თანამედროვე ტექნოლოგიებმა და ინტერნეტმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კომუნიკაცია გაამარტივა. დღეს მსოფლიოს მთავრობებმა აქტიურად დაიწყეს ინტერნეტის საშუალებით მოქალაქეებთან კომუნიკაციის დანერგვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელისუფლებების ანგარიშვალდებულების გასაზრდელად აქცენტი კეთდება მათი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. ინტერნეტ რესურსების ეფექტური გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება, პირდაპირი კომუნიკაციის აგება, აზრთა ურთიერთგაცვლა და საბოლოო ჯამში, მთავრობის მეტი ღიაობის უზრუნველყოფა. მიუხედავად აღნიშნული დადებითი მხარეებისა, ამ ყველაფრის წინაპირობას ქვეყნის მასშტაბური ინტერნეტიზაცია და მასობრივი ხელმისაწვდომობა წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დანერგილი ელ-საშუალებებით მოქალაქეების მხოლოდ შეზღუდული ნაწილი ისარგებლებს.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) 2012 წლის მონაცემების მიხედვით, წინა წელთან შედარებით გაზრდილია დედაქალაქსა და სოფლებში მაცხოვრებელთა რიცხვი, რომლებიც ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებენ. თუ 2011 წელს თბილისში ეს მაჩვენებელი 41%-ს შეადგენდა, მომდევნო წელს იგი 46%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება იგივე მონაცემებს სოფლების შემთხვევაში, 2011 წლის 4%-იანმა მაჩვენებელმა 7%-მდე მოიმატა. ქალაქებში კი მსგავსი მაჩვენებელი ორივე წელს 28% გახლდათ.
საგულისხმოა კომუნიკაციის ეროვნული კომისიის (GNCC)-ის მიერ გამოქვეყნებული 2012 წლის მონაცემები. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების მომხმარებელთა რაოდენობამ 2012 წლის ბოლოს 483,3 ათასი აბონენტი შეადგინა. 2011 წლის ბოლოსთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 27,4%-ით (103,9 ათასით) გაიზარდა. რაც შეეხება სადენიანი ფართოზოლოვანი (DSL და ოპტიკურ-ბოჭკოვანი) მომსახურების აბონენტთა რიცხვს, მათმა რაოდენობამ 2012 წლის ბოლოსთვის 392 ათასი შეადგინა. აბონენტების უდიდესი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი – 64,1%, ქუთაისში – 6,5%, ბათუმში – 6,3%, რუსთავში – 6,0%, ფოთში – 1,5%. დანარჩენ საქართველოში კი სულ 15,6%. ამავე დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ Wifi მომსახურება ქვეყანაში ყველაზე დინამიურად განვითარებადი ტექნოლოგიაა. „იგი ძირითადად რეგიონებში ვითარდება, იქ, სადაც სადენიანი ინტერნეტი ნაკლებად არის ხელმისაწვდომი. ხუთ დიდ ქალაქში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ფოთში Wifi აბონენტების წილი მხოლოდ 6,2%-ს შეადგენს“ – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთანავე, IDFI-იმ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი) 12 აპრილს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. ინსტიტუტი სხვა ინფორმაციასთან ერთად, ითხოვდა 2012 წლის მდგომარეობით, სადენიანი და უსადენო ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობას რეგიონებისა და ქალაქების ჭრილში. მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ 10 ქალაქის მონაცემებს, გრაფიკის სახით, სადაც ყველაზე მეტი ინტერნეტმომხმარებლია დაფიქსირებული.
სადენიანი ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა თბილისში სხვა ქალაქებთან შედარებით გააცილებით მაღალია. შედარებით მოკრძლებული მაჩვენებლებით დედაქალაქს ჩამორჩებიან შემდეგი დიდი ქალაქები: ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი.
