რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მონაწილეების ბიზნეს კავშირები

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 23 მაისი 2024

2024 წლის 14 მაისს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ (ТПП) გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომლის მიხედვითაც მოსკოვში შედგა რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს რუსეთ-საქართველოს შორის ფულადი ანგარიშსწორების რუბლსა და ლარზე გადასვლის იდეა.

 

რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭო 2023 წლის 7 თებერვალს შეიქმნა და მის თავმჯდომარედ აირჩიეს ООО «ИК Румб»-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების ეროვნული ფონდის ვიცე პრეზიდენტი, იური ბალაშოვი.

 

პრეს-რელიზის თანახმად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმირ პადალკომ განაცხადა, რომ საქართველო და რუსეთი მომავალში უნდა გადავიდნენ ეროვნულ ვალუტაში ორმხრივ ანგარიშსწორებაზე, მან დასძინა, რომ “ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდება და არ იქნება გაყინული.“ შეხვედრაზე ასევე წაიკითხეს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის მისასალმებელი წერილი.

 

პრეს-რელიზის თანახმად, პირადად და ვიდეოზარის საშუალებით, სხდომაში მონაწილეობდნენ ბიზნესის წარმომადგენლები, მათ შორის  საქართველოში გლამპინგის მფლობელი ვიტალი იაზვენკო, VR Holding-ის გაყიდვების მენეჯერი მარიკა ბურჭულაძე, კომპანია Green Garden-ის გენერალური მენეჯერი თამარა ბერულავა, კომპანია Трипспейс -ის მფლობელი სოსო გურული, ქართული ტელეკომპანია „საფერავის“ დამფუძნებელი დიმიტრი კოსტაროვი, ბიზნესის განვითარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლაი ტუბენშლიაკი, რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, სემიონ ნადაშვილი და სხვები.

 

რა ვიცით სხდომაში საქართველოდან მონაწილე ბიზნესსაზოგადოებაზე ღია მონაცემებზე დაყრდნობით:

 

ვიტალი იაზვენკო რუსეთის მოქალაქეა, რომელმაც საქართველოში 2019 წლის ივნისში დააფუძნა შპს ჯეველბერი ჯორჯია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო ამავე წლის აგვისტომდე, აგვისტოდან კი 50%-იანი წილის მფლობელი ხდება  გვანცა მიქუჭაძე. 2023 წლის მაისიდან აღნიშნული კომპანიის მეწილეები არიან - გვანცა მიქუჭაძე (50%) და შპს ჯბ შუაგული ინვესტ (50%).

 

აღსანიშნავია, რომ შპს ჯბ შუაგული ინვესტი 2022 წლის 13 ოქტომბერს არის დაფუძნებული. 2023 წლის 11 მაისიდან კი სახელს იცვლის  და სამეწარმეო რეესტრში შპს ჯეველბერი ინვესტის სახელით გვხვდება, რომლის მეწილეებიც არიან: ვიტალიი იაზვენკო  /რუსეთის ფედერაცია/ - (19%), ვიტალიი ობოტინ, /რუსეთის ფედერაცია/ - 38%; ეგორ პოდოლსკიი, /რუსეთის ფედერაცია/ - 20%; გიორგი შერაზადიშვილი /რუსეთის ფედერაცია/ - 19%; მარინა ვეკილოვა /რუსეთის ფედერაცია/ - 4%.



რაც შეეხება ვიტალი იაზვენკოს ბიზნესპარტნიორს გვანცა მიქუჭაძეს - იგი სასტუმრო კომპლექსის, “შუაგულის” დამფუძნებელია და აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლის, ვალერიან ცერცვაძის ცოლია. “შუაგული” მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული მულტიფუნქციური კომპლექსია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე სივრცეს, ხელოვნურ ტბას, სანერგე მეურნეობას და ტურისტულ/ ივენთ მომსახურებებს ეწევა. შუაგულის ტერიტორიაზე Jewelberry Glamping Georgia, რომელიც სტუმრებს სასტუმრო მომსახურებას სთავაზობს. “შუაგულის” საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით, მისი მმართველი კომპანიაა შპს ივენთ გარდენი, რომელსაც ფლობს შპს გარდენ სითი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ვალერიან ცერცვაძე, ხოლო დირექტორი - გვანცა მიქუჭაძე.

