რუსეთის თანამედროვე ჰიბრიდული ომის არსი მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებით არ განისაზღვრება. მისი ერთ-ერთი ცენტრალური კომპონენტია საინფორმაციო, კულტურული და ისტორიული სივრცის მიზანმიმართული მანიპულაცია. ამ სტრატეგიის მიზანია სამიზნე საზოგადოების შიგნიდან დასუსტება, პოლიტიკური ნების დაქსაქსვა და სუვერენული არჩევანის ლეგიტიმურობის შერყევა.
საქართველოზე წარმოებული რუსული პროპაგანდა არის მრავალშრიანი სისტემა. ზედაპირზე იგი შეიძლება ჩანდეს როგორც განცალკევებული ნარატივების კრებული — ერთმორწმუნეობა, დასავლეთის მორალური კრიზისი ან ომის შიში. თუმცა სტრუქტურულად ეს ნარატივები ერთ მიზანს ემსახურება: საქართველოს ევროპული იდენტობისა და სუვერენული პროევროპული არჩევანის ეჭვქვეშ დაყენება. ამ კონტექსტში დეზინფორმაცია უნდა განვიხილოთ არა როგორც ცალკეული სიცრუე ან შემთხვევითი პროპაგანდისტული გზავნილები, არამედ როგორც სტრატეგიულად ორგანიზებული პრაქტიკა, რომელიც ქმნის ალტერნატიულ რეალობას, ამცირებს ფაქტების მნიშვნელობას და საზოგადოებას აჩვევს აზრს, რომ ისტორიული სიმართლე თითქოს მხოლოდ პოლიტიკური ინტერპრეტაციის საგანია. ისტორიული რევიზიონიზმი ამ სისტემის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილია: იგი წარსულის შერჩევით გადამუშავებას, დამახინჯებას, ან ემოციურ გადაფუთვას გულისხმობს, რათა დღევანდელი პოლიტიკური მიზნები „ისტორიული აუცილებლობის“ ან „სამართლიანობის აღდგენის“ ენით გამართლდეს.
საქართველო ამგვარი ზემოქმედებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სამიზნეა. ერთი მხრივ, იგი პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოა, რომელსაც რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა რეჟიმის ძალადობრივი მემკვიდრეობა უშუალოდ ეხება; მეორე მხრივ, მისი თანამედროვე პოლიტიკური იდენტობა დიდ წილად ეფუძნება დამოუკიდებლობის, ევროპული ინტეგრაციისა და ევროატლანტიკური არჩევანის იდეას. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეების გადაკვეთაზე ქვეყანას აქცევს არა მხოლოდ რეგიონულ სახელმწიფოდ, არამედ იმ სივრცედაც, სადაც რუსეთის გავლენის აღდგენის მცდელობა პირდაპირ უპირისპირდება ევროპულ დემოკრატიულ ტრანსფორმაციას.
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები რუსეთისთვის პრობლემურია არა მხოლოდ სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, არამედ სიმბოლურადაც. ქვეყანა, რომელმაც 1918-1921 წლებში შექმნა დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცდილება, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დამოუკიდებლობა დაკარგა, ხოლო 1991 წლის შემდეგ კვლავ ცდილობდა ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნებას, კრემლისთვის წარმოადგენს მაგალითს, რომ პოსტსაბჭოთა სახელმწიფო შეიძლება იყოს მისგან დამოუკიდებელი, დემოკრატიული და დასავლურ სისტემებში ინტეგრირებული. სწორედ ამიტომ რუსული დეზინფორმაცია სისტემურად ცდილობს საქართველოს ევროპული არჩევანის დისკრედიტაციას, ის ცდილობს: დასავლეთი წარმოაჩინოს ომის, იდენტობის დაკარგვისა და მორალური გადაგვარების წყაროდ, ხოლო რუსეთი — ტრადიციების დაცვისა და მშვიდობის გარანტად.
ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ომი თუ მშვიდობის“ ნარატიული ჩარჩო. ეს ნარატივი ფორმალურად თანამედროვე უსაფრთხოების დილემას ეხება, მაგრამ მისი ეფექტიანობა ისტორიულ შიშებზე დგას. რუსეთის მიერ 2008 წელს განხორციელებული აგრესია, მიმდინარე ოკუპაციის რეალობა და უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი ქართულ საზოგადოებაში აჩენს უსაფრთხოების დაკარგვის ბუნებრივ შიშს. ხოლო ანტიდასავლური დისკურსი ამ შიშს იყენებს იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი „ომში ჩართვად“ და მშვიდობის ალტერნატივად წარმოაჩინოს. საქართველო ამ მხრივ არ არის გამონაკლისი, რუსეთის საგარეო-პოლიტიკური პროპაგანდა ასეთ ნარატიულ ტექნიკას იყენებს ისეთ ქვეყნებთან მიმართებით როგორიცაა მოლდოვა, უნგრეთი, სომხეთი, ცენტრალური აზია და სხვა.
ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია რუსეთის საგარეო პოლიტიკაში
რუსეთის საგარეო პოლიტიკაში ისტორიული რევიზიონიზმი უკავშირდება ორ კონცეფციას — „ახლო საზღვარგარეთს“ და „რუსულ სამყაროს“ — რომელთა მეშვეობითაც კრემლი პოსტსაბჭოთა სივრცეს არა სრულად სუვერენული სახელმწიფოების ერთობლიობად, არამედ რუსეთის ისტორიული, კულტურული და უსაფრთხოების გავლენის ზონად განიხილავს.
„ახლო საზღვარგარეთის“ კონცეფცია, თავის არსში, უარყოფს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების სრულ სუბიექტობას. ეს ტერმინი, თითქოს გეოგრაფიული აღწერილობაა, მაგრამ რეალურად ის ნორმატიულ პრეტენზიას შეიცავს: კრემლი ამ სივრცეს განიხილავს როგორც განსაკუთრებული ინტერესების არეალს, სადაც რუსეთის გავლენის შეზღუდვა, ან დასავლური ინსტიტუტების გაძლიერება „გარეშე ძალის ჩარევად“ ცხადდება. საქართველოს შემთხვევაში, ეს ლოგიკა განსაკუთრებით თვალსაჩინოა: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, 2008 წლის ომის მეხსიერება, ნატოში ინტეგრაციის მიმართ ღია მუქარები და ანტი-ევროპული საინფორმაციო კამპანიები ერთი სისტემის ნაწილებია. ისტორიული რევიზიონიზმი ამ სისტემას ლეგიტიმაციის ენას აძლევს: თუ საქართველო „ისტორიულად“ რუსეთის სივრცეა, მაშინ მისი დასავლური არჩევანი თითქოს ბუნებრივ წესრიგს არღვევს.
„რუსული სამყაროს“ კონცეფცია კიდევ უფრო ფართო და მოქნილია. იგი არ შემოიფარგლება სლავური ან რუსულენოვანი მოსახლეობის ერთობით. მისი პოლიტიკური ძალა იმაშია, რომ იგი რელიგიას, კულტურას, ისტორიულ მეხსიერებას, საბჭოთა ნოსტალგიას და ანტი-დასავლურ შიშებს ერთ ჰიბრიდულ იდეოლოგიურ ფორმულად აერთიანებს. „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისტული ნარატივების გავლენა განსაკუთრებით ძლიერია მაშინ, როდესაც ისინი ადგილობრივ კულტურულ კოდებს ერგება, რადგან გზავნილი სოციალური შიშებისა და ეროვნული ტრავმების მეშვეობით ითარგმნება. მაგალითად, „რუსული სამყაროს“ კონცეფცია საქართველოში არ მოქმედებს „სლავური ერთობის“ ხაზით, არამედ მართლმადიდებლობის, „ტრადიციული ოჯახის“, და „ანტი-ლიბერალური წინააღმდეგობის“ ენით. ამგვარი ადაპტაცია ზრდის ნარატივის დამაჯერებლობას, რადგან იგი რუსულ ჩარევას ეროვნული ღირებულებების დაცვის ფორმით წარმოაჩენს. ამით კრემლი ცდილობს, დასავლური ინტეგრაცია არა როგორც პოლიტიკური და სამართლებრივი მოდერნიზაცია, არამედ როგორც იდენტობის მოშლის, ცივილიზაციური ომისა და სარწმუნოებრივი საფრთხის წყაროდ წარმოაჩინოს.
