სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები

სიახლეები | კვლევები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 1 ივლისი 2020

საჯარო დაწესებულებების ავტოპარკი და მისი რეგულარული განახლება/შენახვა  მოცულობით ბიუროკრატიულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ამ სფეროში მნიშვნელოვანია მაქსიმალური ეფექტიანობის უზრუნველყოფა.

 

სახელმწიფო ავტოპარკის ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, 2014 წლის 6 თებერვალს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება – „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურეობრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“. დადგენილებამ განსაზღვრა ავტომობილთა ზღვრული ღირებულებები, მათი კლასიფიკაცია, თანამდებობის პირების ჩამონათვალი, რომლებსაც შეუძლიათ განპიროვნებული სახელმწიფო ავტომობილით სარგებლობა და სხვა რეგულაციები.

 

ოპტიმიზაციის ეს პროცესი საგრძნობლად გართულდა, რაც აისახება 2019 წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. აუდიტის სამსახურის დასკვნით, სახელმწიფო ავტოპარკის ოპტიმიზაციაზე მთავრობის დადგენილების უმთავრესი მიზანი მიღწეული არ არის. გამოვლინდა რიგი ხარვეზები: სამორიგეო და განპიროვნებული ავტომანქანების განსაზღვრულზე ჭარბი რაოდენობა, ავტომობილების შესყიდვისას ტექნიკური მოთხოვნების დაუცველობა, საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებული შეუსაბამობები და ა.შ.

 

კვლევის მიზანია, სამინისტროებს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სხვა დამოუკიდებელი უწყებების  ავტოპარკის  და მათი განკარგვის პრაქტიკის  ანალიზი.

 

ამ მიზნით, IDFI-მ 2019 წლის დეკემბერში 90-მდე საჯარო დაწესებულებას მიმართა მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების, საწვავის ლიმიტების დამდგენი ნორმატიული აქტების და 2018-2019 წლებში საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე, თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების მიერ დაფარული კილომეტრაჟისა და მოხმარებული საწვავის ზუსტი ოდენობის შესახებ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

 

კვლევის ფარგლებში IDFI-მ ინფორმაცია მიიღო სულ 65 უწყებიდან, საიდანაც მოწოდებული ინფორმაციის  ნაწილი არასრულყოფილად იყო წარმოდგენილი. მაგალითად, მხოლოდ 60-მა უწყებამ გაასაჯაროვა ავტომობილების შესყიდვის საწყისი ფასები და თანამდებობის პირებზე განპიროვნებულ ავტომობილებზე დაწესებული საწვავის ლიმიტები, ხოლო 57-მა უწყებამ წლის განმავლობაში გაცემული საწვავის ოდენობა. განპიროვნებული ავტომობილების მიერ განვლილი კილომეტრაჟის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 51-მა უწყებამ გასცა, ხოლო წვის საშუალო მაჩვენებლების შესახებ მხოლოდ 52 უწყებამ, რაც, სავარაუდოდ, მიანიშნებს ამ მონაცემების აღრიცხვიანობის კონტროლის მექანიზმების არასრულფასოვნებაზე.  დეტალური ინფორმაციისთვის იმ საჯარო დაწესებულებების შესახებ, რომლებიც ცალკეულ მონაცემებს არ აღრიცხავენ, არასრულად აღრიცხავენ ან თავი აარიდეს გასაჯაროებას.

 

ძირითადი მიგნებები

 

-  ბოლო ორი წლის განმავლობაში 31-მა უწყებამ ჯამში 382 ავტომობილი შეისყიდა, საიდანაც 253 ერთეული არის 2018-2019 წლებში გამოშვებული უახლესი მოდელი.

 

- 2018-2019 წლებში, 31 სსიპ-ს მიერ შესყიდული ავტომობილების ჯამურმა ღირებულებამ 18 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

- კვლევის სამიზნე უწყებების თანამდებობის პირებზე განპიროვნებული ავტომობილების უმრავლესობა მაღალი გამავლობის ავტომობილებია, კერძოდ, 133-იდან 75 (56.4%).

 

- 2019 წლის 27 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 151,574.4 ლარად შეისყიდა Toyota Land Cruiser-ის მოდელის ავტომობილი, რაც მთავრობის დადგენილებით  განსაზღვრულ ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებას 10,000 ლარით აღემატება.