როგორც მიღებული მონაცემებიდან ირკვევა უსადენო ინტერნეტ მომხამრებელთა რაოდენობის კუთხით შემდეგი ქალაქები ლიდერობენ: ზუგდიდი, მარნეული. მათ მოჰყვებიან ქ. გორი, ქ. ბათუმი და ქ. სენაკი შედარებით განსხვავებული მაჩვენებლებით.
საინტერესოა, როგორ განაწილდა მაჩვენებლები რეგიონების მიხედვითაც.
საერთო ჯამში, საქართველოში სადენიანი ინტერნეტ აბონენტთა რაოდენობა 392 436, ხოლო უსადენო (Wifi) ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 17 872 ადამიანს შეადგენს. საგულისხმოა სადენიანი ინტერნეტ აბონენტთა სტატისტიკა ტექნოლოგიურ ჭრილშიც. მიღებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ DSL-ს 211 440 მომხმარებელი იყენებს, ოპტიკურ ინტერნეტს კი 180 640 აბონენტი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მოგვაწოდა ინფორმაცია ასევე, სადენიანი ინტერნეტ აბონენტების რაოდენობის შესახებ ავტორიზებული პირების ჭრილში. ამ მხრივ ლიდერობს სილქნეტი 199 736 აბონენტით, მას მოსდევს კავკასუს ონლაინი 121 842 მომხმარებლით, მესამე ადგილზეა ახალი ქსელები – 30 601 აბონენტით.
საინტერესოა მობილური ინტერნეტ აბონენტების შესახებ მოწოდებული ინფორმაციაც. მიღებული მონაცემების მიხედვით, მობილური ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა შემდეგია: 3G – 298 424 აბონენტი, სხვა – 1 043 301. აქედან რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 3G –ის აბონენტთა რაოდენობა, რადგან ეს ციფრი რეალურად ასახავს მობილური საშუალებებით ინტერნეტის რეგულარულად გამოყენების მაჩვენებელს.
მიღებული სტატისტიკური მონაცემებიდან აგრეთვე ირკვევა, რომ მობილური ოპერატორების აბონენტებიდან ყველაზე მეტი ინტერნეტ მომხმარებელი ჯეოსელს ჰყავს – 582 606 აბონენტი, მას მოსდევს მაგთიკომი – 380 822-იანი მაჩვენებლით, მობიტელის აბონენტთა შესაბამისი მაჩვენებელი 378 124 მომხმარებლით განისაზღვრა.
სფეროში არსებული ძირითადი ტენდენციებისა და პრობლემების წარმოსაჩენად საინტერესოა იმ მიზეზების განსაზღვრა, რის გამოც საქართველოში მცირეა ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა. CRRC-ის მონაცემებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულის მთავარი გამომწვევი ფაქტორებია: მოქალაქეებისთვის ინტერნეტის ნაკლები საჭიროება (26,8%), კომპიუტერული ტექნიკის მაღალი ფასი (24,3%), ნაკლები დაინტერესება (18,6%) და ინტერნეტის გამოყენებისთვის საჭირო უნარების უქონლობაა (11,7%). აღსანიშნავია, რომ საკმაო სხვაობა დაფიქსირდა კომპიუტერის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელთან დაკავშირებით სოფლებსა და თბილისში. კერძოდ, მაშინ როცა კომპიუტერული ტექნიკა თბილისის მოსახლეობის 17,4%-ს არ გააჩნია, ეს რიცხვი გაცილებით მაღალია რეგიონებში – 27,9%.
საინტერესოა საქართველოში არსებული ინტერნეტ ჩართვის წერტილები. CRRC-ის მონაცემების მიხედვით, თბილისსა და ქალაქებში მცხოვრებ ინტერნეტ მომხმარებელთა უმეტესობა საკუთარ კომპიუტერს იყენებს ქსელში შესასვლელად (76% და 67% შესაბამისად). სოფლებში კი ამისთვის უმეტესწილად საკუთარ (32%) ან მეგობრის (28%) საშუალებებს იყენებენ. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქისა და ქალაქების მოსახლეობისგან განსხვავებით, სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ინტერნეტში შესასვლელად აქტიურად იყენებს შემდეგ საშუალებებს: მობილური ტელეფონი (16%), სამსახური (11%), ინტერნეტ კაფე (9%).
