სასამართლო დავის შეჯამება საქმეზე: IDFI - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ

სიახლეები | სასამართლო პრაქტიკა | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 4 მაისი 2016

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი. უწყების მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლითაც შსს-ს დაეკისრა ვალდებულება გაეცა ინფორმაცია 2013 წელს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ თვეების მიხედვით, ცალ–ცალკე სახელისა და გვარის მითითებით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძის თავმჯდომარეობით დაადგინა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარს არ გააჩნდა წარმატების პერსპექტივა, ხოლო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ კი საქმეზე მიღებული იყო არსებითად სწორი გადაწვეტილება“. ქვემოთ წარმოგიდგენთ დავის მოკლე ქრონოლოგიას:

 

 

- თბილისის საქალაქო სასამართლო


2014 წლის 13 ივნისს IDFI- მ შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა, თუმცა უწყებამ უპასუხოდ დატოვა ჩვენი განცხადება და შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივარი, რის შემდეგაც ინსტიტუტმა საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.


თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში სამინისტრო სხვადასხვა ხერხით ცდილობდა გაეჭიანურებინა საქმის პროცესი. რამდენიმე შემთხვევაში სამინისტროს წარმომადგენელი არ გამოცხადდა პროცესზე, ამასთან საქმის მოსმენა არა ერთხელ გადაიდო შსს–ს წარმომადგენლების მიერ სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ისინი უახლოეს პერიოდში უზრუნველყოფდნენ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებას სრულყოფილი სახით. მიუხედავად ამისა, საქმის მოსმენის რამდენჯერმე გადადების შემდეგაც, სამინისტრომ სასარჩელო მოთხოვნით გათვალისწინებული ინფორმაცია მხოლოდ ნაწილობრივ და ამასთან არასრულყოფილი სახით გასცა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ IDFI-ი ითხოვდა დეტალურ მონაცემებს თანამდებობის პირებზე (მხოლოდ მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები) ინდივიდუალურად გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ, სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია სამინისტროს ყველა თანამდებობის პირზე (შსს ორგანოები და სასაზღვრო პოლიცია) ჯამურად გაცემული შრომის ანაზღაურების (დარიცხული ხელფასი, პრემია, დანამატი) შესახებ, რითაც შეუძლებელი იყო ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის იდენტიფიცირება. შესაბამისად, ინსტიტუტმა განაგრძო დავა, თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი სახით (სახელისა და გვარის მითითებით თვეების მიხედვით) მიღების მიზნით.


საქმეში მოსამართლემ გაიზიარა ინსტიტუტის პოზიცია და სრულად დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი. სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ისევე როგროც საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტებით დადგენილ რეგულაციებზე და მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა რამდენიმე საყურადღებო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ:


სასამართლომ ხაზი გაუსვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერს, რომლის თანახმადაც პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნებისთვის თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, აუცილებელია მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად ან ეს აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;


სასამართლოს განმარტებით, საზოგადოება უფლებამოსილია გაიგოს თუ რა თანხით აანაზღაურა ამა თუ იმ თანამდებობის პირის საქმიანობა საჯარო დაწესებულებამ. აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოების მაღალი ინტერესის მატარებელია. სწორედ აქედან გამოდინარე თანამდებობის პირებს ეკისრებათ ვალდებულება შეავსონ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები, ხოლო სზაკ–ის 44.1 მუხლი კი ხაზგასმით მიუთითებს, რომ საჯარო დაწესებულებებს ეკისრებათ ვალდებულება არ გასცენ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, გარდა თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემებისა;


მოსამართლის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის თავმჯდომარეები ითვლებიან თანამდებობის პირებად და ავსებენ ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციას, უდავოა, რომ მათ მიერ საანგარიშო პერიოდში სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი საჯარო ინფორმაციის კატეგორიას განეკუთვნება და მისი გაცნობა უნდა შეეძლოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;



ამასთან გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი გულისხმობს, თანამდებობრივი სარგოს გარდა, პრემიასა თუ კანონით გათვალისწინებულ სხვა ქონებრივ სარგებელს რომლის გაცემის უფლებამოსილება საჯარო დაწესებულებას გააჩნია. შესაბამისად ინფორმაცია თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს, ისევე როგორც მათ მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

  

- თბილისის სააპელაციო სასამართლო

 

2015 წლის 2 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შსს-ს სააპელაციო საჩივარი IDFI-ის წინააღმდეგ. სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა ვალდებულება სრულყოფილი სახით გაეცა ინფორმაცია 2013 წელს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ თვეების მიხედვით, ცალ–ცალკე სახელებისა და გვარების მითითებით.


თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები, ამასთან სააპელაციო სასამართლომ დამატებით ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობას. მოსამართლემ განმარტა, რომ მონაცემთა დაცვის უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და კონვენციის საფუძველზე სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა საჯარო ინტერესის გათვალიწინებით დაადგინოს ბალანსი აღნიშნულ უფლებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის.


მოსამართლე ნინო ქადაგიძის განმარტებით საერთაშორისო აქტები, ისევე როგორც შიდა კანონმდებლობა, ადგენს არა მხოლოდ ინფორმაციის დაცულობის, არამედ ინფორმაციის მიღების უფლებას, რომლისადმი მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების უმნიშვნელოვანეს ნაწილს.


სასამართლომ სრულად გაიზიარა IDFI-ის არგუმენტაცია და აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა სხვა ფიზიკური პირისგან განსხვავებით თანამდებობის პირი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს პერსონალური ინფორმაციის სრული მოცულობით დაცვა. იმ ვითარებაში, როდესაც პირი აცხადებს მზაობას დაიკავოს შესაბამისი თანამდებობა, ამით ის ადასტურებს საკუთარ ნებას ხელმისაწვდომი გახადოს ის ინფორმაცია, რომელიც სხვა პირთან მიმართებაში ექვემდებარება საკანონმდებლო დაცვას.

  

- საქართველოს უზენაესი სასამართლო

 

სამწუხაროდ შსს-მ ჩვენს მეირ მოთხოვნილი ინფორმაცია არც სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების ძალით გასცა. ნაცვლად ამისა 2015 წლის 7 აგვისტოს შსს-მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაცო წესით გასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. უწყების მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების იმ გადაწყვეტილებების გაუქმება, რომლითაც შსს-ს დაეკისრა ვალდებულება გაეცა ინფორმაცია 2013 წელს მინისტრის, მინისტრის მოადგილეებსა და დეპარტამენტის უფროსებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ თვეების მიხედვით, ცალ–ცალკე სახელისა და გვარის მითითებით.

 

ვფიქრობთ აღნიშნული ემსახურებოდა პროცესის კიდევ უფრო მეტად გაჭიანურების მიზანს, იქიდან გამომდინარე საქართველოს კანონმდებლობა და არსებული პრაქტიკა (მათ შორის IDFI-ს არაერთი დავა) ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ თანამდებობის პირთა პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია არის ღია საჯაო მონაცემები, რომლის შეუფერხებლად გაცემის ვალდებულებაც აქვს ყველა საჯარო უწყებას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძის თავმჯდომარეობით დაადგინა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩივარს არ გააჩნდა წარმატების პერსპექტივა, ხოლო საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ კი საქმეზე მიღებული იყო არსებითად სწორი გადაწვეტილება“.

 

დასკვნა

 

 

ვიმედოვნებთ, რომ მოცემული დავის მაგალითზე საბოლოოდ დაესმევა წერტილი იმ მანკიერ პრაქტიკას, როდესაც საჯარო დაწესებულებები უარს აცხადებენ გასცენ ინფორმაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ დეტალური სახით სახელებისა და გვარების მითითებით და ნაცვლად ამისა განმცხადებლებს მიუთითებენ მოიძიონ ინფორმაცია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებში სადაც მონაცემები მხოლოდ ჯამური სახით არის გამოქვეყნებული.

 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულად აღასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და მოგვაწვდის ინფორმაციას თანამდებობის პირების მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ, სრულყოფილი სახით, როგორც ამას ინტიტუტი ითხოვდა. ასევე ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოდ დაამკვიდრებს თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტს საქართველოში, რადგანაც აღნიშნული წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად მიიჩნეოდა.

 

IDFI მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროცესის შემდგომი გაჭიანურების გარეშე საქართველოს კანონმდებლებით გათვალისწინებული წესით გასცეს ჩვენს მიერ 2014 წლის 13 ივნისს მოთხოვნილი ინფომრაცია თანამდებობის პირთა მიერ მიღებული პრემიებისა და დანამატების შესახებ დეტალური სახით (თვეების მიხედვით სახელებისა და გვარების მითითებით).

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსი და საქართველოს შედეგები

25.06.2024

ფილმის - Najgruzińszy/a- პრემიერა და დისკუსია

17.06.2024

ტრენინგი ციფრული უსაფრთხოების პრაქტიკულ რჩევებზე

17.06.2024

სენსიტიური ისტორიის სწავლება - პედაგოგიური გზამკვლევი

14.06.2024
განცხადებები

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024