სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე IDFI ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 3 აგვისტო 2015

2014 წლის 27 იანვარს IDFI-იმ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნა განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ. განცხადებით მოთხოვნილ იქნა სხვადასხვა სახის ინფორმაცია, სამინისტროს მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ. აღნიშნულ განცხადებაზე პასუხი 2014 წლის 5 მარტს მოგვეწოდა, თუმცა ის არ შეიცავდა ჩვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას სრულყოფილი სახით. შესაბამისად გადაწყვეტილების ადმინისტრაციული წესით ერთჯერადი გასაჩივრების შემდეგ 2014 წლის 17 აპრილს სარჩელით მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

მხარეთა არგუმენტებისა და სამართლებრივი დასაბუთების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დაკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და ფინანსთა სამინისტროს დაავალა გაეცა ქვემოთ მითითებული ინფორმაცია მოთხოვნილი სახით, აღნიშნა რა, რომ ის წარმოადგენდა ღია საჯარო ინფორმაციას და ფინანსთა სამინისტროს ეკისრებოდა ვალდებულება მონაცემები სრულყოფილი სახით გაეცა, კერძოდ:

 

 

1) 2013 წელს სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული პრემიების ოდენობა თვეების მიხედვით;

2) 2013 წელს სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული სახელფასო დანამატების ოდენობა თვეების მიხედვით;

3) 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის თანახმად, შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობის შესახებ შესაბამისი მიწერილობა (წერილობითი შეთანხმება) შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან;

4) 2013 წელს სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გაწეული ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია (გთხოვთ მიუთითოთ შესაბამის თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე დროებით მფლობელობაში გადაცემულ ავტომანქანაზე გაწეული მომსახურების სახე, თანხის ოდენობა და მომსახურების პერიოდი; ასევე საჯარო მოხელის თანამდებობა, რომელსაც გადაცემული აქვს მფლობელობაში შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალება);

5) 2013 წელს სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები (კონკრეტული ღონისძიებების ჩამონათვალის, თითოეულზე დახარჯული თანხის, ღონისძიების ჩატარების დროის, ადგილისა და მოწვეულ სტუმართა, და სამინისტროსაგან წარმოდგენილ დამსწრე პირთა ოდენობის მითითებით);

6) 2013 წელს გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია, შესყიდვის სახეობის, მოცულობის, ობიექტისა და თანხის მითითებით.

 

სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა მხოლოდ ერთ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კერძოდ:


2014 წლის იანვრის თვეში მინისტრის სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები.

 

 

 

 თბილისის საქალაქო სასამართლო



სასარჩელო მოთხოვნაზე მოგვწოდებოდა თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია სახელობით თვეების მიხედვით სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაარღვია კანონის მოთხოვნა იქიდან გამომდინარე, რომ არ გასცა ინფორმაცია იმ შინაარსით როგორც ამას ინსტიტუტი მოითხოვდა. კერძოდ ინფორმაცია არ გაიცა თვეების მიხედვით თანამდებობის პირების სახელისა და გვარის მითითებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე ვებ–გვერდზე მითითებას სადაც ეს ინფორმაცია თუნდაც იმავე შინაარსით, შეიძლება იყოს დაცული. კონკრეტულ საქმეში ფინანსთა სამინისტროს მიერ მითითება მოხდა www.declaration.gov.ge –ზე გამოქვეყნებულ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებზე. სასამართლომ განმარტა, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეიცავს მხოლოდ წინა წლის ანაზღაურებადი მუშაობით მიღებილი შემოსავლის ჯამურ თანხას, შესაბამისად შეუძლებელი იყო ინტიტუტს აღნიშნული ვებ–გვერდიდან მიეღო ინფორმაცია თანამდებობის პირების მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ ცალ–ცალკე თვეების მიხედვით, ისევე როგორც ინფორმაცია ერთიანი თანხის შემადგენელი კომპონენტების შესახებ (თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი).