როგორც ჩანს, საქართველოში ინტერნეტით სარგებლობას რამდენიმე დაბრკოლება გააჩნია, მათ შორის როგორც ტექნიკური (მაგალითად, ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელის გავრცელება), ასევე, სოციალური (ფინანსური პრობლემები), ინტერნეტის გამოყენების უნარებისა თუ სურვილის ნაკლებობა). საგულისხმოა, ასევე, რომ გაცილებით რთულადაა ვითარება რაიონებში. ამას ისიც ადასტურებს, რომ აქ დასახლებულთა 67%-ს არასდროს გამოუყენებია აღნიშნული ქსელი.
ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ხელს უწყობს მრავალფეროვანი და ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებას. რაც თავის მხრივ აისახება მოქალაქეთა გააზრებულ პოლიტიკურ არჩევანზე. მნიშვნელოვანია აგრეთვე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით განვითარდება მოქალაქეების პოლიტიკური ჩართულობის მექანიზმები. მაგალითისთვის, საზოგადოების აქტიური წევრები ბოლო დროს უფროდაუფრო ხშირად ქმნიან ელექტრონულ პეტიციებს და ამით ცდილობენ საკუთარი ხმა მიაწოდონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. შედეგად, მთავრობასთან ურთიერთობის ტრადიციულ ფორმებთან (შეხვედრები, მიღებები) ერთად, აქტუალური ხდება ინოვაციური (მათ შორის ელექტრონული – ელ-ფოსტა, ონლაინ პეტიცია, ონლაინ ჩეთი) საშუალებების დანერგვა და ათვისება.
ინტერნეტის მასობრივი გამოყენების საჭიროება მნიშვნელოვანია აგრეთვე საქართველოში მედიისადმი დაბალი ნდობის არსებობის პირობებშიც. იმავე გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა (53,4%) უნდობლობას უცხადებს მედია საშუალებებს. გარდა ამისა, დაბალია ტელეჟურნალისტებისადმი ნდობაც – მოქალაქეების 29,1% ფიქრობს, რომ ისინი მაყურებელს კარგად ან საშუალოდ კარგად აწვდიან ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
საზოგადოებაში მედიასაშუალებებისადმი არსებული უნდობლობის ფონზე პლურალისტული მედია გარემოს შესაქმნელად საჭიროა გაფართოვდეს თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით საქართველოს რაიონებსა და სოფლებში. მნიშვნელოვანია აგრეთვე იმ ფაქტორის გათვალისწინებაც, რომ საქართველოში აქტიურად ვითარდება სახელმწიფო ელექტრონული რესურსები (ვებ-გვერდები, ელ-ფოსტა, ანგარიში სოციალურ ქსელ Facebook-ში, სხვადასხვა ელექტრონული სერვისები, მონაცემთა ბაზები და ა.შ) რაც აჩენს შესაძლებლობას იმისა, რომ საზოგადოების ჯგუფებმა თუ ინდივიდებმა გამარტივებულად, ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, საკუთარი პრობლემები გაუზიარონ ხელისუფლებას და ჩაერთონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების და დაგეგმვის პროცესში.
ელექტრონული რესურსებით მოქალაქეთა აქტიურობისა და მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, აუცილებელია არსებობდეს ჩართულობის მზაობა თავად მოსახლეობაშიც. მოქალაქეები მნიშვნელოვნად უნდა მიიჩნევდნენ მთავრობასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობასა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საინტერესოა თუ რა ძირითადი აქტივობებით არიან დაკავებულნი ინტერნეტის მომხმარებელნი საქართველოში. გრაფიკიდან იკვეთება, რომ ყველაზე ხშირად მოქალაქეები იყენებენ სოციალურ ქსელებს, ეძებენ ინფორმაციას და აგზავნიან/იღებენ ელ-ფოსტას. თუმცა, ისინი ნაკლები სიხშირით აქტიურობენ ფორუმებზე და წერენ ბლოგებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინტერნეტ მომხმარებლები შესაძლოა უფრო ხშირად ინფორმაციის მიმღებები არიან და ნაკლებად ცდილობენ ინტერაქციასა და აზრთა ურთიერთგაცვლაზე ორიენტირებული საშუალებების გამოყენებას. ამის მიუხედავად, გამოკითხვიდან ჩანს, რომ მომხმარებლები გასართობ საშუალებებზე მეტად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სიახლეების გაგებას ანიჭებენ უპირატესობას.
