2013 წლის სექტემბრის თვეში IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგინა 2011-2013 წლების შესაბამის პერიოდებში დაკისრებული ჯარიმების ოდენობების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელმაც აჩვენა რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი იყო 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 830 187 ლარით (70% -ით).
აღნიშნული მონაცემების გამოქვეყნების შემდგომ, 2013 წლის მიწურულს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში შევიდა ცვლილება და მთელი რიგი საგზაო წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა შემცირდა.
IDFI დაინტერესდა როგორ აისახა აღნიშნული ცვლილებები 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობაზე და 2015 წლის 26 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა 2012-2014 წლებში საპატრულო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა, მათ შორის ვიდეო ჯარიმათა ოდენობის მოთხოვნით. სამწუხაროდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯარიმათა თანხობრივი საერთო ოდენობების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა და ინსტიტუტს აცნობა მხოლოდ დაჯარიმებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები.
როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ სულ დაჯარიმებულია 1 316 006 პირი. 2014 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ხოლო დაახლოებით ორჯერ მეტია 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
შსს საპატრულო დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა გამო ავტომანქანების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეო ჯარიმების შემთხვევაშიც უკანასკნელი წლების განმავლობაში 2014 წელს ყველაზე მაღალი მაჩვნებელი ფიქსირდება - 275 953 პირი. 2013 წელს ვიდეო საშუალებით დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 256 391-ს, ხოლო 2012 წელს 140 432-ს.
როგორც ზემოთ მოყვანილი მონაცემები აჩვენებს, 2013 წლის მიწურულს საგზაო წესების დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმების შემცირების ფონზე 2014 წელს საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ პირთა რაოდენობამ იმატა, ამასთან გაზრდილია ადმინისტრაციული სამართალ დარღვევისათვის შედგენილი ვიდეო ჯარიმების შემთხვევები.
აღნიშნულის განმაპირობებელ ფაქტორს ერთი მხრივ შესაძლებელია წარმოადგენდეს, სანქციების გამარტივების ფონზე მოქალაქეთა მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების ფაქტების გახშირება, ხოლო მეორე მხრივ საპატრულო პოლიციის მუშაობის გააქტიურება.
რაც შეეხება, 2012 წელთან შედარებით 2013-2014 წლებში დაჯარიმებულ პირთა რაოდენობის გაორმაგებას, აღნიშნული ნათლად აჩვენებს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრებულია.