საზაფხულო სკოლა სახელწოდებით „ევროპული მეზობლობისა და პარტნიორობის ინსტრუმენტი (ENPI) სამხრეთ კავკასიაში 2013 წლის შემდეგ: კარგი მმართველობის გამოწვევები“ 25 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმოდ გაიხსნა და 29 აგვისტომდე გაგრძელდება.
საზაფხულო სკოლის ორგანიზებაში მონაწილეობა თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტთან, ტარტუსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან ერთად ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმაც (IDFI) მიიღო.
საზაფხულო სკოლის გახსნას დაესწრნენ თბილისის მერი დავით ნარმანია, თსუ-ს რექტორი ვლადიმერ პაპავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინათინ ხიდაშელი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, IDFI-ს დირექტორი გიორგი კლდიაშვილი და სხვები.
მოგვიანებით, ალექსანდრე ბარამიძე სტუდენტებს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, დემოკრატიზაციისა და გამჭვირვალობის კუთხით მიღწეულ პროგრესზე, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის რეფორმაზე და ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად არსებულ რეგულაციებზე ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ IDFI ინფორმაციის თავისუფლების განვითარების საკითხებზე აქტიურად მუშაობს.
IDFI-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის შემუშავებაშიც, რაზეც საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი, ეკატერინე ქარდავა ესაუბრა.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა იქნება 26 აგვისტოს, IDFI-ს თავმჯდომარე ლევან ავალიშვილის სტუდენტებთან შეხვედრის მთავარი საკითხი; 28 აგვისტოს კი ორგანიზაციის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი სტუდენტებს ესაუბრება თემაზე „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის, როგორც კარგი მმართველობის მექანიზმი.“