რატომ არ არის სახელმწიფო ავტოპარკში ელექტროავტომობილები?

სიახლეები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 8 თებერვალი 2021

2021 წლის 25 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო ავტოპარკი, რომელიც 650,000 ავტომობილისგან შედგება, ეტაპობრივად ჩანაცვლდება „მწვანე“, ეკოლოგიურად სუფთა, ამერიკული წარმოების ელექტრომობილებით.

 

„ფედერალური მთავრობა ავტომობილების უზარმაზარ პარკს ფლობს, რომლის ჩანაცვლებას ჩვენ ვაპირებთ [ეკოლოგიურად] სუფთა ელექტრო ავტომობილებით, რომელიც დამზადებულია სწორედ აქ, ამერიკაში, ამერიკელი მუშების მიერ” - აღნიშნა ბაიდენმა.

 

გენერალური სერვისების ადმინისტრაციის (GSA) მონაცემებით, აშშ-ის მთავრობა 2019 წლის მდგომარეობით, 645,000 ავტომობილს ფლობდა, რომლებმაც ამავე წელს ჯამში 7.25 მილიარდი კილომეტრი გაიარეს და 1.5 მილიარდი ლიტრი საწვავი მოიხმარეს. 2019 წელს, აშშ–ის მთავრობამ საერთო ჯამში 4.4 მილიარდი დოლარის ხარჯი გასწია ფედერალური სატრანსპორტო საშუალებების შენახვა-ოპერირებაზე.

 

ბაიდენის თქმით, მისი ადმინისტრაცია გარემოსდაცვითი მიმართულებით ამბიციურ მიზნებს ისახავს, მათ შორის გეგმის ნაწილია ამერიკულ ავტოინდუსტრიაში 1 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა ელექტრომობილების, მათი ნაწილების და ავტო-ინფრასტრუქტურის წარმოების სექტორში. ბაიდენმა ასევე ისაუბრა ელექტრომობილების დამტენ 550,000 ახალი სადგურის დამატებაზე და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის კვლევის მიმართულებით დამატებით ინვესტიციებზე.

 

ბოლო წლებში, საქართველოს მთავრობაც აქტიურად აჟღერებდა ანალოგიურ გეგმებს მდგრადი განვითარების და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. აქტიურად ხდება ჰიბრიდული და ელექტრომობილების იმპორტის წახალისება. 2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში” შესული ცვლილებების თანახმად, აქციზის გადასახადი ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში შემცირდა, ხოლო ელექტრომობილები ბაჟის გადასახადისგან სრულიად გათავისუფლდა.


ელექტრომობილების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ 2017 წლიდან სატესტო რეჟიმში დაიწყო ქალაქის მასშტაბით ელექტროდამტენების დამონტაჟება წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე. ხოლო 2019 წელს, ელექტრომობილების მფლობელების თხოვნის მიხედვით, სხვა საცხოვრებელ ადგილებთანაც უსასყიდლოდ დამონტაჟდა. მერიამ ამ სექტორში ასევე წაახალისა კერძო კომპანია “e-space” და მათი დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. 2017 წლიდან მოქალაქეები აღნიშნული სადგურებით უფასოდ სარგებლობენ, თუმცა 2021 წლის თებერვლიდან მომსახურების ღირებულება წუთობრივად განისაზღვრება.

 

