ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამომწვევი მიზეზები და საფრთხეები

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 2 ოქტომბერი 2015

ავტორი: ირაკლი დოღონაძე (ეკონომისტი)

სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020"

 

2014 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესმა პრობლემები შეუქმნა საზოგადოებას და ქვეყნის ეკონომიკას მთლიანად. ლარის გაუფასურებაზე მრავალმა ფაქტორმა იმოქმედა ნეგატიურად, რომლიდანაც ზოგიერთი სამწუხაროდ დღესაც აგრძელებს ზემოქმედებას.

 

აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ყალიბდება „ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში ქართული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ადგილობრივი ფილიალების მიერ ერთმანეთში ვაჭრობის შედეგების საფუძველზე, რა დროსაც დგინდება დღის განმავლობაში თითოეული გარიგების მოცულობის მიხედვით საშუალო შეწონილი კურსი, რომელიც ოფიციალურად მომდევნო დღისთვის შედის ძალაში.

 

საქართველოში ფუნქციონირებს თავისუფლად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რომელიც მოკლევადიან პერიოდში მერყეობებით ხასიათდება, მაგრამ ამავე დროს ითავსებს შოკების შთანთქმის ფუნქციას, რის შედეგადაც გრძელვადიან პერიოდში სტაბილურია. ასეთ პირობებში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ყალიბდება მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედების შედეგად.

 

საქართველოში განვლილ პერიოდში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარზე წარმოქმნილ მოთხოვნაზეც და მიწოდებაზეც სხვადასხვა ფაქტორები ახდენდა გავლენას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია გამოვყოთ როგორც გარე, ისე შიდა ფაქტორებიც.

 

გარე ფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

 

  • აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის განაცხადი რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკის დასრულების თაობაზე და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მოლოდინები;
  • მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების ვარდნა;
  • რეგიონში დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარება და კონფლიქი უკრაინაში;
  • აზერბაიჯანში ევრო-4 სტანდარტის შემოღება (2014 წლის სექტემბრიდან) და ჩვენი ქვეყნიდან ავტომობილების რეექსპორტის შეზღუდვა აზერბაიჯანში;
  • საქართველოს ექსპორტის კლება, იმპორტის ზრდა (2014 წლის დეკემბერში) და მთლიანობაში სავაჭრო დეფიციტის გაუარესება;
  • უცხოური საინვესტიციო ნაკადების ზრდის ტემპის შემცირება;
  • მიმდინარე ტრანსფერების (ფულადი გზავნილების) შემცირება;
  • უცხოელ ინვესტორთა კუთვნილი დივიდენდების გატანა;
  • საგარეო ვალების გასტუმრება;
  • ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ტემპების შენელება და სხვ.


შიდა ფაქტორებს კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკა, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ნაწილი, და მეორე მხრივ, ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში შიდა ვალზე დამოკიდებულების ზრდა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ვახსენთ ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის შერბილებული მონეტარული პოლიტიკა, რომლის მეშვეობითაც ლარში განთავსებული ფინანსური აქტივების შემოსავლიანობა მცირდებოდა, უცხოურ ვალუტაში განთავსებული ფინანსური აქტივების შემოსავლიანობასთან შედარებით, რის შედეგადაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა გარკვეულწილად იზრდებოდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლარის გაუფასურებაზე შიდა ფაქტორების ზეგავლენა უმნიშვნელო იყო საგარეო ფაქტორების ზეგავლენასთან შედარებით.

 

2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში ექსპორტი წინა წლის ანალოგიური თვეების ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით 28%-ით შემცირდა, ხოლო 2015 წლის იანვარ-ივლისში წინა წლის ანალოგიური შვიდი თვის ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით ექსპორტი 24%-ით არის შემცირებული.

 

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს, 2014 წლის დეკემბერში ექსპორტის შემცირებასთან ერთად ადგილი ქონდა იმპორტის ზრდასაც (5%-ით), რამაც კიდევ უფრო გააღრმავა სავაჭრო დეფიციტი და ნეგატიური ზეწოლა მოახდინა ლარის გაცვლით კურსზე. 2015 წლის იანვარი-ივლისის ჯამური მაჩვენებლები წინა წლის ანალოგიური თვეების ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 11%-ით. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს მცურავი გაცვლითი კურსის მიერ შოკების შთანთქმის უნარს.

 

გარდა ექსპორტ-იმპორტისა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ სხვა ფაქტორებიც, კერძოდ ფულადი გზავნილების (ჩარიცხვების) საკითხიც. 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფულადი გზავნილების-ჩარიცხვების მაჩვენებელი შემცირებულია 21%-ით, რაც მეტწილად რუსეთიდან ჩარიცხვების შემცირებას უკავშირდება. რაც შეეხება 2015 წლის იანვარი-ივლისის მაჩვენებელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იგი შემცირებულია 34%-ით, რაც ნეგატიურად აისახა ლარის გაცვლით კურსზე.

