სასამართლო გადაწყვეტილებათა პროაქტიული გამოქვეყნების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 6 თებერვალი 2017

ავტორი: თეონა ტურაშვილი

 

სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიული ხელმისაწვდომობა კარგი მმართველობის, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და წინაპირობაა. ამ მიმართულებით იურიდიული ჩარჩოს უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია სასამართლო გადაწყვეტილებათა და სამართალწარმოების პროცესის შესახებ ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ერთიანი სტანდარტის არსებობა.

 

საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, ანგარიშში რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკაა თავმოყრილი, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის, ირლანდიის, ესტონეთის, რუსეთის, უკრაინის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოსა და სასამართლოთა ერთიანი პორტალების/რეესტრების დიზაინი, გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების ფორმა და მათი საძიებო სისტემები. აღნიშნული სამართლებრივი სისტემების პრაქტიკის შესწავლა განპირობებულია იმით, რომ ამ ქვეყნებში სასამართლო გადაწყვეტილებათა პროაქტიული ხელმისაწვდომობის მაღალი სტანდარტებია დანერგილი. კვლევაში ასევე აღწერილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პორტალის, HUDOC-ის სტრუქტურა.

 

საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვამ აჩვენა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ყველაზე კარგი მაგალითი ერთიანი პლატფორმის შექმნაა, სადაც ყველა ინსტანციის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები, იქნება ხელმისაწვდომი. პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული პლატფორმები სასამართლო გადაწყვეტილებების ონლაინ რეესტრის ფუნქციას ასრულებენ და მათზე განთავსებული ცალკეული საქმეების დეტალები რეალურ დროში ახლდება. შესაბამისად, უშუალოდ გადაწყვეტილებათა სრულ ტექსტებთან ერთად, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია საქმის დეტალებისა დამიმდინარეობის შესახებ. გარდა ამისა,ხელმისაწვდომია სტატისტიკური ინფორმაცია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ.

 

ამ მხრივ, მისასალმებელია 2016 წლის 12 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვითაც INFO.COURT.GE-ის პორტალს სასამართლო გადაწყვეტილებათა ერთიანი რეესტრის ფუნქცია ენიჭება.

 

მართალია ერთიანი პლატფორმის შექმნა თავისთავად დადებითი ტენდენციაა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია მასზე განთავსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი. ამ მხრივ, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს შეუძლია ახლადშექმნილ რეესტრზე დამატებითი ფუნქციების დანერგვა. პირველ რიგში, ესენია პროცესში მონაწილე მხარეთა შესახებ ინფორმაციის განთავსება და საქმისწარმოების პროცესთან დაკავშირებით მეტი დეტალების პროაქტიული გამოქვეყნება.

 

რეესტრის შემდგომი განვითარების მიზნით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები:

 

სასამართლოს შემაჯამებელ გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

 

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლოს გადაწყვეტილებების რეესტრში სასურველი დოკუმენტის ძიება შემდეგი კატეგორიებით მოხდება: გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო, საქმის ნომერი, მიღების თარიღი, ადმინისტრაციული ორგანო, მოსამართლე, დავის საგანი, საძიებო სიტყვა.

 

სასურველია, რომ გაფართოვდეს კატეგორიების ჩამონათვალი და მას დაემატოს მოსარჩელისა და მოპასუხის სახელის და გვარის, საქმის საბოლოო სტატუსის/შედეგით ძიების ფუნქცია. ასევე სასამართლოს, მოსამართლის, დავის საგნის, თარიღისა და ადმინისტრაციული ორგანოს დასახელების შემთხვევაში, სასურველია ჩამოშლილი იყოს ასარჩევი ვარიანტები.  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკად შეგვიძლია მივიჩნიოთ ცალკეული კატეგორიებით მოძებნილი სასამართლო საქმეების ძირითადი დეტალების ღია, CSV და Excel-ის ფორმატებში ექსპორტის განხორციელების საშუალება (HUDOC-ის მაგალითი).

 

გადაწყვეტილებების ტექსტის გამოქვეყნების ფორმა

 

აუცილებელია, რომ გადაწყვეტილებების სრული ტექსტი ღია ფორმატში ქვეყნდებოდეს. იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს თითოეული გადაწყვეტილების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება-დამუშავება, აუცილებელია, სასამართლოს მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილების ტექსტს თან ერთოდეს შემდეგი ძირითადი ინფორმაცია: საქმის ნომერი, გადაწყვეტილების მიღების დრო, მოსამართლის სახელი, საქმის თემატიკა, კანონი/მუხლი, შედეგი, მხარეებისა (მოსარჩელე და მოპასუხე) და მათი წარმომადგენლების მონაცემები. ამავდროულად, სასურველია, რომ ტექსტის PDF და Word-ის ფორმატში გადმოწერა იყოს შესაძლებელი. ასევე, მომხმარებელს უნდა შეეძლოს სრული ტექსტის ამობეჭდვა და გაზიარება.

 

სასამართლოს საქმისწარმოების რეესტრი

 

სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯაროობასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ცალკეულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებული ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. სწორედ ამ მიზნით, სხვადასხვა ქვეყანაში საერთო სასამართლოების ერთიანი რეესტრი/პლატფორმა გამოიყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასურველია, საქართველოშიც რეესტრი მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებათა გამოქვეყნების ფუნქციით არ შემოიფარგლებოდეს. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ რეესტრის მეშვეობით გადაწყვეტილების ტექსტის გაცნობის გარდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მომხმარებელს უნდა შეეძლოს სასამართლო პროცესისათვის თვალის დევნება. სახელდობრ, ონლაინ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია დანიშნული/ჩატარებული სასამართლო სხდომების დროის, შედეგის, მხარეთა მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია, შუალედურ გადაწყვეტილებათა დეტალები.

 

სასამართლო პროცესების გამჭვირვალობა

 

ცალკეული საქმეების მიმდინარეობის დეტალების გაგებასთან ერთად, მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ მათთვის საინტერესო საქმის განხილვის პროცესისათვის თვალყურის ონლაინ, რეალურ დროში მიდევნება. ამის უზრუნველყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ რეესტრი რეალურ დროში განახლდება და მასზე განთავსებული ინფორმაცია მოქალაქეებისთვისაც საჯარო იქნება.

  

სტატისტიკა

 

სასამართლო სისტემის ფუნქციონირების შესაფასებლად აუცილებელია სასამართლო საქმისწარმოების პროცესებისა და შედეგების შესახებ დეტალური სტატისტიკის ონლაინ გამოქვეყნება.  უნდა არსებობდეს სტატისტიკის ინტერაქციული მოდული, სადაც მომხმარებელი სასურველი კატეგორიების მითითებით/ინფორმაციის გაფილტვრით მიიღებს მისთვის საინტერესო რაოდენობრივ მონაცემებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024