Covid 19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვები

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 24 აპრილი 2020

2020 წლის 26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მას შემდეგ თითქმის 2 თვე გავიდა, 21 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, დაწესდა რიგი შეზღუდვები საქალაქთაშორისო და ქალაქში გადაადგილებაზე. აღნიშნულმა ცვლილებებმა რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა სახელმწიფო შესყიდვების სისტემაზე. ახლა სახელმწიფო ვირუსთან ბრძოლის და შესაბამისად სწრაფი რეაგირების რეჟიმშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭირო პროდუქციის/მომსახურების შესასყიდად დრო შეზღუდულია. ამის გამო, სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა პირდაპირი ვალდებულებაა ვირუსთან სხვა და სხვა მიმართულებით ბრძოლა, აღარ სარგებლობენ ელექტრონული ტენდერებით, რომელსაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. სახეზეა გადაუდებელი აუცილებლობა, რაც შესყიდვების კანონმდებლობით გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და სახელმწიფო სტრუქტურას საშუალებას აძლევს საჭირო პროდუქტი შეიძინოს ტენდერის გარეშე, პირდაპირი გზით. ამისათვის, უწყებას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა სჭირდება. თუმცა არსებული ვითარებიდან გამომდინარე, წინასწარი თანხმობის მოთხოვნაზე მეტად გვხვდება უკვე შეძენილ პროდუქტზე/მომსახურებაზე შესყიდვის შემდგომ შეთანხმება.

 

IDFI დაინტერესდა რა თანხები იხარჯება არსებულ ვითარებაში უტენდეროდ, რომელ პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე მოდის თანხის უმეტესი ნაწილი და რომელ კომპანიებში მიდის აღნიშნული თანხები. წინამდებარე ანალიზისთვის გამოყენებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების მოდულის (SMP მოდული) მონაცემები 18 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით. შესყიდვები ორ ძირითად კატეგორიას მოიცავს: სამედიცინო მოწყობილობები და სასტუმროს მომსახურება საკარანტინოდ.

 

 

სამედიცინო მოწყობილობები

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამარტივებული შესყიდვები Covid 19-ის ფარგლებში

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტრომ პირველი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიზნობრიობად კორონავირუსთან ბრძოლა იყო მითითებული,  18 მარტს გააფორმა. მას შემდეგ, დღემდე ჯამში განხორციელებულია 33 გამარტივებული შესყიდვა, რომელთა საერთო ღირებულება 10 მილიონ 520 ლარზე მეტს შეადგენს.

 

სამედიცინო მოწყობილობები, თავის მხრივ მრავალ განსხვავებულ პროდუქტს მოიაზრებს. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს შესყიდვებში როგორც ფასის, ისე რაოდენობის კუთხით, ჭარბობს პირბადეები. შემდეგ კი სპეციალური სამედიცინო ტანსაცმელი, ქირურგიული ხალათი და ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი. (იხ. გრაფიკა).

 

აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ ასევე შეიძინა 30 ერთეული ხელოვნური სუნთქვის აპარატი. ეს შესყიდვა 18 მარტს განხორციელდა და ჯამში 616 ათას ლარზე მეტი დაჯდა.

 

 

 

 

ვირუსისგან დამცავი პირბადეები

 

ირბადეების ადგილობრივი წარმოება

რაც შეეხება პირბადეებს, ამ კუთხით ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების მიმართ მრავალი კითხვა ჩნდება. მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა რომ საერთაშორისო ბაზარზე გაჩნდა პირბადეების დეფიციტი, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით მოეგვარებინა არსებული პრობლემა.

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ “აწარმოე საქართველოში” ვებ გვერდზე გაჩნდა პირბადეების წარმოების სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა, რომლის შევსება პირბადეების წარმოებით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სარეგისტრაციო ფორმის გახსნისთანავე ვხვდებით შესაკერი პირბადეების სპეციფიკაციას, რომელიც ე.წ. დოლბანდის პირბადეა:

 

 

 

როგორც მოგვიანებით პროექტში ჩართულმა მწარმოებელმა კომპანიებმა აღნიშნეს, მათ მთავრობა აწვდით პირბადისათვის საჭირო მასალას. ამის მიუხედავად, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თითო პირბადის წარმოება 1 ლარზე მეტი ჯდება, ბაზარზე გამოტანილი პირბადეების ფასის სუბსიდირებას კი სახელმწიფო ახდენს, რის ხარჯზეც, მოსახლეობისთვის პირბადის ფასი 0.50 ლარს შეადგენს.

