გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 30 მაისი 2024

2024 წლის 29 მაისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ორგანიზებით, ქალაქ გორში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ანა ლიბერგი და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის გენერალური დირექტორი, ჰელენ ედუარდსი. შეხვედრაზე, რომელიც გორელ ფოტოგრაფთა კლუბში გაიმართა, მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და აქტივისტები.

 

ღონისძიების დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა. მან აღნიშნა ის გამოწვევები, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში დგას, ადგილობრივ მოსახლეობაზე რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავლენის კუთხით, რომელიც ორი ძირითადი მიმართულებით გამოირჩევა - ეკონომიკური დამოკიდებულებით და საბჭოთა ნოსტალგიით. მისი თქმით, ადგილობრივი ფერმერებისა და ბიზნესისთვის რუსეთი კვლავ მთავარ ბაზრად რჩება, თუმცა, ამავდროულად, ბოლო წლებმა აჩვენა, რომ ეს ბაზარი არამდგრადია და პოლიტიკურ რყევებზეა დამოკიდებული. რუსეთის მუდმივად ცდილობს ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებას ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის და სიტუაციის პოლიტიკური კონტროლისთვის. სტალინიზმის მიმართ ნოსტალგია კი კვლავ მძლავრია რეგიონში, რასაც რუსეთი ასევე იყენებს პოლიტიკური მიზნით.

 

შეხვედრაზე IDFI-მ წარადგინა ის პროექტები, რომლებიც წინა წლებში შიდა ქართლში განახორციელა: “გმირობის ნაყოფი” და “აღმოაჩინე გორი”. მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ ხაზი გაუსვა პროექტების მნიშვნელობას რეგიონში გავრცელებული დეზინფორმაციისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. პროექტის  „სოლიდარობის ბრენდინგის“ ფარგლებში წარმოებული კამპანიის „გმირობის ნაყოფის“ მიზანი იყო ქართული საზოგადოების მზარდი მხარდაჭერის შედეგად, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მცხოვრები მოსახლეობა მეტად მდგრადი გაეხადა რუსული მტრული გავლენის მიმართ და ქართველ მომხმარებლებს დახმარებოდა შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მოყვანილი პროდუქციის იდენტიფიცირებასა და შეძენაში. მეორე პროექტმა - „აღმოაჩინე გორი“ ქალაქის კულტურული იდენტობის უკეთ წარმოსაჩენად, გორში არსებული ისეთი ლოკაციები და პერსონები გააცოცხლა, რომლებიც ხაზს უსვამენ ქალაქის მნიშვნელობას ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაში. პროექტის ფარგლებში კი, შეიქმნა „იდენტობის რუკა“ და ვებგვერდი www.gorimaps.ge, სადაც რეგიონის შესახებ საინტერესო ფოტო-ვიდეო მასალა და საარქივო დოკუმენტებია ატვირთული.

 

ეკა მეტრეველმა, GFSIS-ის პრეზიდენტმა, ისაუბრა პროექტებზე „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ და “თემის ახალგაზრდების ჩართულობა“. მისი თქმით, რეგიონში ახალგაზრდების გაძლიერება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. 

 

შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ისტორიისა და ადგილობრივი დემოკრატიის საკითხები, დააფიქსირეს მოსაზრებები ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც მიემართებოდა მთავრობის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და წინასაარჩევნო პროცესებს. ამავდროულად, მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს რუსეთის როლზე საქართველოში მიმდინარე დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებასა და დამკვიდრებაში. ასევე გამოხატეს მზაობა თანამშრომლობისთვის, ზემოაღნიშნული გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

 

დასასრულს, ჰელენ ედუარდსმა, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გააგრძელებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას და თანადგომა აღუთქვა დამსწრეებს.

 

ღონისძიება ჩატარდა შვედეთის საელჩოსა და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024

კამპანია „გმირობის ნაყოფი” The Anthem Awards-ის ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა

14.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

07.06.2024

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024