 

 

კომპლექსი “შუაგული”. წყარო: FB გვერდი - Shuaguli • შუაგული



ვალერიან ცერცვაძის გარდა, სანქცირებულ მოსამართლეებს შორისაა მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და ირაკლი შენგელია. სანქციების ფარგლებში, აშშ სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ დაუწესდათ სავიზო შეზღუდვები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო (სავიზო შეზღუდვები გავრცელდა მათი ოჯახის წევრებზეც). ვალერიან ცერცვაძე ფლობს 2021 წელს დარეგისტრირებული შპს გრინ სფეის შუაგულის 50% წილს (25-25%-ს კი კონსტანტინე და ლევან აბზიანიძეები ფლობენ). რეესტრის მიხედვით, 2022 წლიდან მიმდინარეობს ამ კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი, თუმცა კომპანიის სტატუსი ჯერ კიდევ აქტიურია და ის აგრძელებს ფუნქციონირებას.

 

გვანცა მიქუჭაძე ფლობს შპს აიტექნიკისა და შპს სითი გარდენის 100%-იან წილებსაც. ასევე 2020 წელს დარეგისტრირებულ შპს მისთორის 70%-იანი წილს, სადაც 30%-იანი წილის მფლობელია ლევან ნონიაშვილი. 

 

სანქცირებულ ყოფილ მოსამართლეს, მის სამ კოლეგასთან ერთად, “ქართული ოცნება” ხშირად სოლიდარობას უცხადებს არა მხოლოდ საჯარო განცხადებებში, არამედ, მაგალითად, 2023 წლის 19 აპრილს საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო მოსამართლეთა საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რითაც დადგინდებოდა სანქცირების საფუძვლები და მოტივაცია. 

 

 

მარიკა ბურჭულაძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა ფორუმში, რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეს-რელიზის თანახმად, შპს VR ჰოლდინგის გაყიდვების მენეჯერია. აღნიშნული ჰოლდინგ-კომპანიის დამფუძნებელია ნოშრევან (ნოშიკო) ნამორაძე, რომელიც გამოირჩევა მთავრობის მხარდამჭერი განცხადებებით და სანაცვლოდ კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მნიშვნელოვან ბენეფიტებს იღებს

 

ნოშრევან ნამორაძის მსხვილი ბიზნესების ჩამონათვალი შთამბეჭდავია და იგი ფლობს:

 

  • შპს კრწანისი როიალ რეზიდენსი - 2018 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით ნამორაძე 100%-იანი წილის მფლობელი იყო. 2019 წლის 26 სექტემბრიდან მეწილეები (50-50%) იყვნენ  ნოშრევან ნამორაძე და რუსეთის მოქალაქე კირილ ივანიჩევი. ამავე წლის 24 ოქტომბრიდან იცვლება წილების თანაფარდობა - 66/34. 2020 წლის 4 სექტემბრიდან კი ისევ 50/50 ხდება. 2021 წლის 6 აპრილიდან 100%-იანი წილის მფლობელი ნოშრევან ნამორაძეა.

 

  • შპს ვი არ ვაკე თაუერსი  - 100%

  • შპს ვი არ შეკვეთილი რესორტ  - შპს ვი არ ლისი (მესაკუთრე ნოშიკო ნამორაძე - 100%) - 100%

  • შპს თაბორი ფორესთ-პარკ რესორტ - 100%

  • შპს ვრ კონსტრაქშენი - 100%

  • შპს ვი არ როიალ სერვის - 100%

  • შპს ვი არ ვინდოუს - 100%

  • შპს ვრ მენეჯმენტი - 100%

  • შპს სავაჭრო ცენტრი სამგორი  - 100%

  • შპს ვილა - 100%

  • შპს კრწანისი ვილა რეზიდენსი KRTSANISI VILLA RESIDENCE - 100%

  • შპს Modern House  - ნოშრევან ნამორაძე - 51%, ქეთევანი კალანდაძე - 49%

 

ნოშრევან ნამორაძემ 2021 წელს ქართულ ოცნებას შესწირა 30,000, ხოლო 2022 წელს - 50,000 ლარი.



 

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეს-რელიზის თანახმად, ფორუმში ასევე მონაწილეობდა კომპანია “გრინ გარდენის” მთავარი მენეჯერი თამარ ბერულავა. ლინკდინზე განთავსებული პროფილის მიხედვით, იგი არის შპს ქანდა აგრიქალჩერის პროექტის მენეჯერი და შპს ლაქშერი რეზიდენსის ბიზნეს განვითარების მენეჯერი.

