კიდევ ერთი უარი რეპრესირებულთა სუბსიდიის ზრდის მოთხოვნაზე

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 27 აგვისტო 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და საზოგადოებამ „მემორიალი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსგან 2021 წლის 18 აგვისტოს მიიღო პასუხი ორგანიზაციების მიერ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილ წერილებზე, რომლებიც შეეხებოდა რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზრდას. წერილში ფინანსთა სამინისტრომ ორგანიზაციებს უპასუხა: „არსებული მაკროფისკალური პარამეტრების და ქვეყანაში სოციალური გასაცემლების მოცულობის გათვალისწინებით, სოციალური გასაცემლების შემდგომი ზრდა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია“.

 

სახელმწიფოს მიერ გამოყენებული, პირდაპირი ფინანსური დახმარების ერთ-ერთი სახეა საყოფაცხოვრებო სუბსიდია - ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელი სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად. იგი გაიცემა სხვადასხვა ოდენობით:

 

-   44 ლარი - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებზე, აგრეთვე მეუღლეზე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებზე (თითოეულ ოჯახს);

 

-   22 ლარი - მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებზე, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებზე;

 

-   7 ლარი - პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათ ოჯახებზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციის შედეგად მარჩენალის დაკარგვის გამო.[1]

 

IDFI-მ და „მემორიალმა“ უკვე მეოთხედ (2020 წლის 24 ივნისის, 27 ივლისის. და 11 დეკემბრის, 2021 წლის 30 ივნისის წერილები) მიმართეს ხელისუფლებას რეპრესირებულთა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზრდის მოთხოვნით. მოთხოვნის საფუძვლებს ორგანიზაციებს აძლევს ის, რომ:

 

-   სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის, ყველაზე დაბალი, თვეში 7 (შვიდი) ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია არათუ არ პასუხობს რეალურ საჭიროებებს, არამედ ეს ოდენობა არის სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ შევიწროებული და რეპრესირებული ადამიანების კიდევ მეტად შეურაცხმყოფელი და დამცინავიც კი;

 

-   რეპრესირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 10,000 ადამიანზე ნაკლებია და 2020 წლის დეკემბრის მონაცემებით შეადგენს 9,751 ადამიანს, ხოლო რეპრესირებულთა რაოდენობა 1 წელში (2019 წლის დეკემბრიდან - 2020 წლის დეკემბრამდე) 700 ადამიანით შემცირდა;

 

-   ზემოაღნიშნული კლებიდან გამომდინარე დგინდება, რომ 2021 წლის სექტემბრის თვიდან საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 44 ლარამდე გათანაბრების შემთხვევაში (რითაც სარგებლობენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, 9 აპრილის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და სხვა), 2021 წლის მთლიანი ხარჯი განისაზღვრება დაახლოებით 2,13 მილიონი ლარით (ზრდა 1,35 მილიონი ლარი - იმ შემთხვევაში თუ გათვალისწინებული იქნება ზრდა სექტემბრის თვიდან), ხოლო 2022 წლის ხარჯი - 4,57 მილიონი ლარით (დაგეგმილთან შედარებით ზრდა 3,85 მილიონი ლარი).

 

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილში ასევე აღნიშნულია: „ამასთან, საკითხი შესაძლოა განხილულ იქნეს ერთიანი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში შესაბამის ჩართულ უწყებებთან ერთად.“  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს და სხვა უწყებებს, რომლებსაც ხელეწიფებათ აღნიშნული საკითხის მოგვარება, წერილები უკვე მეოთხედ ეგზავნებათ, თუმცა პასუხი ყოველთვის სტანდარტულია - საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ზრდა გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, უცნობია, რა სახის განხილვის მექანიზმებს გულისხმობს ფინანსთა სამინისტრო ზემოხსენებულ წინადადებაში.

 

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 25 ივნისს, პრემიერ მინისტრის პარლამენტში მოსმენისას, მას ერთ-ერთმა პარლამენტარმა ჰკითხა, იგეგმებოდა თუ არა ვეტერანებისთვის 22 ლარიანი პენსიის 100 ლარამდე ზრდა: „იცით, როგორი დამამცირებელია 22 ლარი იმ ხალხისთვის, რომლებიც როდესაც სამშობლოს დასჭირდა, წავიდნენ და საკუთარი სხეულით გადაეფარნენ საქართველოს. 22 ლარად ვუფასებთ ჩვენ მათ ამ გარჯას და ძალისხმევას. აპირებთ თუ არა, რომ გაიზარდოს 100 ლარამდე (ესეც სამარცხვინოა, მაგრამ). ვეტერანთა სამსახურს აქვს დაანგარიშებული, რომ 37 მილიონი უნდა. აპირებთ თუ თუ არა, რომ ეს შეცვალოთ?“. შეკითხვაზე პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ვეტერანებისთვის პენსიის ზრდა. აღსანიშნავია, რომ კითხვის ავტორი პარლამენტარიც და პერმიერ მინისტრიც, სავარაუდოდ, გულისხმობდნენ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას, ვინაიდან, საქართველოს კანონი - „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ - პენსიად განსაზღვრავს ყოველთვიური ფულადი სარგებელს საპენსიო ასაკის მქონე პირებზე, ხოლო საყოფაცხოვრებო სუბსიდია სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებისთვის ნამდვილად შეადგენს 22 ლარს.[2]

 

იმის გათვალისწინებით, რომ რეპრესიები მოიცავდა მასობრივად ადამიანების დახვრეტას, გადასახლებას და, ძირითად შემთხვევაში, რეპრესირებულთა ქონების სრულად ჩამორთმევას, რეპრესირებულთა ოჯახის წევრების სტიგმატიზაციასა და საზოგადოებისგან გარიყვას, მათთვის არათანაბარი სოციალური პირობების შექმნასა და შევიწროებას, საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა არაპროპორციულია იმ ზიანთან შედარებით, რომელიც რეპრესირებულმა პირებმა და მათმა შთამომავლებმა განიცადეს. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა იქნება საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი 10 ათასამდე მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დახმარება და სახელმწიფოს მხრიდან მათი რეალური მხარდაჭერა.

 

/public/upload/IDFI/IDFI/343567687686.pdf

 

____

 

[1] სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება (№4 2007 წლის 11 იანვარი, ქ. თბილისი), მუხლი 4. (http://ssa.gov.ge/files/01_GEO/JAN_PROG/Brdzanebebi-Kanonebi/12.pdf )

[2] სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება (№4 2007 წლის 11 იანვარი, ქ. თბილისი), მუხლი 4, პუნქტი ე. (http://ssa.gov.ge/files/01_GEO/JAN_PROG/Brdzanebebi-Kanonebi/12.pdf )

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024