რუსეთის პროპაგანდისტული ნარატივების სამდონიანი მოდელი
კრემლის საინფორმაციო ოპერაციები მხოლოდ ცალკეული სიცრუეების გავრცელებით არ შემოიფარგლება. პროპაგანდისტული ნარატივი ქმნის ერთიან ინტერპრეტაციულ ჩარჩოს, რომელიც აუდიტორიას ეუბნება, ვინ არის „დამცველი“, ვინ არის „მტერი“, რა არის „ისტორიული სამართლიანობა“ და რატომ უნდა ჩაითვალოს დღევანდელი პოლიტიკური ძალადობა წარსულის „ლოგიკურ გაგრძელებად“. ნატალია კრაფჩუკის კვლევა რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტულ ნარატივებზე აჩვენებს, რომ პროპაგანდა განსაკუთრებით ეფექტიანია კრიზისის დროს, როდესაც საზოგადოებას სჭირდება მარტივი განმარტებები, ნაცნობი სიმბოლოები და ემოციური სტაბილურობა.
ამ პერსპექტივიდან რუსული დეზინფორმაცია უნდა განვიხილოთ როგორც „სიუჟეტური“ ძალადობა: ის არამარტო ამახინჯებს ინფორმაციას, არამედ მიზანმიმართულად ცვლის საზოგადოების მიერ საკუთარი წარსულის, მეზობლების, მოკავშირეებისა და საფრთხეების აღქმას. კრაფჩუკის მიხედვით, თანამედროვე პროპაგანდა ნახევარსიმართლესა და სიცრუეს ერთმანეთში ურევს, რთულ პოლიტიკურ პროცესებს ამარტივებს შავ-თეთრ დიქოტომიებამდე — „ჩვენ“ და „ისინი“, „კეთილი“ და „ბოროტი“, „ტრადიცია“ და „გარყვნილება“, „მშვიდობა“ და „ომი“. ეს მექანიზმი საქართველოს კონტექსტში განსაკუთრებით მკაფიოა: პრორუსული გზავნილები დასავლეთს წარმოაჩენს როგორც იდენტობისა და მშვიდობის საფრთხეს, ხოლო რუსეთს — როგორც ტრადიციის და იდენტობის გადარჩენის გარანტს.
პროპაგანდა ქმნის ახალ სიმბოლოებს, ძველ სიმბოლოებს აძლევს ახალ პოლიტიკურ მნიშვნელობას და მასობრივ ცნობიერებაში ნერგავს ისეთ წარმოდგენებს, რომლებიც ადამიანებს ან აერთიანებს, ან ყოფს. ამ გაგებით, კრემლის ისტორიული რევიზიონიზმი არის არა უბრალოდ „ისტორიის არასწორი ინტერპრეტაცია“, არამედ ხანგრძლივი ფსიქოპოლიტიკური პროცესი, რომლის მიზანია სამიზნე საზოგადოების შიგნით ალტერნატიული პოლიტიკური რეალობის შექმნა.
ამ მიდგომას, განსაკუთრებით კარგად ხსნის ნარატივების სამდონიანი მოდელი: გეოპოლიტიკური ნარატივი ხსნის „მსოფლიო წესრიგს“; ეროვნული ნარატივი განსაზღვრავს სახელმწიფოს ისტორიულ იდენტობას; ხოლო პოლიტიკური ნარატივი ამართლებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს. საქართველოს შემთხვევაში, კრემლი სწორედ ამ სამივე დონეზე მოქმედებს: გეოპოლიტიკურ დონეზე დასავლეთს წარმოაჩენს აგრესიულ იმპერიად; ეროვნულ დონეზე საქართველოს უკარგავს დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის სტატუსს და რუსეთის ისტორიული გავლენის სფეროდ აქცევს; ხოლო მიმდინარე პოლიტიკურ დონეზე სამოქალაქო პროტესტს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ევროპულ ინტეგრაციას „გარედან მართულ“ პროცესებად წარმოაჩენს.
