სამინისტროებსა და სსიპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმების პრაქტიკა

სიახლეები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 15 სექტემბერი 2020

საქართველოში საჯარო სამსახურში დასაქმების წესები რეგულირდება საქართველოს კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“, რომელიც ძალაში 2017 წლის ივლისიდან შევიდა. ამ კანონით საჯარო მოსამსახურეთა სახეებია:  პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

 

პროფესიული საჯარო მოხელე უვადოდ ინიშნება საჯარო დაწესებულებაში, მაშინ როდესაც შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი დროებით ან არამუდმივ ამოცანებს ასრულებს, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის პოზიცია პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთან, ეხმარება მას და მისი უფლებამოსილების ვადით ინიშნება.  

 

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული  პირის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა შეადგენს 4,000 ლარს, ხოლო ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოს ზღვრული ოდენობა 6,000 ლარს, თუმცა, კანონი ასევე ითვალისწინებს გამონაკლისი შემთხვევების დაშვების წესს.

 

საჯარო მოხელეებისგან განსხვავებით, ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში მოქმედებს უფრო მარტივი შესარჩევი პროცესი და ხშირ შემთხვევაში მათი ფუნქცია-მოვალეობებიც ბუნდოვნად არის გაწერილი. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით პირები ინიშნებიან უკონკურსოდ, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით მიღებისთვის გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება და გადაწყვეტილება უფლებამოსილი პირის მიერ მიიღება მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე.  შესაბამისად, ამ სფეროში უფრო მაღალია ნეპოტიზმის და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკები. მსგავსი რისკების მანიშნებელია, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ყოველწლიურად მზარდი მაჩვენებლები. მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, 2019 წელს შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 242.2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 100 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. ამ დროისთვის უკვე ხელმისაწვდომია 2020 წლის საწყისი 6 თვის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ამ პერიოდში უკვე 125.9 მილიონი ლარი გაიხარჯა შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე, რაც გასული წლის 6 თვის ხარჯს 20.4 მილიონით (19%) აღემატება.

 

 

 

IDFI-ის კვლევის მიზანია საჯარო სამსახურში შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმების და მათთვის შრომის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკის შესწავლა. ამ მიზნით IDFI-მ შესაბამისი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა 104 უწყებას (სამინისტროები, მათი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირები და სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყებები). კერძოდ, კვლევის ფარგლებში სამიზნე უწყებებიდან მოთხოვნილია შემდეგი ინფორმაცია:

 

- 2018-2019 წლებში შრომითი და ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებული პირების რეესტრი (ანაზღაურების და ხელშეკრულების საგნის მითითებით).

 

- ხელმძღვანელის მრჩევლის თანამდებობაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემები და მათი ხელშეკრულების ასლები. 

 

ხელშეკრულებების რეესტრის შესახებ სრულყოფილი პასუხი მიღებულია მხოლოდ 6 სამინისტროდან, 31- სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-იდან და 11 სხვადასხვა დამოუკიდებელი უწყებიდან. ხოლო რაც შეეხება მრჩევლების შესახებ მონაცემებს, მხოლოდ 14-მა უწყებამ მოგვაწოდა სრულყოფილი პასუხი, 14-მა უარი განაცხადა ინფორმაციის გასაჯაროებაზე და 42-მა გვაცნობა რომ მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირი არ ყავთ.  

 

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2019 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურებაზე 242,2 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაახლოებით 25 მილიონი ლარით აღემატება 2018 წლის, ხოლო 100 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს.

 

- 2020 წლის საწყის 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე 125,9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელს 20,4 მილიონით (19%) აღემატება.

 

- სამინისტროებში ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულ პირთა უმრავლესობას მინისტრის მრჩევლები წარმოადგენენ, მათი ანაზღაურება კი 2,800 ლარიდან 6,000 ლარამდე მერყეობს.

 

- ცალკეულ შემთხვევებში, შრომითი ხელშეკრულება გაფორმებულია ისეთ პოზიციაზე, რომელზეც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმება.

 

- 2019 წელს  კვლევის სამიზნე 31 სსიპ-ში, გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების რაოდენობა გაზრდილია 18%-ით. 2018 წელს დადებული 4,629 ხელშეკრულებიდან, 2019 წელს ამ რაოდენობამ უკვე 5,452-ს მიაღწია.

