გამჭვირვალობის ხარისხი კვლავ გაუარესდა

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 14 მაისი 2015

2015 წლის მარტის თვეში IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით მიმართა ყველა სამინისტროსა და სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას. მითითებულ დაწესებულებებს გაეგზავნათ სტანდარტული შინაარსის მოთხოვნები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანამდებობის პირთა მიერ 2014 წლის განმავლობაში მიღებული პრემიები და სახელფასო დანამატები, უწყების მიერ გაწეული წარმომადგენლობითი, სამივლინებო, როუმინგული ხარჯები, აუდიტორული შემოწმების აქტები, გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია, შესყიდული ავტომობილების ჩამონათვალი, ჩანაცვლებული ავტომობილებისა და კომპიუტერული ტექნიკის სია, ინფორმაცია შტატით გათვალისწინებულ და შტატგარეშე თანამშრომელთა (ცალ-ცალკე) რაოდენობის შესახებ გენდერულ ჭრილში (მამაკაცთა და ქალთა რაოდენობა), გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობა და მონაცემები თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილების შესახებ (cv). დამატებით სამინისტროებს საკუთარი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე გაეგზავნათ არასტანდარტული შეკითხვებიც. მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოთხოვნილ იქნა სტატისტიკური ინფორმაცია ავტო-საგზაო შემთხვევებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტებზე დაჯარიმებულ პირთა რაოდენობის შესახებ, თავდაცვის სამინისტროდან მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ავღანეთში, ერაყსა და უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაჭრილ და გარდაცვლილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობისა და მათი ოჯახებისთვის გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ.

 

ჯამში 1185 შეკითხვა გაეგზავნა 19 სამინისტროსა და 49 სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებას. აქედან სრულყოფილი პასუხი მივიღეთ მოთხოვნათა 51.8%-ზე, არასრულყოფილი 2.9%-ზე, ინფორმაციის მოწოდებაზე უარი გვითხრეს 1.6% შემთხვევაში, 20.8% შემთხვევაში შესაბამის საჯარო დაწესებულებაში არ ინახებოდა მოთხოვნილი ინფორმაცია. ამასთან უპასუხოდ დარჩა ჩვენ მოთხოვნათა 22.9 %.


საჯარო ინფორმაციის სრულყოფილად გაცემის უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი (51.8%) განპირობებულია იმით, რომ სამმა სამინისტრომ და მათზე დაქვემდებარებულმა ცხრა უწყებამ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ ჩვენი განცხადება. ყველა მოცემულ უწყებაში წარდგენილ იქნა ადმინისტრაციული საჩივარი. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა ისევე, როგორც ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადების დარღვევით ადმინისტრაციული საჩივრების წარდგენის შემდეგ მოგვაწოდეს.

 

სამინისტროებს, რომლებმაც უპასუხოდ დატოვეს ჩვენი განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ წარმოადგენდნენ საქართველოს ფინანსთა, იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები (საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა მოთხოვნილი ინფორმაცია არასრულყოფილი სახით მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ მოგვაწოდეს). აღსანიშნავია, რომ ყველა ეს სამინისტრო გამჭირვალობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდგომ პერიოდში, ხოლო მომდევნო წლებში, ადმინისტრაციულ ორგანოთა ღიაობის მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებდა. ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ მითითებული სამინისტროებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ტენდენციებს 2012 წლიდან დღემდე. ამ ეტაპზე კი მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2012 წლის ოქტომბერი - 2013 წლის სექტემბრის პერიოდში ადმინისტრაციულ ორგანოთა (ყველა ადმინისტრაციული ორგანო) მიერ ჩვენთვის მოწოდებული სრულყოფილი პასუხების რაოდენობამ 81%-ს შეადგინა, ხოლო 2013 წლის ოქტომბრიდან სრულყოფილი პასუხების მოწოდების პროცენტული მაჩვენებელი შემცირდა და 2014 წლის დეკემბრამდე პერიოდში 66% შეადგინა.

 

 

- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ფინანსთა სამინისტრო გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა, თუმცა მომდევნო წლებში უწყების გამჭვირვალობის ხარისხი მნიშვნელოვნად დაეცა. კერძოდ 2013 წლის მონაცემებით ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 70% იყო, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 43,3%-მდე შემცირდა, ხოლო 2015 წლის მარტის მდგომარეობით, სამინისტრომ ადმინისტრაციული დუმილით უპასუხა ჩვენს მიერ მოთხოვნილ 17 პუნქტიან განცხადებას და შესაბამისად უწყების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 0% შეადგენს.


ფინანსთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვარდნის ტენდენციის საილუსტრაციოდ, გთხოვთ იხილოთ უწყების მიერ 2012 წლის 25 დეკემბერს ჩვენთვის მოწოდებული დეტალური ინფორმაცია პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ და ამავე სამინისტროს მიერ 2014 წლის 5 მარტს მოწოდებული არასრულყოფილი ინფორმაცია (მხოლოდ ჯამური მონაცემები) პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ.

 

 

მსგავსად პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის არასრულყოფილად გაცემისა, 2014 წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ არასრულყოფილი ინფორმაცია იქნა გაცემული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანამდებობის პირთა მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებული ვიზიტების სამივლინებო ხარჯები, გადაუდებელი აუცილებლობით განხორცილებული შესყიდვების სია, ჩანაცვლებული ავტომობილებისა და კომპიუტერული ტექნიკის ჩამონათვალი და სხვ. შესაბამისად 2014 წელს უწყების პასუხი ინსტიტუტმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და ცალსახად მიუთითა, რომ ფინანსთა სამინისტროს ქონდა ვალდებულება გაეცა ინფორმაცია ზემოთ მითითებული ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ დეტალური სახით ისე, როგორც ეს ჩვენი განცხადებით იყო მოთხოვნილი. მიუხედავად ამისა უწყებამ კვლავაც არ გასცა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია და საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. ფინანსთა სამინისტროს არგუმენტაცია არც სააპელაციო სასამართლოს მიერ იქნა გაზიარებული. ამ ეტაპზე სამინისტროს კვლავაც არ გაუცია ინფორმაცია 2013 წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების შესახებ. უფრო მეტიც, სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა IDFI-ს 2015 წლის მარტის განცხადება, რომლითაც ვითხოვდით ინფორმაციას 2014 წელს გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ (სულ 17 მოთხოვნა). მას შემდეგ რაც სამინისტროს უმოქმედობა ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრეთ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უარი განაცხადა საჩივრის განხილვაზე და მიგვითითა მიგვემართა პირდაპირ სასამართლოსთვის.

 

 

 

 - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა ჩვენი 2015 წლის მარტის მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ, შესაბამისად არ მოგვაწოდა ინფორმაცია განცხადებით გათვალისწინებული 17 პუნქტიდან არცერთ მათგანზე. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის სამინისტრომ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ გასცა არც 2014 წელს, მიუხედავად იმისა რომ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაცია გამოსცა სქართველოს სახალხო დამცველმა. კერძოდ, რეკომენდაციაში ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ IDFI-ს განცხადების უპასუხოდ დატოვება წარმოადგენდა სამინისტროს მიერ საკუთარი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებას და უწყებას ქონდა ვალდებულება სრულყოფილი სახით გაეცა მოთხოვნილი მონაცემები იქიდან გამომდინარე, რომ ის წარმოადგენდა ღია საჯარო ინფორმაციას.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ (97%), თუმცა სამწუხაროდ ამ შემთხვევაშიც აღნიშული მხოლოდ წინა ხელისუფლების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისადმი მზადყოფნით აიხსნებოდა, რადგან როგორც ეს ზემოთ გამოჩნდა მომდევნო წლებში უწყება უარს აცხადებდა გაეცა ის ინფორმაცია, რომელიც მის მიერვე დაბრკოლების გარეშე გაიცემოდა 2012 წლის არჩვენების შემდგომ პერიოდში.

