პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების კომუნიკაცია Facebook-ში

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ბლოგპოსტები 27 სექტემბერი 2012

ავტორი: თეონა ტურაშვილი

 

25 სეტემბერს „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა პროექტის – „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ – პირველადი შედეგების პრეზენტაცია. ღონისძიებაზე ინიციატივის ავტორებმა წარმოადგინეს 19 სამთავრობო უწყების, 10 პოლიტიკური სუბიექტისა და 6 მედია საშუალების Facebook გვერდების ორთვიანი – ივლისი, აგვისტო – მონიტორინგის შედეგები. ბლოგ-პოსტის სახით გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც შეეხება სოციალური ქსელში პოლიტიკური პარტიებისა და საჯარო პირების მხრიდან მოქალაქეების კითხვებზე გამოხმაურების სიხშირეს.

 

სოციალური ქსელების უპირატესობა მოქალაქეების მიერ ინფორმაციის მარტივი მიღებისა და საკუთარი მოსაზრებების დაბრკოლების გარეშე დაფიქსირებაში მდგომარეობს. თანაც, მათ საშუალება აქვთ დასვან სასურველი კითხვები, ხმა მიაწოდონ და საკუთარი ინიციატივები მიიტანონ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. აქედან გამომდინარე, ანალიზის დროს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო მოქალაქეების მიერ პოლიტიკური სუბიექტების გვერდებზე განთავსებულ კითხვებსა და ადმინისტრატორებისა თუ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მათზე რეაგირების ხარისხს.

 

 

გრაფიკის სახით გთავაზობთ მოსახლეობის მხრიდან პოლიტიკური სუბიექტებისთვის დასმული კითხვებისა და მათ მიერ პრობლემების გაზიარების შემცველი კომენტარების ოდენობას. ასევე, ნაჩვენებია რამდენიჯერ გამოეხმაურა თუ რეაგირება არ მოახდინა პოლიტიკური სუბიექტების გვერდის ადმინისტრატორმა.

 

სტატისტიკური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ ყველაზე აქტიურად მოქალაქეებს „ჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლები პასუხობდნენ. მას მოჰყვებიან „რესპუბლიკური პარტიისა“ და შალვა ნათელაშვილის გვერდები. 10 კითხვიდან ოთხს გამოეხმაურა გიორგი თარგამაძის გვერდის ადმინისტრატორი. ამ დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ისიც აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პარტიების გვერდზე კითხვების სიმცირეა. მაშინ როცა, სოციალურ ქსელში მოქალაქეების ინფორმირებაზე ყველაზე ნაკლებად იმ პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები ზრუნავენ, სადაც უფრო მეტი კითხვა ისმევა.

 

კერძოდ, საერთოდ არ ჩათვალეს მოქალაქეებისთვის შეკითხვებზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვნად ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტის გვერდზე. აქვე აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებისადმი ამგვარი უყურადღებობის პირობებში მოქალაქეები თავად ცდილობდნენ ერთმანეთის ინფორმირებას და პასუხოდნენ მათ მიერ დასმულ კითხვებს.

 

ამას გარდა, პრემიერ-მინისტრის გვერდის ადმინისტრატორი მხოლოდ ერთხელ გამოეხმაურა მოქალაქის კითხვას. საერთოდ არანაირი კითხვა არ დაუსვამთ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ გვერდზე.

 

საინტერესოა, თუ რა ტიპის ინფორმაციის მიღებას ითხოვდნენ მოქალაქეები ცალკეული პოლიტიკური ძალებისგან. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად უჩნდებოდათ კითხვა გავრცელებულ ფოტო მასალაზე ასახული ღონისძიებების დეტალების შესახებ – მაგალითად სად და როდის ჩატარდა? რამდენი ადამიანი ესწრებოდა ორგანიზებულ აქციას თუ შეკრებას. ამ შემთხვევაში ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ პარტიის წარმოამდგენლები სურათებს ძირითადად რაიმე კომენტარის გარეშე ათავსებდნენ. გამონაკლისი იყო ერთეული პოლიტიკური სუბიექტის გვერდი.

