კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის „ალტ-ინფოს“ მიერ პოლიტიკური პარტიის დაარსებას ეხმაურება

განცხადებები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები 10 დეკემბერი 2021

ანტიდასავლურმა და რადიკალურმა დაჯგუფებამ, „ალტ-ინფომ“,  პარტიის - „კონსერვატიული მოძრაობა“ - შექმნის შესახებ 2021 წლის 20 ნოემბერს განაცხადა. თავდაპირველად საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია ტექნიკური ხარვეზების გამო შეაჩერა, თუმცა 7 დეკემბერს ის ოფიციალურად დაარეგისტრირა.

 

კრემლის მიზანს საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება და აქედან გამომდინარე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების არ დაშვება წარმოადგენს. აღნიშნულის მისაღწევად, რუსეთის ერთ-ერთი საშუალება საქართველოში ანტიდასავლური/პრორუსული ძალის გაძლიერება და საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსვლაა. 2020 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგი ლავროვმაც იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არსებული ჯერ კიდევ პატარა პრორუსული პარტიები საბოლოო ჯამში გამარჯვებას შეძლებენ.

 

„ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება, რომელიც გამოირჩევა ძალადობრივი ქმედებებით და ძალადობის წამახალისებელი სიძულვილისა და მუქარის ენით, წლების განმავლობაში საქართველოს მოკავშირეებისა და  კონსტიტუციით აღიარებული დასავლური, ევრო-ატლანტიკური კურსის წინააღმდეგ პროპაგანდირებს და მათ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაში, საქართველოს მიმართ კოლონიალიზმში, ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. „ალტ-ინფო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის დასრულებასა და დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების შეწყვეტას ღიად მოითხოვს.

 

ამასთან, „ალტ-ინფო“ საზოგადოებას მცდარ დილემას უყენებს და მოქალაქეებს არწმუნებს, რომ მათ არჩევანი უნდა გააკეთონ საქართველოს თურქეთის გავლენის სფეროდ გადაქცევასა/ისლამიზაციასა და რუსული გავლენის სივრცეში დაბრუნებას შორის. „ალტ-ინფო“ მოცემულ ყალბ დილემაზე პასუხად რუსეთის გავლენის სივრცეში დაბრუნებას მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ საქართველოს გადარჩენა მხოლოდ რუსეთს შეუძლია.

 

გარდა ამისა, საგანგაშოა, რომ „ალტ-ინფო“ ყალბი ილუზიის შექმნას ცდილობს და ამტკიცებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის საქართველო რუსულ უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სისტემებში უნდა შევიდეს. ამ მიზნით, „ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება საქართველოში კიდევ ერთი რუსული სამხედრო ბაზის განთავსებასაც არ გამორიცხავს.  მსგავსი პოზიციონირება საქართველოში აქამდე არსებული პრორუსული პარტიებისთვისაც კი უპრეცედენტოა. წარსულში „პატრიოტთა ალიანსი“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ ანტი-დასავლური და პრო-რუსული ინტერესების გასატარებლად ყალბი ნეიტრალიტეტისა და სამხედრო მიუმხრობლობის იდეებს იყენებდნენ. 

 

წლების განმავლობაში მავნე ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოების გარდა, "ალტ-ინფოს“ რადიკალური დაჯგუფება იყო 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორი, რის შედეგადაც მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. “ტვ პირველის” ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გახდა სასტიკი ძალადობის მსხვერპლი, 11 ივლისს საკუთარ სახლში ღამით გარდაცვლილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალადობისკენ მოწოდების საჯარო განცხადებების ვიდეოჩანაწერები, ამ დრომდე ძალადობის ორგანიზატორების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. მეტიც, დაუსჯელობით წახალისებულმა ორგანიზატორებმა პოლიტიკური პარტიაც დააფუძნეს.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურასა და შესაბამის უწყებებს, რომ ძალადობის ორგანიზატორების მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდეს. გარდა ამისა, ანტიდასავლურ და პრორუსულ დეზინფორმაციასა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის როლი, მათ შორის ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის კუთხით. ამდენად, მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს, რომ პარლამენტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის ანგარიშის - „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის გაძლიერება ქვეყანაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის მიმართ“ - რეკომენდაციების გათვალისწინებით, რუსული ჰიბრიდული საფრთხეების მასშტაბიდან გამომდინარე დაიწყოს მოკვლევა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლოს „ალტ-ინფოსა“ და მსგავსი პრორუსული დაჯგუფებების საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებსა და მათ ფინანსურ კავშირებს.  

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)

  • გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” 

  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

  • ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

  • ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი - IWPR საქართველო

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მა კვლევის „რუსული კაპიტალი საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა

28.11.2022

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში

28.11.2022

DRIVE-ის საპროექტო წინადადებების პრეზენტაცია საქართველოში ციფრულ გამოწვევებზე საპასუხოდ

28.11.2022

IDFI-ს პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ღია ლექცია ჩაატარა

24.11.2022
განცხადებები

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ჯერ არ შეუერთდა ანტიკორუფციული გარემოს შესახებ OECD-ის შეფასების პროცესს

21.11.2022

IDFI შემოსავლების სამსახურის განცხადებას პასუხობს

11.11.2022

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს პრეზიდენტს შეიწყალოს ნიკა გვარამია

03.11.2022

ნიკა გვარამიას შეწყალების ყველა კონსტიტუციური წინაპირობა არსებობს

03.11.2022
ბლოგპოსტები

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022

ქართული პრესისა და ბეჭდვითი მედიის ცენზურის ისტორია

03.05.2022