რუსული დეზინფორმაციის ტენდენციები საქართველოში უკრაინის ომის პარალელურად

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | აქტუალური თემები | ბლოგპოსტები | ანალიზი 4 აპრილი 2022

ავტორები: ნინო გოზალიშვილი; მარიამ კალანდაძე

 

შეჭრისთვის ნიადაგის მომზადება

 

2021 წელი:

 

27 სექტემბერი - კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის ნებისმიერი გაფართოება გადაკვეთს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ „წითელ ხაზს", ხოლო ბელარუსმა განაცხადა, რომ იგი შეთანხმდა მოსკოვთან ზომების მიღებაზე ნატოს მზარდი აქტივობის საწინააღმდეგოდ.

 

11 ოქტომბერი -რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა “კომერსანტთან” ინტერვიუში უკრაინას დასავლეთის “ვასალი” უწოდა. კრემლის წარმომადგენლებმა მოგვიანებით დაადასტურეს, რომ მედვედევის განცხადებები თანხვედრაშია მათ ოფიციალურ პოზიციასთან უკრაინის მთავრობასთან მიმართებით.

 

12 ნოემბერი - რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავ ზღვაში ამერიკული ხომალდების განლაგება „რეგიონული უსაფრთხოებისა და სტრატეგიული სტაბილურობის საფრთხედ“ შეაფასა.

 

26 ნოემბერი - უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ საერთაშორისო საზოგადოება გააფრთხილა, რომ რუსული აგენტურა და პრორუსი უკრაინელი ოლიგარქი, რინატ ახმეტოვი ამზადებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას ხელისუფლების შეცვლის მოტივით.

 

3 დეკემბერი - უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსიი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან 95,000 რუსი სამხედრო იყო მობილიზებული. ღია წყაროების გამომძიებელმა კომპანია “იანესმა” განაცხადა, რომ 41-ე არმიამ (ბაზირებული ნოვოსიბირსკში, უკრაინის საზღვრიდან 3,500 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში) და პირველმა სატანკო არმიამ (ბაზირებული მოსკოვში) უკრაინის საზღვრისკენ გადაინაცვლეს. იარაღის, ტექნიკისა და ძალების გადასროლა უკრაინის საზღვართან ამ განცხადებამდეც მიმდინარეობდა და მის შემდეგაც აქტიურად გრძელდებოდა.

 

9 დეკემბერი - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსულენოვანი მოსახლეობის დისკრიმინაციის შესახებ და თქვა: „უნდა ვთქვა, რომ რუსოფობია პირველი ნაბიჯია გენოციდისკენ. მე და თქვენ ვიცით, რა ხდება დონბასში. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავს გენოციდს." მანდ ასევე დაგმო 2019 წლის 16 ივლისს მიღებული კანონი უკრაინული ენის შესახებ, რომლითაც რუსულს და უმცირესობათა სხვა ენებს “რეგიონული ენის” სტატუსი მიანიჭა.

 

15 დეკემბერი - რუსეთმა ოფიციალურად გაუგზავნა  ამერიკის შეერთებულ შტატებს ორი ხელშეკრულების პროექტი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლითაც აშშ და ნატო, სხვა საკითხებთან ერთად, აიღებდნენ ვალდებულებას არ განეთავსებინათ ჯარები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც არ იყვნენ ნატოს წევრები და ამ გზით გამოირიცხებოდა ალიანსის შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით. რუსეთმა მოითხოვა აშშ-სგან აეღო ვალდებულება არ განეთავსებინა სხვა ქვეყნებში ძალები, გარდა იმ ძალებისა, რომლებიც ევროპაში განლაგებული იყო 1997 წლის 27 მაისის მდგომარეობით, და თავი შეეკავებინა ყველანაირი სამხედრო მოქმედებებისაგან უკრაინაში, ისევე როგორც აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოებში.

 

30 დეკემბერი - პუტინმა და ბაიდენმა ტელეფონით ისაუბრეს: აშშ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ არ აპირებდა უკრაინაში შეტევითი იარაღის განთავსებას. ბაიდენმა პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ეს გამოიწვევდა “სერიოზულ საფასურსა და შედეგს”, როგორსაც მაგალითად აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესება, აშშ-ს სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის ზრდას ნატოს აღმოსავლეთ წევრებში და უკრაინისათვის გაზრდილი დახმარებას.

 

2022 წელი:

 

პირველი დღეები - რუსეთმა დაიწყო კიევში მდებარე საელჩოდან თანამშრომლების გაყვანა.

 

14 იანვარი  და 14 თებერვალი  - განხორციელდა ორი უდიდესი კიბერშეტევა უკრაინულ ვებგვერდებზე: პირველად, 70-მდე სახელმწიფო უწყების, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრთა კაბინეტის და უშიშროების სამსახურის ვებგვერდი გამოვიდა მწყობრიდან. მეორედ კიბერთავდასხმა განხორციელდა ორ უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტზე, პრივატბანკსა და ოშადბანკზე, რის შემდეგაც მწყობრიდან გამოვიდა ბანკომატები, მობილური აპლიკაციები და ა.შ.

 

17 თებერვალი - დონბასში გამწვავდა სიტუაცია და მხოლოდ ამ დღეს დაფიქსირდა 60 შეიარაღებული შეტაკება.

 

18 თებერვალი - რუსული ჯარები უკრაინის საზღვრებთან ბელარუსის გავლით განლაგდნენსამხედრო წვრთნების ჩატარების საბაბით. ასავლეთმა პარალელურად გააჟღერა ეჭვები, რომ ეს იყო  უკრაინაში მოახლოებული შეჭრის დაფარვის მცდელობა.

 

21 თებერვალი 

 

- ჩატარდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს  სხდომა, სადაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება განიხილეს. Შეხვედრაზე არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს საკითხიც: „ნატო-მ და შეერთებულმა შტატებმა ვერ ისწავლეს გაკვეთილი, რაც მათ რუსეთმა ასწავლა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით!” - განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

 

- რამდენიმე საათში პუტინმა 1 საათიანი სიტყვით მიმართა მოსახლეობას, სადაც წარმოადგინა რუსეთის, უკრაინის და ზოგადად, საბჭოთა კავშირის ვრცელი ისტორიული ანალიზი, რომელიც გაჯერებული იყო ყველა იმ ყალბი, დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული ნარატივით, რომელიც წლების მანძილზე კრემლისგან მომდინარეობდა. ის რომ უკრაინა შექმნა საბჭოთა კავშირმა და პირადად ლენინმა, ის რომ თუ რეგიონს “ნამდვილი დესოვიეტიზაცია” სურს, მაშინ საქმე, მისი აზრით, იმ დროს შექმნილი ქვეყნების რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებით უნდა დაიწყოს. ამასთანავე მან ერთმანეთს დაუკავშირა უკრაინის დასავლური ინტეგრაციის სურვილი და ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, რითაც ეცადა ცნობილი პროპაგანდისტული ნარატივის - საბჭოთა კავშირის პერიოდში თითქოს ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობის გამოყენებას. ზოგადად, პუტინის დეზინფორმაციული პოლიტიკა დიდ წილად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაყალბებული ისტორიის ინსტრუმენტალიზაციაზე დგას. მისი მეთოდები მსგავსია, იმით რომ ქმნის წარმოდგენას, თითქოს ეს ქვეყნები რუსეთის გარეშე არ წარმოადგენდნენ წარსულში და ახლაც, დამოუკიდებელ და ლეგიტიმურ სუბიექტებს.

 

- პუტინმა ხელი მოაწერა  სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკების” აღიარებას და მათ ლიდერებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.