ამ სისტემის ძალა მის მოქნილობაშია. ერთი და იგივე ძირითადი გზავნილი შეიძლება სხვადასხვა აუდიტორიისთვის განსხვავებული ენით ითარგმნოს. კონსერვატიულ გარემოში იგი მოდის „ტრადიციული ოჯახის“ ან „ერთმორწმუნეობის“ ენით; სოციალური დაუცველობის პირობებში - საბჭოთა სტაბილურობის ნოსტალგიით; უსაფრთხოების შიშის პირობებში - „მეორე ფრონტის“ და ომის თავიდან აცილების ლექსიკით; ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში - ადგილობრივ ენაზე და ადგილობრივ შიშებზე მორგებული შეტყობინებებით. დეზინფორმაცია სწორედ ამიტომ არის რთულად დასამარცხებელი: ის იშვიათად მოქმედებს აბსტრაქტულად და თითქმის ყოველთვის ერგება კონკრეტულ სოციალურ ფაქტორებს.
რუსული მანიპულირებული ისტორიული ნარატივები საქართველოში
საქართველოში რუსული ისტორიული პროპაგანდა რამდენიმე განმეორებად ნარატივს ეყრდნობა. პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია „ერთმორწმუნეობის მითი“. ამ ნარატივის მიხედვით, რუსეთი თითქოს ისტორიულად იყო საქართველოს ბუნებრივი დამცველი მუსლიმური სამყაროსგან, ხოლო მართლმადიდებლური ერთობა საკმარისი საფუძველია პოლიტიკური ერთგულებისთვის. ასეთი ჩარჩო შერჩევითად იყენებს რელიგიურ სიმბოლიკას და მალავს იმპერიული პოლიტიკის ფაქტებს: რუსეთის იმპერიამ საქართველოს სამეფო-სამთავროების ანექსიის შემდეგ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, გააძლიერა რუსიფიკაცია და ქართული საეკლესიო მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპერიულ ადმინისტრაციულ კონტროლს დაუქვემდებარა. თუმცა, მითის ფუნქცია აქ არა ისტორიული სიმართლის ძიებაა, არამედ თანამედროვე პოლიტიკური ლოიალობის გამართლებაა.
მეორე ნარატივია „საბჭოთა საქართველოს კეთილდღეობა“. იგი საბჭოთა პერიოდს აღწერს როგორც სოციალური უსაფრთხოების, იაფი პროდუქტების, წესრიგის, დასაქმებისა და კულტურული აყვავების ეპოქას. ამ ნოსტალგიურ მოდელში თითქმის სრულად იშლება ძალადობა: 1921 წლის ოკუპაცია, 1924 წლის აჯანყების ჩახშობა, 1930-იანი წლების ტერორი, დეპორტაციები, რელიგიური დევნა, ცენზურა, სახელმწიფო კონტროლი, კოლექტივიზაცია და პოლიტიკური ლოიალობის იძულებითი სისტემა. ნოსტალგია განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როდესაც სოციალური დაუცველობა, ეკონომიკური უთანასწორობა და ინსტიტუციური იმედგაცრუება ისტორიული ცოდნის დეფიციტს ემთხვევა. ასეთ პირობებში წარსული იქცევა ემოციურ თავშესაფრად: ადამიანებს ახსოვთ სოციალური სტაბილურობის ფრაგმენტები, მაგრამ სისტემური ძალადობის ცოდნა ან ოჯახურ მეხსიერებაშია ჩაკეტილი, ან საჯარო განათლებაში არასაკმარისად არის წარმოდგენილი. სწორედ აქ იკვეთება დეზინფორმაციის ფუნქცია: იგი არ ქმნის ნოსტალგიას ნულიდან, არამედ არსებულ ემოციას პოლიტიკურ იარაღად გარდაქმნის. შედეგად, საბჭოთა წარსული აღარ განიხილება როგორც ტოტალიტარული რეჟიმში ცხოვრების გამოცდილება, არამედ როგორც დაკარგული სტაბილურობის სიმბოლო.