 

 

 

 

- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

 

რაც შეეხება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2013 წელს უწყების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვნებელი 97,4% იყო, ხოლო 2014 წელს - 76,4%. სამწუხაროდ უწყებამ უპასუხოდ დატოვა ჩვენი 2015 წლის მარტის განცხადება, რომლითაც ვითხოვდით ისეთ ინფომრაციას, როგორიცაა 2014 წლის განმავლობაში ჩანაცვლებული ავტომობილებისა და კომპიუტერული ტექნიკის ჩამონათვალი, გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვების სია, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, როუმინგული ხარჯები და სხვ. აღნიშნული განცხადებით მოთხოვნილ იქნა საჯარო ინფორმაცია სულ 17 საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია კი არცერთ მათგანზე არ მოგვეწოდა. IDFI-მ საჩივრით მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა ჩვენი განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის სრულყოფილი სახით გაცემა. ადმინისტრაციულ საჩივარზე პასუხი მოცემული პერიოდისთვის არ მიგვიღია.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ გამჭვირვალობის დაბალი ხარისხით გამოირჩევიან იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც. მოცემული საკითხი დეტალურად ქვემოთ იქნება განხილული.

 

 

 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვან პრობლემებს კვლავ ვაწყდებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. აღსანიშნავია, რომ ეს უწყება, მსგავსად მრავალი სხვა საჯარო დაწესებულებებისა, გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდგომ პერიოდში. 2013 წელს სამინისტრომ დეტალურად მოგვაწოდა ინფორმაცია 2012 წლის განმავლობაში უწყებაში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ, სახელებისა და გვარების მითითებით თვეების მიხედვით. მიუხედავად ამისა, სამინისტროს მიდგომა ამ შინაარსის ინფორმაციის გაცემისადმი მნიშვნელოვნად შეიცვალა მომდევნო წელს, როდესაც უწყებამ ინფორმაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ გასცა მხოლოდ საკითხის სასამართლოში გასაჩივრების შემდეგ და ისიც მხოლოდ ჯამური სახით.

 

 

 

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის განმავლობაში თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია სახელებისა და გვარების მითითებით სამინისტროს ჯერ კიდევ არ გაუხდია ხელმისაწვდომი მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ 2014 წელს დააკმაყოფილა IDFI-ს სარჩელი და დაავალა სამინისტროს გაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

IDFI პრობლემას წააწყდა მაშინაც, როდესაც სამინისტროდან მოვითხოვეთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია 2014 წლის განმავლობაში გაწეული ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ. სამინისტრომ ამ შემთხვევაშიც უგულებელყო საკუთარი ვალდებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და ჩვენი განცხადებით გათვალისწინებული 19 მოთხოვნიდან ყველა უპასუხოდ დატოვა. სამინისტროს მიერ საკუთარი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო უწყებას ადმინისტრაციული საჩივრით მივმართეთ, რის შემდეგაც მოგვეწოდა მოთხოვნილი ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი. კერძოდ, სამინისტრომ ინფორმაცია თანამდებობის პირთა შესახებ კვლავ სახელებისა და გვარების მითითების გარეშე ჯამური სახით მოგვაწოდა, ხოლო მონაცემები ჩანაცვლებული ავტომობილებისა და კომპიუტერული ტექნიკის, გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებული შესყიდვებისა და სხვათა შესახებ ჯერ კიდევ არ მიგვიღია. მიუხედავად აღნიშნულისა, უნდა ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულყოფილი პასუხი მოგვაწოდა 2015 წლის აპრილში გაგზავნილ განცხადებაზე, რომლითაც ვითხოვდით ინფორმაციას საგზაო შემთხვევების სტატისტიკის შესახებ. უწყებამ სრულყოფილი პასუხი მოგვაწოდა ასევე წერილზე, რომლითაც ვითხოვდით სხვადასხვა სახის სტატისტიკურ ინფორმაციას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ჯარიმა დადებულ პირებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტროში პრობლემას ვაწყდებით მხოლოდ ისეთი ინფორმაციის მოთხოვნისას, რომელიც უწყების მიერ გაწეულ სხვადასხვა ადმინისტრაციულ ხარჯებს ეხება. აღსანიშნავია, რომ IDFI-ს მონაცემებით 2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 63,9% იყო მაშინ, როდესაც 2014 წელს ის 26,8 პროცენტამდე დაეცა. რაც შეეხება 2015 წელს მოცემული პერიოდისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეიტინგმა, მცირედით მოიმატა და 46,5% შეადგინა.