 

- თანამდებობის პირებისთვის დაწესებული ყოველთვიური საწვავის ლიმიტები 140 ლიტრიდან 850 ლიტრამდე მერყეობს. ყველაზე მაღალი ლიმიტით გამოირჩევა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი (თვეში 850 ლიტრი).

 

- 122 თანამდებობის პირმა 2019 წელს 425,000-მდე ლიტრი საწვავი მოიხმარა, რაც სახელმწიფოს დაახლოებით მილიონი ლარი დაუჯდა.

 

- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა 2019 წელს ყველაზე მეტი, 10,371 ლიტრი საწვავი მოიხმარა და 50,200 კმ დაფარა.

 

- 2019 წელს, 10-მა თანამდებობის პირმა ჯამში დაახლოებით 490,000 კილომეტრი გაიარა, თითოეულმა საშუალოდ 49,000 კილომეტრი.

 

- 2019 წელს 20-მა თანამდებობის პირმა გადააჭარბა დადგენილ საწვავის ლიმიტს.

 

- იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, ერთი წლის განმავლობაში, საკუთარი თავისთვის დადგენილი ლიმიტი ოთხჯერ გაზარდა, 275 ლიტრიდან 600 ლიტრამდე.

 

 

შეჯამება

 

საჯარო სამართლის იურიდიული  პირების ავტოპარკების ანალიზმა ნათლად აჩვენა მათ რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებული გამოწვევები. კერძოდ,  ავტოპარკის მასშტაბი,  მაღალი გამავლობის და ძვირადღირებული მოდელების რაოდენობა და საწვავის მოხმარების არსებული მაჩვენებლები ცალსახად ოპტიმიზაციის და კონტროლის მექანიზმების გამკაცრების აუცილებლობაზე მიუთითებს.

 

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსგავსი სურათი მიღებულია იმ ფონზე, როდესაც საჯარო სამართლის იურიდიული პირების მნიშვნელოვანი ნაწილი თავს არიდებს ავტოპარკის განკარგვასთან და საწვავის ათვისებასთან დაკავშირებული  მონაცემების გასაჯაროებას. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ უწყებებში ავტოპარკის განკარგვასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინამდებარე კვლევაში არის ნაჩვენები.

 

მსგავსად ჩვენ მიერ გამოკვლეულ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებისა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ავტოპარკის განკარგვის და საწვავის ათვისების არსებული პრაქტიკა, კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფო ავტოპარკის ცენტრალიზებული სერვისის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, რომლის მართვაში მოექცევა ყველა სახელმწიფო უწყების ბალანსზე არსებული ავტომობილი.

 

ასოცირების ხელშეკრულების 293-ე მუხლი ითვალისწინებს მდგრადი ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას, რომელიც მოიცავს ტრანსპორტის ყველა ტიპს, განსაკუთრებით, ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემების ინტეგრაციის ხელშეწყობას. თუმცა, შესწავლილი უწყებებიდან არც ერთი არ სარგებლობს ელექტრო ავტომობილებით. გამონაკლისია მხოლოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რომლის ბალანსზეც ირიცხება  ხუთი ერთეული Mitsubishi I-Miev-ის მოდელის ელექტრო ავტომობილი, რომლებიც მათ გადაეცათ საჩუქრად. აღნიშნული გამოწვეულია საქართველოს მთავრობის „N121 დადგენილებით“, რომელიც არ იძლევა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის შესყიდვის შესაძლებლობას (მაგალითად: ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილები). ეს გარემოება პირველად 2019 წლის „სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების უწყებათაშორისი სისტემური შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში“ აღინიშნა. დადგენილება ტექნიკურ მახასიათებლებში ყველა კლასის ავტომობილისთვის ითხოვს არანაკლებ 5 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს,  რაც ჰიბრიდულ და ელექტრო ავტომობილებს არ გააჩნიათ. ეს ფაქტორი თავის მხრივ, ამცირებს საწვავის და ავტომობილების საექსპლუატაციოდ საჭირო ფინანსების ეკონომიურად ხარჯვის შესაძლებლობას და ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო სისტემების ხელშეწყობას. გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებაში სასურველია გაიწეროს საწვავის ლიმიტების განმსაზღვრელი, ერთიანი სარეგულაციო სისტემა, რათა მოხდეს ასოცირებული ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაცია.

 

ინფოგრაფიკა იხილეთ აქ 

 

 

/public/upload/GG/GEO-Fuel-Costs.pdf

 

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024