მესამე ნარატივია საბჭოთა და იმპერიული რეპრესიების მეხსიერების გაქრობა საჯარო სივრციდან. რუსული და პრორუსული პროპაგანდა იშვიათად უარყოფს ყველა ფაქტს; უფრო ხშირად იგი ცვლის კონტექსტს და ძალადობას „ისტორიულ აუცილებლობად“ წარმოაჩენს. მაგალითად, 1921 წლის ოკუპაცია შეიძლება აღწერილ იქნეს როგორც „საბჭოთა ხელისუფლების დამყარება“, თითქოს იგი შიდა პოლიტიკური პროცესის შედეგი იყო და არა რუსეთის წითელი არმიის სამხედრო აგრესია. 1921 წლის მოვლენების დამახინჯება საქართველოს თანამედროვე სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული ნარატივის საფუძველია. თუ პირველი რესპუბლიკის ოკუპაცია „შიდა რევოლუციად“ წარმოჩნდება, მაშინ რუსეთის პასუხისმგებლობა იშლება, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა წყვეტილ ან ხელოვნურ პროექტად ჩანს. ისტორიული ფაქტების ამგვარი დამახინჯება კრემლისთვის სტრატეგიულია, რადგან ის ასუსტებს საქართველოს ოკუპაციის სამართლებრივ და მორალურ მეხსიერებას.
მეოთხე ნარატივი უკავშირდება თურქეთის, დასავლეთისა და „გეოპოლიტიკური ღალატის“ შიშს. პრორუსული არხები პერიოდულად იყენებენ ყარსის ხელშეკრულებას, ოსმალეთისა და თურქეთის საფრთხის ისტორიულ მეხსიერებას და ამტკიცებენ, რომ მხოლოდ რუსეთი იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ან მართლმადიდებლურ იდენტობას. ეს ნარატივი პარადოქსულია, რადგან რუსეთის იმპერიულმა და საბჭოთა პოლიტიკამ თავადვე შეარყია საქართველოს სუვერენიტეტი, ხოლო თანამედროვე რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. თუმცა პროპაგანდის მიზანი ლოგიკური თანმიმდევრულობა არ არის; მისი მიზანია შიშის გარემოს შექმნა და ალტერნატივების შეზღუდვა. თუ დასავლეთი „ომს“ ნიშნავს, თურქეთი „ტერიტორიულ საფრთხეს“, ხოლო რუსეთი „დამცველს“, მაშინ საზოგადოებას ევროატლანტიკური არჩევანი არა სუვერენულ სტრატეგიად, არამედ რისკიან ავანტურად ეჩვენება.
მეხუთე ნარატივი თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში განსაკუთრებით თვალსაჩინოა: „ომი თუ მშვიდობა“. ეს ჩარჩო ფორმალურად უსაფრთხოების დილემას ეხება, მაგრამ რეალურად ისტორიულ ტრავმებს და 2008 წლის ომის მეხსიერებას. მისი ძირითადი მტკიცებაა, რომ დასავლური ინტეგრაცია საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავს, ხოლო ნეიტრალიტეტი, ან რუსეთის მიმართ ნაკლებად კონფრონტაციული კურსი - მშვიდობას. ამ ნარატივის პრობლემა ისაა, რომ იგი უსაფრთხოების რეალურ დისკუსიას შიშის მორალურ დილემად აქცევს: მოქალაქეს სთავაზობს არა პოლიტიკის ალტერნატივებს, არამედ არჩევანს სიცოცხლესა და კატასტროფას შორის.
2024-2025 წლების მონაცემები: რუსული ნარატივების გამყარება საქართველოში
2024-2025 წლებში გამოქვეყნებული მასალები აჩვენებს, რომ საქართველოში რუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაცია უფრო მეტად ეყრდნობა ადგილობრივ კონტექსტს და ნაკლებად ჩანს, როგორც მხოლოდ გარედან შემოსული პროდუქტი. ISFED-ის 2025 წლის აპრილის ანალიზი 2024 წლის საარჩევნო ციკლში რუსულ საინფორმაციო ოპერაციებზე აღწერს, რომ რუსეთის მიერ მართული ანონიმური ქსელი ფეისბუქზე განმეორებით ბრუნდებოდა პლატფორმაზე წაშლის შემდეგაც; Meta-ს 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, ქსელმა სამხრეთ კავკასიაში რეკლამაზე 77 ათასი აშშ დოლარი დახარჯა. მისი მესიჯები მიზნად ისახავდა ევროკავშირისა და აშშ-ის ღირებულებების დისკრედიტაციას, ხოლო შიდა პოლიტიკურ საკითხებში - ხელისუფლების მხარდაჭერისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის შეტყობინებების გავრცელებას.
