„ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსების მიხედვით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს პოზიციას „ზომიერი თავისუფლებისა“ და „ზომიერი კეთილდღეობის“ მქონე ქვეყნების კატეგორიაში. თუმცა ქვეყნის ორი ძირითადი მაჩვენებელი რადიკალურად განსხვავებული ტრაექტორიით ვითარდება: თავისუფლების ინდექსში 2018 წლის შემდეგ დაწყებული კლება გრძელდება, მაშინ როდესაც კეთილდღეობის ინდექსი, შენელებული ტემპით, თუმცა მაინც ზრდას აჩვენებს.
2025 წლის მდგომარეობით, საქართველოს თავისუფლების ქულა 66.6-ს შეადგენს, რითაც ქვეყანა 171 სახელმწიფოს შორის 73-ე ადგილს იკავებს. კეთილდღეობის ინდექსში კი საქართველო 78.2 ქულით 43-ე პოზიციაზეა. შედარებისთვის, ქვეყანას თავისუფლების ინდექსის ისტორიული მაქსიმუმი — 76 ქულა — 2018 წელს ჰქონდა.
საქართველოს მაგალითი თვალსაჩინოდ ავლენს მზარდ დისბალანსს პოლიტიკურ-სამართლებრივსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შორის:
· კეთილდღეობის მაჩვენებლები: წინა ათწლეულებში განხორციელებული რეფორმების, საბიუჯეტო შემოსავლების მატების, აგრეთვე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში მიღწეული შედეგების ინერციით, კვლავ გაუმჯობესების ტენდენციას ინარჩუნებს.
· თავისუფლების მაჩვენებლები: ინდექსის შიდა სტრუქტურა აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის, საკუთრების უფლების დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციური შეზღუდვის მიმართულებით.
შესავალი
„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსები წარმოადგენს კომპლექსურ მონაცემთა სისტემას, რომელიც აფასებს სახელმწიფო ინსტიტუტების, კანონის უზენაესობის, საბაზრო ეკონომიკისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის ურთიერთკავშირს. 2026 წლის განახლება მოიცავს 171 ქვეყანას და აფასებს 1995–2025 წლების პერიოდს, რაც საშუალებას იძლევა შედარდეს არა მხოლოდ ქვეყნების მიმდინარე მდგომარეობა, არამედ გამოიკვეთოს ქვეყნების განვითარების გრძელვადიანი ტრაექტორიები. შეფასება ეფუძნება 0-დან 100-მდე ქულას, სადაც მაღალი ქულა უკეთეს მდგომარეობას ასახავს.
თავისუფლების ინდექსი ზომავს იმ ინსტიტუციურ გარემოს, რომელშიც მოქალაქეები სარგებლობენ ფუნდამენტური უფლებებით და კანონის უზენაესობით, მონაწილეობენ თავისუფალ, კონკურენტულ ეკონომიკურ საქმიანობაში. იგი სამი თანაბარი წონის მქონე კომპონენტისგან შედგება:
· პოლიტიკური ქვეინდექსი: არჩევნები, პოლიტიკური უფლებები, სამოქალაქო თავისუფლებები და აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო კონტროლი.
· სამართლებრივი ქვეინდექსი: კანონის განჭვრეტადობა, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა, ბიუროკრატიის დონე, კორუფცია და უსაფრთხოება.
· ეკონომიკური ქვეინდექსი: საკუთრების უფლება, ვაჭრობისა და ინვესტირების თავისუფლება, აგრეთვე ქალთა ეკონომიკური თავისუფლება.
კეთილდღეობის ინდექსი ექვს ძირითად კომპონენტს აერთიანებს: შემოსავალს, ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, გარემოს, შემოსავლების თანასწორობასა და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობას უმცირესობებისთვის. შესაბამისად, ამ მეთოდოლოგიით კეთილდღეობა განიხილება როგორც ფართო და ინკლუზიური სოციალურ-ეკონომიკური შედეგი და არა მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ან საშუალო შემოსავლის მშრალი ზრდა.