 

საკმაოდ მრავალფეროვანი იყო პრეზიდენტისთვის დასმული კითხვების შინაარსი. ბევრს აინტერესებდა სტუდენტური დასაქმების შესახებ დეტალები, ხელფასის მიღების დრო და თანხის ოდენობა. მართალია ეს საკითხი გარკვეულწილად პირდაპირ ადმინისტრაციის კომპეტენციაში არ შედის, თუმცა სასურველი იქნებოდა მოქალაქეებისთვის გარკვეული რჩევის მიცემა, თუნდაც ამ საკითხზე კომპეტენტური ორგანოს მითითებით. ბევრი კითხულობდა პრეზიდენტის სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი ვიზიტების დროსა და ადგილს. გარდა ამისა, ზოგს აინტერესებდა რატომ არ უკეთებდნენ მიწისძვრით დაზიანებულ სახლებს. ასევე, დაფიქსირდა საკმაო რაოდენობის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ბევრი ეჭვქვეშ აყანებდა სხვადასხვა რეგიონში ჩატარებულ აქციებზე მისული ხალხის ადგილობრივ წარმომავლობას.

 

დაფიქსირდა ასევე შემდეგი სახის კითხვები:

 

  1. „ხომ არ იცით როდის იხსნება იუსტიციის სახლი?!“
  2. „როდის აპირებთ ქუთაისიდან აზერბაიჯანული სოფლების გავლით მარნეულამდე მიმავალი გზის გარემონტებას?“
  3. „გლდანის ციხეს არ უნდა მიხედვა?“
  4. „ბატონო მიშა, ამდენი ხნის წინ გახნილი პარლამენტში მშენებლობები ჯერაც რომ არ დამთავრებულა, რისი ბრალია?“
  5. „გავკადნიერდები და გკითხავთ, გვასწავლეთ სად მივიდეთ, ვის ვთხოვოთ დასაქმება?“

 

 

საგულისხმო იყო ერთი კომენტარიც – მოქალაქეს აინტერესებდა ოქტომბერში საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა.

 

როგორც ჩანს, ამ კითხვებიდან უმეტესობა ინფორმაციული ხასიათისაა და წესით, მასზე პასუხის გაცემა პრეზიდენტის პრეს-სამსახურსთვის რთული არ უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან კითხვებს არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.

 

მათი ამგვარი უმოქმედობა კი შესაძლოა უარყოფითად ასახულიყო მომხმარებელთა ნდობის ხარისხზე. მართლაც, ბევრი ტოვებდა საყვედურის შემცველ კომენტარს და ადმინისტრატორებს უჩიოდა მათი წერილებისადმი უყურადღებობის გამო. ამის გადასამოწმებლად კვლევის ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციას Facebook-ზე პირადი შეტყობინება გაეგზავნა, სადაც ეკითხებოდნენ მასთან მოქალაქეების შეხვედრისთვის გამოყოფილი დროის შესახებ დეტალებს. თუმცა, აღიშნული კითხვა უპასუხოდ დარჩა მათი მხრიდან.

 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გვერდზე განთავსებულ კომეტნარებს, მოქალაქეებს ძირითადად შემდეგი ტიპის კითხვები ჰქონდათ კოალიციის წარმომადგენლებთან: აინტერესებდათ ლიდერის მიერ სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი შეხვედრების დეტალები, აქციაზე გამოსული მოქალაქეების ოდენობა, პარტიის სტრატეგია გარკვეულ საკითხებთან და სხვა პარტიებთან თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ზოგს აინტერესებდა, რატომ არ პასუხობდნენ Facebook გვერდზე განთავსებულ ფორუმზე მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს, ზოგს პარტიისთვის მიწერილი წერილის ბედი, სხვადასხვა უბანში პარტიის ოფისის მისამართი აინტერესებდა.