 

22 თებერვალი 

 

- აშშ რუსეთს სანქციებს უწესებს (VEB-სა და სამხედრო ბანკს)

 

სტოლენბერგის განცხადება  - “მოსკოვი უკრაინის ფარული დესტაბილიზაციის მცდელობებიდან ღია სამხედრო ქმედებებზე გადავიდა”.

 

- გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გაზსადენის პროექტის “the North Stream 2”-ს სერტიფიცირების პროცესი შეჩერდა.

 

- დიდი ბრიტანეთის მთავრობა სანქციებს უწესებს  ხუთ რუსულ ბანკს ( „Bank Rossiya“, Black Sea Bank Development and Reconstruction,Joint Stock Company Genbank. IS Bank, Public Joint Stock Company Promsvyazbank) და პრეზიდენტ პუტინთან დაკავშირებულ სამ ფიზიკურ პირს (რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს): გენადი ნიკოლაევიჩ ტიმჩენკოს,  ბორის რომანოვიჩ როტენბერგს, იგორ როტენბერგს.

 

23 თებერვალი 

 

- რუსეთის “ელიტაზე” სანქციები (ალექსანდრ ბორტნიკოვი, ეფესბეს დირექტორი და უშიშროების საბჭოს წევრი, ასევე მისი შვილი დენისი (VTB ბანკის პრეზიდენტი); სერგეი კირილენკო, პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მისი შვილი ვლადიმირი, VK ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. პიოტრ ფრადკოვი, სამხედრო ბანკის [Промсвязьбанк] პრეზიდენტი.)

 

- რუსეთს სანქციები  კანადამ და იაპონიამაც დაუწესა;

 

- კანადამ უკრაინას ლეტალური იარაღის კიდევ ერთი პარტია გაუგზავნა - კანადის თავდაცვის მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთის შეჭრა სუვერენულ სახელმწიფოში მიუღებელია და ისინი გააგრძელებენ უკრაინის გვერდში დგომას, რადგან ის იცავს საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

 

- უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ საგანგებო მდგომარეობის 30 დღით გამოცხადებას მხარი დაუჭირა.

 

24 თებერვალი - რუსეთმა თავის არმიას უკრაინაში ე.წ. “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ჩატარების ავტორიზაცია მიანიჭა -აგრესიული შეჭრა იწყება სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმებით.

 

დეზინფორმაციული ნარატივები შეჭრის შემდეგ

 

რუსული დეზინფორმაციის მასშტაბები, ისევე როგორც რუსული დეზინფორმაციის ტონი, გაიზარდა და გაძლიერდა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის აგრესიული შეჭრის შემდეგ. ადგილობრივად, ქართულ ენაზე ვრცელდება სხვადასხვა მიმართულებით დეზინფორმაციული ნარატივები.

 

მთავარი ნარატივი იყო, რომ უკრაინა მარტო იბრძვის ამ ომში და დასავლეთმა მიატოვა იგი. ბუნებრივია, ეს იყო რუსული სტრატეგიული სფეროების, როგორიცაა მედიის, ეკონომიკის, სერვისის და ენერგეტიკის მიმართ დაწესებული უპრეცედენტო დონის სანქციების უგულებელყოფა. ამავდროულად, ასეთი ნარატივი ინტეგრირებული იყო იმ იდეასთან, რომ საქართველოც - სანქციებთან შეერთების შემთხვევაში - იმავენაირად მარტო აღმოჩნდებოდა რუსეთის პირისპირ. ევროკავშირისა და ნატოს მიმართ ნარატივების ფონზე, რომელიც უკვე დიდი ხანია საქართველოში ვრცელდება, ეს იდეა ხელს უწყობს ამ სკეპტიციზმის გამყარებას ქვეყანაში.