წინამდებარე ანალიზის მიზანია საქართველოს თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსებისდინამიკის შეფასება და მისი შედარება პოსტსაბჭოთა სივრცის სამ პირობით ჯგუფთან: ბალტიისპირეთის მოწინავე ქვეყნებთან; აღმოსავლეთ პარტნიორობისა და მსგავსი გარდამავალი დემოკრატიების მქონე სახელმწიფოებთან; და ავტორიტარულ ან ნაკლებად თავისუფალ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან. ანალიზის აღნიშნული დაჯგუფება ატარებს ანალიტიკურ ხასიათს და არ წარმოადგენს „ატლანტიკური საბჭოს“ ოფიციალურ კლასიფიკაციას.
1. საქართველოს თავისუფლების ინდექსის დინამიკა
1.1. რეფორმების აღმავალი ეტაპი
1995 წლიდან საქართველოს თავისუფლების ინდექსის საწყისი ტრაექტორია ძირითადად პოზიტიური იყო. ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების რამდენიმე ტალღა — განსაკუთრებით 2003 წლის შემდგომი სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური გარდაქმნები და 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის შემდგომი პერიოდი — პირდაპირ აისახა საერთო თავისუფლების მაჩვენებლის გაუმჯობესებაზე. „ატლანტიკური საბჭოს“ წინა ანალიტიკური ანგარიშებიც ხაზს უსვამდა, რომ თავისუფლების ინდექსის აღმავალი ტრენდი 2018 წლამდე მყარად ნარჩუნდებოდა.
ამ პერიოდის უმთავრეს მიღწევებად შეიძლება მივიჩნიოთ:
· სახელმწიფოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება;
· ეკონომიკური რეგულაციების მკვეთრი გამარტივება;
· საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის ღია გარემოს შექმნა;
· ფორმალური პოლიტიკური კონკურენციის შენარჩუნება.
ამის წყალობით, საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო რეფორმატორი ქვეყნის სახელი დაიმკვიდრა. თუმცა, ჯამური ქულის მატება არ ნიშნავდა ინდექსის ყველა კომპონენტის თანაბარ პროგრესს. განსაკუთრებით პრობლემური იყო სამართლებრივი ქვეინდექსის ჩამორჩენა ეკონომიკურ და, გარკვეულ ეტაპებზე, პოლიტიკურ ქვეინდექსებთან შედარებით. ეს მიუთითებდა იმაზე, რომ ეკონომიკური და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის ტემპს ყოველთვის არ ახლდა დამოუკიდებელი მართლმსაჯულების, კანონის განჭვრეტადობისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების სათანადო ინსტიტუციონალიზაცია.
1.2. 2018 წელი — გარდამტეხი მიჯნა
საქართველოს თავისუფლების ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს (76 ქულას) 2018 წელს მიაღწია. 2025 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 66.6 ქულამდე შემცირდა. შესაბამისად, ბოლო შვიდ წელიწადში კლებამ 9.4 ქულა შეადგინა, რაც 2018 წლის ნიშნულთან შედარებით დაახლოებით 12.4%-იან ვარდნას ნიშნავს.
დღეისათვის საქართველო „ზომიერი თავისუფლების“ კატეგორიაშია და მსოფლიოში 73-ე ადგილზე იმყოფება. ამავდროულად, ქვეყანა მოხვდა იმ სახელმწიფოების ჯგუფში, სადაც თავისუფლების ხარისხი ყველაზე მეტად გაუარესდა. ამ სიაში საქართველოს გვერდით დასახელებულნი არიან: შეერთებული შტატები, ეკვადორი, სიერა-ლეონე, ტანზანია, ნიგერი, მადაგასკარი, გვინეა-ბისაუ, ჰაიტი და ბურკინა-ფასო. ეს ჩამონათვალი, ბუნებრივია, რადიკალურად განსხვავებულ ქვეყნებს აერთიანებს და არ ნიშნავს მათი პოლიტიკური სისტემების იდენტურობას — მათი ერთადერთი საერთო მახასიათებელი თავისუფლების ინდექსის მკაფიოდ გამოხატული უარყოფითი დინამიკაა.
