მედიააკადემიასთან დავა სასამართლოს მეორე ინსტანციამაც IDFI-ის სასარგებლოდ გადაწყვიტა

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | სტატია 22 ოქტომბერი 2021

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ა(ა)იპ “მედიააკადემიას” სააპელაციო საჩივარი და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიულ პირი (“მედიააკადემია”) სასამართლომ ფუნქციონალური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოდ მიიჩნია და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის საფუძველზე საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.

 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  ა(ა)იპ “მედიააკადემია” საკუთარი ფუნქციის - მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონების საფუძველზე დააფუძნა.  კომისიამ „მედიააკადემიის” დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებით, საკუთარი უფლებამოსილებები „მედიააკადემიას” გადასცა, რის გამოც IDFI მიიჩნევს, რომ მასზე სრულად უნდა გავრცელდეს საჯარო დაწესებულებების მიმართ კანონმდებლობით დადგენილი გამჭვირვალობის სტანდარტები და მოთხოვნები. 

 

2020 წლის 24 იანვარს, IDFI-იმ „მედიააკადემიას“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილით მიმართა, რომლითაც სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, „მედიააკადემიაში“ მოქმედი „მედიალაბის“, „მედიაკრიტიკისა“ და „მედიასკოლის“ ფუნქციების განმსაზღვრელი სამართლებრივი აქტების ასლები, მათ მიერ განხორციელებული აქტივობებისა და დანახარჯების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. “მედიააკადემიამ” უარი განაცხადა ინფორმაციის გაცემაზე და წერილში მიუთითა, რომ ის არ გახლდათ ადმინისტრაციული ორგანო და კანონი მას არ ავალდებულებდა ინფორმაციის გაცემას. მიღებული უარი IDFI-ს იურისტებმა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივრეს, თუმცა დამფუძნებელმა და ზედამხეველმა ორგანომ, რომლის წინაშეც “მედიააკადემია” ანგარიშვალდებულია, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანად განხილვაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ის არ წარმოადგენდა „მედიააკადემიის“ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. 

 

2020 წლის 7 აპრილს, IDFI-მ “მედიააკადემიის” წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მოითხოვა 2020 წლის 24 იანვრის წერილით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის მოპასუხისათვის დავალდებულება, რამდენადაც “მედიააკადემია” წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით. 2021 წლის 25 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნათია ბუსკაძემ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, დააკმაყოფილა IDFI-ს სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხე მხარეს დაავალა მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.

 

საქალაქო სასამართლოს გადაწყევტილების თანახმად, მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, „მედიააკადემია“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით, რამდენადაც ეს უკანასკნელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ჩამოყალიბებულია საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, კერძოდ საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.  აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემიამ” საქმის პირველი ინსტანციის განხილვისას მათი წარმომადგენელი სააპელაციო სტადიაზე ახალი წარმომადგენელით ჩაანაცვლა. მეორე ინსტანციით საქმის განხილვისას ა(ა)იპ „მედიააკადემიას“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის ყოფილი მოსამართლე და ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი ნათია წკეპლაძე წარმოადგენდა. 

 

აპელანტის მოსაზრებით, ა(ა)იპ „მედიააკადემია” ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოადგენდა, მის ძირითად არგუმენტს კი იმ გარემოებაზე ამყარებდა, რომ „მედიააკადემია” საქმიანობისა და ორგანიზაციული მოწყობის კერძო-სამართლებრივ ფორმების იყენებს. 

 

IDFI მიუთითებდა, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემია” კანონის საფუძველზე და კანონის ფარგლებში, კანონით დადგენილი მიზნებისა და ამოცანების აღსასრულებლად  შეიქმნა, რაც პირის ადმინისტრაციულ ორგანოდ მიჩნევის მთავარ კრიტერიუმს წარმოადგენს და საქალაქო სასამართლომ მართებულად დაავალა მოწინააღმდეგე მხარეს ინფორმაციის გაცემა. 