ამავე ანგარიშის მიხედვით, რუსული საინფორმაციო ოპერაციის ერთ-ერთი ცენტრალური თემა იყო „ფერადი რევოლუციის“ სცენარი. 2024 წლის გაზაფხულიდან რუსი პროპაგანდისტები და მაღალი თანამდებობის პირები ავრცელებდნენ გზავნილებს, თითქოს აშშ აფინანსებდა საქართველოში არეულობას, ცდილობდა „მეორე ფრონტის“ გახსნას და არჩევნების შემდეგ ხელისუფლების შეცვლას. მოგვიანებით რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა განმეორებით განაცხადეს, თითქოს დასავლეთი, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო სადამკვირვებლო ინსტიტუტები არჩევნების დელეგიტიმაციას და ქუჩის პროტესტის ორგანიზებას გეგმავდნენ. ასეთი რიტორიკა განსაკუთრებით ეფექტიანია, რადგან იგი უკრაინის „მაიდნის“, 2008 წლის ომისა და რეგიონული არასტაბილურობის შიშებს ერთ სქემაში აერთიანებს.
დეზინფორმაციის თანამედროვე ქართულ ციკლში ჩანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი: ადგილობრივ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული გზავნილები ხშირად იმეორებს კრემლის სტრატეგიულ ფრაზებს, თუმცა არა ყოველთვის პირდაპირი რუსული წყაროს მითითებით. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრორუსული და ანტი-დასავლური დეზინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკური პარტიების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო ორგანიზაციების სახელით მოქმედი ჯგუფების, მედიის, ულტრა-მემარჯვენე აქტორების და ყალბი ანგარიშებისა, თუ გვერდების მეშვეობით; მისი მიზანია დასავლური კურსის დისკრედიტაცია. ანგარიშში ასევე გამოკვეთილია მედია არხები, მათ შორის პროსახელისუფლებო პლატფორმები, რომლებიც ანტი-დასავლური გზავნილების გამტარებად მოქმედებდნენ. ეს აჩვენებს, რომ რუსული ნარატივები საქართველოში მხოლოდ გარედან შემოსული საინფორმაციო პროდუქტი არ არის; ისინი ადგილობრივ პოლიტიკურ და კულტურულ ქსელებში ადაპტირდება, ითარგმნება და ადგილობრივ სოციალურ შიშებზე ეწყობა და უკვე ადგილობრივი, „სუვერენისტული“ რიტორიკის სახით ვრცელდება.
შესაბამისად, საქართველოს თანამედროვე საინფორმაციო გარემოში პრობლემა მხოლოდ აშკარად პრორუსული ჯგუფების არსებობა აღარ არის: უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევაა ის, რომ რუსული პროპაგანდის ცენტრალური კონსტრუქციები — „გარედან მართული ოპოზიცია“, „უცხოელი აგენტები“, „დასავლეთის მიერ ორგანიზებული გადატრიალება“, „მეორე ფრონტის გახსნა“, „ომი ან მშვიდობა“, „ტრადიციული იდენტობის დაცვა ლიბერალური დასავლეთისგან“ — ნორმალიზებულ, ქართულ პოლიტიკურ ენად გარდაიქმნება, რის შედეგადაც კრემლისთვის სასარგებლო წარმოდგენების გავრცელება შესაძლებელია რუსეთის პირდაპირი ხსენებისა და ღია პრორუსული თვითიდენტიფიკაციის გარეშეც.
სოლიდარობა ვახო სანაიას
22.07.2026ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება
06.06.2026