საქართველოს გრძელვადიანი ტრაექტორია სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს:
1. 1995–2003 წლები — დაბალი საწყისი პოზიციიდან სახელმწიფო ინსტიტუტების ნელი და არათანმიმდევრული გაუმჯობესება.
2. 2003–2018 წლები — ინტენსიური ადმინისტრაციული და ეკონომიკური რეფორმები და თავისუფლების საერთო ქულის მნიშვნელოვანი ზრდა.
3. 2018–2025 წლები — აღმავალი ტრაექტორიის შეჩერება და თავისუფლების მაჩვენებლების თანმიმდევრული რეგრესი.
ეს პერიოდიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოს გამოცდილება აღარ შეესაბამება უწყვეტი დემოკრატიული კონსოლიდაციის მოდელს. უფრო ზუსტია მისი აღწერა, როგორც სწრაფი საწყისი ტრანსფორმაციის, არასრული ინსტიტუციონალიზაციისა და შემდგომი უკუსვლის კომბინაცია.
1.3. თავისუფლების ინდექსის კლების შიდა სტრუქტურა
საერთო ქულის ვარდნის მიზეზების გასაანალიზებლად საჭიროა აგრეგირებული ინდექსის კომპონენტების სიღრმისეული განხილვა. 2025 წლის მონაცემებით, საქართველოს ყველაზე დაბალი რეიტინგი შემდეგ სფეროებში აქვს:
|
კომპონენტი
|
ქულა
|
|
კანონის სიცხადე და განჭვრეტადობა |
43.6 |
|
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა |
53.0 |
|
საკუთრების უფლება |
54.1 |
|
აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საკანონმდებლო შეზღუდვები |
57.7 |
|
ბიუროკრატია და კორუფცია |
57.9 |
|
უსაფრთხოება |
58.9 |
მოცემული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ყველაზე სუსტი რგოლი სამართლებრივი ქვეინდექსია. დაბალია კანონის სიცხადის მაჩვენებელი (43.6), რომელიც განსაზღვრავს, თუ რამდენად ნათელი, სტაბილური და განჭვრეტადია სამართლებრივი ნორმები მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის. როდესაც თამაშის წესები ხშირად იცვლება, კანონი შერჩევითად გამოიყენება, ხოლო სახელმწიფო უწყებების ქმედებების პროგნოზირება შეუძლებელია, ქვეყანაში გრძელვადიანი დაგეგმვა და ინვესტირება ფაქტობრივად პარალიზდება.
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის 53-ქულიანი შეფასება მიუთითებს სისტემურ კრიზისზე, რომელიც სცილდება უბრალო სამართლებრივ დავებს. დამოუკიდებელი სასამართლო არის საკუთრების დაცვის, ადმინისტრაციული თვითნებობის შეზღუდვის, სახელშეკრულებო სამართლის აღსრულებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მნიშვნელოვანი გარანტი.
საკუთრების უფლების დაბალი ქულა (54.1) კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ეკონომიკურ და სამართლებრივ ინდიკატორებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ბაზარი ფორმალურად შეიძლება იყოს ღია, მაგრამ თუ საკუთრების ხელშეუხებლობა სათანადოდ არ არის დაცული და სამართალი შერჩევითია, ვაჭრობისა და ინვესტირების თავისუფლება პრაქტიკულ ძალას კარგავს.
აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო შეზღუდვის მაჩვენებელი (57.7) პოლიტიკური და სამართლებრივი პრობლემების გადაკვეთის წერტილია. იგი ასახავს, რამდენად შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს მთავრობის ეფექტიანი კონტროლი და რამდენად არის ძალაუფლება მოქცეული სტაბილურ ინსტიტუციურ ჩარჩოებში.
