მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის პროცესის ხარვეზები - 2015 წლის აგვისტო

სიახლეები | სტატია 19 ოქტომბერი 2015

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაძლებელია მოქმედი მოსამართლის ქვემდგომი, ზემდგომი ან იმავე ინსტანციის მოსამართლედ დანიშვნა კონკურსის გარეშე საკუთარი უფლებამოსილების ვადით. მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს კონკურსის გარეშე საქართველოს მასშტაბით დაინიშნა 27 მოსამართლე, 2012 წელს - 68 მოსამართლე, 2013 წელს - 26 მოსამართლე. სამწუხაროდ საბჭოდან არ მიგვიღია ინფორმაცია 2014 წლის განმავლობაში უკონკურსოდ დანიშნულ მოსამართლეთა რაოდენობის შესახებ.


ისევე როგორც გასულ წლებში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2015 წელსაც რამდენჯერმე გამოიყენა აღნიშნული დისკრეციული უფლებამოსილება და წლის განმავლობაში თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშნა მოსამართლეები, როგორც სააპელაციო ისე საქალაქო სასამართლოებში. საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში არსებული 7 ვაკანტური პოზიციის კონკურსის გარეშე შევსება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოითქვა ვარაუდი, რომ აღნიშნული პროცესში შეინიშნებოდა გადაწყვეტილებათა სუბიექტურად მიღების ნიშნები, არ მიეცა რა ყველა დაინტერესებულ მოსამართლეს საშულება მონაწილეობა მიეღო პროცესში.


მსგავსი შემთხვევა მოხდა 2015 წლის აგვისტოს თვეშიც, როდესაც გადაწყდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 მოსამართლის უკონკურსოდ გადმოყვანა, საქართველოს სხვა რაიონული თუ საქალაქო სასამართლოებიდან. შესაბამისად, აღნიშნული პროცესის შესწავლის მიზნით IDFI-მ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა 2015 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის გადაწყვეტილების მიღებისა და ვებ-გვერდზე გამოქვეყნების თარიღი, სხდომის ოქმი, მოსამართლეთა განცხადებები, რომლებმაც მიმართეს საბჭოს თბილისი საქალაქო სასამართლოში კონკურსით დანიშვნის შესახებ განცხადებით და ა.შ.


მოთხოვნილი ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმდინარე წლის 21 სექტემბრის წერილით მოგვეწოდა. მიღებული დოკუმენტების მიხედვით იკვეთება შემდეგი გარემოებები


• იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობების კონკურსის გარეშე შევსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო 4 აგვისტოს;


• აღნიშნულის შესახებ სიახლე საბჭოს ვებ-გვერდზე იმავე დღეს ე.ი. 2015 წლის 4 აგვისტოს განთავსდა, თუმცა დაინტერესებულ მოსამართლეებს განცხადებათა წარსადგენად ვადა მხოლოდ 6 აგვისტომდე მიეცათ;


• ამასთან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოსამართლეთა განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ ერთი სამუშაო დღე ქონდათ;


• გვეცნობა ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 აგვისტოს გადაწყვეტილება მისი მდივნის ლევან მურუსიძის ხელმოწერით საბჭოს ვებ-გვერდზე მხოლოდ 2015 წლის 14 აგვისტოს გამოქვეყნდა.

 


2015 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ სულ 18 განცხადება შევიდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოგვაწოდა იმ მოსამართლეთა განცხადებები, რომელთაც სურდათ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ ვაკანსიებზე საკუთარი კანდიდატურის წარმოდგენა. მოსამართლეთა განცხადებებში ძირითადად იდენტური მიზეზები ფიგურირებს: მათი სხვა ქალაქში მოსამართლედ ყოფნა გაცილებით მეტ ხარჯებთან არის დაკავშირებული სახელმწიფოსათვის ბინის ქირისა და საწვავის გამო და ასევე ის, რომ ოჯახისგან მათი მოწყვეტა უარყოფითად აისახება როგორც თვითონ მოსამართლეებზე, ასევე მათ ოჯახებზე.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით თბილსის საქალაქო სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე დაინიშნენ შემდეგი მოსამართლეები: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები - ნინო ბუაჩიძე, ეკატერინე ჯინჭველაშვილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები - ანა ჩოგოვაძე, ტარიელ ტაბატაძე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები - ვახტანგ მრელაშვილი, გოგიტა თოთოსაშვილი.


აღსანიშნავია, რომ ვახტანგ მრელაშვილი (გურჯანის რაიონული სასამართლო) და გოგიტა თოთოსაშვილი (თელავის რაიონული სასამართლო) 2014 წელს (1 წლიანი ვადით) იყვნენ მივლინებულნი თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის კოლეგიაში მოსამართლეთა უფლებამოსილების განსახორციელებლად. საინტერესოა, რომ პრესაში გამოითქმებოდა მოსაზრებები, რომ მოსამართლეთა რაიონული სასმართლოებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანა ემსახურებოდა პოლიტიკურ მიზნებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე მოსამართლე თოთოსაშვილს მიკერძოებაში ადანაშაულებდა. ("მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი იყო მიკერძოებული. ის 1 ივლისს გადმოიყვანეს თელავის რაიონული სასამართლოდან, რომელსაც, ჩემი აზრით, თამაზ თამაზაშვილი აკონტროლებს“, - ამბობს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე) ვახტანგ მრევლიშვილი წარმოადგენდა მოსამართლეს გიგი უგულავას წინააღმდეგ მიმდინარე ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის ფარგლებშიც ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით. სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა შემდგომში გასაჩივრებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. გურჯაანის რაიონული სასამართლოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მივლინების შემდეგ ის ასევე იხილავდა საქმეებს ბრალდებულ ერეკლე კოდუასა და ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ.


ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 აგვისტოს სხდომის ოქმი სადაც განიხილებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა რეგიონებიდან კონკურს-გარეშე გადმოყვანის საკითხი. ოქმიდან ირკვევა, რომ პროცესში დარღვევების არსებობასა და მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების მაღალ ალბათობას ადასტურებდნენ როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთი წევრი, ისევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ნინო გვენეტაძე.


ამასთან გადაწყვეტილების მხარდამჭერთა მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობდა, რომ სამართლებრივად არ იყო დარღვეული არც ერთი პროცედურა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ხელოვნურად იყო შექმნილი. გადაწყვეტილების მხარდამჭერები იმაზეც მიუთითებდნენ, რომ კონკურსის გამოცხადებით ვერ მოგვარდებოდა საერთო სასამართლოების პრობლემა, უბრალოდ ასეთი ლოკალური გადაწყვეტილებები შეამცირებდა არსებული პრობლემების სიმწვავეს.


საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე წევრთა მიერ (სულ 3) კი ხაზგასმულ იქნა, შემდეგი გარემოებები:


- დაინტერესებულ მოსამართლეთათვის განსაზღვრული ვადა რომლის განმავლობაშიც მათ შეეძლოთ მიემართათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის იყო არასაკმარისი და არაგონივრულად ხანმოკლე, ვერ უზრუნველყოფდა რა შესაბამის დაინტერესებულ მოსამართლეთა პროცესში მონაწილეობას. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა აგვისტოს თვეში, როდესაც მოსამართლეთა დიდი ნაწილი იმყოფებოდა შვებულებაში;


- გამოითქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ იმ კანდიდატთაგან რომლებმაც მიმართეს განცხადებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არცერთი განცხადება არ იქნა სრულყოფილად შესწავლილი პროცესის განსაკუთრებულად შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარების გამო;


- აღსანიშნავია, ისიც რომ პროცესის მიმდინარეობის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. მის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა კი ეწინააღმდეგებოდა ეთიკურ სტანდარტებს;


- ამასთან ნინო გვენეტაძის მიერ ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნა არ არის გამჭვირვალე და დემოკრატიული და არღვევს მართლმსაჯულების ინტერესებს;


- მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელი იყო მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის პროცედურისთვის თავის არიდება, იქიდან გამომდინარე რომ სექტემბრის თვეში ისედაც იგეგმებოდა კონკურსის გამოცხადება მოსამართლეთა დანიშვნის მიზნით.

 

 

იხილეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის ოქმი:

 

 


დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნის პროცედურა ჩატარდა განსაკუთრებით შემჭიდროვებულ ვადებში, რის შედეგადაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ უზრუნველყო დაინტერესებულ მოსამართლეთა დროული ინფორმირება და მათი ჩართვა პროცესში. ამასთან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრის განცხადებით პროცესის არაგონივრულად მოკლე ვადებში ჩატარების გამო ვერ მოხერხდა საბჭოში შესული განცხადებების სიღრმისეული შესწავლა. აღნიშნული გვაძლევს საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ საკითხზე ვერ მოხერხდა ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც სრულად გაითვალისწინებდა მართლმსაჯულების ინტერესებს.


ამასთან მნიშვნელოვანია აღნიშნოს ისიც, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არის მკაფიოდ განსაზღვრული მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნის კრიტერიუმები თუ შეფასების სისტემა, ისევე როგორც არ არის რეგლამენტირებული პროცესის წარმართვის პროცედურები (მაგალითად რა ვადა უნდა მიეცეთ დაინტერესებულ მოსამართლეებს განცხადებათა წარსადგენად). შედეგად, ისეთი პროცესები როგორსაც ადგილი ჰქონდა მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში იწვევს საზოგადოების მხრიდან შეკითხვებს და აზარალებს მართლმსაჯულების ინტერესებს.


დასასრულს გვსურს აღვნიშნოთ, რომ:


- მოსამართლეთა კონკურსის გარეშე დანიშვნა უნდა ხდებოდეს მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, რომელიც უნდა იქნეს სრულად დასაბუთებული შესაბამისი პროცესის ინიცირების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებებით;


- მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნეს აცილებული პროცესის ნაჩქარევი წესით ჩატარება, რადგან აღნიშნული ვერ უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მოსამართლის პროცესში ჩართვასა და საკითხზე ობიექტური გადაწყვტილების მიღებას;


- აუცილებელია განისაზღვროს ის მინამალური დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ მოსამართლეებს ექნებათ საშუალება მიმართონ განცხადებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამა თუ იმ სასამართლოში უკონკურსოდ დანიშვნის შესახებ განცხადებით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024