სოციალური დახმარებები VS არჩევნები

ბლოგპოსტები 2 მარტი 2020

ანალიტიკური სტატიის ავტორია ნინო კვინტრაძე და ის დაიწერა კონკურსისთვის „ჟურნალისტები დემოკრატიული მმართველობისთვის“. კონკურსი ჩატარდა IDFI-ის მიერ გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. ანალიზში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს Luminate-ის და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პოზიციას.

 

ნინო კვინტრაძე არის კონკურსის გამარჯვებული - I ადგილის მფლობელი.

 

------

 

საარჩევნო პერიოდში სოციალურ პროგრამებზე გაზრდილი ხარჯები ხშირად ხდება დისკუსიის საგანი. საარჩევნო კამპანიების დროს მთავრობის ინიციატივები ხშირად ატარებს „ამომრჩევლის გულის მოგების“ ქვეტექსტს, მაშინ როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მიუთითებენ, რომ მსგავსი ნაბიჯით ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს. მსგავს ხარჯებად მოიაზრება პენსიები, სოციალური დახმარებები და სუბსიდიები. ასეთი ხარჯების ზრდის პრაქტიკა წინასაარჩევნო პერიოდში არაერთ ქვეყანაში გვხდება. ერთის მხრივ მოსახლეობის კრიტიკული საჭიროებებისთვის თანხების გამოყოფა არ შეიძლება მხოლოდ საარჩევნოდ დაგეგმილ ნაბიჯად განვიხილოთ, თუმცა მეორეს მხრივ მსგავს პროგრამებზე გაზრდილ ხარჯებს როგორც წესი ამონაგები არ აქვს - არ ახდენს გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე და არ მოაქვს სახელმწიფოსთვის დამატებითი შემოსავალი გრძელვადიან პერიოდში.

 

ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბიუჯეტო ხარჯების კონტროლი, რადგან გაზრდილმა სოციალურმა დახმარებებმა გავლენა არ იქონიოს საბიუჯეტო დეფიციტზე, რომლის გაზრდის შემთხვევაში მთავრობას გაუჭირდება თავი აარიდოს მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისს.

 

საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მთავრობის მიერ ინიცირებული „ვალების განულების“ პროგრამა არამხოლოდ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სუბიექტების, არამედ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და ორგანიზაციების ყურადღების ცენტრშიც მოხვდა. „ეუთოს სადამკვირვებლო მისია“ თავის ანგარიშში მიუთითებდა, რომ 1.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხების ჩამოწერის პროგრამა „ამომრჩეველთა მოსყიდვის“ ფაქტად იქნა განხილული.

 

სტატიაში განვიხილავ თუ რა ტიპის კორელაციაა სოციალური დახმარებების ზრდის დინამიკასა და წინასაარჩევნო პერიოდს შორის. კერძოდ, 2013 წლიდან 2019 წლის პერიოდში.

 

ამასთან, სტატიაში მიმოვიხილავ 2020 წლის საბიუჯეტო პარამეტრებსაც, რომელშიც აშკარად არის გამოკვეთილი წინასაარჩევნო ნარატივი. სტატიის ბოლოს განვიხილავ თუ რა საფრთხეებს შეიცავს სახელმწიფოს მხრიდან საბიუჯეტო სახსრების მსგავს პროგრამებზე მიმართვა.

 

საარსებო შემწეობა

 

 

საარსებო შემწეობა, იგივე მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. მსგავსი პირებისა და ოჯახების რაოდენობა, ბაზების გადამოწმების და არსებული მეთოდოლოგიის გათვალისწინებით მუდმივად იცვლება. შესაბამისად, მარტივი დასანახია თუ რა კავშირია საარჩევნო პერიოდებსა და საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის ზრადს შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

 

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტო აღრიცხავს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის ნოემბრის ბოლოს საქართველოს მასშტაბით საარსებო შემწეობას ჯამში 116 111 ოჯახი იღებდა, რაც თითქმის ნახევარი მილიონი ადამიანი - 416 396 პირია. გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის 11.2% დღეს საარსებო შემწეობით ცხოვრობს.