 

ადგილობრივი მავნე აქტორების მიერ შექმნილი ნარატივების კიდევ ერთი ნაკრები უკრაინაში რუსეთის “სამშვიდობო” მიზნებსა და უკრაინელი და რუსი ხალხის „ძმობას“ უკავშირდებოდა. ომის დაწყებისას, საქართველოშიც ვრცელდებოდა რუსული არგუმენტები უკრაინელი ხალხის „დაცვასა“ და  უკრაინის ხელისუფლების მიერ  „თანამშრომლობაზე“ უარის თქმის შესახებ. მოგვიანებით, საზოგადოებაში ფაქტობრივად ყალბი ნარატივები გავრცელდა იმის შესახებ, თითქოს რუსული არმია არ უტევს მშვიდობიან მოსახლეობას. ამ უკანასკნელის ტირაჟირებას ხელი შეუწყო Alt-Info-მაც, რომელიც აქტიურად ქმნიდა და ავრცელებდა პარალელურ პროპაგანდას მიმდინარე ომზე. ამავე კონტექსტში განვითარდა დეზინფორმაციული ნარატივი, რომ დასავლეთი თითქოს უბიძგებს „მოძმე“ სახელმწიფოებს (იგულისხმება უკრაინა და რუსეთი) ომისკენ. ბუნებრივია, ასეთი ინტერპრეტაცია და ნარატივები, გარკვეულწილად, ათავისუფლებს რუსეთს იმპერიულ ნიადაგზე აგრესიული შეჭრის პასუხისმგებლობისგან. ამგვარი დეზინფორმაციული ნარატივების პარალელურად, ადგილობრივი ფაქტების შემმოწმებელი ორგანიზაციები მუდმივ რეჟიმში ახდენენ  დამახინჯებული ან სრულად გაყალბებული ინფორმაციის იდენტიფიცირებას  (მათ შორის ვიზუალურ მასალებს ), რომელიც ვრცელდება რუსულ წყაროებზე დაყრდნობით და, პარალელურად, გამოყენებულია (ძირითადად, ულტრამემარჯვენე) ქართველი აქტორების მიერ.

 

საქართველოში გაძლიერებულია სამხედრო ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული დეზინფორმაციული ნარატივები, რომელსაც, ძირითადად, მხარს უჭერენ ულტრამემარჯვენე, ანტი-ლიბერალური ჯგუფები. უკრაინაში აგრესიულ შეჭრამდეც კი, იმ დროს, როდესაც აშკარა გახდა უკრაინის მიმართ საფრთხე, ასეთმა ჯგუფებმა გამოიყენეს მთავარი რუსული დეზინფორმაციული ნარატივი, რომლის მიხედვითაც  რუსეთის აგრესიული ქმედებების მთავარი მიზეზი ნატოს რეგიონში წარმომადგენლობაა. 

 

21 თებერვალს, შეჭრამდე სამი დღით ადრე, საქართველოში, 53-მა ორგანიზაციამ და პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელეს ერთობლივი ღია წერილი რუსულ ენაზე, რომლის ადრესატიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იყო. მიმართვაში ნათქვამია, რომ საქართველო და უკრაინა არ უნდა გაწევრიანდნენ ნატოში და საქართველომ უნდა გამოაცხადოს სამხედრო ნეიტრალიტეტი. ხელმომწერებმა გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა "ნატოს წვრთნებისთვის ტერიტორიის რეგულარულად დათმობისთვის" და მსგავს წვრთნებს "რუსეთის პირდაპირი გამოწვევა" უწოდეს. მსგავსი ნარატივი არა მხოლოდ ემთხვევა რეგიონში არსებული სიტუაციის რუსულ ინტერპრეტაციას, არამედ იწვევს  ადგილობრივ მწვავე დებატებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის უგულებელყოფისა და ზოგადი უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით.