ფინანსთა სამინისტროს მიერ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯებისა და ქვეყნის გარეთ განხორციელებული ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული ხარჯების გაცემასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ აღნიშნული ხარჯების განსაზღვრისთვის ადმინისტრაციული ორგანის ვებ–გვერდზე მითითება არ შეიძლებოდა მიჩნეულ ყოფილიყო საჯარო ინფორმაციის გაცემად, იქიდან გამომდინარე რომ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ იძლეოდა კონკრეტულ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების გამიჯვნის საშუალებას.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, ასევე გადაუდებელი აუცილებლობით განხორცილებული შესყიდვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. მან მიუთითა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვების საჯაროობის პრინციპზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ სამინისტროს პასუხი არ შეიცავდა კანონით გათვალიწინებულ რომელიმე გამონაკლისზე მითითებას. შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს დაევალა გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინსტიტუტისთვის ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნილი ფორმით.

ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით გაცემასთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ განმცხადებელი თავად არჩევს საჯარო ინფორმაციის მისთვის სასურველ ფორმას. მოცემულ შემთხვევაში იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნილი არ იყო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით და განსაკურებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი კონკრეტული შინაარსის შემცველი ინფორმაციის ელექტრონული ვერსია სამინისტროს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული არ ყოფილა უდავოა, რომ მსგავს შემთხვევაში სამინისტრო არღვევს ვალდებულებას გასცეს ინფორმაცია მოთხოვნილი სახით.

სასამართლომ განმარტება გააკეთა ასევე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მან არ გაიზიარა მოპასუხის მითითება ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების თაობაზე და აღნიშნა, რომ კონკრეტული ინფორმაცია (მაგ პრემიების და დანამატები, სახელმწიფო შესყიდვები) ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულია ჯამური სახით და განახლებადია კვარტალურად. შესაბამისად, როდესაც განმცხადებელი მოითხოვს საჯარო ინფორმაციის გაცემას დაჯგუფებულს კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით, ის არ უნდა შეიზღუდოს პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსით და მისთვის სასურველი ინფორმაცია უნდა მიიღოს მოთხოვნილი ფორმით. შესაბამისად სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო ვალდებული იყო მიუხედავად კონკრეტული ინფორმაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებისა გაეცა ის ზუსტად იმ შინაარსით რაც განმცხადებლის მიერ იყო მოთხოვნილი.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა ინსტიტუტის სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც ვითხოვდით 2014 წლის იანვრის თვეში მინისტრის სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლებს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ელექტრონული დოკუმენტი მატერიალური დოკუმენტისგან განსხვავდება მხოლოდ არსებობის ფორმით, ხოლო მათი შინაარსობრივი განმარტება იდენტურია. როგორც ელექტრონული ისე მატერიალური დოკუმენტი საჯარო ინფორმაციისთვის დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, თუ იგი ჩართულია საჯარო დაწესებულების დოკუმენტბრუნვის ერთიან სისტემაში და მისი დამუშავების, შენახვის, დაცვის და ა.შ. ვალდებულება კანონმდებლობით აკისრია საჯარო დაწესებულებას. სასამართლომ განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ შემთხვევაში ინსტიტუტი ითხოვდა 2014 წლის იანვრის თვეში მინისტრის სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გადაცემას, კონკრეტული შინაარსის მითითების გარეშე, არ არსებობდა დოკუმენტის საჯარო ინფორმაციად მიჩნევის შესაძლებლობა.

 

 

 თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს მხრიდან გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ყველა პუნქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 21 იანვრის განჩინებით უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

 

 

 საქართველოს უზენაესი სასამართლო

 

2015 წლის 25 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაჩივრებულ იქნა უკვე საკასაციო წესით. კერძოდ, ფინანასთა სამინისტრო კვლავაც უარს აცხადება მოთხოვნილი სახით გაეცა ინფორმაცია თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების, 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის თანახმად, შესყიდვის გადაუდებლად განხორციელების აუცილებლობის შესახებ შესაბამისი მიწერილობების, სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე 2013 წელს გაწეული ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების, სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობით ხარჯებისა და გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების შესახებ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად მიღებულ იქნა წარმოებაში 2015 წლის 1 მაისს ხოლო 2015 წლის 23 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ:


ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

 

საქართველოს უზენაესის სასამართლოს განმარტებით ფინანასთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ იყო დასაშვები არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ კასატორი ვერ ასაბუთებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და ვერ აქარწყლებდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი არ იყო დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძლით. უზენაესი სასამართლოს განმარტებით არ არსებობდა საკასაციო საჩივრის განხილვისა და უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სასამართლოს განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკსაციო საჩივარი, მიუთითა რა, რომ საკასაციო საჩივარს არ გააჩნდა წარმატების პერსპექტივა.