 

მეორე ინსტანციაში საქმის განხილვისას, სასამართლო მეგობრის მოსაზრებები წარმოადგინეს საქართველოს სახალხო დამცველმა და სამართლის დოქტორმა (პოტსდამის უნივერსიტეტი, გფრ), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების პროფესორმა პაატა ტურავამ. 

 

პროფესორი პაატა ტურავა მოსაზრებაში აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წ. 25 თებერვლის #3/2660-20 გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი, რამდენადაც სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა განსახილველ საკითხს და დაადგინა, რომ ა(ა)იპ ,,მედიააკადემია“ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს და მასზე, როგორც საჯარო დაწესებულებაზე ვრცელდება სზაკ-ის მე-3 თავით დადგენილი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვალდებულება. ბ-ნმა პაატა ტურავამ ყურადღება ასევე გაამახვილა ევროპის ადმინისტრაციული სამართლის მეცნიერებისა და სასამართლო პრაქტიკის მიერ ჩამოყალიბებული ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, “არჩევანი კერძოსამართლებრივი ფორმის სასარგებლოდ არ უნდა გახდეს გაქცევა კერძო სამართალში ("keine Flucht ins Privatrecht"), როგორც საჯარო სამართლებრივი ვალდებულებებისგან თავის არიდების საშუალება”. 

 

სახალხო დამცველმა გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს ცნების განმარტებასთან დაკავშირებით  საქართველოს უზენაესი სასამართლოს პოზიცია და, ამავდროულად, ყურადღება გაამახვილა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების დაცვაში სასამართლოს განსაკუთრებულ როლზე, იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების მარეგულირებელი ნორმები საკმაოდ მოძველებულია და არ არსებობს ეფექტური მანდატის მქონე საზედამხედველო ინსტიტუტი, რის გამო საჯარო დაწესებულებები სარგებლობენ არსებული საკანონმდებლო ვითარებით და ინფორმაციის გაცემას თავს არიდებენ. 

 

2021 წლის 20 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო  სასამართლოს მოსამართლე ხატია არდაზიშვილმა გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ა(ა)იპ „მედიააკადემიას” უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სასამართლო დავის ამგვარი გადაწყვეტა მეტად მნიშვნელოვანია პრაქტიკის პოზიტიურად განვითარების თვალსაზრისით, რადგან ეს გახლავთ მკაფიო გზავნილი საჯარო დაწესებულებების მიმართ, რომ საკუთარ უფლებამოსილებათა კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე დელეგირების გზით ისინი ვერ აირიდებენ  საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას. IDFI მოუწოდებს ა(ა)იპ „მედიააკადემიას” გაიზიაროს საქართველოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შეფასება და უახლოეს ვადებში მოგვაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიმოხილვას მისი ჩაბარებიდან უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ. 

 

/public/upload/IDFI/IDFI/Amicus Curiae 57722.pdf

 

/public/upload/IDFI/IDFI/Amicus_Curiae - paata_turava.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

1924 წლის აჯანყების მე-100-ე წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახმეტაში საინფორმაციო ბანერი განთავსდა

05.08.2024

ინტერვიუ KARTA-ს ცენტრის თანადამფუძნებელთან, ალისია ვანცერც–გლუზასთან

01.08.2024

IDFI-მ ევროინტეგრაციის გზაზე კორუფციასთან ბრძოლის რეფორმებზე ონლაინ დისკუსია ჩაატარა

31.07.2024

ქალაქ თბილისის საპარკინგე პოლიტიკა 2018-2024

29.07.2024
განცხადებები

რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება

17.07.2024

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024
ბლოგპოსტები

ბენეფიციარი მესაკუთრეების მონაცემების ხელმისაწვდომობის გამოწვევები უნგრეთში

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა სლოვაკეთში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა ჩეხეთის რესპუბლიკაში: მიმდინარე მოვლენების ანალიზი და მთავარი საჭიროებები

29.07.2024

ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობა პოლონეთში

29.07.2024