 

 

- საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტრო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, როგორც 2013 (87%) ისე 2014 (85%) წლების განმავლობაში. მიუხედავად ამისა უწყებამ რეაგირების გარეშე დატოვა ჩვენი 2015 წლის მარტის განცხადება და მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ მოგვაწოდა. სამწუხაროდ უწყებამ უარი განაცხადა სამსახურებრივი ელ-ფოსტის საშუალებით შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული ინფორმაციის მოწოდებაზე. ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ არასრულყოფილი ინფორმაცია მოგვეწოდა ჩვენს იმ მოთხოვნაზეც, რომელიც ავღანეთში, ერაყსა და უკრაინაში დაღუპულ და დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობასა და მათი ოჯახებისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას ეხებოდა.

 

 

 

 - სამინისტროების დაქვემდებარებული უწყებები, რომლებმაც უპასუხოდ დატოვეს IDFI-ს განცხადებები 

 

 

 

 

აღსანიშნავია, რომ ჩვენი განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ უპასუხოდ დატოვა იუსტიციის სამინისტროს ექვსმა, ფინანსთა სამინისტროს ოთხმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთმა დაქვემდებარებულმა უწყებამ (ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა და მომსახურების სააგენტომ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ, არასრულყოფილი სახით მოგვაწოდეს).


როგორც ზემოთ იქნა აღნიშული ჩვენს მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ გასცეს არც თავად იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროებმა. სამწუხაროა, რომ იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები იმეორებენ საჯარო ინფორმაციის გაცემისადმი არსებულ იმ პრაქტიკას, რომელიც მათ ზემდგომ სამინისტროებშია დანერგილი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა და მომსახურების სააგენტომ არასრულყოფილი ინფორმაცია რამდენიმე თვის დაგვიანებით და მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ მოგვაწოდეს.


იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენი განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ უწყებათა მიერ რეაგირების გარეშე დარჩა 2014 წელსაც და მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრების წარდგენის შემდეგ მოგვეწოდა.


რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს სსიპ საფინანსო ანალიტიკურ სამსხურს, უწყების მიერ განგვემარტა, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებისთვის არ იყო საკმარისი 10 სამუშაო დღე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევებს არ ითვალისწინებს, და იმ შემთხვევაშიც კი თუ მოთხოვნილი ინფორმაცია არის მნიშვნელოვანი მოცულობის და მოითხოვს ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებას ადმინისტრაციულ ორგანოებს ეძლევათ უფლება ნაცვლად ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემისა გასცენ ის მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის ვადაში.

 

 

დასკვნა

 

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ მითითებული ცენტრალური საჯარო დაწესებულებებისა და მათი დაქვემდებარებული უწყებების ნაწილი არაჯეროვნად ასრულებს საკუთარ ვალდებულებას სრულყოფილი სახით და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში გასცენ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.


განსაკუთრებით პრობლემურად უნდა შეფასდეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვარდნის სწრაფი მაჩვენებელი საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჯერ კიდევ უარს აცხადებს გასცეს ინფორმაცია 2013 და 2014 წლებში გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ. ეს იმ ფონზე, როდესაც მოცემულ საქმეზე არსებობს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს, რომ სამინისტროს აქვს ვალდებულება სრულყოფილი სახით გასცეს ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.


რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს, უწყების მიერ ჯერ კიდევ არ გამხდარა ხელმისაწვდომი ინფორმაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების ისევე, როგორც სხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ, მაშინ როდესაც მოცემულ დავაზე თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა დააკმაყოფილეს ჩვენი მოთხოვნა და დაავალდებულეს სამინისტრო გაეცა ინფორმაცია სრულყოფილი სახით.

 

ხაზგასასმელია, ისიც რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროების შემთხვევაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემას ვაწყდებით მათ დაქვემდებარებულ უწყებებში, რაც სავარაუდოდ თავად სამინისტროებში არსებული პრაქტიკის განმეორებით აიხსნება.


ვიმედოვნებთ, რომ ზემოთ მითითებული უწყებების მიერ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. შედეგად თავიდან იქნება აცილებული ისეთი მანკიერი პრაქტიკა, როგორსაც ადგილი განვილი წლის განმავლობაში ქონდა, როდესაც ერთი წლის დაგვიანებით ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია 2013 წლის განმავლობაში გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ უწყებებმა პროცესის კიდევ უფრო გაჭიანურების გარეშე პროაქტიულად ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია 2014 წლის განმავლობაში გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ.

 

იხილეთ მედია გაშუქება.

 

 

 

/public/upload/courts/AdministrativeSilenceMinistriesAndTheirSubentities.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024