 

 

დასკვნა

 

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ საქმე IDFI საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ არის პრეცედენტის შემქმნელი საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ადმინისტრაციულ ორგანოთა გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ის კიდევ ერთხელ აზუსტებს საჯარო დაწესებულებათა ვალდებულებებს კონკრეტული სახის ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით და ადგენს მაღალ სტანდარტს ინფორმაციის იმ სახით გაცემასთან დაკავშირებით, როგორც ეს საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით შეიძლება იყოს გათვალისწინებული.
მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შედეგად კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას ქვემოთ მითითებული ინფომრაციის ღია საჯარო ინფორმაციად მიჩნევის საკითხი. საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურებსა და სტანდარტებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია საჯარო უწყებების მიერ გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს სასამართლო ხელისუფლების შემდეგი მითითებები:


1) ინფორმაციის მოთხოვნისას ადმინისტრაციული ორგანის ვებ–გვერდზე მითითება არ შეიძლება მიჩნეულ იყოს საჯარო ინფორმაციის გაცემად, იმ შემთხვევაში, როდესაც ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ არის დეტალური და იძლევა მხოლოდ ჯამურ სურათს. მაგალითად, მოცემულ საქმეში ფინანსთა სამინისტროს მიერ მითითება მოხდა www.declaration.gov.ge –ზე გამოქვეყნებულ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციებზე. აღნიშნულ ვებ-გვერდზე კი ინფომრაცია არ ქვეყნდება იმ სახით, როგორც ეს IDFI-ის მიერ იყო მოთხოვნილი;

2) ინფორმაციის ჯამური სახით გაცემასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასამართლოს განმარტებით საჯარო ინფორმაციის გაცემად არ ჩაითვლება ინფორმაციის გაცემა ჯამური სახით, მაშინ როდესაც განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია დეტალური მონაცემები. მაგალითად, სასამართლოს მიერ კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმით აღნიშნული, რომ თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაცია შეიცავს მხოლოდ წინა წლის ანაზღაურებადი მუშაობით მიღებული შემოსავლის ჯამურ თანხას, შესაბამისად შეუძლებელია აღნიშნული ვებ–გვერდიდან ინფორმაციის მიღება თანამდებობის პირების მიერ მიღებული შემოსავლის შესახებ ცალ–ცალკე თვეების მიხედვით, ისევე როგორც ერთიანი თანხის შემადგენელი კომპონენტების შესახებ (თანამდებობრივი სარგო, პრემია, დანამატი). შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს მიერ იმ წყაროზე მითითება სადაც ინფორმაცია მხოლოდ ჯამური სახით იყო ხელმისაწვდომი ვერ ჩაითვლებოდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემად. მოცემულ საქმეში სასამართლოს მიერ პრობლემურად შეფასდა ასევე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე მითითებაც, იქიდან გამომდინარე რომ ის არ შეიცავდა მონაცემებს კონკრეტულ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების შესახებ;

3) ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით გაცემასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საჯარო დაწესებულებების მიერ გათვალისწინებულ იქნას ის, რომ განმცხადებელი თავად არჩევს საჯარო ინფორმაციის მისთვის სასურველ ფორმას. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილია ინფორმაცია მატერიალური ფორმით, დაუშვებელია საჯარო უწყებების მიერ მათ ვებ-გვერდზე მითითება.

 

IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აღასრულოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (რომელიც თბილსის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებებით უცვლელად დარჩა) და სრულყოფილი სახით გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია.


ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადმინისტრაციულმა ორგანომ ყურადღება გაამახვილოს მოცემულ საქმეში სასამართლოს არგუმენტაციაზე და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენოს საკითხი ისეთი ინფორმაციის გაცემის შესახებ, რომელიც IDFI-სა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის მიმდინარე დავაში სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა ღია საჯარო ინფორმაციად. აღნიშნული გასათავლისწინებელია, იმ სამინისტროებისა და უწყებების მიერ, რომელებიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაბალი ხარისხით გამოირჩევიან.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024