საპენსიო რეფორმა საქართველოში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 13 ოქტომბერი 2015

ავტორი: დემნა დევდარიანი 

 

 

სტატია დაიწერა პროექტ "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება"-ს ფარგლებში და გამოქვეყნდა პროექტის ბლოგზე "საქართველო 2020".

 

პრეისტორია

საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია ერთის მხრივ, იმგვარი ეკონომიკური რეფორმების გატარება, რომელიც შექმნის თანამედროვე, ინკლუზიურ და ლიბერალურ ეკონომიკურ გარემოს ქვეყანაში და მეორეს მხრივ, იქნება ადექვატური საერთაშორისო დონეზე არსებული ეკონომიკური ძვრებისა და გახშირებული ფინანსური კრიზისების მიმართ. დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკაში, სწორედ ზემოაღნიშნულ მიზნებს ემსახურება.[1]

 

არსებული საპენსიო მოდელის ახლით ჩანაცვლებისა და რეფორმის აუცილებლობაზე საუბრები, ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო აქტუალური ხდებოდა, რაც საბოლოოდ, 2014 წელს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საპენსიო რეფორმის სამსახურის შექმნით დასრულდა. სწორედ აღნიშნული სამსახურია პასუხისმგებელი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნასა და მასთან დაკავშირებული რეფორმების გატარებაზე, რომელიც ასახულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში – „საქართველო 2020“.[2]

 

საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია – „საქართველო 2020“ ზოგადი ხასიათის პოლიტიკური დოკუმენტია, რომელშიც სახელმწიფო დონეზეა გაცხადებული იმის შესახებ, თუ როგორ ხედავს ქვეყნის მთავრობა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას მომდევნო 7 წლის განმავლობაში.

 

არაერთი ექსპერტი თუ დარგის სპეციალისტი სკეპტიკურადაა განწყობილი „საქართველო 2020“-ის მიმართ. მათი განცხადებით, დოკუმენტი არარელევანუტურია, ჩამორჩება დროში და ობიექტურად ვერ ასახავს მიმდინარე მაკროეკონომიკურ სინამდვილეს, რომლებიც დრამატულადაა შეცვლილი ბოლო თვეების მანძილზე და ქმნის დოკუმენტში არსებული გათვლებისგან განსხვავებულ რეალობას. მათი აზრით, აუცილებელია დოკუმენტის საფუძვლიანი კორექტირება, მიმდინარე ეკონომიკური და ფინანსური მაჩვენებლების გათვალისწინება, ინდიკატორების გადახედვა, განსაკუთრებით სავალუტო კრიზისის, ინვესტიციებისა და ზოგადად, ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპის მხედველობაში მიღებით.

 

წარმოდგენილ ესსეში, შევეცდები, კრიტიკულად შევაფასო „საქართველო 2020“ -ში მოცემული საპენსიო სისტემის რეფორმირების არსი, გავაანალიზო რეფორმასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები და აღნიშნულის საფუძველზე, შევიმუშავო გარკვეული რეკომენდაციები.

 

საპენსიო სისტემის რეფორმის მიმოხილვა

დოკუმენტში საპენსიო სისტემის რეფორმის შესახებ მსჯელობას 3-დან 4 გვერდამდე ეთმობა, რომელშიც ძირითადად მოცემულია სისტემურ ცვლილებზე ზოგადი ხასიათის ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, რთული ხდება დოკუმენტის სიღრმისეული ანალიზი მის მეთოდოლოგიაზე, გათვლებსა და შესაძლო შედეგებზე ზოგადი ინფორმაციის არსებობის პირობებში. მიუხედავად ამისა, უკანასკნელი წლის მანძილზე, საპენსიო რეფორმის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულმა კამპანიებმა[3], რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საპენსიო რეფორმის სამსახურის წარმომადგენლები, მეტ-ნაკლებად ნათელი მოჰფინა რეფორმის ძირითად არსს.