 

საქართველოს რეგიონების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა და პროცენტული წილი რეგიონის მთლიან მოსახლეობაში შემდეგნაირად ნაწილდება:

 

- თბილისი

 საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 83 669

წილი მთლიან მოსახლეობაში - 7.5%

 

- გურია

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 18 427

წილი მთლიან მოსახლეობაში - 16.3%

 

- რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 11 852

წილი მთლიან მოსახლეობაში - 37.3%

 

- კახეთი

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 41 743

წილი მთლიან მოსახლეობაში - 13.1%

 

- იმერეთი

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 54 851

წილი მთლიან მოსახლეობაში - 10.2%

 

- მცხეთა-მთიანეთი

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 12 519

წილი მთლიან მოსახლეობაში - 13.3%

 

- სამეგრელო ზემო სვანეთი

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 55 747

წილი მთლიან მოსახლეობაში - 16.8%

 

- სამცხე-ჯავახეთი

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 10 989

წილი მთლიან მოსახლეობაში - 6.9%

 

- ქვემო ქართლი

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 44 874

წილი მთლიან მოსახლეობაში - 10.6%

 

- შიდა ქართლი

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 40 221

წილი მთლიან მოსახლეობაში - 15.2%

 

- აჭარა

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა - 41 504

წილი მთლიან მოსახლეობაში - 12.3%

 

როგორც მონაცემებიდან ჩანს რაოდენობრივად ყველაზე მეტი პირი საარსებო შემწეობას თბილისში იღებს, თუმცა ყველაზე ღარიბ რეგიონად შეგვიძლია რაჭა ლეჩხუმი დავასახელოთ, სადაც მოსახლეობის 30%-ზე მეტი ცხოვრობს საარსებო შემწეობაზე და ეს მონაცემი სამჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს და ასევე თითოეული რეგიონის მაჩვენებელსაც. გამოდის, რომ რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ყოველი მესამე ადამიანი საარსებო შემწეობის მიმღები პირია.

 

რაც შეეხება თანხას, რომელიც ბიუჯეტიდან საარსებო შემწეობაზე მიემარტება, მხოლოდ ნოემბერში ამ მიზნით 25.9 მლნ ლარი გაიცა. ჯამში 2019 წელს კი საარსებო შემწეობებზე ბიუჯეტიდან 291.8 მლნ ლარი დაიხარჯა.

 

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობასა და საარჩევნო კამპანიას შორის კავშირის შესასწავლად 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდის მონაცემები გავაანალიზე.

 

კერძოდ, 2013 წლის დასაწყისში საქართველოში საარსებო შემწეობას ჯამში 506 245 პირი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 11.3% იყო.

 

2013 წელს საქართველოში ორი - საპრეზიდენტო და შუალედური არჩევნები ჩატარდა. შუალედური არჩევნები 27 აპრილს გაიმართა. ამ პერიოდში სახეზე გვქონდა არა საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის მატება, არამედ პირიქით კლება. კერძოდ, 2013 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა და აპრილში მათმა რაოდენობამ 395 953 პირი შეადგინა, რაც თითქმის 100 000 პირით ჩამოუვარდებოდა წლის დასაწყისისთვის არსებულ მაჩვენებელს. ამავე წელს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებიც ჩატარდა - 27 ოქრომბერს. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგვე, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობამ ზრდა დაიწყო და მაისში 411 939 პირი შეადგინა. ზრდა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდა და ოქტომბრის ბოლოს 457 783 პირი შეადგინა. არჩევნების დასრულებიდან ერთ თვეში კი მას შემდეგ რაც პრეზიდენტი მმართველი პარტიის კანდიდატი გახდა საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კვლავ შემცირდა და ნოემბრის თვეშივე 449 331 პირი შეადგინა. წლის ბოლომდე მათი რაოდენობა მცირედით გაიზარდა და 453 857 პირი შეადგინა, თუმცა ის კვლავ ჩამოუვარდებოდა ოქტომბრის მონაცემს, როდესაც საარსებო შემწეობას 457 783 პირი იღებდა.