2. სამართლის უზენაესობა როგორც კეთილდღეობის ინსტიტუციური საფუძველი
„ატლანტიკური საბჭოს“ 2026 წლის ანგარიშის საკვანძო დასკვნაა, რომ სამართლის უზენაესობის გლობალური ეროზია თავისუფლებისა და კეთილდღეობის ურთიერთკავშირის უმთავრეს რისკფაქტორად იქცა. თუ პოლიტიკური თავისუფლების კლება ბოლო ათწლეულში ისედაც თვალსაჩინო ტრენდი იყო, ახალი მონაცემები ადასტურებს, რომ ეს ტენდენცია სულ უფრო მეტად აზიანებს უშუალოდ სამართლებრივ ინსტიტუტებს.
ქვეყნების შედარებითი მონაცემები აჩვენებს, რომ მაღალი და ფართოდ განაწილებული კეთილდღეობა იშვიათია იქ, სადაც კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება სუსტია. ხოლო ეკონომიკური თავისუფლება უფრო მდგრად შედეგს იძლევა მაშინ, როდესაც სასამართლო სანდოა, წესები პროგნოზირებადია და საჯარო სექტორი დაცულია კორუფციისა და პოლიტიკური გავლენისგან.
საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყნის წინა რეფორმატორულ მოდელში (2003-2018) აქცენტი კეთებოდა ეკონომიკის გახსნილობაზე, ბარიერების მოხსნასა და ინვესტორებისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნაზე. თუმცა, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მდგრადობა პირდაპირ კავშირშია კანონის უზენაესობასა და ხელისუფლების ძალაუფლების ინსტიტუციურ შეზღუდვასთან.
3. კეთილდღეობის ინდექსი: ზრდა რომელიც წარსული რეფორმების ინერციას ეყრდნობა
2025 წლის მონაცემებით, საქართველოს კეთილდღეობის ინდექსი 78.2 ქულას შეადგენს და ქვეყანა მსოფლიოში 43-ე ადგილზეა. 1995 წლიდან მაჩვენებელი, სხვადასხვა ტემპით, თითქმის მუდმივად იზრდებოდა. ამ შედეგს ხელს უწყობდა შემოსავლების მატება, ჯანდაცვისა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაუმჯობესება, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოება და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება.
კეთილდღეობის ინდექსის კომპონენტები შედარებით ნელა იცვლება. განათლება, ჯანმრთელობა, შემოსავალი და ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში დაგროვილ რესურსებსა და პოლიტიკის შედეგებს ასახავს. ამიტომ პოლიტიკური და სამართლებრივი უკუსვლა კეთილდღეობის საერთო ქულაში ხშირად დაგვიანებით ჩნდება.
შესაბამისად საქართველოს კეთილდღეობისა და თავისუფლების რეიტინგებს შორის 30-ადგილიანი სხვაობა შეიძლება „დაგროვილი კეთილდღეობის ინერციით“ აიხსნას: მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური შედეგები ნაწილობრივ წარსულში განხორციელებული რეფორმების, ადამიანური კაპიტალისა და გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციის შედეგია. ეს სხვაობა არ ნიშნავს, რომ კეთილდღეობა ინსტიტუციური თავისუფლებისგან დამოუკიდებელია; პირიქით, იგი აჩვენებს, რომ ინსტიტუციური გაუარესების სრული ფასი ჯერ შესაძლოა არ იყოს ასახული სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. ხოლო თუ სამართლებრივი ინსტიტუტების დასუსტება გაგრძელდება, ეს ადრე თუ გვიან დააზიანებს კერძო სექტორის მოტივაციას და სახელმწიფოს უნარს, ეკონომიკური ზრდა რეალურ, ფართო საზოგადოებრივ კეთილდღეობად გარდაქმნას. მართლმსაჯულების დასუსტება და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მოშლა მშპ-ის ზრდასა თუ სოციალურ ინდიკატორებზე ყოველთვის მყისიერად არ აისახება. ეს ცვლილებები თავდაპირველად საერთაშორისო ინდექსებში, ბიზნესგარემოს მოლოდინებსა და სასამართლოსადმი ნდობის კლებაში იჩენს თავს, ნეგატიური ეკონომიკური და სოციალური შედეგები კი მოგვიანებით ვლინდება. სწორედ ეს დროითი აცდენა ხსნის იმ ფენომენს, თუ რატომ შეიძლება საქართველოში თავისუფლების კლება და კეთილდღეობის ზრდა დროებით თანაარსებობდეს.