 

საბოლოო ჯამში, ეს დეზინფორმაციული ნარატივები ემატებოდა რუსეთის უფრო დიდ ინფორმაციულ იარაღს - მისი სიდიადისა და დაუმარცხებლობის შესახებ, რომელიც უკვე წლებია დამკვიდრებულია რეგიონში. ასეთი ნარატივები საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც ის დგას ფართოდ გავრცელებული ისეთი არგუმენტების უკან, როგორიცაა: „თუ საქართველო მტკიცე მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას, რუსეთი აქაც დაიწყებს ომს ამის გამო;“ ან თითქოს „ჩვენს დასავლურ მისწრაფებებს აზრი არ აქვს, რადგანაც რუსეთი კვლავ დომინირებს რეგიონში, ამიტომ ჩვენ, უბრალოდ, უნდა შევეგუოთ ამას და დავამყაროთ მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა“. ასეთი დეზინფორმაცია, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებზე და დასავლური ინტეგრაციის გზაზე.

 

აპირისპირებული პოზიციები ქართულ პოლიტიკურ და საჯარო სივრცეებში

 

საქართველოს პარლამენტმა ომის დაწყებამდე, შეიმუშავა უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუცია, სადაც რუსეთი, როგორც აგრესორი, ნახსენები არ იყო. ამის საპასუხოდ სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის წინ უკრაინის მხარდასაჭერი პეტიციის ხელმოსაწერად შეიკრიბა.

 

ამ მხრივ, საქართველოში სიტუაცია ოდნავ შეიცვალა 21 თებერვალს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომისა და პუტინის გამოსვლის შემდეგ, რასაც მოჰყვა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. “სახალხო რესპუბლიკების” აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ - საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და უკრაინას დაუჭირეს მხარი:

 

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კრიზისის ფონზე, „ყველა საქართველოს მაგალითს იხსენებს. მართალია, ის ოდნავ განსხვავდებოდა, მაგრამ ეს იყო სცენარი, რომელსაც რუსეთი განმეორებით იყენებს“.

 

“დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება რუსეთის მიერ არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ და, სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წლის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას” , - დაწერა პრემიერმა ღარიბაშვილმა ტვიტერზე.

 

ტვიტერზე მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა დავით ზალკალიანმაც.

 

24 თებერვალს, სამოქალაქო საზოგადოებამ უკრაინის სოლიდარობის აქცია გამართა.

 

ხოლო, 25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპის მიერ დაწესებულ სანქციებში მონაწილეობას არ მიიღებდა. ქართულმა ოცნებამ ასევე ჩაშალა  უკრაინის შესახებ რიგგარეშე სხდომა, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევა არ ემსახურებოდა უკრაინის სოლიდარობას, არამედ ეს იყო „უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“.

 

ამავე დღეს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება განიხილეს რუსულ პროპაგანდისტულ პროგრამაზე  "Время покажет" (დრო გვაჩვენებს). პროგრამის წამყვანმა არტიომ შეინინმა აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის განცხადება 2008 წლის რუსული  სამხედრო ოპერაციის წარმატების შედეგი იყო :  სპეციალური წერტილოვანი ოპერაციები 14 წლის შემდეგ მუშაობს, იმ ადამიანებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანი ქვეყნის ხალხისა და ეკონომიკის წინაშე, ანუ გონს მოდიან". 

 

ირაკლი ღარიბაშვილის სხვა განცხადებები:

 

- "კითხვაზე, ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, თქვენ მოგეხსენებათ, რომ დახურული არის საჰაერო სივრცე, არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერები ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია“.

 

- “რაც შეეხება იმას, პარლამენტის სხდომა უნდა გამართულიყო თუ არა, რა თქმა უნდა, მე არ მივალ, მე მაქვს ჩემი საქმე, პარლამენტს თავისი საქმე აქვს. ომი უკრაინაში მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით და ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს”.

 

ამ განცხადებებისა და ქმედებების საპასუხოდ, სამოქალაქო საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა. პროტესტი გაგრძელდა 26 და 27 თებერვალს.

 

28 თებერვალს, კი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეჩერება შეუძლებელი იყო და სანქციები არაეფექტური იქნებოდა. ამით პრემიერის რიტორიკა ზემოთ აღწერილ დეზინფორმაციულ ნარატივებს მიესადაგა.

