თბილისის საქალაქო სასამართლომ ა(ა)იპ მედიააკადემია საჯარო დაწესებულებად ცნო და საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა

სიახლეები | სასამართლო პრაქტიკა | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | ინტერნეტი და ინოვაციები 8 აპრილი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სარჩელი დააკმაყოფილა, სრულად გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „მედიააკადემია“ ფუნქციონალური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოდ ცნო და მას საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა.

 

2018 წლის 2 აგვისტოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების - საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით დააფუძნა. IDFI-იმ „მედიააკადემიას“ ინფორმაციის მოთხოვნის წერილით 2020 წლის 24 იანვარს მიმართა, რომლითაც სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, მედიააკადემიის“ თანამშრომლების საშტატო ნუსხა, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა, ასევე მედიააკადემიის პლატფორმების „მედიალაბის”, „მედიაკრიტიკისა” და „მედიასკოლის” შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. სამწუხაროდ, „მედიააკადემიამ“ IDFI-ის საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა, მიუთითა, რომ ის არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას არც ორგანიზაციულ-სამართლებრივი და არც ფუნქციონალური გაგებით და ამ გზით შეეცადა კანონით დადგენილი უფლებამოსილების შესრულებისთვის თავის არიდებას. 2020 წლის 28 თებერვალს IDFI-იმ „მედიააკადემიის“ უარი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივრა. მიუხედავად იმისა, რომ კომისია „მედიააკადემიის“ ზედამხედველი და დამფუძნებელი ორგანოა, მან საჩივრის განხილვის უფლებამოსილების მქონედ თავი არ მიიჩნია, რითიც, ფაქტობრივად, „მედიააკადემიის“ საქმიანობის ღიად წარმართვაზე უარი განაცხადა.

 

2020 წლის 7 აპრილს IDFI-იმ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა ა(ა)იპ „მედიააკადემის“ ადმინისტრაციულ ორგანოდ ცნობა და მისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემის დავალება.

 

 

მოსარჩელის პოზიცია

 

IDFI-ის მოზიციით, “მედიააკადემია” არის კერძო სამართლის სუბიექტი, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელზეც ვრცელდება სზაკ-ის მესამე თავით დადგენილი დანაწესები - კანონის შესაბამისად გასცეს საჯარო ინფორმაცია. „მედიააკადემია“ შექმნილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე კანონით გაწერილი ფუნქციების განსახორციელებლად და ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას:

 

საზოგადოებაში მედიაწიგნიერების ხელშეწყობას “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონები განიხილავს როგორც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ძირითად ფუნქციას და ამოცანას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს N455/22 გადაწყვეტილება ა(ა)იპ „მედიააკადემიის“ დაფუძნების თაობაზე სწორედ ზემოაღნიშნულ კანონებს ემყარება, რის საფუძველზეც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საკუთარი უფლება-მოვალეობების დელეგირება მოახდინა ა(ა)იპ „მედიააკადემიაზე,“ შესაბამისად, ა(ა)იპ „მედიაკადემია“ არის საჯარო უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით შექმნილი ორგანიზაცია, მოქმედებს მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში და წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით. ამდენად, მის ამ საქმიანობაზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავი.

 

IDFI-ს პოზიციით, ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციური გაგება, რომელიც ცნების დეფინიციის მეორე ნაწილშია მოცემული, აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებებს. ა(ა)იპ „მედიააკადემია“ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობს (კერძოდ, მაუწყებლობის შესახებ და ელ. კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონების შესაბამისად) და მისი დაარსების მიზანიც და საფუძველიც ამ კანონებით დადგენილი კომისიის ფუნქციის - ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაა. აღნიშნულს კი ცალსახად ადასტურებს კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება „მედიააკადემიის“ წესდების დამტკიცების თაობაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული ორგანიზაციის დაარსების საფუძველი და მიზანი. შესაბამისად, სზაკ-ის მესამე თავის მიზნებისთვის, „მედიააკადემია“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს.

 

IDFI-ს წარმომადგენლებმა საქმის განხილვის მთავარ სხდომაზე აღნიშნეს, რომ მედიაკადემიისა და კომისიის საქმიანობას შორის რეალური მიჯნა არ არსებობს, ისინი ერთი დღის წესრიგით მოქმედებენ, ერთობლივ პროექტებს ახორციელებენ, ერთმანეთის საქმიანობას მიიწერენ და როცა საქმე გამჭვირვალობას და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას შეეხება, ფიქციურ ზღვარს მოიმიზეზებენ და ცალკე მდგომ ინსტიტუციებად წარმოჩინდებიან. კომისიას კანონი აკისრებს ვალდებულებას მედიწიგნიერების მიმართულებით თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ასახოს წლიურ ანგარიშში. გასაკვირი არ არის, რომ წლიური ანგარიშის ამ სეგმენტში კომისია სწორედ, რომ „მედიააკადემიის“ საქმიანობაზე საუბრობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოპასუხე მხარეზე კომისიის საჯარო უფლებამოსილების დელეგირების ფაქტს. მეტიც, ისინი ერთობლივად ახორციელებენ საქმიან ვიზიტებს საზღვარგარეთ, რაზეც ხაზგასმით არის საუბარი 2019 წლის კომისიის წლიურ ანგარიშში. მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ყურადღება ასევე გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ „მედიაკადემიის“ დირექტორს ყოველგვარი კონკურსის გარეშე, არაკოლეგიალურად და ერთპიროვნულად ათავისუფლებს და ნიშნავს ეროვნული კომუნიკაციების მოქმედი თავმჯდომარე, კახი ბექაური, რაც კომისიის - როგორც კოლეგიური ორგანოს არსთან წინააღმდეგობაში მოდის.

 

 

მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა(ა)იპ „მედიააკადემია“ აცხადებდა, რომ ის არ ახორციელებს საჯარო უფლებამოსილებებს და ამდენად, არ წარმოადგენს ფუნქციონალური გაგებით ადმინისტრაციულ ორგანოს. მოპასუხის მოსაზრებით, უფლებამოსილების საჯაროდ კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ის აკმაყოფილებდეს ექსკლუზიურობის კრიტერიუმს, კერძო სამართლის სუბიექტებს არ უნდა შეეძლოთ ამ უფლებამოსილების განხორციელება და ასევე, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განსაზღვრული უნდა იყოს ქცევის სავალდებულო წესები.

 

მოპასუხე ასევე ავითარებდა მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა” კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციას წარმოადგენს (რაც შემდგომში ნაწილობრივ „მედიააკადემიას“ გადაეცა დელეგირების გზით) ავტომატურად ამ უფლებამოსილებას საჯაროდ არ აქცევდა. მოპასუხე მხარე ასევე აპელირებდა იმაზე, რომ „მედიააკადემია“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას არ იღებს.

 

დამატებით, „მედიააკადემიის“ წარმომადგენელი მიუთითებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინტერესებზე, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ინფორმაციას დეპერსონალიზებული სახით ითხოვდა.

 

 


სასამართლოს გადაწყვეტილება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბუსკაძემ 2021 წლის 25 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება და დაავალა მოპასუხე მხარეს გაეცა IDFI-ს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია. გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ IDFI-ს სარჩელი იყო საფუძვლიანი და სრულად დაკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.

 

სასამართლომ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა ინფორმაციის თავისუფლების მნიშვნელობას და განმარტა, რომ კანონი ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას აკისრებს არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს, არამედ საჯარო დაწესებულებებს, რომელთა ცნებაც უფრო ფართოა და მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოს. ასევე მოიხმო IDFI-ს და MDF-ის სარჩელის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისს მიღებული გადაწყვეტილება და მიუთითა, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მეორე პუნქტით დაცული უფლება საზოგადოების თითოეულ წევრს აძლევს შესაძლებლობას იყოს ინფორმირებული მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და აქტიურად ჩაერთოს სახელმწიფო თუ ადგილობრივი საკითხების განხილვასა და განხორციელებაში. ეს ყოველივე კი ემსახურება საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საზოგადო მიზანს - საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებისა და სახელმწიფო საქმიანობაში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფას.

