საჯარო დაწესებულებების ე.წ. 10 დეკემბრის ანგარიშების სიზუსტის მონიტორინგის შედეგები

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 19 ივლისი 2021

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე საკანონმდებლო მაცნეში გამოაქვეყნოს,  მიმდინარე წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

კანონმდებლობა არ ადგენდა 10 დეკემბრის ანგარიშის განხილვის პროცედურებს, რის გამოც წლების განმავლობაში ამ ანგარიშების წარდგენას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ქონდა და არც საკანონმდებლო ორგანო და არც აღმასრულებელი ხელისუფლება არ ახდენდა მათ  შესწავლას ან მონიტორინგს.

 

2017 წელს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ფორმატში საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) რეკომენდაცია დაენერგა საჯარო ინფორმაციის ანგარიშების მონიტორინგის სისტემა. კერძოდ, საქართველოს ღია პარლამენტის 2017 წლის სამოქმედო გეგმის 4.2. პუნქტის თანახმად,  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით უნდა შექმნილიყო საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ანგარიშის განხილვის პროცედურა და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 177-ე მუხლით განისაზღვრა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ვალდებულება, რომ საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შეიმუშაოს და პარლამენტის ბიუროს წარუდგინოს ერთიანი დასკვნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშების შესახებ.

 

პარლამენტის რეგლამენტის მიხედით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შეისწავლის საჯარო დაწესებულებების „10 დეკემბრის ანგარიშების“ და მათში ასახული ინფორმაციის შესახებ პარლამენტში შემოსულ მოქალაქეთა და ორგანიზაციათა განცხადებებსაც.

 

29 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პარლამენტის  ვებგვერდზე გამოაქვეყნა „10 დეკემბრის ანგარიშების“ განხილვის დაწყების შესახებ ინფორმაცია.  ყველა დაინტერესებულ პირს 2021 წლის 15 ივლისამდე, შეუძლია გადაამოწმოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშებში მითითებული ინფორმაციის სისწორე, და ხარვეზის და/ან არასრული ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, რეაგირებისთვის მიმართოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.

 

კომიტეტისთვის, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, IDFI-მ  შეისწავლა საჯარო დაწესებულებების მიერ 2020 წელს წარდგენილი 10 დეკემბრის ანგარიშები. კერძოდ, წინამდებარე დოკუმენტში მიმოხილულია  საჯარო დაწესებულებების 2020 წლის 10 დეკემბრის ანგარიშებში ასახული ინფორმაციის შესაბამისობა, IDFI-ს მიერ ამ პერიოდში გაგზავნილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე მიღებული პასუხების პრაქტიკასთან.  

 

კვლევის ობიექტ საჯარო დაწესებულებებად შეირჩა ისეთი უწყებები, რომლებიც IDFI-ს შეფასებით  2020 წელს გამოირჩეოდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დაბალი მაჩვენებლებით. კერძოდ, კვლევა განხორციელდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2020 წლის რეიტინგის მიხევდით, 50%-ზე დაბალი შეფასების მქონე 60 საჯარო დაწესებულების მაგალითზე.

 

 

ძირითადი მიგნებები

 

-კვლევის ობიექტი 60 საჯარო დაწესებულებიდან, 18-ის 2020 წლის ე.წ. 10 დეკემბრის ანგარიში საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი;

 

-5 საჯარო დაწესებულებას, რომლებსაც 2020 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით  IDFI-ს მინიმუმ ერთ წერილზე ქონდა ერთ თვეზე მეტი ვადაგადაცილება (მათგან 2-უწყებას პასუხი დღემდე არ მოუწოდებია),  10 დეკემბრის ანგარიშში მითითებული აქვს რომ ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

-11 საჯარო დაწესებულებას, რომლებსაც 2020 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით  IDFI-ს მინიმუმ ერთ წერილზე, ქონდა ერთ თვეზე მეტი ვადაგადაცილება (მათგან 9-უწყებას პასუხი დღემდე არ მოუწოდებია),  ანგარიშში ყველა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე მინიჭებული აქვს დაკმაყოფილებული ან მიმდინარე სტატუსი;

 

-10 დეკემბრის ანგარიშებში ასახული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილება  მიღებული აქვს მხოლოდ 16  საჯარო დაწესებულებას;

 

-3 საჯარო დაწესებულებას  არ აქვს მითითებული  თუ რომელ საკანონმდებლო აქტებს ეყრდნობოდა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილებისას ან ვინ იყო მსგავსი გადაწყვეტილების მიმღები პირი;

 

-17 საჯარო დაწესებულებას  ანგარიშში საერთოდ არ აქვს ასახული  საჯარო მონაცემთა ბაზების და პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