 

- საჯარო დაწესებულებების მიერ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რეესტრში, ასახული ხელშეკრულების საგანი და პოზიციების დასახელებები, ხშირ შემთხვევაში  ბუნდოვანია  და არ იძლევა დასაქმებული პირების სამუშაოს აღწერილობის შესახებ ინფორმაციას.

 

- ბუნდოვან პოზიციებზე ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების ანაზღაურება შესაძლებელია განსხვავებული იყოს როგორც სხვადასხვა, ასევე ერთი და იგივე საჯარო დაწესებულებაში. მაგალითად, კონსულტანტის ან ექსპერტის ანაზღაურება სხვადასხვა უწყებაში მერყეობს 1,000 ლარიდან 4,000 ლარამდე.  

 

- შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ფიქსირდება საგრძნობლად მაღალი ანაზღაურება სხვა უწყებებთან შედარებით, ისეთ სტანდარტულ პოზიციებზეც როგორიც არის მუშა/დამლაგებელი/მებაღე, ეროვნულ ცენტრში გათვალისწინებულია 1200 ლარი, როდესაც სხვა უწყებებში ამ პოზიციების ანაზღაურება საშუალოდ 400 ლარს შეადგენს. 

 

- მრჩევლების სამუშაო გამოცდილებების (CV) ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ აღნიშნული პოზიცია ცალკეულ შემთხვევებში სავარაუდოდ გამოიყენება ე.წ. „ოდეერების“ დასანიშნად.

 

- 104 საჯარო დაწესებულებიდან, ხელშეკრულებით დასაქმებულთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია (ხელშეკრულების საგანი და ანაზღაურება)  მხოლოდ  48 უწყებამ გასცა.

 

დასკვნა

 

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ   ბოლო წლებში საჯარო სამსახურში გატარებული რეფორმების მიუხედავად, ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება  საჯარო დაწესებულებებში თანამშრომლების ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა.  კერძოდ, გამარტივებული კონკურსის პირობებში, ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობების ბუნდოვანება და მსგავს პოზიციებზე მნიშვნელოვნად  განსხვავებული შრომის ანაზღაურების  პრაქტიკა, მნიშვნელოვნად ზრდის  ნეპოტიზმისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური განკარგვის რისკებს. 

 

მსგავს რისკებს, ასევე მნიშვნელოვნად ზრდის ხელშეკრულებით დასაქმების გაუმჭვირვალე პროცესი. ის ფაქტი, რომ კვლევის ობიექტი უწყებების მნიშვნელოვანი ნაწილი უარს აცხადებდა სრულყოფილი მონაცემების გასაჯაროებაზე, აჩენს ეჭვებს რომ აღნიშნული განპირობებულია არსებული საკადრო პოლიტიკის ნაკლოვანებების დაფარვის სურვილით.

 

შტატგარეშე მოსამსახურეთა დასაქმების არასრულფასოვანი რეგულაციების, ერთ-ერთ  შედეგად, ასევე შესაძლებელია განხილულ იქნას მათ ანაზღაურებაზე ყოველწლიურად მზარდი ხარჯები.  რაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან ბიუროკრატიულ ტვირთს ქმნის, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიური ეკონომიკის პირობებში.

 

კვლევაში განხილული გარემოებების გათვალისწინებით, IDFI საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

 

- გადაიხედოს თანამშრომელთა ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი ნეპოტიზმის, მიკერძოების და კორუფციის რისკები.

 

- დეტალურად განისაზღვროს ხელშეკრულებით დასაქმებული ბუნდოვანი პოზიციების (მრჩეველი. კონსულტანტი, ექსპერტი და ა.შ.) ფუნქცია მოვალეობები;

 

- შემუშავდეს ერთიანი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს შტატგარეშე მოსამსახურეთა ანაზღაურების სამართლიან დარეგულირებას.

 

/public/upload/GG/Employees_Contracts_Ministries-GEO-web.pdf

 

/public/upload/Article 2/Contractsone pager_2_GEO (1).pdf

 

 

___

 

 

კვლევა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაცია Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია IDFI და კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს Luminate-ის პოზიციას

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024