მნიშვნელოვანია აგრეთვე სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვის მაღალი რაოდენობა. საგულისხმოა, რომ საქართველოში ერთ-ერთი გავრცელებული სოციალური ქსელი Facebook-ია, Social Bakers-ის მიხედვით, დღეისათვის მას 1 მლნ 60 ათასი მომხმარებელი ჰყავს – ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 22,89%. მართალია გასათვალისწინებელია ყალბი ანგარიშების ფაქტორი, მაგრამ სხვა წყაროებზე დაყრდნობითაც შეინიშნება Facebook-ის მომხმარებელთა ზრდის ტენდენცია ბოლო ერთი წლის მანძილზე. კერძოდ, სოციალური მედიის ანალიზის ვებ-გვერდის www.quintly.com-ის თანახმად, წინა წელთან შედარებით, 34,75%-ითაა გაზრდილი Facebook-ის აქტიურ მომხმარებელთა ოდენობა.
მოქალაქეების ჩართულობისადმი მზაობის კიდევ ერთ მაჩვენებლად გამოდგება ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგები, კითხვაზე: „რამდენად მოსალოდნელია, რომ მონაწილეობას მიიღებთ რომელიმე არასამთავრობო ორგანზიაციის ღონისძიებებში, რომელიც ცდილობს გაამახვილოს ხელისუფლების ყურადღება საქართველოში ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების პრობლემაზე?“ გაცემულმა პასუხებმა ცხადყო, რომ გამოკითხულთა მესამედი მზადაა ხელი მოაწეროს პეტიციას. თუმცა, მოსახლეობის შედარებით ფართო ნაწილი (36,2%) თავს შეიკავებდა ინიციატივის მხარდაჭერისგან. აღნიშნული მაჩვენებლები შესაძლოა იმითაცაა განპირობებული, რომ კითხვაში ფიგურირებს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული ინიციატივა. სამწუხაროდ, როგორც ცნობილია, საქართველოში არასამთავრობო სექტორი ნდობის დაბალი ხარისხით გამოირჩევა – CRRC-ის 2012 წლის გამოკითხვის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსახლეობის მხოლოდ 18% ენდობა, 23% კი უნდობლობას უცხადებს მათ. მიუხედავათ ამ ფაქტორისა, აშკარაა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნაკლებ ინტერესს იჩენს ცალკეულ სამოქალაქო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობისგან.
მოქალაქეების აქტიურობის ხარისხი და პოლიტიკური ჩართულობისადმი მზაობა მნიშვნელოვანად შეიძლება იყოს დაკავშირებული იმასთან, თუ რა დამოკიდებულება არის ჩამოყალიბებული სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. 2012 წლის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა (61,3%) მთავრობას როგორც მშობელს ისე აღიქვამს. გამოკითხულთა მეოთხედზე ოდნავ მეტისთვის კი აღმასრულებელი ხელისუფლება დაქირავებულთან ასოცირდება (27,3%). ეს მონაცემები მეტყველებს საკმაოდ უარყოფით ტენდენციაზე – სავარაუდოდ, მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილი მიიჩნევს მიზანშეწონილად მთავრობის ქმედებების კონტროლს, უმეტესობა კი მზადაა მისი პოლიტიკა უკრიტიკოდ მიიღოს.
იხილეთ მთლიანი კვლევა „ელექტრონული კომუნიკაციის განვითარება საქართველოში – ინტერნეტის ხელმისაწვდომობა“