სამთავრობო OGP-ის რეგრესი საქართველოში

ბლოგპოსტები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 6 ოქტომბერი 2021

2021 წლის 20 სექტემბერს ღია მმართველობის პარტნიორობამ (OGP), რომელიც არის  საერთაშორისო ინიციატივა, 10 წლის იუბილე აღნიშნა. OGP მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მთავრობების ღიაობას, გამჭვირვალე გახადოს სახელმწიფო ფინანსების განკარგვა და გააუმჯობესოს საჯარო სერვისების მიწოდება. ღია მმართველობის პარტნიორობის ფორმატი მოიცავს სახელმწიფო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობით ჩართულობას ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნების განხორციელებაში. როგორც წესი, OGP-ის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების მონაწილეობით, შექმნილია დიალოგის ფორმატები - ე.წ. ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმები, სამუშაო ჯგუფები და საბჭოები. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული ასეთი ფორმატის მუშაობაში და აქვთ ინიციატივების და რეკომენდაციების წარდგენის უფლება სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. სამოქმედო გეგმაში შეტანილი ვალდებულებების განხორციელების საბოლოო ბენეფიციარი არიან მოქალაქეები, რომელთა უფლებებსა და ინტერესებზე დადებითი ასახვა უნდა ჰპოვოს პრაქტიკაში დანერგილმა და განხორციელებულმა OGP-ის ვალდებულებებმა.

 

საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შეუერთდა ღია მმართველობის პარტნიორობას 2011 წელს და ინიციატივის განხორციელების დასაწყისშივე განსაკუთრებული  აქტიურობით გამოირჩეოდა. თავდაპირველად, ღია მმართველობის პარტნიორობაში წარმოდგენილი იყო მხოლოდ საქართველოს მთავრობა, თუმცა OGP-ის განხორციელებას საქართველოს მხრიდან ეტაპობრივად მიუერთდნენ საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერია და მუნიციპალიტეტები. 2020 წლიდან ღია მმართველობის პარტნიორობის მიზნების განხორციელება დაიწყო აჭარის უმაღლესმა საბჭომ.

 

მიუხედავად იმისა, რომ OGP-ში, როგორც წესი, პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მთავრობები არიან განსაკუთრებულად აქტიურად წარმოდგენილი, უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მონაწილეობა ღია მმართველობის პარტნიორობაში შესუსტდა და ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ თითქმის სრულებით გაჩერდა.

 

აღსანიშნავია, რომ მიღწეული წარმატების გამო, საქართველო ორჯერ აირჩიეს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველ კომიტეტში - აქედან პირველად, აირჩიეს 2014 წლიდან 2016 წლამდე, ხოლო მეორედ, 2019 წლიდან 2022 წლამდე. ამასთან ერთად,  საქართველომ 2017 წელს გადმოიბარა OGP-ის თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან და 2018 წლის ივლისში უმასპინძლა ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტს.

 

სამიტის დასრულების შემდგომ, საკმაოდ გართულდა თანამშრომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (რომელიც იყო OGP-ის სამდივნო და საკონტაქტო უწყება საქართველოში) ხელმძღვანელობას და OGP-ის ფორუმის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის და წარმოქმნილი უთანხმოების გამო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2018 წლის ნოემბერში OGP-ის ცენტრალურ სამდივნოს მიმართეს სწრაფი რეაგირების მექანიზმის ამოქმედების მოთხოვნით და დააყენეს საკითხად ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს გადატანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს მთავრობაში. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში OGP-ის სამდივნომ 2019 წელს გადაინაცვლა, ხოლო  საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2020 წლის 13 თებერვალს შეიქმნა საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც სათათბირო ხმის უფლებით არიან წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს სახით უნდა შექმნილიყო შედარებით ეფექტური ინსტრუმენტი, საქართველოს მთავრობაში OGP-ის სამდივნოს გადატანის შემდეგ, 2019 წლიდან არ შემუშავებულა OGP-ის ახალი სამოქმედო გეგმა.

 

OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი სახელმწიფო უნდა იყოს გამორჩეული და მაგალითის მიმცემი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების თვალსაზრისით. თუმცა, საქართველოს მთავრობა აღნიშნულისგან განსხვავებით, საკუთარი პასიურობით, სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების უარყოფით მაგალითს აჩვენებს როგორც საკუთარ მოქალაქეებს, ასევე, ღია მმართველობის პარტნიორობის სხვა წევრ სახელმწიფოებს.

 

ღია მმართველობის პარტნიორობის დამოუკიდებელი ანგარიშგების მექანიზმში (IRM), რომელიც საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის შედეგების გარდამავალ ანგარიშს წარმოადგენს, მითითებულია, რომ „საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში მოცემული 28 ვალდებულებიდან, ნახევარი (14) უმეტესწილად ან სრულად შესრულდა. შესაბამისად, ვალდებულებების დასრულების მაჩვენებელი მცირედით შემცირებულია 2016-2018 წლების გეგმასთან შედარებით, სადაც 24-იდან 16 ვალდებულება (67%) უმეტესწილად ან სრულად იყო შესრულებული. შემცირებული მაჩვენებელი განაპირობა შეზღუდულმა ფინანსურმა და ადამიანურმა რესურსმა, აგრეთვე ტექნიკურმა სირთულეებმა (განსაკუთრებით იმ ვალდებულებების შემთხვევაში, რომლებიც გულისხმობდა ვებგვერდების განახლებას). ზოგიერთი ვალდებულების შემთხვევაში, დროულად ვერ მოხდა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, ხოლო ნაწილში, მთავარი გამოწვევა სუსტი დაგეგმვა და კოორდინაცია აღმოჩნდა“.

 

2020 წლის დასაწყისში, ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნომ დაიწყო ინიციატივების შეგროვება სამოქალაქო სექტორიდან ახალი სამოქმედო გეგმის ვალდებულებებისთვის, თუმცა პროცესი ინიციატივების შეგროვებისა და აღნიშნულ ინიციატივებზე სახელმწიფო ორგანიზაციების უკუკავშირის მიღების შემდეგ არ გაგრძელებულა.

 

2021 წელს, ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნომ, ანალოგიური პროცესი წამოიწყო სამოქალაქო სექტორის მხრიდან ინიციატივების მიღების თვალსაზრისით, თუმცა ამ დროისთვის მდგომარეობა უცვლელია და ქმედითი ნაბიჯები სამდივნოსა და სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით არ გადადგმულა. რამდენიმე წლის განმავლობაში აღნიშნული უმოქმედობის შედეგად:

 

(1)   მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც არის OGP-ის მმართველის კომიტეტის მოქმედი წევრი, გამოუსწორებლად დაზარალდა საქართველოს იმიჯი, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფოსი სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და ვალდებულებების განხორციელების მხრივ;

(2)   ფორმალურ ხასიათს ატარებს და რეალურად არანაირი პროგრესი არ არის სახეზე OGP-ის ფორუმის მუშაობის თვალსაზრისით, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ტრადიციული თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში;

(3)   დაიკარგა სინერგია სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და თანამშრომლობით პლატფორმებთან მიმართებაში.

 

შექმნილი გამოწვევების გადასაწყვეტად, მნიშვნელოვანია აღდგეს საქართველოს OGP-ის ფორუმის სამუშაო პლატფორმა და 2021 წლის ბოლომდე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, მოხდეს ღია მმართველობის პარტნიორობის ამბიციური და პრობლემების გადაწყვეტაზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმის მიღება.

 

___

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024