 

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობის ზრდა და კლება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ და მას შემდგომ შეგვიძლია დავინახოთ გრაფიკაზე:

 

 

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

 

2014 წელსაც საქართველოში 2 არჩევნები ჩატარდა - შუალედური და თვითმართველობის. თვითმართველობის არჩევნები 15 ივნისს გაიმართა. წლის დასაწყისში ქვეყანაში საარსებო შემწეობას 452 806 პირი იღებდა. ამავე პერიოდიდან მათმა რაოდენობამ კლება დაიწყო და მაისის ბოლო 436 463 პირამდე შემცირდა, თუმცა მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი მატება  მხოლოდ ერთხელ - საარჩენო ივნისის თვეს დაფიქსირდა. ამ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 440 ათასს გადასცდა, და არჩევნების დასრულებისთანავე კლება დაიწყო.

 

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა (ათასი კაცი)

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

 

მონაცმები განსაკუთრებით საინტერესოა 2016 წელთან მიმართებით, როდესაც 8 ოქტომბერს ერთდროულად გაიმართა როგორც პარლამენტის, ასევე რამდენიმე თვითმართველობის განმეორებითი არჩევნები. 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მმართველი პარტიისთვის „ქართული ოცნებისთვის“ 2016 წლის არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად საარჩევნო კამპანიაც არაოფიციალურად, - რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, როდესაც პარტიებმა საარჩევნო ხმების მოსაზიდად ინიციატივების წარდგენა დაიწყეს.

 

2016 წლის იანვრიდან მოყოლებული საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა ოქტომბრის ჩათვლით, არჩევნების დასრულებისთანავე კი მან შემცირება დაიწყო.

 

 

საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა (ათასი კაცი)

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო.

 

 

გრაფიკიდანაც თვალსაჩინოა, რომ არჩევნებამდე მთელი წლის განმავლობაში სოცლიალური დახმარების მიღრებ პირთა რაოდენობა იზრდებოდა, არჩევნების დასრულებისთანავე კი მათმა რაოდენობამ კლება დაიწყო. კერძოდ, 2016 წლის იანვარში საარსებო შემწეობას 407 339 პირი იღებდა, ოქტომბრისთვის კი მათი რაოდენობა 484 135-მდე გაიზარდა. ანუ წლის განმავლობაში 18.8%-ით გაიზარდა. არჩევნების დასრულებიდან პირველივე თვეს კი საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 894 პირით შემცირდა და 483 241 შეადგინა, დეკემბერში კი რაოდენობა კიდევ 7157 პირით შემცირდა და წლის ბოლოსთვის 476 084 პირი შეადგინა. გამოდის, რომ არჩევნების დასრულბიდან 2 თვეში საარსებო შემწეობის მიღრებ პირთა რაოდენობა ჯამში 11.7%-ით შემცირდა.

 

2016 წლის მონაცემები განსაკუთრებით საყურადღებოა თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ ამ წელს ქვეყნის ბიუჯეტის შესრულება არაერთი მიმართულებით ჩამორჩენით ხასიათდებოდა. ასე მაგალითად,  საანგარიშო პერიოდის ბოლოს დღგ-დან მობილიზებული შემოსავლების ოდენობა 516 მლნ ლარით ჩამორჩა გეგმურ მაჩვენებელს. მაშინ როდესაც მთავრობას ერთის მხრივ გადასახადების მობილიზების პრობლემა ედგა, ბიუჯეტიდან სოციალური დახმარებების კუთხით გაზრდილი ხარჯები შეგვიძლია წინასაარჩევნო პერიოდს დავუკავშიროთ, - განსაკუთრებით მაშინ თუკი ზემოთ მოყვანილ ციფრებს მოვიშველიებთ და ვნახავთ რომ საარსებო შემწეობაზე მთავრობამ ნაკლების ხარჯვა დაიწყო, მაშინვე როგორც კი არჩევნებში გაიმარჯვა.

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. ამ პერიოდში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს პირველივე ტურში გამარჯვება არ ხვდა წილად და პრეზიდენტის ასარჩევად მეორე ტური გაიმართა.