 

სსიპ “აწარმოე საქართველოში” ვებ გვერდის მიხედვით, ამ ეტაპზე პროექტში შემდეგი კომპანიები არიან ჩართულნი:

 

 

ირბადეების სახელმწიფო შესყიდვები

 

გარდა ადგილობრივი წარმოებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეები სახელმწიფო შესყიდვების გზითაც შეიძინა. ამისათვის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. განხორციელდა 10 შესყიდვა ექვსი კომპანიისგან.

თითოეულ შემთხვევაში ერთეული პირბადის ფასი განსხვავებული იყო:

 

 

როგორც მოცემული ცხრილიდან ჩანს, ერთეული პირბადის ყველაზე დაბალი ფასი 0.85 ლარია. აღნიშნული შესყიდვის ხელშეკრულებაში თანხა ამერიკული დოლარის ვალუტაშია მითითებული და ინვოისის მიხედვით, თითო სამშრიანი პირბადის ღირებულება 0.27 ცენტია. ხელშეკრულება 6 აპრილსაა დადებული, შესაბამისად, სავარაუდო ფასის გამოსაანგარიშებლად მითითებული თანხა სწორედ ამ დღის კურსზეა გამრავლებული. იმავე მომწოდებელი კომპანიისგან სამინისტრომ შეიძინა ორი განსხვავებული სახეობის ე.წ. N95 პირბადეები, რომელთა ფასები დაახლოებით 5 ლარია.  პირბადეების გარდა სამინისტრომ ამ კომპანიისაგან შეიძინა უკონტაქტო თერმომეტრები, სპეციალური სამედიცინო ტანსაცმელი და ბახილები, რაშიც ჯამში 1 მილიონ 330 ათას დოლარამდე გადაუხადა (6 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსით[1] 4 მილიონ 200 ათას ლარამდე). შპს Weekend-ის 100% წილის მფლობელი ბონდო გოლეთიანია. ის მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. კერძოდ, ბონდო გოლეთიანმა ზურაბიშვილს წინასაარჩევნოდ 25,000 ლარი შესწირა, ხოლო მისმა ბიზნეს პარტნიორმა, ჭიჭიკო გოლეთიანმა კი - 35,000 ლარი. გოლეთიანის კიდევ ერთ ბიზნეს პარტნიორს, შალვა ერისთავს 60,000 აქვს შეწირული სალომე ზურაბიშვილისთვის.

 

რიგით მეორე ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანია შპს “ად მედიაა”. მათი პირბადეების ფასმა 0.93 ლარი შეადგინა, თუმცა სულ 40,000 პირბადის შეკვეთა მიიღო. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი მეწილე სერგო გალუსტიანია. ის 100%-იან წილს ფლობს კომპანია “რესპირატორში”, რომელიც 3 დღის წინ, 15 აპრილს დაარსდა და ფონდ ქართუსთვის 4 მილიონ პირბადეს კერავს. გალუსტიანმა სალომე ზურაბიშვილს 2018 წელს 60,000 ლარი შესწირა, ასევე 40,000 ლარიანი შემოწირულობა ქართული ოცნებისთვისაც აქვს გაღებული.

 

საყურადღებოა, რომ ხელშეკრულება 26 მარტს გაფორმდა შპს “ქართულ ტექსტილთან” 500,000 ცალი სამშრიანი პირბადის შეძენაზე, რომელიც 8 აპრილს დაკორექტირდა და ცვლილებების მიხედვით სამინისტრომ 100,000 სამშრიანი პირბადე 114,000 ათას ლარად შეიძინა, შესაბამისად, ერთი ცალი პირბადის ფასმა 1 ლარი და 14 თეთრი შეადგინა.