 

თავის მხრივ, რუსეთიდან გზავნილების შემცირება გამოწვეულია რუსული რუბლის გაუფასურების შედეგად (ქართველი ემიგრანტების დაზოგილი თანხების უცვლელობის შემთხვევაშიც კი) დოლარში გამოხატული გზავნილების მოცულობის შემცირებით. მაგალითად, თუკი რუსული რუბლის გაუფასურებამდე ქართველი ემიგრანტის მიერ დაზოგილი (პირობითად) 10 ათასი რუბლი დოლარებში 250 აშშ დოლარს შეადგენდა, უკვე რუბლის გაუფასურების შემდეგ იგივე თანხამ დოლარებში გადახურდავების შემდეგ 150 აშშ დოლარი შეადგინა, რამაც შეამცირა საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული დოლარის ნაკადები.

 

მთლიანობაში, მნიშვნელოვნად გაუარესდა ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. 2014 წლის მე-4 კვარტალში ამ მაჩვენებელმა 629 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44,6%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება 2015 წლის პირველ კვარტალს, ამ პერიოდში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 464 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29,2%-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია საგარეო ვალების გასტუმრების საკითხიც. 2015 წლის 31 მარტის მდგომარეობით ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 13 მლრდ 434 მლნ დოლარს შეადგენდა, საიდანაც დაახლოებით 30% მოდის მთავრობის საგარეო ვალის წილად, ბანკები – 20%, სასესხო ვალდებულებები პირდაპირ ინვესტორებთან – 21%, ხოლო სხვა სექტორების წილი კი 26%-ია. ბუნებრივია, ასეთი დიდი მოცულობის ვალების გასტუმრება ადრე თუ გვიან საჭიროებს შესაბამისი მოცულობის უცხოურ ვალუტასაც. შესაბამისად, როდესაც საგარეო ვალების გასტუმრების პროცესი აქტიურდება, ავტომატურად იზრდება მოთხოვნა აშშ დოლარზეც. ამ მხრივ, საინტერესოა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ საქართველოს ჯამურად 2014 წლის მე-3 და მე-4 კვარტალში 1,5 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის ვალის გასტუმრება მოუწია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2015 წლის 31 მარტისათვის ქვეყანას დაუყოვნებლივ გადასახდელი ჰქონდა 1,4 მლრდ დოლარის მოცულობის ვალი, ხოლო წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, 2,3 მლრდ დოლარის ვალი არის გასასტუმრებელი, რაც ზრდის უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას.

 

აგრეთვე, მნიშვნელოვანია შევეხოთ სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხსაც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი, სადაც შიდა ვალის ზრდა, 2015 წლის კანონით, 600 მლნ ლარით არის განსაზღვრული. აღნიშნული მოცულობის ვალის აღება სასესხო კაპიტალის შიდა ბაზარზე საპროცენტო განაკვეთებს გაზრდისკენ უბიძგებს, თუმცა ამავე დროს საგარეო ფაქტორებით განპირობებული დეფლაციური ზეწოლისა და ინფლაციის თარგეთირების მონეტარული რეჟიმის პირობებში საქართველოს ეროვნული ბანკი საპროცენტო განაკვეთების სტაბილურ დონეზე შესანარჩუნებლად აქტიურად იყენებდა მის ხელთ არსებულ მონეტარულ ინსტრუმენტებს. ამ მხრივ, აღნიშვნის ღირსია რეფინანსირების სესხები, რომელსაც ეროვნული ბანკი 2008 წლის სექტემბრიდან იყენებს. აღნიშნული სესხები ერთკვირიანი ვადის მქონეა, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ახდენს საბანკო სექტორისათვის მოკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდებას საჭიროების შემთხვევაში. ამ ინსტრუმენტის მიზანს წარმოადგენს ბანკთაშორის საკრედიტო ბაზარზე მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების მართვა.

 

რაც შეეხება ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად მოსალოდნელ საფრთხეებს, ამ მხრივ აუცილებელია გამოვყოთ კრედიტების მომსახურების ხარჯების ზრდა და საბანკო პორტფელის ხარისხის გაუარესება, გამომდინარე იქიდან, რომ სესხების 60%-ზე მეტი უცხოურ ვალუტაში არის აღებული. მოსალოდნელი საფრთხეებიდან ასევე აუცილებლად უნდა გამოვყოთ ინფლაციური პროცესების (რომელიც უკვე დაწყებულია) უფრო მეტად გააქტიურება და მოსახლეობის წმინდა შემოსავლების შემცირება, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

 

ყოველი ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ფისკალური და მონეტარული ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია. ასევე, აუცილებელია ინვესტიციების მოზიდვის, ტურისტებისა და შესაბამისად ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის უფრო მეტად ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია ბიზნესისათვის სამართლებრივი გარემოს დახვეწა და ექსპორტის წახალისება საკანონმდებლო დონეზე, რაც მათ განვითარებას და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს.

 

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელნი სტატიის შინაარსზე

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველო 2011-2012 წლების ნიშნულს დაუბრუნდა

27.12.2024

დამარცხების ფასი: ბელარუსის 2020-2021 წლის პროტესტის გაკვეთილები

27.12.2024

შსს-ს კვებით მომსახურების ტენდერში შპს “ჰოსპიტალს ქეთერინგს სისტემსი” იმარჯვებს

26.12.2024

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024