 

 

საკმაოდ ბევრი კითხვა დაისვა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში კოალიციის მიერ პოტენციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობაზე. ზოგს უკვე დასახელებული კანდიდატის ბიოგრაფია და მიღწევები აინტერესებდა. გარდა ამისა, გვერდის ადმინისტრატორის მიერ ბრიფინგების ანონსირებისას ბევრი გამოთქვამდა მასზე დასწრების სურვილს და კითხულობდა დაუშვებდნენ თუ არა აღნიშნულ შეხვედრაზე და მიეცემოდა თუ არა კითხვის დასმის საშუალება.

 

დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ასევე, ზოგიერთი მომხამრებლის მიერ პარტიის პროგრამითა და ერთიანი საარჩევნო სიით დაინტერესება. თუმცა, მათ დასმულ კითხვაზე პასუხი ვერცერთ შემთხვევაში მიიღეს. უფრო მეტიც, პარტიის წარმომადგენლები მაშინაც არ რეაგირებდნენ, როცა მოქალაქეები გაურკვევლობაში იყვნენ პარტიის ნომერთან დაკავშირებით – „გაგვაგებინეთ რომელი ნომრით იქნება „ქართული ოცნება“ არჩევნებზე, 7 ნომერზე კონსერვატორებია მგონი“ – წერდა ერთ-ერთი მოქალაქე.

 

როგორც სურათიდან ჩანს, მომხამრებელმა ვერც ბაქრაძის გვერდზე მიიღო სასურველ კითხვაზე პასუხი. ამ უკანასკნელს კანდიდატების წარდგენის ფოტოების გაზიარებისას ეკითხებოდნენ ცალკეულ რეგიონებში მმართველი პარტიის კანდიდატების ვიანობას. ასევე, ერთ-ერთი მომხარებელი პარლამენტის თავმჯდომარეს ეკითხებოდა პარტიის კანდიდატთა მიღწევების შესახებ.

 

რაც შეეხება თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ Facebook გვერდზე განთავსებულ შეკითხვებს, რამდენიმე მოქალაქე საკმაოდ რიტორიკულ კითხვას უსვამდა მმართველი პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებს და სთხოვდა დეტალურად განემარტათ საარჩევნო ლოზუნგის – „მეტი სარგებელი ხალხს“ – მნიშვნელობა. ზოგს აინტერესებდა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დებატების გამართვის თარიღი.

 

 

 

ასევე საგულისხმოა ზოგიერთის კომეტნარი, რომლებსაც პარტიაში გაწევრიანება სურდათ და პროცედურების შესახებ დეტალების გაგებას ითხოვდნენ. დაფიქსირდა ასევე შემდეგი სახის კითხვაც: „რატომ ურიგებთ ხალხს 150-200 ლარს, რომლებსაც არანაირი საქმე არ გაუკეთებიათ? ან რატომ დაგყავთ მხარდამჭერები უფასო ექსკურსიაზე? ეს არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა? ასე გინდათ რომ  მოიგოთ?“ მაშინ როცა, ერთ მოქალაქეს 1 000 ლარიანი ვაუჩერის დარიგების თარიღი აინტერესებდა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული პარტიის შემთხვევაში მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა მოქალაქისადმი გამოხმაურების ფაქტი, ისიც პარტიის წარმომადგენელი მადლობას უხდიდა დადებითი შეფასებისთვის. კითხვების შემთხვევაში კი რეაგირება საერთოდ არ მომხდარა.

 

 

„ახალი მემარჯვენეები“, როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, ლიდერობს მოქალაქეების მიმართ უკუკავშირის დამყარების საკმაოდ კარგი მაჩვენებლით. პარტიის გვერდის წარმომადგენელი პასუხობდა არამხოლოდ კითხვებს, არამედ დიალოგში შედიოდა მომხმარებელთან. ამ კუთხით საგულისხმოა შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოლიტიკური ორგანიზაცია „პოპულისტურ“ მოქმედებაში დაადანაშაულა. გვერდის ადმინისტრატორი კი საკმაოდ კონსტრუქციულად პასუხობდა კრიტიკოსის მიერ გამოხატულ მოსაზრებებს. ასევე, გვერდის ადმინსიტრატორი გამოეხმაურა პარტიისთვის მიწერილ წერილზე პასუხგაუცემლობის პრობლამეზე მოსაუბრე მოქალაქეს.