 

სწორედ შპს “ქართულ ტექსტილთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მეორე შესყიდვა 30 მარტს განხორციელდა. შპს “სავაჭრო ჯგუფთან”თავდაპირველად ხელშეკრულება 681,000 ათასი ლარის ღირებულების იყო, რაც ნიშნავს, რომ კომპანია თითო პირბადეს 1.50 ლარად ყიდდა, პირველ კომპანიაზე ძვირად.  თუმცა 2 აპრილს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა ამჯერად სამინისტრომ 454,000 სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი 589,000 ლარად შეისყიდა. ცვლილებით შეკვეთილი პირბადეები ორ ნაწილად გაიყო: 400,000 პირბადე - თითოს ფასი 1 ლარი 27 თეთრი (ჯამში 508,000 ლარი) და 54,000 პირბადე - თითოს ფასი 1 ლარი და 50 თეთრი (ჯამში 81,000 ლარი). ხელშეკრულების პირობის თანახმად, 54,000 ათასი ცალი პირბადის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დადების დღესვე, 30 მარტს. ამ კომპანიასთან შემდეგი ხელშეკრულება სამინისტრომ უკვე 3 აპრილს გააფორმა და 500,000 პირბადე შეუკვეთა, თითოს ფასმა ისევ 1.27 ლარი შეადგინა.

 

3 აპრილს სამინისტრომ შეისყიდა პლასტიკის ნიღბები, 20 ათასი ერთეული  44,000 ლარად, შესაბამისად თითო ნიღბის ფასმა შეადგინა 2 ლარი და 20 თეთრი. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული პროდუქტი სამინისტრომ შპს “ედვინგსისგან” შეიძინა. ეს კომპანია 2019 წლის 12 მარტს არის რეგისტრირებული, არ აქვს ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით მიღებული ხელშეკრულებები უფიქსირდება. გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის პირველი ხელშეკრულება კომპანიამ 6 თვის წინ მიიღო. ამასთან, თანხობრივად ყველაზე მსხვილი კონტრაქტი, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვაში დაფიქსირდა. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი თაქთაქიშვილი, 2014 წელს ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს შემომწირველი იყო.

 

გარდა სხვადასხვა სახის ნიღბებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ დიდი რაოდენობის ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი შეიძინა. ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც აღნიშნული კომბინიზონების შესყიდვის ხელშეკრულება 6 აპრილს გაფორმდა შპს “ჯეოფერუმია”, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო ლითონის სამშენებლო მასალების რეალიზაციაა. კომპანია 2019 წლს დაარსდა და მას შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. ამ შესყიდვით კი “ჯეოფერუმმა”  ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო და სანაცვლოდ, 10 სამუშაო დღის ვადაში 14,100 ერთეული ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონის მიწოდების ვალდებულება აიღო. კომპანიის დამფუძნებელი ლევან ლურსმანაშვილია. საინტერესოა, რომ ის 100%-იან წილს ფლობს შპს “ჯეოორთოში”, რომელიც სამედიცინო მოწყობილობების იმპორტიორი კომპანიაა და მრავალ ტენდერშიც გაუმარჯვია. სავარაუდოდ, მიზეზი, რის გამოც ლურსმანაშვილმა ამ კომპანიის სახელით ვერ მიიღო ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულება ისაა, რომ შპს “ჯეოორთო” ამჟამად შესყიდვების შავ სიაშია შეყვანილი (ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენისათვის).

 

ლურსმანაშვილს 2016 წელს ქართული ოცნებისთვის 25,000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილისთვის - 10,000 ლარი.  ლურსმანაშვილი ფლობს 50%-იან წილს შპს “ტანდემშიც”, რომლის დანარჩენ ორ მეწილეს, დავით კაპანაძესა და მამუკა ხელაიას ჯამში 50,000 ლარი აქვთ შეწირული ქართული ოცნებისთვისა და სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიისთვის.

 

სასტუმროების საკარანტინოდ მოწყობა

 

სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სასტუმროებში საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად გამარტივებული შესყიდვის 87 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა საერთო ღირებულება 25 მილიონ 579 ათასი ლარია.  ცხრილში[2] მოცემულია იმ სასტუმროების ჩამონათვალი, რომლთა დაქირავება სახელმწიფოს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უჯდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე სასტუმროსთან განმეორებითი ხელშეკრულებებია დადებული.

 

 

 

როგორც ზემოთ მოცემული ცხრილიდან ჩანს, ყველაზე დიდი თანხა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში “კურორტ საირმესთანაა” გაფორმებული, სახელმწიფოს 210 ოთახის (კვებით და დეზინფექციით) ორი თვით დაქირავება 2 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

 

ყველაზე დაბალი თანხა თბილისის სასტუმრო “იბიზ სთაილს თბილისისთვისაა” გადახდილი, რომელშიც სახელმწიფოს მხოლოდ დეზინფექციის თანხის, 3,004 ლარის ანაზღაურება მოუწია, 100 ოთახისა და სამჯერადი კვების მომსახურება სასტუმრომ უსასყიდლოდ გაიღო.