 

შპს გრინ გარდენის წილი შემდეგი თანაფარდობით ნაწილდება: ივან ბიდეევ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ - 51%, გალინა ივანიჩევა /რუსეთის ფედერაცია/ - 38% და ვალერი კისტერევ - 11%.


ივან ბიდეევი შპს გრინ გარდენის გარდა არის შპს ლაქშერი რეზიდენსის 25%-იანი წილის მფლობელი. დანარჩენი წილები ნაწილდება შემდეგნაირად: გალინა ივანიჩევა - 25%, შპს გეორგია ინვესტმენტ გრუპ - 50%. შპს გეორგია ინვესტმენტ გრუპის მესაკუთრეა კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, როლანდ შინდელიშვილი, რომელიც 2013 წელს ძალოვანი სტრუქტურის სხვა ზემდგომ პირებს მისი და მისი ოჯახის რეპრესიებში ადანაშაულებდა.

 

ივან ბიდეევი სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით ასევე ფლობს:

 

  • შპს პრაიმ რეზიდენს - ივან ბიდეევ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 50%; გალინა ივანიჩევა  /რუსეთის ფედერაცია/  50%

  • შპს ეფლ გარდენ - 100%

  • შპს სემირამიდას ბაღი - 100%

  • შპს აფინა ჯორჯია - ივან ბიდეევ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 90%; ვალერი კისტერევ, /რუსეთის ფედერაცია/ 5%; არტემ ნოვიხინ  /რუსეთის ფედერაცია/ 5% 

  • შპს ევროპული ბაღი - ივან ბიდეევ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 51%; გალინა ივანიჩევა /რუსეთის ფედერაცია/ 38%; ვალერი კისტერევ  /რუსეთის ფედერაცია/ 11%.

  • შპს ედემის ბაღი - ივან ბიდეევ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ 51%; გალინა ივანიჩევა /რუსეთის ფედერაცია/ 38%; ვალერი კისტერევ  /რუსეთის ფედერაცია/ 11%.



შპს ქანდა აგრიქალჩერი სოფელ ქანდაში მდებარეობს და 2022 წლიდან ხეხილისა და ნუშის სუპერ ინტენსიურ ბაღებს აშენებს. კომპანიამ 2021 წელს, სოფელ ქანდაში სახელმწიფოსთან მსხვილი გარიგების შედეგად, 200 ჰა საწარმოო მიწა შეიძინა. მათ საკუთრებაში არსებული 200 ჰა-დან კი 120 ჰა-ზე ნუშისა და ხეხილის სუპერ ინტენსიური ბაღები გააშენეს. კომპანია შეიქმნა 2021 წელს. მისი ამჟამინდელი მესაკუთრები არიან: ლუიზა ალავერდოვი - 51%; გალინა ივანიჩევა /რუსეთის ფედერაცია/ - 38% და ვალერი კისტერევ /რუსეთის ფედერაცია/ - 11%.

 

ლუიზა ალავერდოვი საქართველოს მოქალაქეა. ასევე ფლობს შპს ჯორჯიან დეველოპმენტ 2022-ის 100%-იან წილს. არის შპს ქანდა დეველოპმენტის დირექტორი, რომლის მესაკუთრეცაა რუსეთის მოქალაქე გალინა ივანიჩევა. ალავერდოვი ასევე შპს პრაიმ რეზიდენსის დირექტორია ივან ბიდეევთან ერთად (ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია), რომლის მესაკუთრეები არიან: თავად ივან ბიდეევი - 50% და გალინა ივანიჩევა - 50%.

 

რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეს-რელიზის თანახმად, ბიზნეს ფორუმის კიდევ ერთი მონაწილე ტელეკომპანია „საფერავის“ დამფუძნებელი დიმიტრი კოსტაროვია /საქართველოს მოქალაქე/. შპს საფერავი ტვ-ს მესაკუთრეები არიან: ალექსანდრე კოსტაროვი - 50% (წილის მმართველი ნატალია ხომენკო), გიორგი ჩხაიძე - 50%. რეესტრის მონაცემებით, დიმიტრი კოსტაროვის კავშირი აღნიშნულ შპს-სთან არ ჩანს, თუმცა საჯარო სივრცეში იგი წარდგება როგორც ტელევიზიის დამფუძნებელი.