 

სასამართლომ გაიზიარა IDFI-ს პოზიცია და განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ცნების ლეგალური დეფინიცია (სზაკ-ის მეორე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტი) ორი ნაწილისგან შედგება, კერძოდ, პირველი ნაწილი შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს ორგანიზაციულ-სამართლებრივ ცნებას, რომელიც მოიცავს ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და დაწესებულებებს. ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს ფუნქციონალური გაგება, რომელიც ცნების მეორე ნაწილშია მოცემული აერთიანებს იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მათ შორის კერძო სამართლის იურიდულ პირებს, რომლებიც არ არიან სახელწმიფო მმართველობის ორგანოთა სისტემის სუბიექტები, მაგრამ კანონის საფუძველზე ახორციელებენ საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას. სასამართლოს განმარტებით, ფუნქციონალური გაგება გულისხმობს იმას, რომ “ნებისმიერი სხვა პირი” საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს დელეგირების, ანუ სახელმწიფო მხრიდან მის მიმართ უფლებამოსილების გადაცემის საფუძველზე.

 

“მაუწყებლობის შესახებ” და “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონების ნორმებზე მითითების ფონზე, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 2 აგვისტოს N455/22 გადაწყვეტილებაზე და ამავე გადაწყვეტილებით მიღებულ „მედიააკადემიის“ წესდების შინაარსზე, რომლითაც ირკვევა, რომ „მედიააკადემია“ დაფუძნებულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საჯარო-სამართლებრივი ფუნქციის განსახორციელებლად, კერძოდ, საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით.

 

სასამართლომ მოიხმო უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 18 მარტის განჩინება ბს-127 (გ-20), რომლის თანახმადაც, დელეგირებისას კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანო მისთვის მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს გადასცემს მესამე პირს, რომელიც შეიძლება იყოს როგორც კერძო პირი, ასევე ადმინისტრაციული ორგანო. დელეგირების შედეგად, სუბიექტი აღიჭურვება კონკრეტულ სფეროში საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილებით და მოქმედებს მინიჭებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში. ამასთან, დელეგირებული უფლებამოსილების მოცულობა, ვადა და სუბიექტი განისაზღვრება შესაბამისი საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების მატარებელი ორგანოს მიერ.

 

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებისა და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ „მედიააკადემია“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ფუნქციონალური გაგებით, რამდენადაც ეს უკანასკნელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ჩამოყალიბებულია საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, კერძოდ საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან „მედიააკადემია“ დელეგირების შედეგად ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და აღნიშნულ ფარგლებში ფუნქციურად მოქმედებს როგორც ადმინისტრაციული ორგანო, იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია „მედიააკადემიის“ მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელებასთან, ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მოქმედება და ის ვალდებულია გასცეს IDFI-ს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.

(იხ. გადაწყვეტილება)

 

 

შეჯამება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას ქვეყანაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების რეალური უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ აღკვეთა საჯარო დაწესებულების მცდელობა, ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის გზით უარი ეთქვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე უფლების რეალიზებაზე.

 

სასამართლომ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების დეფინიცია მოპასუხის მიერ შემოტანილ თვითნებური კრიტერიუმებს არ დააფუძნა, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება ნიშნავს კანონით დადგენილი ფარგლებში და მისი შესრულების მიზნით უფლებამოსილების განხორციელებას და დაადგინა, რომ „მედიააკადემიამ” ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმით საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა დაარღვია.

 

სასამართლოს გადაწყვეტილება საგულისხმოა საჯარო დაწესებულებების მხრიდან მსგავსი ქმედებების პრევენციის კუთხითაც. მნიშვნელოვანია, მათ არ ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მსგავსი მანიპულაციით, კერძოდ, საჯარო უფლებამოსილების კერძო-სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებზე დელეგირებით, საქმიანობის გაუმჭვირვალედ წარმართვასა და კანონმდებლობით დაწესებული საჯაროობის მოთხოვნების უგულებელყოფას შეძლებენ.

 

ამდენად, 2021 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს მომავალში საჯარო დაწესებულებების ღიაობის უზრუნველსაყოფად. IDFI იმედს გამოთქვამს, რომ ა(ა)იპ „მედიააკადემია” შეასრულებს საქართველოს კონსტიტუციით, კანონმდებლობითა და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას და გასცემს მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას.

 

 

/public/upload/Blog/sasamartlo.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023