საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის მარტის ჩათვლით

სიახლეები | კარგი მმართველობა | პუბლიკაციები 23 მაისი 2014

22013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში, ინსტიტუტმა 29 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას (საქართველოს მთავრობის კანცელარია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს 16 სამინისტრო, 3 სახელმწიფო მინისტრის აპარატი, აჭარის მთავრობა და 4 სამინისტრო, აფხაზეთის მთავრობა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია) მიმართა 493 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით.

  • ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო 269 განცხადებაზე;
  • არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 47 მოთხოვნაზე;
  • უარს ადგილი ჰქონდა 12 შემთხვევაში;
  • უპასუხოდ დატოვებული იქნა 49 მოთხოვნა;
  • 116 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ მათ არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია ან არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება.

აღნიშნულ პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მიხედვით შემუშავდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგი.
ინსტიტუტის შეფასებით ხსენებულ პერიოდში ყველაზე მეტ მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხი 10 დღიანი ვადის დაცვით გასცა:

 

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
  • აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

ყველაზე არა ანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს აღნიშნულ პერიოდში წარმოადგენდნენ:

 

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

 

 

ინსტიტუტის მიერ განხორციელებული კვლევის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა გამოვლენილიყო რამდენად შენარჩუნებულია ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე არსებული დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

 

2013 წლის ოქტომბერი- 2014 წლის მარტი პერიოდში ცენტრალური საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვნებლების განვლილი პროექტის ფარგლებში არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით ირკვევა:

 

  • სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია 14% -ით
  • უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები გაზრდილია 5%-ით.

 

ენიშვნა: დიაგრამაზე მოყვანილ პროცენტულ მონაცემებში ასახული არ არის საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული იმგვარი პასუხები, სადაც იუწყებიან რომ მათ ინფორმაცია არ გააჩნიათ ან კონკრეტული ქმედება არ განუხორციელებიათ.

 

განვლილი პროექტის მაჩვენებელთან შედარებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებლის მატება შეინიშნება მხოლოდ 11 საჯარო დაწესებულების შემთხვევაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - პროგრესი 20%. სამი დაწესებულების შემთხვევაში კვლავ შენარჩუნებულია ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი, ხოლო დანარჩენი 15-მა ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებამ განვლილ პროექტთან შედარებით განიცადა მეტ-ნაკლები რეგრესი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომლის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი შემცირდა 61%-ით.

 

 

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მხრიდან მიდგომების ცვლილებების საილუსტრაციოდ შემოგთავაზებთ ერთი და იგივე მოთხოვნაზე განვლილ და მიმდინარე პროექტში მოწოდებულ დოკუმენტაციას.


მაგალითად პრემიების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ განვლილ პროექტში მოგვაწოდა დეტალურად თითოეულ თანამდებობის პირზე, ამჯერად აღნიშნული მოთხოვნა დატოვებულია უპასუხოდ.

 

 

სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განვლილ პროექტში მოგვაწოდა დეტალურად თითოეულ თანამდებობის პირზე, ამჯერად მხოლოდ ჯამური ოდენობა.

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია განვლილ პროექტში მოგვაწოდა თითოეულ თანამდებობის პირზე სახელისა და გვარის მითითებით, ამჯერად მხოლოდ ჯამური ოდენობა.

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია განვლილ პროექტში წარმოადგინა დეტალურად სახელისა და გვარის მითითებით, ამჯერად ინსტიტუტს განუმარტა რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს პერსონალური მონაცემების ნიშნებს და მხოლოდ 3 თვის დაგვიანებით დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა.

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განვლილ პროექტთან განსხვავებით პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა სრულყოფილი სახით.

 

 

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ცენტრალური საჯარო დაწესებულებებისათვის ყველაზე პრობლემატური მოთხოვნა გამოდგა ხელმძღვანელის სამუშაო ელექტრონული ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლები. 25 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 32%-მა ხსენებული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა, ხოლო 24%-მა ინსტიტუტს განუმარტა, რომ აღნიშნული საერთოდ არ წარმოადგენდა საჯარო ინფორმაციას და უარი განაცხადა მის გასაჯაროებაზე.

 

ხელმძღვანელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული მიმოწერის შესახებ მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს ან აღნიშნულის გასაჯაროებაზე უარი განაცხადეს შემდეგმა დაწესებულებებმა:

 

ხელმძღვანელის ელექტრონული ფოსტიდან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების მოწოდება უზრუნველყო მხოლოდ შემდეგმა დაწესებულებებმა:

 

  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
  • აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
  • აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

 

საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ შეინიშნებოდა მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. IDFI გამოთქვამდა იმედს, რომ საჯარო დაწესებულებათა ინფორმაციის ღიაობის მზარდი ტენდენცია შენარჩუნებული იქნებოდა მომავალშიც, თუმცა წინამდებარე კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ მთელი რიგი ცენტრალური საჯარო დაწესებულებების შემთხვევაში პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ნაჩვენები დადებითი ტენდენციები დაკავშირებული იყო ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის საწყის ეტაპთან, როდესაც საჯარო დაწესებულებების მიერ რაიმე სახის ინფორმაციის დამალვის სურვილი ნაკლებად არსებობს.

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო. ამჯერად, მათ არ მოგვაწოდეს ის ინფორმაცია, რაც დეტალურად იქნა გასაჯაროებული მათ მიერვე პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე, 2013 წლის დასაწყისში.

 

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ მთელმა რიგ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში

შენარჩუნებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებლები. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რომლებიც განვლილი პროექტის მსგავსად კვლავ ინარჩუნებენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100% - იან მაჩვენებლებს.


მაჩვენებლების გაუმჯობესების თვალსაზრისით ყველაზე მეტი პროგრესი შეიმჩნევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და მთავრობის კანცელარიის შემთხვევებში. IDFI გამოთქვამს იმედს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შემთხვევაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროგრესი არ არის დაკავშირებული 2013 წლის ნოემბრის თვეში საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებული პოლიტიკური ცვლილების საწყის ეტაპთან და აღნიშნული პროგრესი შენარჩუნებული იქნება მომავალშიც.

 

იხილეთ სრული კვლევა

 
 
 
პრეზენტაცია - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2014
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა მდგრადი განვითარების მიზნების გავრცელებაში

20.08.2019

დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება - რას ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება

09.08.2019

ტრენინგი აჭარის რეგიონის ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის

07.08.2019

ცხოველთა მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის მდგომარეობა საქართველოში

06.08.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „რუსთავი 2“-ზე მიმდინარე საკადრო ცვლილებების შესახებ

20.08.2019

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენის შესახებ

09.08.2019

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პროკურატურას მოუწოდებს ,,რუსთავი 2“-ის საქმის გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს

05.08.2019

ზვიად კუპრავასათვის პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიში პრეცედენტია

02.08.2019
ბლოგპოსტები

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019

საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ

10.04.2019