2025 წლის 26 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, “ქართული ოცნების” მთავრობის განკარგულებითა და სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, ისრაელის კომპანია Cellebrite-ისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებსა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლებიც მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ციფრულ აპარატურაში დაცული ინფორმაციის წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.
ონლაინგამოცემა “პუბლიკის” ჟურნალისტისა და ფოტორეპორტიორის, ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოს მიმართა. პოლიციამ იგი გასული წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დააკავა და სცემა. ქეშელაშვილს პოლიციის წარმომადგენლები სასტიკად გაუსწორდნენ, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა: „თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ, მგონი, მაგან პირიქით იმოქმედა – ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ „დერეფანში“ გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად – სახეში“ – განაცხადა ქეშელაშვილმა. ალექსანდრე საავადმყოფოში გადაყვანის, სადაც ცხვირზე ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თუმცა ამ დრომდე არ დასჯილა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი.
2024 წლის დეკემბერიდან საჯარო სამსახურში განსაკუთრებით გააქტიურდა საჯარო მოხელეთა დევნა, რომელიც ძირითადად მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოზიციას უკავშირდებოდა. დეკემბერში, ქართულმა ოცნებამ დააინიცირა და მიიღო რეპრესიული ცვლილებები “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში, რომლითაც პროფესიულ საჯარო სამსახურში დასაქმებულ მენეჯერულ რგოლს მოუხსნეს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი, განუსაზღვრელი ვადით თანამდებობაზე დანიშვნის საკანონმდებლო გარანტია და იძულებით გადაიყვანეს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებზე.