2021 წლის 28 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის სტანდარტების შესახებ ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს ბენეფიციარი მესაკუთრეების საერთაშორისო სტანდარტების, პრინციპების და ამ კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევების მიმოხილვა წარმოადგენდა. შეხვედრას ესწრებოდნენ საკითხის ექსპერტები, სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის დასაწყისში მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა. „ბენეფიციარი საკუთრების დამალვის შემთხვევები განსაკუთრებით ასოცირდება მაღალი დონის კორუფციისა და ფულის გათეთრების შემთხვევებთან. ამ საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა არის ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნა. ჩვენი შეხვედრა საწყისია იმ დიდი კამპანიისა, რომელსაც IDFI ამ მნიშვნელოვანი საკითხის ადვოკატირების ირგვლივ იწყებს” - აღნიშნა ლევან ავალიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში.
ორგანიზაციის ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა, დავით მაისურაძემ პოლიტიკის დოკუმენტი - „ფარული ბენეფიციარები გამოგონილი ფიგურების მიღმა“ წარადგინდა, რომელიც გარდა ბენეფიციარი საკუთრების ცნების და სტრუქტურის ანალიზისა, ხაზს უსვამს ბენეფიციარ მესაკუთრეებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამომწვევ მიზეზებს, ასევე მიმოიხილავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. გარდა ამისა, პოლიტიკის დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციები იმ ქვეყნებისთვის (მათ შორის საქართველოსთვის), რომელთაც ბენეფიციარი მესაკუთრეების რეესტრის შექმნა და ამ კუთხით გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ამაღლება სურთ. დავითმა IDFI-ის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო რეგიონული კვლევის გეგმაც გააცნო. რეგიონულ კვლევაში ჩეხეთის რესპუბლიკის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და პოლონეთის მაგალითზე ბენეფიციარი მესაკუთრეების გამჭვირვალობის კანონმდებლობა და პრაქტიკა იქნება მიმოხილული. შეხვედრაზე წარმოდგენილი კვლევის მეთოდოლოგიის ირგვლივ თავიანთი მოსაზრებები, აგრეთვე თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს აღნიშნულ თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.
სამუშაო შეხვედრაზე ბენეფიციარი საკუთრების გამჭვირვალობის საერთაშორისო ტენდენციები მიმოიხილეს ბრიტანეთში წამყვანი საკონსულტაციო კომპანიების ხელმძღვანელებმა, მაიკლ ბარრონმა (Michael Barron Consulting-დან) და ტიმ ლომ (Engaged Consulting-დან). დამსწრე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის ბრიტანული მაგალითი, აგრეთვე მოპოვებითი მრეწველობის გამჭირვალობის ინიციატივაში (Extractive Industries Transparency Initiative - EITI) გაერთიანებისთვის საჭირო საერთაშორისო სტანდარტები.
ღონისძიება გაიმართა პროექტის - „კარგი მმართველობისთვის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ბენეფიციარი მესაკუთრეების ღიაობის სტანდარტების გაუმჯობესება“ - ფარგლებში, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით. ინიციატივის ერთ-ერთი მიზანია, ოფშორული კომპანიების შესახებ საჯარო მონაცემების ხელმისაწვდომობის გაზრდა.