 

გიორგი თარგამაძის გვერდის შემთხვევაში გამოიკვეთა, რომ პარტია მხოლოდ ფოტო კონკურსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა. პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული კითხვები კი უპასუხოდა იქნა დატოვებული. მაგალითად, ზოგიერთ მოქალაქეს ცალკეულ რაიონებში მათ კანდიდატების ვინაობა აინტერესებდა.

 

 

 

საკმაოდ საგულისმო გახლდათ სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ საკუთარი შეხედულებისა და არსებული პრობლემის გაზიარების შემთხვევა. თუმცა, პარტიამ ამ შემთხვევაშიც თავი შეიკავა ამ მიმართლებით საკუთარ სტრატეგიაზე. ერთ-ერთ მომხმარებელს კი აინტერესებდა  მართავდა თუ არა პარტიის ლიდერობა შეხვედრებს პატიმრის ოჯახებთან.

 

 

„რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლობამ კი თავი აარიდა პარტიის საერთო სიის განთავსების ადგილის/ბმულის მითითებაზე. თუმცა, მათ მხრიდან რეაგირება მოჰყვა ახმეტის კანდიდატთან დაკავშირებულ შეკითხვას.

 

 

პრემიერ მინისტრთან მიმრთებაში კი ზოგი ითხოვდა მასთან დაკავშირებას. ხშირი იყო ახალგაზრდების მიერ მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებული კითხვები. ზოგს კი სურდა გაეგო იგეგმება თუ არა სიონისკენ მიმავალი გზის მშენებლობა. კითხვები შეეხებოდა ასევე კოოპერაციებსა და გვერდზე განთავსებულ პეტიციებს. უნდა აღინიშნოს, რომ პეტიციების შესახებ ბევრი ითხოვდა პასუხის გამცემას და აცხადებდა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხს ვერავსიგან იღებდა. თუმცა, პრემიერი მხოლოდ მარიხუანას ლეგალიზაციის მოთხოვნასთან დაკავშრებული პეტიციის შესახებ კითხვას გამოეხმარა.

 

„ჩვენი საქართველო, თავისუფალი დემოკრატების“ შემთხვევაში კი მომხამრებელს სურდა გაეგო ზოგიერთი დეპუტატის შესახებ დეტალური ინფორამცია, რადგან აცხადებდნენ, რომ მას ადგილობრივები სათანადოდ არ იცნობდნენ. ერთმა მომხამრებელმა კი საკმაოდ ვრცელი კომენტარი დატოვა კენჭისყრის პროცესთან დაკავშირებით. იყო კითხვები პარტიის ან კოალიცია „ქართლი ოცნების“ პოლიტიკური პროგრამის შესახებაც.

 

 

ბოლოს, შალვა ნათელაშვილის გვერდზე მოქალაქეებს გარკვეულ შემთხვევაში პუხობდნენ. მაგალითად, მათი მხირდან რეაგირება მოჰყვა პარტიისთვის ნომრის მინიჭების პროცედურასთან დაკავშირებით კომენტარს. ასევე, საკმაოდ კონსტრუქციულად გასცეს პასუხი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეს.

 

 

რაც შეეხება პრობლემის გაზიარების შემთხვევებს, უნდა ითქვას რომ ამ ტიპის კომენტარების საკმაო ოდენობის არსებობა დამონიტორინგებულ გვერდებზე მიანიშნებს მოქალაქეების მზაობაზე სოციალური ქსელების მეშვეობით საკუთარი სათქმელი მიაწოდონ პოლიტიკოსებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულ პირებს. ამის მიუხედავად, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში პარტიები და პოლიტიკური აქტორები ჯერჯერობით არ არიან მზად სწორედ ახალი ტექნოლოგიების დახმარებით რეაგირება მოახდინონ პოტენციური ამომრჩევლებისა და თანამოქალაქეების პრობლემებზე. ამგვარი ტიპის კომენტარების საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის მიუხედავად, მათზე არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა რეაგირება არცერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან.

