31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება 3 ივნისი 2024

 

2024 წლის 31 მაისს, საქართველოში სიტყვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობის მორიგი ორგანიზებული ფაქტი დაფიქსირდა. კერძოდ, 31 მაისს, გამთენიისას, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ისევე როგორც ჟურნალისტების სამუშაო ან/და საცხოვრებელი ადგილების შესასვლელებთან გაკეთდა შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი წარწერები. 

 

მომხდარი ფაქტი არის რუსული კანონის დაინიცირების შემდგომ მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სისტემური, დანაშაულებრივი და ძალადობრივი კამპანიის შემადგენელი ელემენტი. ამ კამპანიის  მახასიათებელი ელემენტებია: ფიზიკურად ან/და ონლაინ მოქმედი ორგანიზებული ჯგუფების მიერ ძალადობის, დაშინების ან/და შეურაცხმყოფელი აქტების განხორციელება; პროსამთავრობო მედია საშუალებების მიერ მომხდარი ფაქტების გაშუქება წინასწარ შეთანხმებული ნარატივით; მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ ნარატივის მხარდაჭერა და სხვადასხვა ტიპის სამართლებრივ/რეპრესიული აქტის დაანონსება ან/და განხორციელება. 

 

31 მაისის ინციდენტების ანალიზი მიუთითებს, რომ ორგანიზებული ვანდალიზმისა და სისტემური დაშინებით მმართველ პარტიას ორი მიზანი აქვს - ჩაახშოს სიტყვის თავისუფლება და მცდარი/ყალბი წარმოდგენა შექმნას მათ  მიერ ჩადენილი საქართველოს დამაზიანებელი აქტების შესახებ, მათ შორისაა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევის მცდელობა. 

 

 


31 მაისის ვანდალიზმის ფაქტი IDFI-ს გამოცდილებაზე დაყრდნობით

 


 

გამთენიისას, დაახლოებით 02:00 საათზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ოფისის შესასვლელთან 6 შენიღბული პირი გამოჩნდა. ოფისთან განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული პირები მოქმედებდნენ ორგანიზებულად. რამდენიმეწუთიანი მოქმედებების შედეგად, იმ შენობის შესასვლელ კარზე, სადაც IDFI-ს ოფისი მდებარეობს და შენობის კედლებზე მათ წითელი საღებავით არაერთი წარწერა დატოვეს. 

 

დაწერილი ტექსტების/ფრაზების შინაარსი სწორედ იმ შეურაცხმყოფელ ნარატივს იმეორებს, რომელსაც მმართველი პარტია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ავრცელებს. კერძოდ, არასამთავრობო სექტორის ბრალდება ანტისახელმწიფოებრივი ინტერესებით მოქმედებაში.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის ვანდალიზმის პირველი ფაქტი. კერძოდ, 9 მაისს, გამთენიისას, IDFI-ს ოფისთან, შენობის შესასვლელ კარსა და ორგანიზაციის აბრაზე განათავსეს შეურაცხმყოფელი პოსტერები და სტენსილები. პოსტერების უდიდეს ნაწილზე განთავსებული იყო IDFI-ს აღმასრულებელი დირექტორის ფოტო, ორგანიზაციის ლოგო და სხვადასხვა შეურაცხმყოფელი ფრაზა. ამავდროულად, 7 მაისიდან რამდენიმე დღის განმავლობაში ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები განხორციელდა. ზარები დაფიქსირდა ასევე მის მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებთან. საყურადღებოა, რომ 31 მაისს განახლდა ზარების განხორციელება. 



31 მაისის ვანდალიზმის ფაქტის მიმდინარეობის ვიდეო ჩანაწერი და ინციდენტის გაშუქება.

