არასამთავრობო ორგანიზაცია „საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის ინსტიტუტის" მიერ ახლადგახსნილი ვებ-პორტალი www.opendata.ge მოპოვებულ საჯარო ინფორმაციებს აქვეყნებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არასამთავრობო ორგანიზაციამ ჯერჯერობით ვერ მიიღო მოთხოვნილი ინფორმაცია ბიუჯეტის, სახელფასო ფონდების და პრემიების, მივლინებების, სარეზერვო ფონდების, ავტოპარკის ხარჯების, საკომუნიკაციო ხარჯების, სახელმწიფო შესყიდვების, სახელმწიფო ქონების და დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ.
ვებ-გვერდზე მხოლოდ პრეზიდენტის 2009 წლის ქონებრივი დეკლარაციაა წარმოდგენილი, რომლითაც ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის სამუშაოს შესრულებისთვის 2009 წელს 59 ათასი ლარი მიუღია.
მთავრობის კანცელარიიდან www.opendata.ge -მ მხოლოდ გარკვეული ინფორმაცია მოიპოვა. გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ პრემიერ მინისტრის ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 4250 ლარს. მთავრობის კანცელარიაში მინიმალური ხელფასი 300 ლარია, საშუალო ხელფასი კი 1700 ლარი. პრემიების შესახებ კი „საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის ინსტიტუტს" კანცელარიიდან ინფორმაცია არ მიაწოდეს.
დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციებით ირკვევა, რომ მინისტრები და მათი მოადგილეები ხელფასთან ერთად ყოველთვიურად იღებენ პრემიასაც, რაც თითქმის ყველა შემთხვევაში ან ხელფასის ოდენობის თანხაა, ან ოდნავ ნაკლები.
იუსტიციის სამინისტრომ გამოთხოვილი ინფორმაცია ორგანიზაციას სრულად არ მისცა და ეს იმით დაასაბუთა, რომ კონკრეტულად რომელმა თანამშრომელმა რა თანხა მიიღო წლის განმვალობაში პრემიის სახით, ამის შესახებ ინფორმაციის გაცემის უფლება ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს, ამ ადმაიანების თანხმობის გარეშე.
თუმცა www.opendata.ge -ზე გამოქვეყნებულია იუსტიციის სამინისტრის მიწოდებული თანამშრომელთა ჩამონათვალი და მინისტრის მიერ 2009-2010 წლებში მიღებული შრომის ანაზღაურება. ზურაბ ადეიშვილს 2009 წელს - 42 480 ლარი მიუღია, 2010 წლის 1 ნოემბრამდე კი - 35 400 ლარი. გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრსაც სხვა მინისტრების მსგავსად ყოველთვიური ხელფასი 3540 ლარი აქვს.
მინისტრის სამ მოადგილეს 2009 წელს საერთო ჯამში მიღებული აქვთ 336 110 ლარი, 2010 წლის 1 ნოემბრამდე კი - 286 460, 20 ლარი
სულ სამინისტროს თანამშრომლებს 2009 წელს 3 864 793, 66 ლარი მიუღიათ, 2010 წელს კი - 3 296 953, 79 ლარი.
საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის განკუთვნილი 10 დღიანი ვადა ფინანსთა სამინისტრომაც დაარღვია და არასამთავრობო ორგანიზაციას სამინისტროს თანამშრომელთა სია თანამდებობის მიხედვით და თითოეული მათგანის თანამდებობდრივი სარგოს შესახებ (ცალ-ცალკე) ინფორმაცია არ მიაწოდა.
„საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალობის ინსტიტუტს" ინფორმაციის ძირითადი ნაწილი საერთოდ არ მიაწოდა თბილისის მერიამ. მოთხოვნების მცირე ნაწილს კი მუნიციპალიტეტმა არაადექვატურად უპასუხა. ერთადერთი დოკუმენტი, რაც სრულადაა წარმოდგენილი, 2010 წლის თბილისის ბიუჯეტია. ეს დოკუმენტი კი მერიის ვებ-გვერდზე აქამდეც საჯარო იყო.
ხელმისაწვდომია გიგი უგულავას მიერ შევსებული დეკლარაცია, სადაც აღმოჩნდა, რომ უგულავას არანაირი ქონება არ გააჩნია, არც სახლი, არც ავტომობილი, მას 2008 წლის განმავლობაში მერის თანამდებობაზე 63 720 ლარი მიუღია. მას ან მისი ოჯახის წევრს არ ჰქონია ამის გარდა არც შემოსავალი და არც არანაირი გასავალი, რომელიც 1500 ლარზე მეტი იქნებოდა.
"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან მოპოვებულ თბილისის მერის 2008 წლის ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს, რომლიდანაც ჩანს, რომ გიგი უგულავა 2008 წელს არანაირ ქონებას არ ფლობდა, სამუშაოს შესრულებისთვის კი ამ წელს, პრეზიდენტზე მეტი თანხა, 63 720 ლარი მიუღია. "ლიბერალის" მიერ მოძიებული მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის ქონებრივი დეკლარაციი მიხედვით, 2008 წელს პრეზიდენტს სულ 54 075 ლარი აქვს მიღებული.
რაც შეეხება მივლინებებს, ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მხოლოდ კულტურის მინისტრის მივლინებებისთვის 2010 წელს, 9 თვის განმავლობაში 123 976, 25 ლარია დახარჯული. მთლიანობაში კი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ იანვრიდან ოქტომბრამდე მივლინებებისთვის 199 175, 37 ლარი გამოყო. პრემიების შესახებ სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციას განსაზღვრულ ვადაში ინფორმაცია არ მიაწოდა.
მართალია სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის განსაზღვრული ვადები დაარღვია, მაგრამ "ინფორმაციის თავისუფლების განვითარებისინსტიტუტს" მობილურ ტელეფონებზე 2009 -2010 წლებში გაწეული ხარჯების შესახებ მაინც მიაწოდა ინფორმაცია. გამოქვეყნებული მასალებით ირკვევა, რომ სამინისტროს სატელეფონო საუბრებისთვის 2009 წელს 49 146 ლარი დაუხარჯავს, 2010 არასრულ წელს კი - 37 562 ლარი.
სამივლინებო ხარჯებისთვის 2009 წელს სამინისტრომმ 556 586 ლარი დახარჯა, 2010 წლის 9 თვის განმავლობაში კი -238 737 ლარი.
განსაზღვრული ვადა არ დაურღვევია სახელმწიფო მინისტრის აპარატს რეინტეგრაციის საკითხებში და არასამთავრობო ორგანიზაციას მოთხოვნილი ინფორმაცია სამინისტროს თანამშრომელთა სახელფასო ფონდისა და პრემიების, ასევე სატელეფონო ხარჯების შესახებ დროულად მიაწოდა.
ირკვევა, რომ თემურ იაკობაშვილს 2009 წელს ხელფასისა და პრემიის სახით 88 500 ლარი მიუღია, ხოლო მობილურ ტელეფონზე მისი საუბარი ქვეყნის ბიუჯეტს 2009 წელს 26 ათასი ლარი დაუჯდა, 2010 წელს კი - 40 866 ლარი.