 

დიმიტრი კოსტაროვი ასევე არის შპს სოფლის მეურნეობის აკადემიის დირექტორი, რომლის მესაკუთრეებიც არიან  - ირინა დანილენკო /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ - 34%; ვასილ ცხაკაია - 33%; შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ბ და ნ ინვესტ - 33%. დიმიტრი კოსტაროვი ფლობს შპს სელენეს 25%-იან წილსაც, სადაც დანარჩენი მესაკუთრეები არიან - ვასილ ცხაკაია 25%, გიორგი გაჩეჩილაძე 50%. 

 

ვასილ ცხაკაია ფლობს სხვადასხვა კომპანიას დანილენკოსთან /რუსეთის ფედერაცია/, არტიომ გრიგორიანთან, იოსებ ალავიძესთან (შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი), ალი ჯაფარი რუდსართან /ირანი (ისლამური რესპუბლიკა)/, ნურმანდ ხანჯარი კაკავანდისთან /ირანი (ისლამური რესპუბლიკა)/  და სხვებთან ერთად. ცხაკაია ასევე არის საქართველოს კარტინგის ფედერაციის წევრი, რომლის თავმჯდომარეც საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე რომან ხიდეშელია.

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ბ და ნ ინვესტ 100%-იანი წილის მფლობელია ნატა კაკაბაძე /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/, დირექტორი -  ელბაი დურსუნოვი. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელია ასევე ნატა კაკაბაძის მფლობელობაში არსებული შპს ბ და ნ, რომელიც სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე ყველაზე ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა, ბადრი კაკაბაძემ /ორმაგი მოქალაქე საქართველო, რუსეთის ფედერაცია/ დააფუძნა 2010 წელს. 2022 წლიდან, რეორგანიზაციის შედეგად, შეერწყა შპს გ.ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტს.

 

დიმიტრი კოსტაროვი ასევე არის შპს აგროცენტრისა (მესაკუთრე - ევგენი რაქვიაშვილი 100%) და შპს აგრარული სამეცნიერო - საწარმოო ცენტრის დირექტორი (მესაკუთრეები: ნატალია ხომენკო - 50%, ავთანდილ კოჩაძე - 50%).

 

აღსანიშნავია, რომ შპს აგრარული სამეცნიერო - საწარმოო ცენტრი 2013 წლის იანვარში სწორედ კოსტაროვმა დააფუძნა, თუმცა იმავე წლის ნოემბრიდან 100%-იანი წილის მფლობელი ნატალია ხომენკო გახდა. 2014 წლის თებერვლიდან 50-50%-იანი წილის მფლობელები ავთანდილ კოჩაძე და ხომენკო არიან.

 

დიმიტრი კოსტაროვმა და ავთანდილი კოჩაძემ 2013 წლის იანვარში დააფუძნეს შპს კრედიტაგრო, წილების თანაფარდობა - 51/49. 2013 წლის მარტიდანვე 100%-იანი წილის მფლობელი ხდება კოჩაძე, ხოლო 2014 წლის თებერვლიდან 50%-იანი წილის მფლობელი ნატალია ხომენკოა.

 

ავთანდილ კოჩაძემ ქართულ ოცნებას 2016 წელს 60,000 ლარი შესწირა, 2017 წელსაც 60,000, 2020 წელს 40,000, 2021 წელს კი ისევ 60,000. ჯამში - 220,000 ლარი.

 

 

ფორუმზე გაჟღერებული კიდევ ერთი მონაწილე სოსო გურული ფლობს ორ კომპანიას - შპს სონატი, შპს შპს ტრიპსპეისი. ორივეს 100%-იანი წილის მფლობელია. როგორც მისი ფეისბუქის საჯაროდ ხელმისაწვდომი პროფილიდან ირკვევა, კომპანია ტრიპსპეისი დაკავებულია მანქანების გაქირავებითა და ტურისტული მომსახურებით.

 

რაც შეეხება ფორუმის მონაწილეებს რუსეთის მხრიდან:

 

საქმიანი საბჭო შექმნილია რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით და შეხვედრას მისი ვიცე პრეზიდენტი, ვლადიმირ პადალკო უძღვებოდა.

 

ვებგვერდზე გამოქვეყნებული რუკის მიხედვით, პალატას საქმიანი საბჭოები აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან “არამეგობრული” ქვეყნების სიაში, მათ შორის: სირიაში, ირანში, ბელარუსში, ვენესუელაში და ა.შ.