 

ანუ, რას მთხოვენ, რომ საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები? ვის მოაკლდება ეს ყველაფერი, შემოსავალი? მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ეკონომიკას, დაიჩაგრება ჩვენი 1 მილიონი თანამოქალაქე, რომლებიც ვეღარ შეძლებენ გადმორიცხვას, მაგალითად რომ ვთქვათ, თუ გავურთულებთ მათ ფინანსურ ოპერაციებს”. - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

28 თებერვალს საქართველოს ოპოზიციამ წამოაყენა მოთხოვნა უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის პლენარულ სხდომაზე მოწვევის შესახებ. უმრავლესობამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა. „უკრაინელი ხალხი არ იმსახურებს იმას, რომ საქართველოს პარლამენტში ისეთი ქცევა ნახონ, რა ქცევაც ხვალ, სამწუხაროდ, პარლამენტში იქნება. როცა უკრაინის მოქალაქეები ბუნკერებში არიან, იბრძვიან და ყოველ დღე ახლობლები ეკარგებათ, პლენარულ სხდომაზე საცირკო სანახაობის ადგილი არ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ამავე დღეს, საქართველოს მაღალჩინოსნებმა ნებართვა არ გასცეს უკრაინაში საბრძოლველად ქართველი მოხალისეების გაფრენაზე. 28 თებერვალსა და 1 მარტს სამოქალაქო საზოგადოებამ კვლავ მოითხოვა  მთავრობის გადაყენება.

 

27 თებერვალს სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობამ  და ოპოზიციურმა პარტიამ დაიწყო კამპანია „ქართველი ხალხისგან“, რომლის მიზანიც იყო უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა.

 

ამის პარალელურად, ქართული საზოგადოება ღიად გამოხატავდა თავის პოზიციას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან მიმართებით. ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგად, ქართულ საზოგადოებას სჯერა  რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ეფექტურობის (რესპონდენტთა 77%), ომზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთს (რესპონდენტთა 91%) და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის გამარჯვებას  (10-დან 9 რესპონდენტი).

 

სახელმწიფო მაღალჩინოსნების განცხადებების საპირისპიროდ, რესპონდენტთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მთლიანად ან ნაწილობრივ უკავშირდება საქართველოს (96%). აქედან გამომდინარე, უკრაინის ომზე სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების რეაქცია გარკვეულწილად ერთმანეთის საპირისპიროდ განვითარდა და ასახა ის ღრმა სოციალურ-პოლიტიკურ პოლარიზაცია, რომელიც არსებობს ქვეყანაში. დაფიქსირდა სექტორებს შორის თანამშრომლობის დაბალი დონე. როგორც ზემოთ ჩანს, დეზინფორმაციულ ნარატივები არა მხოლოდ არასაპარლამენტო, არამედ ზოგჯერ საპარლამენტო აქტორების მიერაც გამოიყენება. 

 

განვითარების პერსპექტივები საქართველოს კონტექსტისთვის

 

გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ადვოკატირების გზებზე სახელმწიფოს გაზრდილი ჩართულობისა და უშიშროების საბჭოს უფრო მყარი პოზიციონირებისთვის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხების მიმართ.

 

წარსულში, როდესაც საქართველოს პარლამენტში შეიქმნა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მრავალპარტიული თემატური კვლევის ჯგუფი IDFI-მ ჩამოაყალიბა რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც გათვალისწინებული იყო თემატური კვლევის ჯგუფის მიერ, როგორიცაა:

 

(1)    უცხოურ პროპაგანდასთან დასაპირისპირებლად ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

 

(2)    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებმა პრიორიტეტულ მიმართულებად უნდა გამოაცხადონ ბრძოლა უცხოურ პროპაგანდასთან;

 

(3)    მაღალი თანამდებობის პირები უფრო აქტიურად და საჯაროდ უნდა იყვნენ ჩართულნი დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ;

 

(4)    მედიამაუწყებლები, განსაკუთრებით კი სახელმწიფო მაუწყებლები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი დეზინფორმაციასა და უცხოურ პროპაგანდასთან ბრძოლაში.