 

„საქართველო 2020“ -ის მიხედვით, ირკვევა, რომ საბაზო დახმარების ფისკალური ტვირთის შესამსუბუქებლად, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს დაგროვებითი (ნებაყოფლობით ან სავალდებულოდ) საპენსიო სისტემის დანერგვა საქართველოში, რომელიც როგორც ცნობილია, ეტაპობრივად, 2017 წლიდან უნდა განხორციელდეს.

 

როგორც საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსმა, ბატონმა ოთარ ძიძიკაშვილმა განაცხადა[4], რეფორმის მიხედვით, დაგეგმილია შერეული ტიპის საპენსიო სისტემაზე გადასვლა, რომელიც გულისხმობს შემდეგს:

 

რეფორმის საწყის ეტაპზე, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩაერთვება ყველა დასაქმებული პირი (გამორიცხება თვითდასაქმებული პირები, რომელთა ხვედრითი წილი მთლიან სამუშაო ძალაში საკმაოდ მაღალია[5]), რომელთაც ექნებათ 6 თვიანი პერიოდი იმისათვის, რათა უარი თქვან დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე. სხვა სიტყვებით, 6 თვიანი ვადა იქნება ის პერიოდი, რა დროშიც მონაწილეს ექნება სისტემიდან გამოსვლის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ რეფორმა გულისხმობს ნახევრად სავალდებულო ტიპის (ჰიბრიდული) საპენსიო სისტემის შემოღებას დამსაქმებელთათვის, თუმცა იგი სრულად სავალდებულოა დამსაქმებლისათვის.

 

რეფორმის მიხედვით, ახალი მოდელი გულისხმობს სისტემაში ჩართული დასაქმებული პირის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 22% -ის გადახდას, საიდანაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, 2% მიმართოს პირის დაგროვებითი საპენსიო ანგარიშისკენ. აღნიშნულის პარალელურად, დასაქმებული დამატებით 2%-ს რიცხავს საპენსიო ფონდში, დამსაქმებელი კი, თავის მხრივ, დამატებით 2%-ს. აღნიშნულის თანახმად, სახეზეა მოდელი, სადაც ხელფასის 6% დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან ირიცხება დასაქმებულის დაგროვებით ანგარიშზე, რომელსაც კერძო საფინანსო კომპანიები მართავენ. აღნიშნულის გარდა, ასევე იარსებებს სახელმწიფო (სოციალური) პენსიაც, რომელიც პირდაპირ საბიუჯეტო სახსრებით დაიფარება, დაეფუძნება საარსებო მინიმუმს და უზრუნველყოფს მხოლოდ მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას.

 

უცვლელი რჩება სახელმწიფო პენსია. ყველა მოქალაქე, განურჩევლად შემოსავლისა, სამუშაო სტაჟისა და ა.შ. სოლიდარულად მიიღებს პენსიის უცვლელ ოდენობას.

 

საპენსიო სისტემის რეფორმის ანალიზი

პრობლემის საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე, ნათელია საპენსიო რეფორმის გატარების აუცილებლობა საქართველოშიც, განსაკუთრებით ქვეყნის სუსტი ეკონომიკისა და სოციალური სიდუხჭირის ფონზე, თუმცა რეფორმასთან დაკავშირებული ზოგიერთი ასპექტი აჩენს საფუძვლიან ეჭვს რეფორმის წარმატებულობასთან დაკავშირებით.

 

როგორც უკვე აღინიშნა, საპენსიო სისტემის რეფორმა საპენსიო უზრუნველყოფის შერეულ პრინციპზე დამყარებულ მოდელს გვთავაზობს. ეს მოდელი გულისხმობს ცალკეული ელემენტების შერწყმას, როგორც სახელმწიფო (სოლიდარული), ასევე დაგროვებითი საპენსიო სქემების მოდელებიდან. მსგავსი შერჩევა გარკვეულწილად ამცირებს რისკებს და ზრდის მოქნილობას საპენსიო უზრუნველყოფაში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობის მოცულობათა განსაზღვრისას. აგრეთვე, კრიზისის დროს, შერეული მოდელი ახდენს რისკების დივერსიფიკაციას საპენსიო სქემებს შორის.