 

წყარო: https://international.tpprf.ru/ 

 

საინტერესოა რომ რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს თავმჯდომარე და სხდომის კიდევ ერთი მონაწილე, იური ბალაშოვი არის ООО «ИК Румб»-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი. ინოვაციური კომპანია რუმბი (ИК РУМБ) არის ქ.დუბნის ტექნოლოგიურ-ინოვაციური ტიპის სპეციალური ეკონომიკური ზონის რეზიდენტი და ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:

 

  • თანამედროვე სანავიგაციო მოწყობილობებისა და სისტემების შემუშავება, წარმოება, გაყიდვა და მხარდაჭერა;

  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, დანერგვა და ტექნიკური მომსახურება, მათ შორის მობილური აპლიკაციისა და ღრუბლოვანი სერვისების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია სანავიგაციო მოწყობილობებთან და გეოსივრცულ მონაცემებთან მუშაობისთვის;

  • მომსახურების მიწოდება განვითარებული პროგრამული უზრუნველყოფის, სერვისებისა და სანავიგაციო აღჭურვილობის გამოყენებით.

 

შეხვედრის კიდევ ერთი მონაწილე, დავით ცეცხლაძე არის პრეზიდენტი ორგანიზაციისა - ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია რუსეთში. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. დაიბადა 1982 წელს ბათუმში, არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მესამე მოწვევის დეპუტატის, ვაჟა ცეცხლაძის შვილი. 1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს შსს აკადემიაში, 2005 წლიდან სწავლა განაგრძო მოსკოვის მენეჯმენტისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 



დასკვნა:

 

რუსეთის მავნე გავლენა მეზობელ ქვეყნებში განსაზღვრავს რეგიონის მწვავე გამოწვევებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების საფარქვეშ კრემლი დიდი ხანია იარაღად იყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციასთან და ფულის გათეთრებასთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ კორუფციული პრაქტიკის ექსპორტი მიზანმიმართულად გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და დესტაბილიზაციისთვის, განსაკუთრებით – არამდგრადი ეკონომიკური სისტემის მქონე ქვეყნებში.

 

ბიზნესი დაკავშირებულია სოციალურ-პოლიტიკურ აქტორებთან და გავლენას ახდენს საზოგადოების აღქმასა და გრძელვადიან დამოკიდებულებებზე. ასეთი მჭიდრო კავშირების გამოკვლევა - პოლიტიკურ, სამოქალაქო და მედია აქტორებსა და ბიზნესკომპანიებს შორის, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ, აუცილებელია იმისათვის, რომ გავიგოთ რუსულ კაპიტალზე დამოკიდებულების ხარისხი ქართულ ბიზნესსა და სტრატეგიულ სფეროებში (რაც შეიძლება, გარკვეულწილად, საფრთხეს უქმნიდეს ქვეყნის სუვერენიტეტსაც კი).

 

თუ კი ახლო წარსულში რუსეთთან ბიზნეს ურთიერთობები გარკვეულწილად შეფარულად მიმდინარეობდა, დღესდღეობით უკვე საქმე გვაქვს ღია პარტნიორობებთან და ორმხრივ განცხადებებთან, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება და რუსულ კაპიტალს საქართველოში ბრუნვაში ხელი აღარ შეეშლება. სავარაუდოდ, რუსულ მხარეს ამის თქმის მყარ საფუძველს აძლევს ის პოლიტიკა, რასაც საქართველო ბოლო ხანებში ატარებს, რისი დაგვირგვინება გახდა 2024 წლის აპრილში, “რუსული კანონის” მორიგი შემობრუნება და არასამთავრობო სექტორის, მედიის და სხვა დამოუკიდებელი აქტორების საბოლოო გაჩუმების მცდელობა.


აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს საქმიანი საბჭოს შეხვედრები 2023 წელსაც იმართებოდა. 19 სექტემბერს საბჭოზე განიხილეს ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი, როგორიც სატრანსპორტო კავშირების გაფართოებაა. 4 დეკემბერს იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე, სადაც რუსეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის გამარტივება ასევე მთავარ თემას წარმოადგენდა.

 

 

-

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, SIDA-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. SIDA შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024

კამპანია „გმირობის ნაყოფი” The Anthem Awards-ის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

14.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

07.06.2024

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024