საჯარო დაწესებულებების 2023 წლის 10 დეკემბრის ანგარიშების სიზუსტის მონიტორინგის შედეგები

სიახლეები | კვლევები | ანგარიში 19 მარტი 2024

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე საკანონმდებლო მაცნეში გამოაქვეყნოს, მიმდინარე წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ. კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: 

 

- საჯარო დაწესებულებაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების სტატისტიკური ინფორმაცია (მათ შორის რამდენი დაკმაყოფილდა და რამდენს ეთქვა; უარი);

 

- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების და მასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაცია;  

 

- საკანონმდებლო აქტების შესახებ ინფორმაცია, რომლებსაც საჯარო დაწესებულება ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, ასევე უარის გადაწყვეტილების მიმღები საჯარო მოსამსახურის ვინაობა; 

 

- დაწესებულების მიერ საჯარო მონაცემთა ბაზების და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების  შესახებ; 

 

- საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ-ის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელი პირებისთვის სახდელების დადების შესახებ.   

 

განვლილ წლებში IDFI-ს მიერ, განხორციელებული საჯარო დაწესებულებების 10 დეკემბრის ანგარიშების სიზუსტის მონიტორინგის შედეგები, აჩვენებდა რომ ხშირი იყო შემთხვევები როდესაც საჯარო დაწესებულებები ანგარიშებში ასახავდნენ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო მონაცემებს. ასევე, კონტროლის სათანადო  მექანიზმების არარსებობის პირობებში, ანგარიშებს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და მთელი რიგი უწყებები არ ერიდებოდნენ მასში ასახული მონაცემების არაკეთილსინდისიერ და მანიპულაციურ აღრიცხვას.  

 

2021 წელს, საქართველოს პარლამენტში შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელმაც შეისწავლა  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობა.  თემატური მოკვლევის ფარგლებში წარმოდგენილი იყო შემაჯამებელი რეკომენდაციები, რომლებიც ითვალისწინებდა მათ შორის  საკანონმდებლო ცვლილებებს. სამწუხაროდ, პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის რეკომენდაციების აღსრულების კუთხით, ამ დრომდე  მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა. 

 

აღსანიშნავია, რომ საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლის სტრატეგიაში ხაზგასმულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის დამუშავების ერთიანი სტანდარტის არსებობის  მნიშვნელობა.  აგრეთვე,  2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ წლიური ანგარიშების (ე.წ 10 დეკემბრის ანგარიში) ერთიანი ფორმის შემუშავება ზემოთხსენებული მოკვლევის რეკომენდაციების საფუძველზე. გეგმის მიხედვით აღნიშნული აქტივობის დასრულება გათვალისწინებული იყო 2023 წლის IV კვარტალში, თუმცა ამ დრომდე ანგარიშების ერთიანი ფორმა შემუშავებული არ არის. 

 

საჯარო დაწესებულებების 10 დეკემბრის ანგარიშების კონტროლის ეფექტიანობის ზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ქვეყანაში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის გაუარესების ფონზე. IDFI-ს უწყვეტი მონიტორინგის მიხედვით, 2022 წლიდან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში მკვეთრად უარესდება.  მაგალითად, 2022 წელს სამინისტროებში გაგზავნილ მოთხოვნებზე მიღებული პასუხების მაჩვენებელი 62%-ით, ხოლო მათი დაქვემდებარებული სსიპ-ების 65%-ით შემცირდა. 

 

წინემდებარე კვლევისთვის შეირჩა აღმასრულებელი ხელისუფლების ის უწყებები (სულ 82 უწყება), რომლებსაც IDFI-მ 2023 წელს, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების უპასუხოდ დატოვების გამო  მიმართა  ადმინისტრაციული საჩივრით. 

 

10 დეკემბრის ანგარიშების სიზუსტის კონტროლს კვლავ ართულებდა, ანგარიშში ინფორმაციის ასახვის სპეციფიკა.

 

მიუხედავად მონიტორინგთან დაკავშირებით არსებული სირთულეებისა,  IDFI-ს 2023 წლის პრაქტიკის და საჯარო დაწესებულებების 10 დეკემბრის ანგარიშებში ასახული ინფორმაციის ლოგიკური კონტროლით, კვლავ შესაძლებელი გახდა შეუსაბამობების იდენტიფიცირება. 