ანალოგიურად მოიქცა სასტუმრო “ამბასადორი კაჭრეთიც”, სადაც 155 ოთახის ოთახი და მოქალაქეების სამჯერადი კვების მომსახურება უსასყიდლოდ გაიღო, სახელმწიფომ თანხა მხოლოდ დეზინფექციაში გადაიხადა, რაც ჯამში 7,500 ლარი დაუჯდა.

 

რაც შეეხება ერთეული ოთახის ფასებს, ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი ფასი, 140 ლარი, “კურორტი საირმისა” და გუდაურის “ალპინას” ხელშეკრულებებში ფიქსირდება. ხოლო ყველაზე დაბალი - 23.60 ლარი, თბილისის “Holiday Inn”-ის ხელშეკრულებაში.

 

სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში ყველაზე მეტი, 345 ოთახი, ბათუმის სასტუმრო “ეიფორიისგან” იქირავა, რაც 1,408,000 ლარი დაუჯდა. აღნიშნული სასტუმროს მესაკუთრეა სს “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმი”, რომელიც სხვადასხვა დასახელების სასტუმროებს ფლობს როგორც ბათუმში, ასევე თბილისში. ჯამურად ამ კომპანიამ 25 მარტის შემდეგ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის 5 ხელშეკრულება მიიღო, რომელთა საერთო ღირებულებამ 2 მილიონ 363 ათას ლარს გადააჭარბა.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სასტუმროებში საკარანტინო სივრცეების მოწყობისათვის 4 მილიონ ლარამდე დახარჯა.

 

 

აჭარის შემთხვევაში, ყველაზე მაღალი ჯამური ფასი სასტუმრო ველმონდში დაფიქსირდა, ერთეული ოთახის ყველაზე მაღალი ფასი, 80 ლარი კი სასტუმრო “მარიას” ხელშეკრულებაში გვხვდება.

სასტუმრო ინტურისტების მომსახურების საფასური 428,000 ლარია, რომელიც ასევე ზემოთ ნახსენებ სს “მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს” ეკუთვნის.

 

 

წინამდებარე დოკუმენტში ასახული მონაცემები მოიცავს მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში Covid 19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების ანალიზს, მხოლოდ ორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, კვლევამ მაინც აჩვენა, გამარტივებული შესყიდვების შემდეგი პრობლემები:

 

- გამარტივებული შესყიდვების დროს, არსებობს რისკი,  რომ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები  კონცენტრირდეს მმართველი პარტიის შემომწირველ ან მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან, შესაბამისად, აუცილებელია დეტალურად დასაბუთდეს რატომ შეირჩა კონკრეტული კომპანია და რა უპირატესობა გააჩნდა მას სხვა კომპანიებთან შედარებით;

 

- გამარტივებული შესყიდვებისას არ ხდება შესასყიდი პროდუქტის ზუსტი სპეციფიკაციების სისტემაში ატვირთვა, ისევე როგორც მიმწოდებლის მხრიდან შეთავაზებული პროდუქციის დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის მიწოდებული პროდუქციის ხარისხის შეფასებას, რამაც ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა პირბადეების შემთხვევაში.

 

- კონკურენციის არარსებობიდან გამომდინარე, გაურკვეველია, რა პრინციპით უფორმდებათ კონკრეტულ კომპანიებს ხელშეკრულებები. ხოლო, რადგან შეუძლებელია პროდუქტის ხარისხის შეფასება, ასევე გაურკევველია რის საფუძველზე ხდება ამ ხელშეკრულებების შეწყვეტა და იგივე პროდუქტის  უფრო მაღალ ფასად სხვა კომპანიებისგან შეძენა.

 

საგანგებო მდგომარეობის დროს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზი  ცხადყოფს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, სახელმწიფო შესყიდვების კუთხით, საბიუჯეტო თანხების არასწორი ხარჯვის რისკების შემცველია და საჭიროებს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და მუდმივ მონიტორინგს.

 

IDFI გეგმავს მომავალშიც გააგრძელოს პანდემიის პირობებში განხორციელებული გამარტივებული შესყიდვების სხვადასხვა მიმართულების კვლევა და პროცესის მიმდინარეობის შეფასება.

 

____

 

[1]6 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი - 3.1576 წყარო: ეროვნული ბანკი;

[2] სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ ბმული.

 

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024