 

IDFI კვლავ ადვოკატირებს ამ რეკომენდაციებს და ელოდება პროგრესს მათ განხორციელებაში, რომელიც, სავარაუდოდ, შეჩერებულია პანდემიის გამო.

 

პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ასევე აუცილებელია ინვესტირება რეგიონის ისტორიის უკეთ გააზრებისა და შესწავლის კუთხით, რამდენადაც, სწორედ ისტორიას  ხშირად იყენებს რუსეთი თავისი იმპერიული მიზნების ლეგიტიმაციისთვის. როგორც ვნახეთ, უკრაინის შემთხვევაში, რუსეთის მთავრობამ შექმნა თავისთვის ლეგიტიმური ისტორიული კონტექსტი, სწორედ ფრაგმენტული და არასწორად ინტერპრეტირებული ისტორიული ნარატივით. რეგიონის ისტორიოგრაფიის კრიტიკული პერსპექტივის უზრუნველყოფა უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება მომავალში.

 

უფრო მეტიც, ქართული საზოგადოების მედეგობის გაზრდა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც მომდინარეობს როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი წყაროებიდან - პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს, როგორც სამთავრობო ისე არასამთავრობო სექტორისთვის. ამ ვითარებაში, IDFI-ი, საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად, აგრძელებს პროპაგანდასთან, მედიაწიგნიერებასთან, კიბერუსაფრთხოებასთან და  დაკავშირებულ საკითხებთან დისკუსიის საუნივერსიტეტო სივრცეში დამკვიდრებას. 

 

როგორც ვხედავთ, ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს აკლია კოორდინაცია და თანამშრომლობა კრიტიკულ დროსაც კი. IDFI-ს მიზანი იქნება, ქვეყანაში ინფორმაციული გარემოს დაცვის კუთხით ასეთი თანამშრომლობის ხელშეწყობა. რა თქმა უნდა, ომი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და სპეციალისტები უნდა დააკვირდნენ მთავარ სტრატეგიებსა და ჰიბრიდულ ოპერაციებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს, რათა შედეგად შემუშავდეს მდგრადი მექანიზმები სამომავლო პერსპექტივაში.

 

____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მუნიციპალიტეტების საპრივატიზებო ქონების საფასურის განსაზღვრის პრაქტიკა და ტენდენციები

11.08.2022

IDFI-ს წარმომადგენელმა, კამპანიის - „რუსეთს უნდა ომი, და არა დასავლეთს“ - ფარგლებში, გორში მოხსენება წარადგინა

08.08.2022

ქალაქ გორში, კონკურსის “ომის მეხსიერება ქალაქში” გამარჯვებულების დაჯილდოება და მიურალის გახსნა შედგა

07.08.2022

IDFI-ს მიმდინარე პროექტის ფარგლებში “ ახალი იდენტობა ქალაქ გორისთვის”, ვებ-გვერდი შეიქმნა: www.gorimaps.ge

07.08.2022
განცხადებები

ვეხმიანებით იოსებ გოგაშვილის საქმეს და ბრალდებულის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტს

12.08.2022

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო კოალიციის განცხადებას ეხმიანება

12.08.2022

"შინ ევროპისკენ" კლიპის განთავსების გამო კრიტიკული მედიის სანქცირების მოთხოვნა პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი ნიშანია

10.08.2022

სახელმწიფო უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება სასამართლო ხელისუფლებაში სისტემური კორუფციის ნიშნებზე

10.08.2022
ბლოგპოსტები

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორია

03.05.2022

9 მაისის აღნიშვნა რუსეთში

02.05.2022

ციფრული უფლებები ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში

15.04.2022