4. საქართველოს პოზიცია და რეგიონული შედარება
4.1. მიმდინარე რეგიონული სურათი
2025 წლის თავისუფლებისა და კეთილდღეობის მაჩვენებლების შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში შუალედურ, გარდამავალ პოზიციას იკავებს:
|
ქვეყანა
|
თავისუფლების ქულა
|
კეთილდღეობის ქულა
|
|
ესტონეთი |
90.3 |
85.9 |
|
ლატვია |
84.4 |
84.0 |
|
ლიეტუვა |
84.3 |
85.0 |
|
მოლდოვა |
69.0 |
77.2 |
|
სომხეთი |
67.9 |
75.2 |
|
საქართველო |
66.6 |
78.2 |
|
ყაზახეთი |
53.5 |
77.4 |
|
უზბეკეთი |
48.8 |
67.4 |
|
აზერბაიჯანი |
46.3 |
71.0 |
|
რუსეთი |
39.2 |
74.3 |
|
ბელარუსი |
37.1 |
78.3 |
4.2. ბალტიისპირეთის ქვეყნები: კონსოლიდირებული ინსტიტუციური ტრანსფორმაცია
„ატლანტიკური საბჭოს“ კვლევაში ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა პოსტსაბჭოთა სივრცის მკაფიო ლიდერები არიან. თავისუფლების ინდექსში საქართველო ესტონეთს 23.7 ქულით, ლატვიას 17.8 ქულით და ლიეტუვას 17.7 ქულით ჩამორჩება. კეთილდღეობის ინდექსში სხვაობა გაცილებით მცირეა — 5.8-დან 7.7 ქულამდე.
ეს განსხვავება საქართველოს განვითარების ასიმეტრიას კიდევ ერთხელ აჩვენებს: სოციალურ-ეკონომიკური შედეგებით ქვეყანა ბალტიისპირეთთან შედარებით უფრო ახლოს დგას, ვიდრე პოლიტიკური და სამართლებრივი ინსტიტუტების ხარისხით. ბალტიის ქვეყნებში თავისუფლება, კანონის უზენაესობა და კეთილდღეობა ერთიან, ურთიერთგამაძლიერებელ სისტემას ქმნის; საქართველოში კი ეკონომიკური პროგრესი ინსტიტუციური კონსოლიდაციის გარეშე მიმდინარეობდა.
4.3. მოლდოვა და სომხეთი: საქართველოს შედარებითი უპირატესობის დაკარგვა
თავისუფლების ინდექსში მოლდოვა 69.0 ქულით, ხოლო სომხეთი 67.9 ქულით საქართველოს 66.6-ქულიან მაჩვენებელს უსწრებს. სხვაობა დიდი არ არის — შესაბამისად 2.4 და 1.3 ქულა — თუმცა ტენდენცია მნიშვნელოვანია: საქართველომ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ბალტიისპირეთის შემდეგ მთავარ რეფორმატორულ ორიენტირად ითვლებოდა, ახლა თავისუფლების მხრივ გარდამავალი დემოკრატიების საშუალო, სტაგნაციურ ჯგუფში გადაინაცვლა.
კეთილდღეობის ინდექსში საქართველო ჯერ კიდევ უკეთეს პოზიციაშია: მოლდოვას 1 ქულით, ხოლო სომხეთს 3 ქულით უსწრებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს წარსულში დაგროვილი ეკონომიკური და სოციალური კაპიტალის ინერციაზე რომელიც ჯერ კიდევ უძლებს ინსტიტუციურ გაუარესებას.