 

 

პროპაგანდისტული მედიის კოორდინირება დანაშაულებრივ ჯგუფებთან და პროპაგანდისტული ნარატივი

 


 

31 მაისს, დილით, დაახლოებით 9:20 საათზე IDFI-ს ოფისის მიმდებარედ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტი და ოპერატორი გამოჩნდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი მოსვლის მომენტისთვის ვანდალიზმის ფაქტის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გავრცელებული არ იყო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არც ოპერატორი და არც ჟურნალისტი და არც სატელევიზიო კამერა არ ატარებდა არხის მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რომელიც, როგორც წესი, კამერაზეა განთავსებული, თუმცა 10:00 საათზე, რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემაში პირველივე სიუჟეტად ვანდალიზმის ფაქტები გაშუქდა, მათ შორის, IDFI-ს ოფისთან დატოვებული წარწერები. დაახლოებით 11:30 საათზე, IDFI-ს ოფისის მიმდებარე ტერიტორია ასევე ჩაწერა სხვა ოპერატორმა და ჟურნალისტმა, რომლებსაც ასევე არ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშნები, თუმცა მათ თავი, ვერბალური კომუნიკაციისას, ტელეკომპანია “იმედი”-ს ჟურნალისტებად დააიდენტიფიცირეს. 

 

დაახლოებით 11 საათზე, Postv-მ თავის ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა, IDFI-ს ოფისთან განხორციელებული ვანდალიზმის  ამსახველი კადრები, რომლებიც თავად ვანდალიზმის ფაქტის მიმდინარეობას აღწერს და თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გავრცელებული კადრები დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილე პირების მიერ არის გადაღებული. კერძოდ, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებიდან, ჩანს რომ ერთ-ერთი პირი მობილური ტელეფონით იღებს ჩადენილ ვანდალიზმს, ხოლო ხედვის კუთხე, დრო და კადრი Postv-ის მიერ გავრცელებული ჩანაწერის იდენტურია. 

 

პროსახელისუფლებო პროპაგანდისტული მედია ცდილობდა წარმოეჩინა ვანდალიზმის ფაქტები თითქოსდა მოქალაქეთა პროტესტის გამოხატულებად.

 

დაახლოებით 17:00 საათისკენ, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს და პარლამენტის წევრმა დიმიტრი სამხარაძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა ვანდალიზმის ფაქტების მიმდინარეობის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი და ტექსტი, რომელიც რამდენიმე ასპექტით არის საყურადღებო: 1. სამხარაძემ აღიარა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები/დაკავშირებული პირები დგანან  31  მაისის ვანდალიზმის ორგანიზების უკან; 2. “ქართული ოცნების” დეპუტატმა გააჟღერა არაერთი მუქარა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ; 3. ტექსტს დაურთო სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სია.

 

 


დამატებითი რეპრესიული მექანიზმების ამოქმედების დაანონსება

 


 

ვანდალიზმის ფაქტების პროპაგანდისტული ნარატივით გაშუქების პარალელურად, პროსახელისუფლებო მედია აქტიურად აშუქებდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის, მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ტექსტს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ახალი რეპრესიული მექანიზმის ამოქმედების დაანონსებას ეხება. კერძოდ, მაჭარაშვილი “ჯაშუშობს მუხლით” გასამართლებით დაემუქრა ყველას, ვინც რუსული კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს. მან ასევე მიუთითა, რომ სასამართლო პროცესები  “უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად.” 

 




სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების, შეურაცხყოფისა და დაშინების მცდელობების სისტემური და ორგანიზებული ხასიათი

 


 

31 მაისის ინციდენტი არის მმართველი პარტიის მიერ, რუსული კანონის მხარდასაჭერად წარმოებული სიძულვილის კამპანიის ერთ-ერთი  გამოვლინება. რუსული კანონის ხელახალი ინიცირების პარალელურად მისი  მოწინააღმდეგეების მიმართ სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის, შეურაცხყოფისა და დაშინების მცდელობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, განსაკუთრებით მაისის დასაწყისიდან. კერძოდ, 5 მაისს  განხორციელდა თავდასხმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე მასწავლებლის და მისი შვილის მიმართ, 7 მაისს შვედეთის საელჩოსთან IDFI-ს აღმასრულებელ დირექტორსა და ტელეკომპანია “ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა მათთვის უცნობი პირი, 7 მაისიდან ასობით ადამიანთან განახორციელეს შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცვლელი სატელეფონო ზარები, რეკავდნენ, მათ შორის ოჯახის წევრებთან. შემდგომ დღეებში უსაფრდებოდნენ ან/და თავს ესხმოდნენ ცალკეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, მედიას. ამავდროულად, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ისევე როგორც ჟურნალისტებისა და სხვა მოქალაქეების სამუშაო ან/და საცხოვრებელი ადგილების შესასვლელებთან აკრავდნენ/ტოვებდნენ შეურაცხმყოფელ და ღირსების შემლახველ პოსტერებსა და სტენსილებს. ამასთან, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს უსაფუძვლოდ და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით აკავებდნენ შეკრებების მიმდინარეობისას, აგრეთვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიების ფარგლებში აქტიურად  იბარებდნენ პოლიციაში გამოკითხვაზე, იწყებდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე სამართალწარმოებებსა და აჯარიმებდნენ მათ. 