 

2018 წლის დასაწყისიდანაც საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე - სექტემბერში მათი რაოდენობა გაიზარდა და ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდა. კერძოდ, თუკი წლის დასაწყისში საარსებო შემწეობას ქვეყნის მასშტაბით 456 ათასი პირი იღებდა, სექტემბრამდე მათი რაოდენობა ყოველთვიური კლების შედეგად 417 ათასამდე შემცირდა. ოქტომბერში კი ზრდა დაფიქსირდა და საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 418 ათასამდე გაიზარდა. ამ შემთხვევაში ზრდა მომდევნო თვესაც გაგრძელდა, როდესაც არჩევნების მეორე ტური დაინიშნა და ერთბაშად 434.5 ათასამდე გაიზარდა ნოემბრისთვის. გამოდის, რომ ყველაზე „ცხელ“ საარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა ჯამში აგვისტოდან ნოემბრამდე პერიოდში 20 672 პირით გაიზარდა.

 

 

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო

  

ბიუჯეტი 2020 – Elections are coming!

 

"სოციალური პასუხისმგებლობით გამსჭვალული", – ასეთ შეფასება მისცა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. სოციალურ პასუხისმგებლობაში ცუდი არაფერია, თუკი მას ისეთი პროგრამები სდევს ტან რომელიც მეტ ეკონომიკურ ზრდასა და შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული, რაც მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუეჯტის პროექტში ნაკებად სჩანს და აჩენს ეჭვს რომ არაერთი მიმართულებით გაზრდილი სოციალური ხარჯები წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება. კერძოდ, 2020 წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომლის წინასაარჩევნო კამპანია რეალურად უკვე ძალაშიც არის შესული და აქტიურადაც მიმდინარეობს.

 

2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული. ამასთან, საბიუჯეტო პროექტით, 2020 წლისთვის, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 50-ლარით იზრდება. პირველი ივლისიდან 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის დამატებით პენსიის 30 ლარით ზრდაა გათვალისწინებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ ჯგუფის მოქალაქეებს პენსია გაეზრდებათ 50 ლარით. ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, ჯარისკაცებისთვის, ექიმებისთვის. 2020 წლის პირველი ივლისიდან სოფლის ექიმების ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება.

 

ბიუჯეტის პროექტით, საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი გაიზრდება 150 ლარით - 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან. აღნიშნულ მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე 2020 წელს ჯამში მიიმართება 140.0 მლნ ლარზე მეტი.  2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე), რაზედაც მიიმართება 15.0 მლნ ლარამდე. გამოდის, რომ მხოლოდ ამ ორი კომპონენტით ანაზღაურება 75 ათასამდე პირს ეზრდება, რაც წინასაარჩევნოდ ამდენივე პირის კეთილგანწყობას ნიშნავს.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნებს არ გააჩენდა თუკი ქვეყანაში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა იქნებოდა, თუმცა მაშინ როდესაც მხოლოდ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 50%-იანი კლება ფიქსირდება, ლარის კურსის გაუფასირების გამო კი სახელმწიფო ვალი მილიონობით დოლარით ძვირდება, იქმნება შთაბეჭდილება რომ ბიუჯეტი იგეგმება არა ეკონომიკური ზრდის მისაღწევი მიზნების შესასრულებლად, არამედ წინასაარჩევნოდ მოწყვლადი ჯგუფების გულის მოსაგებად.

 

გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას სიღარიბის დონე წარმოადგენს, მნიშვნელოვანია მთავრობამ ამ პრობლემის გადასაჭრელად რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნაზე იზრუნოს. ამასთან, მნიშვნელოვანია რომ საარსებო შემწეობის მიმღებ პირებს მეტი შესაძლებლობა მიეცეთ ჩაერთოდ ეკონომიკურ საქმიანობაში, და ამ კუთხით მათთვის დამაბრკოლებელი არ იყოს საარსებო შემწეობის დაკარგვის შიში.

 

/public/upload/contest/nino_kvintradze.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024