4.4. აზერბაიჯანი, რუსეთი, ბელარუსი და ცენტრალური აზია
საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი კვლავ აღემატება აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელარუსისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დიდ ნაწილს. მაგალითად, საქართველო აზერბაიჯანს 20.3 ქულით, რუსეთს 27.4 ქულით და ბელარუსს 29.5 ქულით უსწრებს. კეთილდღეობის ინდექსში სხვაობა გაცილებით მცირეა: ბელარუსის მაჩვენებელი საქართველოსას 0.1 ქულით აღემატება, ყაზახეთის მაჩვენებელი მხოლოდ 0.8 ქულით ჩამორჩება, ხოლო რუსეთის ქულა 74.3-ია.
ეს შედარება გვიჩვენებს, რომ კეთილდღეობის გარკვეული დონე დროებით შეიძლება შენარჩუნდეს ბუნებრივი რესურსების, წარსულში დაგროვილი ადამიანური კაპიტალის, სოციალური ინფრასტრუქტურის ან სახელმწიფოს გადანაწილებითი პოლიტიკის ხარჯზე. თუმცა თავისუფლების კლების გაგრძელება ამ დისტანციას თანდათან შეამცირებს. შესაბამისად, საქართველოს დღევანდელი სტატუსი შეიძლება შეფასდეს როგორც დეგრადირებადი ინსტიტუციური პოზიცია. ქვეყანა ინარჩუნებს რეგიონში შედარებით მაღალ სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს, თუმცა მისი განვითარების ვექტორი აღარ არის მიმართული მოწინავე ევროპულ სახელმწიფოებთან ინსტიტუციური დაახლოებისკენ.
დასკვნა
„ატლანტიკური საბჭოს“ ინდექსები ადასტურებს, რომ საქართველოს გრძელვადიანი განვითარება ორ ერთმანეთთან შეუსაბამო ტრაექტორიად არის გაყოფილი. თავისუფლების ინდექსი 1995 წლიდან 2018 წლამდე სტაბილურად იზრდებოდა და 76-ქულიან პიკს მიაღწია, რის შემდეგაც ვექტორი შეიცვალა და 2025 წლისთვის 66.6 ქულამდე დაეცა. კეთილდღეობის ინდექსი კი, პირიქით, აღმავალ დინამიკას ინარჩუნებს და 78.2 ქულით 43-ე ადგილზეა. შედეგად, ქვეყანა კეთილდღეობის რეიტინგში 30 პოზიციით უფრო მაღლა დგას, ვიდრე თავისუფლების რეიტინგში.
საქართველოს მთავარი სტრუქტურული პრობლემა სამართლებრივი ქვეინდექსის კრიზისია. კანონების ბუნდოვანება, მართლმსაჯულების დაბალი ეფექტიანობა და აღმასრულებელი ძალაუფლების უკონტროლო ზრდა ნათლად მოწმობს, რომ მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური პროგრესი მოკლებულია კანონის უზენაესობის მყარ საფუძველს. აქედან გამომდინარე, საქართველოს შემთხვევა კლასიკური მაგალითია კეთილდღეობის ზრდისა და თავისუფლების კლების ასიმეტრიული ტრანსფორმაციისა.
ქვეყნის მიღწევები ჯერ კიდევ წარსულში განხორციელებული რეფორმების ინერციას ეყრდნობა, თუმცა მათი ინსტიტუციური საფუძვლები დღეს სერიოზულად არის შერყეული. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს განვითარების უმთავრესი გამოწვევა არა უბრალოდ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებაა, არამედ სამართლის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლოს, საკუთრების დაცვისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების რეალური გაძლიერებაა — მანამდე, სანამ თავისუფლების ინდექსის ვარდნა ქვეყნის კეთილდღეობის მაჩვენებლებზეც შეუქცევადად აისახება.
სოლიდარობა ვახო სანაიას
22.07.2026ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება
06.06.2026