 

 

დასკვნა/რეკომენდაციები

 

კვლევის ობიექტი უწყებების ე.წ  10 დეკემბრის ანგარიშების  მონიტორინგმა აჩვენა რომ, ხშირია შემთხვევები როდესაც საჯარო დაწესებულებები ანგარიშებში ასახავენ კანონმდებლობის მოთხოვნების ან/და რეალობასთან შეუსაბამო მონაცემებს.  მაგალითად,  საანგარიშო პერიოდში IDFI-ს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების უპასუხოდ დატოვების მიუხედავად, 10 დეკემბრის ანგარიშებში ასახული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების სრული დაკმაყოფილების მაჩვენებლები, ასევე, თვეობით ვადაგადაცილებულ წერილებზე მინიჭებული მიმდინარე სტატუსები, საჯარო დაწესებულებების მიერ ინფორმაციის არაკეთილსინდისიერ და მანიპულაციურ აღრიცხვაზე მიუთითებს.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინამდებარე ანგარიშში განხილული შეუსაბამობები, იდენტიფიცირებულია მხოლოდ IDFI-ს მოთხოვნებზე მიღებული პასუხების და 10 დეკემბრის ანგარიშებში  ასახული მონაცემების ლოგიკური შედარებით.  შესაბამისად,  შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ, ანგარიშების სრულყოფილი  შესწავლის შემთხვევაში  არსებული უზუსტობების და შეუსაბამობების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზრდება.    

 

განსაკუთრებით საყურადღებოა, მთელი რიგი საჯარო დაწესებულებების 10 დეკემბრის ანგარიშების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მონიტორინგის სრულფასოვან პროცესს.

 

IDFI მიიჩნევს რომ, 10 დეკემბრის ანგარიშების მონიტორინგის ეფექტიანობის და მსგავსი ანგარიშების სანდოობის გაზრდის მიზნით,  მნიშვნელოვანია:   

 

- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ  „10 დეკემბრის ანგარიშების“ განხილვის პროცესში, უზრუნველყოფილ იქნას ყველა საჯარო დაწესებულების 10 დეკემბრის ანგარიშის გაცნობის შესაძლებლობა; 

 

- 10 დეკემბრის ანგარიშებს დანართის სახით ახლდეს საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული წერილების და გაცემული პასუხების რეესტრი. სადაც თითოეული წერილის მიხედვით ასახული იქნება:  მიღების თარიღი, მოთხოვნის მოკლე შინაარსი, პასუხის გაცემის თარიღი და უწყების შეფასებით წერილის დაკმაყოფილების სტატუსი; უარის შემთხვევაში შესაბამისი საკანონმდებლო აქტები რომელსაც ეყრდნობოდა საჯარო დაწესებულება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის გადაწყვეტილებისას და ვინ იყო მსგავსი გადაწყვეტილების მიმღები პირი;

 

-საჯარო დაწესებულებებმა ერთიანი მეთოდოლოგიით უზრუნველყონ კონკრეტული წერილზე დამდგარი შედეგის სტატუსის განსაზღვრა. მაგალითად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილს მიენიჭოს მიმდინარე სტატუსი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ 10 დეკემბრის მდგომარეობით არ არის გასული პასუხის გაცემისთვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადა, წერილი დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საჯარო დაწესებულების მიერ კონკრეტული წერილის პასუხად გაცემულია ამომწურავი პასუხი;

 

-10 დეკემბრის მდგომარეობით, თითოეული ვადაგადაცილებული მიმდინარე სტატუსის მქონე წერილის შემთხვევაში, აღიწეროს მისი ვადის დარღვევის მიზეზი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მსგავს წერილებზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დატოვოს უპასუხოდ, რაც სამართლებრივად ნიშნავს უარს, აისახოს შესაბამის სტატისტიკაში;

 

- საჯარო დაწესებულებების 10 დეკემბრის ანგარიშებში შეუსაბამო მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში, განხილულ იქნას ანგარიშში ასახული ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხისმგებელი პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი.

 

/public/upload/01Nino/10 december.pdf

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

11 მაისს, ყოველწლიური ღონისძიება - ევროპის დღე გაიმართა, რომელიც ევროპაში მშვიდობისა და ერთიანობის დღესასწაულად ითვლება.

13.05.2024

IDFI-მ, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიწვევით, პოლონეთში ვიზიტის შედეგები და რეკომენდაციები წარადგინა

29.04.2024

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024
განცხადებები

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024

ხელისუფლების ძალადობა ვერ შეაჩერებს ქართველი ხალხის სწრაფვას ევროპული მომავლისკენ

09.05.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023