თავისუფლების კლებისა და კეთილდღეობის ზრდის ასიმეტრია: საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ ინდექსებში
„ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსების მიხედვით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს პოზიციას „ზომიერი თავისუფლებისა“ და „ზომიერი კეთილდღეობის“ მქონე ქვეყნების კატეგორიაში. თუმცა ქვეყნის ორი ძირითადი მაჩვენებელი რადიკალურად განსხვავებული ტრაექტორიით ვითარდება: თავისუფლების ინდექსში 2018 წლის შემდეგ დაწყებული კლება გრძელდება, მაშინ როდესაც კეთილდღეობის ინდექსი, შენელებული ტემპით, თუმცა მაინც ზრდას აჩვენებს.
2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს თავისუფლების ქულა 66.6-ს შეადგენს, რითაც ქვეყანა 171 სახელმწიფოს შორის 73-ე ადგილს იკავებს. კეთილდღეობის ინდექსში კი საქართველო 78.2 ქულით 43-ე პოზიციაზეა. შედარებისთვის, ქვეყანას თავისუფლების ინდექსის ისტორიული მაქსიმუმი — 76 ქულა — 2018 წელს ჰქონდა.