- 2024 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობაში (3,93 მილიონი ადამიანი), სხვა ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა მაქსიმუმ 163 ათასია, წინასწარი შედეგების მიხედვით კი 257 ათასი სახელდებოდა. შესაბამისად, წინასწარ და საბოლოო შედეგებს შორის ცდომილება დაახლოებით 37%-ია.
- 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით ბოლო 10 წელში (2015-2024) საქართველოს მოსახლეობა 215.8 ათასით გაიზარდა. ყოველწლიური დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით კი მოსახლეობა 17.5 ათასით იყო შემცირებული.
- საყოველთაო აღწერის მიხედვით 2015-2024 წლებში მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა - 88.7 ათასით გაიზარდა. მიგრაციის ყოველწლიური მონაცემების მიხედვით კი, იგივე პერიოდში 247,3 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში ვიდრე დაბრუნდა ქვეყანაში.
- ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლის გაზრდილ მაჩვენებლებზე მიუთითებს, სხვადასხვა საერთაშორისო მონაცემებიც. მაგალითად, ევროსტატის მონაცემებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვების მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2016 წლიდან 2024 წლამდე გაზრდილია 160%-ით - 62.3 ათასიდან 162.4 ათასამდე.
- საყოველთაო აღწერის მიხედვით 2015-2024 წლებში მოსახლეობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა - 111.7 ათასით გაიზარდა. მიგრაციის ყოველწლიური მონაცემების მიხედვით კი, იგივე პერიოდში 234 ათასით მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად, ვიდრე ქვეყანა დატოვა.
- საყოველთაო აღწერის მიხედვით, 2015-2024 წლებში რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საქართველოს მოსახლეობაში გაიზარდა 30 ათასით, ხოლო მიგრაციის ყოველწლიური მონაცემების მიხედვით იგივე პერიოდში 97 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად, ვიდრე დატოვა ქვეყანა.
2024 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3,93 მილიონი ადამიანი, რაც წინა 2014 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით 215.8 ათასით მეტია. საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის 96% (3.767 მილიონი) საქართველოს მოქალაქეა, 3.4% (133,857) სხვა ქვეყნის მოქალაქეები , ხოლო დანარჩენი (0.7%) მიკუთვნებულია შემდეგ კატეგორიებს - ორმაგი მოქალაქეობა (8,865), მოქალაქეობის არმქონე (1,063), არ არის მითითებული (19,246).
2024 წლის აღწერის საბოლოო შედეგები, რომელიც აჩვენებს მოსახლეობის განაწილებას მოქალაქეობის მიხედვით, მნიშვნელოვნად აცდენილია საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგებს. მაგალითად, საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა იყო 3,914 მილიონი, საიდანაც საქსტატის განმარტებით სულ მცირე 93.4% (3,657 მილიონი) იყო საქართველოს მოქალაქე, ხოლო არაუმეტეს 6.6%-ს (257 ათასი) წარმოადგენდნენ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით წინასწარ და საბოლოო შედეგებს შორის ცდომილება დაახლოებით 37%-ია.