 

ამ ქმედებების მიუხედავად, რუსული კანონის წინააღმდეგ საზოგადოებრივი პროტესტი და წინააღმდეგობა არ წყდება. ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

 

 


სამართლებრივი შეფასება (მოკლედ)

 


 

31 მაისს განვითარებული მოვლენები არ წარმოადგენს იზოლირებულ შემთხვევას. რუსული კანონის ხელახალი ინიცირების შემდგომ, კრიტიკული მოსაზრებების მქონე პირებზე თავდასხმის, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ორგანიზებული არაერთი ფაქტი გამოვლინდა. 

 

რეპრესიული მექანიზმების ფორმის/შინაარსის, მოტივის, ადრესატების, მათი განხორციელების დროის მხედველობაში მიღებით, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ხორციელდება დევნა, სიტყვის, აზრისა თუ პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს წარმოადგენს. 

 

აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს რამდენიმე დამამძიმებელ გარემოებას, მათ შორის, იმ შემთხვევაში თუ იგივე ქმედება ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით, თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ამ დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება და ვალდებულება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს აქვს.

 

2024 წლის 7 მაისს, სახალხო დამცველმა, 5 და 7 მაისს განხორციელებულ განხორციელებულ თავდასხმებზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისკენ მოუწოდა სამართალდამცავ ორგანოებს. სახალხო დამცველმა ასევე მიუთითა, საგამოძიებო უწყებების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების მოტივისა და თავდასხმების მსხვერპლების პროფესიულ საქმიანობასთან და კრიტიკული მოსაზრებების ქონასთან მისი შესაძლო კავშირის დადგენის მნიშვნელობაზე. 

 

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, 2024 წლის 31 მაისის მდგომარეობით გამოვლენილ ინციდენტებზე სათანადო, ეფექტიანი და დროული რეაგირება ამ დრომდე არ ხდება, რაც აძლიერებს დაუსჯელობის განცდას ორგანიზატორებისა თუ დევნის ფაქტების უშუალოდ განმახორციელებელ პირებში და ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ძალადობისა და დევნის მეტად ინტენსიური ფორმების გამოყენებისთვის.  

 

 


შეჯამება

 


 

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათი ხელმძღვანელების, მედია საშუალებების, ჟურნალისტების, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების, რუსული კანონის წინააღმდეგ უწყვეტ პროტესტებში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილი სისტემური,  დანაშაულებრივი და ძალადობრივი კამპანიის პირდაპირი შედეგია თავდასხმის, დაშინების მცდელობის, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის, უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დაკავების არაერთი ფაქტი.

 

მმართველი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რეპრესიული მექანიზმები ახლო მომავალში  კიდევ უფრო მეტად ინტენსიური და მასშტაბური გახდება.

 

ამ პირობებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძალადობრივ ინციდენტებზე, უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე იმ უწყებების დამოუკიდებელ, ეფექტიან და დროულ რეაგირებას, რომლებიც სწორედ სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე საზედამხედველო ფუნქციის განხორციელების მიზნით არის შექმნილი. 

 

შესაბამისად, მოვუწოდებთ საზედამხედველო მანდატის მქონე უწყებებს, ეფექტიანად და დროულად იმოქმედონ კანონმდებლობით მინიჭებული საზედამხედველო უფლებამოსილებების ფარგლებში და თავიანთი უმოქმედობით ხელი არ შეუწყონ რეპრესიული მეთოდების კიდევ უფრო მეტად გამოყენებას. 

 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024