდან კარგად ჩანს, რომ პოლიტიკისა და ეკლესიის საკითხი ბევრისთვის ურთიერთდაკავშირებულია. რაც ყველაზე მთავარია, ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს მოსახლეობის წინასაარჩევნო აზრის ჩამოყალიბებაზე. მართალია ეს მაგალითები მხოლოდ მცირე დაკვირვების შედეგია და ჯერჯერობით განზოგადების საშუალებას ნაკლებად იძლევა, გარკვეული ტენდენციების მანიშნებელი შეიძლება მაინც იყოს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI გიწვევთ კარგი მმართველობის ფორუმზე

30.09.2020

საქართველო ინოვაციების გლობალურ ინდექსში

29.09.2020

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო

29.09.2020

ცენზურა საბჭოთა კავშირში

29.09.2020
განცხადებები

IDFI-ს განცხადება სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის თაობაზე

24.09.2020

არასამთავრობოები მოქმედი მოსამართლეების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის გაასაჯაროებას მოითხოვენ

11.09.2020

კოალიცია საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა კანონპროექტს ეხმიანება

08.09.2020

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეასრულოს ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას

20.08.2020
ბლოგპოსტები

კიბერშეტევა ჯანდაცვის სამინისტროზე და რუსული კვალი

03.09.2020

გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგში უკრაინის წამყვანი პოზიცია საშიშროების წინაშე დგას

02.09.2020

რუსული სპორტი და პოლიტიკა

13.08.2020

12 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან: რუსული დეზინფორმაცია და რეალური ფაქტები

07.08.2020