2024 წლის აღწერის შედეგები ასევე თანხვედრაში არ არის, ყოველწლიურ დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან. კერძოდ, საყოველთაო აღწერის შედეგები ბოლო 10 წელში (2015-2024) საქართველოს მოსახლეობის 215.8 ათასით ზრდაზე მიუთითებს, ხოლო ყოველწლიური დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით მოსახლეობა 17.5 ათასით იყო შემცირებული. კერძოდ, 2015-2024 წლებში გარდაცვალების საერთო მაჩვენებელი 4.2 ათასით აღემატებოდა შობადობას, ხოლო მიგრაციის უარყოფითი სალდო იყო 13.3. ათასი.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საყოველთაო აღწერასთან მიმართებით, რადიკალურად განსხვავებულ სურათს იძლევა მოქალაქეობის მიხედვით მიგრაციის ყოველწლიური სტატისტიკა. მაგალითად, საყოველთაო აღწერის მიხედვით 2015-2024 წლებში მოსახლეობაში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა - 88.7 ათასით, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების - 111.7 ათასით გაიზარდა. მიგრაციის ყოველწლიური მონაცემების მიხედვით, იგივე პერიოდში 247,3 ათასით მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში ვიდრე ჩამოვიდა, ხოლო 234 ათასით მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად, ვიდრე ქვეყანა დატოვა. მათ შორის, მაგალითად საყოველთაო აღწერის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების რიცხვი საქართველოს მოსახლეობაში გაიზარდა 30 ათასით, ხოლო მიგრაციის ყოველწლიური მონაცემების მიხედვით 2015-2024 წლებში 97 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში საცხოვრებლად, ვიდრე ქვეყანა დატოვა.
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2015-2024 წლებში უარყოფითი ბუნებრივი მატების ფაქტობრივი მონაცემების გათვალისწინებით, მოსახლეობის ზრდის ერთადერთ განმაპირობებელ ფაქტორად შესაძლებელია განხილულ იქნას მიგრაციის სალდოს დადებითი მაჩვენებლები, რაც საქსტატის ყოველწლიური სტატისტიკით არ დასტურდება. ამასთან, ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლის გაზრდილ მაჩვენებლებზე მიუთითებს, სხვადასხვა საერთაშორისო მონაცემებიც. მაგალითად, ევროსტატის მონაცემებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი ბინადრობის ნებართვების მფლობელ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2016 წლიდან 2024 წლამდე გაზრდილია 160%-ით. 62.3 ათასიდან 162.4 ათასამდე.
წყარო: ევროსტატი
საყოველთაო აღწერის შედეგებსა და საქსტატის მიერ ყოველწლიურად წარმოებული მიგრაციის სტატისტიკებს შორის არსებული შეუსაბამობების მთავარ მიზეზად საქსტატის მიერ სახელდება მეთოდოლოგიური განსხვავებები. მაგალითად საყოველთაო აღწერა მოსახლეობის რიცხოვნობაში მუდმივ მაცხოვრებლად მოიაზრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რომლებიც ბოლო 1 წელი მუდმივად ცხოვრობდა ქვეყანაში, ხოლო მიგრაციის სტატისტიკა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რომლებმაც გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი და ბოლო 1 წლის განმავლობაში მინიმუმ 183 დღე იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. მიუხედავად გარკვეული მეთოდოლოგიური სხვაობისა, საყოველთაო აღწერით და ყოველწლიური მიგრაციული სტატისტიკით (ეფუძნება საზღვრის კვეთის მონაცემებს) მიღებული მონაცემები, მიიჩნევა ერთმანეთთან თავსებად მონაცემებად. საყოველთაო აღწერის შედეგები არის საბაზისო მონაცემი, რომელიც ყოველწლიურად ახლდება ბუნებრივი მატების და გარე მიგრაციის სტატისტიკის გათვალისწინებით. შესაბამისად, ორი განსხვავებული მეთოდოლოგიით წარმოებული სტატისტიკა უნდა ქმნიდეს ლოგიკურ თანმიმდევრულობას, რომელიც ზემოთ აღწერილ შემთხვევაში მნიშვნელოვნად არის დარღვეული.
IDFI მიიჩნევს, რომ საყოველთაო აღწერით მოსახლეობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ წინასწარ დასახლებულ მონაცემებსა და საბოლოო შედეგებს შორის არსებული ცდომილების მასშტაბი, ასევე საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის შესახებ ნაჩვენები განსხვავებული ტენდენციები აჩენს კითხვებს სტატისტიკური მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებით, რაც საჭიროებს დამატებით განმარტებებს პასუხისმგებელი უწყებისგან.
სოლიდარობა ვახო სანაიას
22.07.2026ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება
06.06.2026