აღნიშნული ძალისხმევის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო ავტოპარკში ძალზედ მწირია ელექტრომობილების წილი. 2020 წელს, IDFI-მ შეისწავლა 65 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ავტოპარკი, რომელთა მფლობელობაში 2,850-მდე ერთეული ავტომობილია. კვლევამ აჩვენა, რომ 2019 წლის განმავლობაში, შესწავლილი უწყებების თანამდებობის პირებზე განპიროვნებულმა 122 ავტომობილმა 425,000-მდე ლიტრი საწვავი მოიხმარა, რაც სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარი დაუჯდა. შესწავლილი უწყებებიდან, მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო სარგებლობდა ელექტრომობილებით, კერძოდ ხუთი ერთეული Mitsubishi I-Miev-ის მოდელის ელექტრო ავტომობილით, რომლებიც მათ საჩუქრის სახით გადაეცათ. აღნიშნული ტენდენცია ასევე გამოჩნდა IDFI-ის მიერ ჩატარებულ პარლამენტის ავტოპარკის კვლევაშიც. პარლამენტის განკარგულებაში არსებული 98 ავტომობილიდან მხოლოდ ერთი იყო ჰიბრიდული ავტომობილი, ხოლო არცერთი არ წარმოადგენდა ელექტრომობილს, ხოლო მათი საწვავის საერთო ხარჯმა 2019 წელს 867.7 ათასი ლარი შეადგინა. ხსენებული კვლევების ფარგლებში დამატებით გამოვლინდა ავტოპარკის რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებული სისტემური ნაკლოვანებები. კერძოდ, ავტოპარკის მასშტაბი, მაღალი გამავლობის და ძვირადღირებული მოდელების რაოდენობა და საწვავის მოხმარების არსებული მაჩვენებლები, რაც ცალსახად მიუთითებს ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო ავტოპარკი 16,189 ერთეულ ავტომობილს ითვლიდა და მათზე გაწეული ხარჯი 128 მილიონ ლარს აჭარბებდა.

 

საჯარო ავტოპარკებში ელექტრომობილების სიმწირის ერთ-ერთი განმაპირობებლი ფაქტორია საქართველოს მთავრობის „N121 დადგენილება“, რომელიც საჯარო ავტოპარკის მარეგულირებელი მთავარი ნორმატიული აქტია. აღნიშნული დოკუმენტი ბუნდოვანია და ართულებს ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის შესყიდვის შესაძლებლობას (მაგალითად: ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილები). ეს გარემოება პირველად 2019 წლის „სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში“ აღინიშნა. დადგენილებაში ასახული ტექნიკური მახასიათებლები ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებს არ შეესაბამება. შესყიდვას ასევე აფერხებს დადგენილების მიერ დაწესებული ავტომობილის ზღვრული ღირებულება, ვინაიდან ზოგიერთ შემთხვევაში ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის შესყიდვა ხარჯეფექტური ხდება 100 ათას კილომეტრზე მეტი მანძილის გავლის შემდეგ, რაც აუდიტის მიმდინარეობისას გაკეთებულ ანალიზშიც ნათლად გამოიკვეთა. ანგარიშში იკითხება - „ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების შედარებით მაღალი ფასი კომპენსირდება სარგებლობაში ყოფნისას ნაკლები საექსპლუატაციო დანახარჯებით (საწვავ-საპოხი მასალა). ასევე ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების ფლობის შემთხვევაში იკლებს გამონაბოლქვის შედეგად გამოწვეული ზიანის შესამცირებლად გასაწევი ხარჯები.“

 

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად მატულობს ელექტრომობილების ეფექტიანობა და ხარჯთსარგებლიანობა, რაც კიდევ უფრო მიზანშეწონილს ხდის მათი გამოყენების მაქსიმალურად გავრცელებას. განსაკუთრებით, სახელმწიფო ავტოპარკში ინტეგრაციის თვალსაზრისით, სადაც ხარჯების ოპტიმიზაცია ესოდენ მნიშვნელოვანია. ამის მისაღწევად, პირველ რიგში, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე არსებული უზუსტობების აღმოფხვრა, რათა სახელმწიფო ავტოპარკის შემდგომი განახლება განხორციელდეს ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური ავტომობილებით. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ინიციატივის გამოჩენა აღნიშნული პროცესის მაქსიმალურად გამოსაყენებლად ქვეყანაში ინდუსტრიის წახალისების და ელექტრომობილების წარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, როგორც ეს აშშ-ში ხორციელდება.

 

___

 

ბლოგპოსტი მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიებების ახალი ეტაპი საქართველოში

30.04.2025

ქართული ოცნების შემომწირველები და მათი ბენეფიტები არჩევნების შემდეგ

24.04.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024