 

ძირითადი მიგნებები

 

- 82 საჯარო დაწესებულებიდან, 15-ის  (მათ შორის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო) 2023 წლის 10 დეკემბრის ანგარიში საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი;

- 24 საჯარო დაწესებულების მიერ 10 დეკემბრის ანგარიშებში ასახული სტატისტიკური ინფორმაცია შეიცავს მნიშვნელოვან უზუსტობებს ან/და აღრიცხულია მანიპულაციურად.  

 

- 3 საჯარო დაწესებულებას, რომლებსაც 2023 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით  IDFI-ს მინიმუმ ერთ წერილზე ქონდა ექვს თვეზე მეტი ვადაგადაცილება, 10 დეკემბრის ანგარიშში მითითებული აქვს რომ ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

- 21 საჯარო დაწესებულებას, რომლებსაც 2023 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით  IDFI-ს მინიმუმ ერთ წერილზე ქონდა ექვს თვეზე მეტი ვადაგადაცილება, ანგარიშში ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მინიჭებული აქვს დაკმაყოფილებული ან მიმდინარე სტატუსი;

 

- 38 საჯარო დაწესებულება, რომელთანაც IDFI-ს 2023 წელს გაგზავნილი ქონდა მინიმუმ ერთი საჩივარი, ანგარიშში არ აფიქსირებს  საჩივრების შესახებ ინფორმაციას ან აღნიშნავს რომ საჩივარი საერთოდ არ შესულა. 

 

- 10 დეკემბრის ანგარიშებში ასახული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება  მიღებული აქვს  მხოლოდ 36  საჯარო დაწესებულებას. მათ შორის, უარის  გადაწყვეტილების მიმღები პირის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 5 შემთხვევაშია ასახული.

 

- ანგარიშში მხოლოდ 4 საჯარო დაწესებულებას აქვს ასახული  საჯარო მონაცემთა ბაზების შესახებ ინფორმაცია.

 

- პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ, 10 დეკემბრის ანგარიშების წარდგენაზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით  წარმოდგენილი რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, ამ დრომდე  მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა.

 

- საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2023 წლის IV კვარტალში უნდა დასრულებულიყო 10 დეკემბრის ანგარიშის ერთიანი ფორმის შემუშავება, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა.

 

დასკვნა 

 

კვლევის ფარგლებში შესწავლილი 82 უწყების 2023 წლის  ე.წ  10 დეკემბრის ანგარიშების  მონიტორინგმა აჩვენა რომ, წინა წლების მსგავსად,  ხშირია შემთხვევები როდესაც საჯარო დაწესებულებები ანგარიშებში ასახავენ კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო მონაცემებს.  

 

მაგალითად,  საანგარიშო პერიოდში IDFI-ს მიერ გაგზავნილი ადმინისტრაციული საჩივრების უგულვებელყოფა, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების უპასუხოდ დატოვების მიუხედავად, 10 დეკემბრის ანგარიშებში ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების ასახვა, ასევე, თვეობით ვადაგადაცილებულ წერილებზე მინიჭებული მიმდინარე სტატუსები, საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის არაკეთილსინდისიერ და მანიპულაციურ აღრიცხვაზე მიუთითებს. 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინამდებარე ანგარიშში განხილული შეუსაბამობები, იდენტიფიცირებულია მხოლოდ IDFI-ს მოთხოვნებზე მიღებული პასუხების და 10 დეკემბრის ანგარიშებში  ასახული მონაცემების ლოგიკური შედარებით.  შესაბამისად,  შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანგარიშების სრულყოფილი  შესწავლის შემთხვევაში  არსებული უზუსტობების და შეუსაბამობების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზრდება.    

 

2023 წლის 10 დეკემბრის ანგარიშების მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი უზუსტობები, იმეორებს წინა წლებში არსებულ პრაქტიკას. შესაბამისად, 10 დეკემბრის ანგარიშების სანდოობისთვის,  მნიშვნელოვანია IDFI-ს მიერ წინა წლებში შემუშავებული რეკომენდაციების შესრულება, რომელთა მნიშვენლოვანი ნაწილი გათვალისწინებულია  საქართველოს პარლამენტის თემატური ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დასკვნაშიც. 

 

IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების აღსრულებისთვის და უზრუნველყოს  საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული შესრულება. 

 

 

 

/public/upload/Analysis/10 december 2024.pdf 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას

25.04.2024

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023