 

სოციალურ ქსელ Facebook-ს პირადი შეტყობინებების მიწერის ფუნქცია გააჩნია, რისი მეშვეობითაც მომხმარებელს შეუძლია დაამყაროს კავშირი ან მიიღოს პასუხი სასურველ კითხვაზე ნებისმიერ პოლიტიკური პარტიისგან. შერჩეული თერთმეტი სუბიექტიდან ყველა მათგანისთვის შესაძლებელია ამგვარი შეტყობინებების გაგზავნა. ამ ფუნქციის ეფექტურად გამოყენების შესამოწმებლად ყველა პოლიტიკურ პარტიას კვლევის ფარგლებში სხვადასხვა დროს გაეგზავნა ოთხი სატესტო შეკითხვა:

 

  1. როდის გამოაქვეყნებთ თქვენს ოფიციალურ საარჩევნო პროგრამას და სად იქნება შესაძლებელი მისი ნახვა და გაცნობა? – კითხვა გაეგზავნათ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე.
  2. ვინ არის თქვენი პარტიის ნაძალადევის დეპუტატობის კანდიდატი არჩევნებზე?
  3. სად შეიძლება ვნახო თქვენ მიერ ცესკოსთვის წარდგენილი მთლიანი სია?
  4. ხომ ვერ მეტყვით საგარეო პოლიტიკაში თქვენი პარტიის პოლიტიკურ სტრატეგიას ან ხომ არ შეგიძლიათ მიმითითოთ სად შეიძლება ამაზე ინფორმაციის ნახვა?

 

აღმოჩნდა, რომ ოთხივე კითხვაზე მხოლოდ ორმა სუბიექტმა უპასუხა. ყველაზე კარგი შედეგი ამ მხრივ „ახალმა მემარჯვენეებმა“ აჩვენეს, რადგან ყველა შემთხვევაში მათი პასუხი ამომწურავი გახლდათ. „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიამ“ კი თავი აარიდა მესამე კითხვაზე პასუხს და კითხვის ავტორი გადაამისამართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე სასურველი ინფორმაციის მოსაძებნად.

 

მოქალაქეებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდების მხრივ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის გვერდებმა. მათ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით არცერთი ინფორმაცია არ გასცეს.

 

„ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ“ კი თავი აარიდან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვების მოქალაქისთვის გაცნობას. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ამ კითხვასთან ერთად, ინფორმაცია არ მოგვაწოდა საარჩევნო სიასთან დაკავშირებით.

 

შეიძლება ითქვას, რომ პირადი შეტყობინებებზე პოლიტიკური სუბიექტების რეაგირების შედეგები ემთხვევა მომხმარებელთა მხრიდან საჯაროდ დაწერილ კითხვებზე პასუხის გაცემის ანალიზს. კერძოდ, „ახალი მემარჯვენეები“ ორივე შემთხვევაში მოქალაქეებთან კომუნიკაციის აგებისადმი მზაობით გამოირჩეოდნენ. „ეროვნულ-დემოკრაიტული პარტიის“ გვერდზე კი დატოვებული კომენტარების სიმცირის გამო მისი საკომუნიკაციო ხარისხის დადგენა ვერ მოხერხდა. პირადი შეყობინებების ანალიზით კი საკმაოდ დადებითი შედეგი აჩვენეს მოქალაქეებთან კომუნიკაციის დამყარების სურვილის არსებობის მხრივ. ასევე, აშკარა გახდა, რომ ივანიშვილი და მმართველი ძალები ამომრჩეველთან პირდაპირ კომუნიკაციაში ნაკლებად შედიან და მხოლოდ ინფორმაციის მიმწოდებლებს წარმოადგენენ გარკვეული ფოტოებისა და ახალი ამბების განთავსებით.

 

მთლიანი ანგარიშები განთავსებულია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ ვებ-გვერდზე და შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:პოლიტიკური სუბიექტების Facebook გვერდების მონიტორინგისაჯარო დაწესებულებების Facebook გვერდების მონიტორინგი და მედია საშუალებების Facebook გვერდების მონიტორინგი.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023