გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგში უკრაინის წამყვანი პოზიცია საშიშროების წინაშე დგას

სიახლეები | ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 2 სექტემბერი 2020

ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა სახელმწიფო შესყიდვების სისტემა უკრაინაში. შეიქმნა ელექტრონული შესყიდვების ღია ონლაინ სისტემა - Prozorro. 2020 წლის აპრილს უკრაინამ მიიღო ახალი კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ახალმა კანონმა კიდევ უფრო გააუმჯობესა სახელმწიფო შესყიდვების სისტემა უკრაინაში. კერძოდ, შემოიღო ფასების დემპინგის ადრეული იდენტიფიცირების მექანიზმები, დაადგინა წინადადებათა შეფასების ხარისხობრივი კრიტერიუმები, შესაძლებელი გახადა მეტად პროფესიონალური შესყიდვების ჩატარება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დასაქმებულ საჯარ მოხელეთა ავტორიზაციის გზით და სხვა.

 

გამჭვირვალე სახელმწიფო შესყიდვების რეიტინგის უახლესი შეფასების თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობა უკრაინაში 97.05%-ით არის შეფასებული და ის მოწინავე პოზიციას იკავებს შეფასებულ ქვეყნებს შორის, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით უკრაინის მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი შესაძლებელია საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს.

 

ივლისის ბოლოს, უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი სახელმწიფო შესყიდვებში მექანიკური  ინჟინერიის ლოკალიზების შესახებ. კანონპროექტი მიზნად ისახავს მანქანათმშენებლობის განვითარებას და ადგილობრივი პროდუქტის წარმოების ხელშეწყობას. კანონპროექტი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების პრეფერენციებს ადგილობრივი წარმოების 25-40%-ანი მოთხოვნით 2021 წლიდან, დამატებით 15%-იანი ზრდით 2024 წლიდან.

 

მექანიკური  ინჟინერიის ლოკალიზების შესახებ კანონპროექტი მნიშვნელოვანი კრიტიკის ობიექტი გახდა როგორ ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წერილში მითითებულია, რომ კანონპროექტის მიღებით უკრაინა დაარღვევს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეგულაციებს. ადმინისტრაცია ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით რომ ინიცირებული რეგულაციები წინააღმდეგობაში მოდიან უკრაინასა და ევროკავშირს შორის დადებულ ასოცირების ხელშეკრულებასთან.

 

ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა უკრაინაში შეშფოთება გამოთქვა ინიციატივასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იგი შეიცავს საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ვალდებულების დარღვევის რისკებს, რადგან ის მნიშვნელოვნად შეზღუდავს უცხოური წარმოების პროდუქტების გასხვისებას სახელმწიფო შესყიდვების გზით.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - უკრაინის განცხადებით კანონპრექტი ზიანს მიაყენებს სახელმწიფო შესყიდვებში ჯანსაღ კონკურენციას და შეიცავს კორუფციულ რისკებს. მსგავს რისკებზე მიუთითებს უკრაინის ანტიმონოპოლიური კომიტეტიც.

 

რაც შეეხება კანონპროექტის ეკონომიკურ გავლენას, კიევის ეკონომიკის აკადემიამ გამოითვალა კანონპროექტის ფინანსური გავლენა და დაადგინა, რომ ლოკალიზაცია ზიანს მიაყენებს ნაციონალურ ეკონომიკას. აღნიშული კი წინააღმდეგობაში მოდის კანონპროექტის ინიცირების თავდაპირველ მიზანთან. კიევის ეკონომიკის სკოლის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მექანიკური ინჟინერიის იმპორტის შეზღუდვა გამოიწვევს GDP-ს შემცირებას 0.54-0.57 %-ით. აღნიშნული აიხსნება იმით, რომ მიმწოდებელთა რიცხვის შემცირება გაზრდის ფასებს. ამასთან განსაკუთრებით რთული იქნება იმპორტირებული დანადგარების ჩანაცვლება ადგილობრივი პროდუქციით, რადგან უკრაინელ მწარმოებლებს არ გააჩნიათ შესაბამისი კონკურენტული უპირატესობა.

 

კორონა ვირუსით გამოწვეულმა გლობალურმა კრიზისმა ნეგატიური გავლენა იქონია როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ ბაზრებზე. სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებამ გამოიწვია უმუშევრობის მკვეთრი ზრდა მსოფლიო მასშტაბით. ამ ვითარებაში, სახელმწიფოები დგანან გამოწვევის წინაშე რათა მიიღონ ახალი რეგულაციები ეროვნული ეკონომიკის დასაცავად და ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად. მოცემულ პროცესში მნიშვნელოვანია  ახალ რეგულაციათა მიღებამდე სიღრმისეულად იქნეს შესწავლილი მათი შესაძლო გავლენა ეკონომიკაზე. ამასთან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები  არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში სახელმწიფოთა მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან. 

 

___

 

 

მასალის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI). ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024