ფარული ბენეფიციარები გამოგონილი ფიგურების მიღმა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | პოლიტიკის დოკუმენტები 29 იანვარი 2021

ბენეფიციარი მესაკუთრეების საკითხი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და აქტუალურ თემას მსოფლიოში. მთავრობები, ისევე როგორც საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ცდილობენ შეიმუშაონ ახალი რეგულაციები ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

 

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე მსოფლიოში ინტერესი ბენეფიციარი მესაკუთრეების მიმართ გაზრდილია. კომპანიები ხშირად არიან კორუფციაში ჩაფლული, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციაში. ხელისუფლების წარმომადგენლები მალავენ თავის ვინაობას ისეთი კომპანიების მიღმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საზღვარგარეთ, რათა აწარმოონ ბიზნესი არალეგიტიმური ფინანსური რესურსების გამოყენებით.

 

ერთი მხრივ, ეკონომიკისა და ბიზნეს სფეროში, განსაკუთრებით კი ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე, ბენეფიციარი და ნომინალური მესაკუთრეების ცნება ფართოდ არის გავრცელებული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეალური მფლობელის ფარულობა ხშირად წარმოადგენს პრობლემას სახელმწიფოს როგორც ეკონომიკური, ისე სამართალწარმოების სფეროსთვის. ყველაზე მეტად კი ეს ტენდენცია შეიმჩნევა სახელმწიფო შესყიდვებში, მოპოვებით მრეწველობაში, მსხვილ ბიზნესსა და უცხოურ ინვესტიციებში.

 

ფიზიკური პირები, რომლებიც დიდი ფინანსური აქტივების მფლობელნი ხდებოდნენ კორუფციისა და სხვა უკანონო საშუალებების გზით, ხშირად მალავდნენ საკუთარ ვინაობას, რათა გაეთეთრებინათ ფული და შეესრულებინათ სხვადასხვა არალეგიტიმური ტრანზაქცია. შესაბამისად, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს ისეთი მექანიზმების გაძლიერება, რომლებიც უზრუნველყოფენ ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობას და ხელს შეუწყობენ ნომინალური მფლობელების მიღმა მყოფი რეალური პიროვნებების გამოვლენას.

 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ აქტიური ღონისძიებები გაატარა ბენეფიციარ მესაკუთრეობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. ამ დოკუმენტში მოცემული ანალიზი გვიჩვენებს, რომ დასახელებული პრობლემების გადაჭრის ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ეფექტიანი გზა არის - ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნა, რისი მეშვეობითაც დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ გადაამოწმონ კომპანიების ნამდვილი მფლობელების ვინაობა. ამავე დროს, არსებობს სხვა საშუალებებიც, რომლებიც ხელს უწყობს რეესტრის უტყუარობას და და კომპანიების შესახებ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობას. ზოგიერთმა ქვეყანამ და საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციამ დანერგა რამდენიმე მექანიზმი, რომლებიც ეფექტურია ბენეფიციარი მესაკუთრეობის გამჭვირვალობისთვის. აღნიშნული მექანიზმები მოკლედ არის განხილული წინამდებარე დოკუმენტში.

 

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბენეფიციარი მესაკუთრეების საკითხი მნიშვნელოვანი გამოწვევაა განვითარებადი ეკონომიკისთვის. 1990-იანი წლები რთული პერიოდი იყო პოსტსოციალისტური სამყაროსთვის. ეკონომიკისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ტრანსფორმაციას თან ახლდა კორუფციისა და ხელისუფლების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მრავალი შემთხვევა. უკანონო ქმედებების შედეგად მოპოვებული თანხა ხშირ შემთხვევაში გამოყენებული იყო კონკრეტული პოლიტიკური ან ბიზნეს დღის წესრიგის განსახორციელებლად. საქართველო ერთ-ერთი მაგალითია, სადაც 90-იან წლებში რთული სოციალურ-პოლიტიკური ვითარება სუფევდა, მაგრამ მოგვიანებით, 2003 წლის შემდეგ, საქართველოში სწრაფი რეფორმები განხორციელდა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. თუმცა ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის რეფორმა საქართველოში არ განხორციელებულა.

 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო გახდა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყანა, მთავრობამ უგულებელყო არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) რეკომენდაციები ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ლონდონში ანტიკორუფციული სამიტის დროს საქართველოს მთავრობამ აიღო ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნის ვალდებულება, თუმცა ეს ვალდებულება ამ დრომდე განხორციელებული არ არის. დამატებით, ანტიკორუფციულ სამიტზე საქართველომ აიღო შემდეგი ვალდებულებები: სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდება ოფშორული კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების შესახებ; ასეთი ინფორმაციის გაცვლის მიზნით ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება პარტნიორ ქვეყნებთან; აუცილებელი ზომების გატარება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიების საკუთრების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად; საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღმოჩენისა და პრევენციის მიზნით. 

 

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ლონდონში ანტიკორუფციულ სამიტზე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საქართველომ გარკვეული ქმედებები განახორციელა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება ბენეფიციარი საკუთრების გამჭვირვალობის მისაღწევად. შესაბამისად, პრობლემები ბენეფიციარი საკუთრების სფეროში კვლავ რჩება.

 

კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს, OGP-ისა და სხვა საერთაშორისო ინიციატივებთან და ორგანიზაციებთან ერთად, ბენეფიციარი საკუთრების სფეროში გამჭვირვალობის მიღწევა წარმოადგენს არის მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წლების განმავლობაში აქტიური ადვოკატირების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ უარი თქვა EITI–ის პრინციპების დანერგვაზე. უნდა აღინიშნოს, რომ EITI-ს პრინციპების დანერგვა მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ არსებული ინფორმაციის გამჭვირვალობასა და ღიაობას.

 

თითქმის ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი სექტორი, სადაც უფრო ფართოდ არის ნომინალური მფლობელობა წარმოდგენილი. განსაკუთრებით ეს სფეროებია - სახელმწიფო შესყიდვები და მოპოვებითი მრეწველობა. აღიარებულია, რომ მოპოვებითი ინდუსტრიების შემთხვევაში, ეს პირდაპირ უარყოფითად აისახება გარემოზე და ადგილობრივი თემების უფლებებზე.

 

სახელმწიფო შესყიდვების დროს, სახელმწიფო ფინანსური სახსრების გამოყენება შესაძლებელია მოხდეს მმართველი პოლიტიკური პარტიების შვილობილი კომპანიებისა ან/და მთავრობის წევრების გასამდიდრებლად. გამჭვირვალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო ორგანოების ეფექტური ფუნქციონირებისთვის, ასევე კორუფციისა და ფულის გათეთრების პრევენციისთვის. სახელმწიფო შესყიდვებში და მოპოვებით მრეწველობაში კორუფციულმა საქმიანობამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, სოციალური და ეკონომიკური სექტორები, კულტურული ძეგლების დაცვა და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია.

 

წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს ბენეფიციარი საკუთრების ცნების და სტრუქტურის ანალიზს. ნაშრომი ხაზს უსვამს ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამომწვევ მიზეზებს და მიმოიხილავს საერთაშორისო კარგ პრაქტიკას, რომელიც პასუხს სცემს ამ თემასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები საქართველოსა და იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ შექმნან ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრი და უზრუნველყონ მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ამ სფეროში.

 

/public/upload/Article/Beneficial-Ownership_GEO_29_01_2021.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024