 

ისევე როგორც სოლიდარულ და დაგროვებით მოდელებს, შერეული ტიპის მოდელსაც ახლავს გარკვეული რისკები. პრობლემას ქმნის საპენსიო უზრუნველყოფის სქემაში მონაწილეთა აქტივობისა და პასუხისმგებლობის პროპორციის, სახელმწიფო ხარჯებისა და კერძო სექტორის კონტრიბუციის ეფექტური განსაზღვრის საკითხები.

 

საპენსიო სისტემის მოდელზე მსჯელობის გარდა, ასვეე მნიშვნელოვანია გაანალიზებულ იქნას რეფორმის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლებიც მთლიანობაში, ვფიქრობ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს რეფორმის პერსპექტიულობას, განსაკუთრებით არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და საბიუჯეტო პოლიტიკის პრიორიტეტების ფონზე.

 

ამა თუ იმ საპენსიო სისტემის გენერირებისას/შერჩევისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნას გაანალიზებული ქვეყნის ეკონომიკასა და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული მთელი რიგი ფაქტორები.

 

ქვემოთ, შევეცდები ავსახო ის ძირითადი კრიტიკული შეფასებები, რაც საპენსიო სისტემის შემოთავაზებული რეფორმის ანალიზისას გამიჩნდა.

 

დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორები:

 

  • მყიფე ეკონომიკური გარემო / მიმდინარე სავალუტო კრიზისი

რეფორმის თანახმად, სავალდებულო წესით, დამსაქმებელს ეზრდება გადასახადი დასაქმებულის ხელფასის 2%-ის ოდენობით, რაც ისედაც მძიმე მდგომარეობაში არსებული ეკონომიკისათვის კოლაფსის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს. მაღალი ალბათობით, დამსაქმებლები შეეცდებიან თავი აარიდონ საპენსიო ფონდში თანხის გადარიცხვას, რაც საბოლოო ჯამში, კვლავ დასაქმებულის ინტერესისა და უფლების შეზღუდვის ხარჯზე მოხდება. ვფიქრობ, ამ მოცემულობით რეფორმა ვერ იქნება წარმატებული, განსაკუთრებით, ქვეყანაში ფაქტობრივად არარსებული კერძო დანაზოგების/შიდა ინვესტიციებისა და სავალუტო კრიზისის ფონზე.

 

იმ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა მზარდია და ფინანსური ბაზრები განვითარებული, კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელი ამართლებს, რადგან დაბანდებული პენსია მაღალ სარგებელს იძლევა. თუმცა, საქართველოს ეკონომიკისთვის, სადაც ინფლაცია და რისკები დიდია, დაგროვილი რესურსი შეიძლება გაუფასურდეს კიდეც.

 

  • საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობა

როგორც წესი, საპენსიო სისტემები ახორციელებენ საპორთფელო ინვესტიციებს, განათავსებენ თავიანთ აქტივებს ფასიან ქაღალდებში და ფაქტობრივად, არასოდეს ახორციელებენ პირდაპირ ინვესტიციებს. საპენსიო სისტემის რეფორმის პირველივე ხანში დაგროვებით საპენსიო ანგარიშებზე აკუმულირდება ასობით მილიონი ლარი, რომელთა განთავსება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შეუძლებელი იქნება. შესაძლოა განვიხილოთ აქტივების განვითარებული ქვეყნების ფასიანი ქაღალდების ბაზარზე განთავსების სცენარი, თუმცა ამ შემთხვევაში, მკაცრად უნდა განისაზღვროს საპენსიო აქტივების ნაწილის პირდაპირი ინვესტირება ქართულ ეკონომიკაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ქვეყნის ფარგლებს გარეთ საინვესტიციო რესურსის გადინება. აუცილებელია, ასევე გაირკვეს და ნათლად ჩამოყალიბდეს აქტივების მმართველი კომპანიების როლი სისტემაში, რასაც რეფორმის კონცეფციაში სათანადო ყურადღება არ ეთმობა.

 

  • საპენსიო აქტივების კვალიფიციური მართვა-ინვესტირების ინსტრუმენტები / ნდობის ფაქტორი

ეფექტური რეგულაციების დანერგვა და საპენსიო აქტივებზე ზედამხედველობა ეროვნული ბანკის თუ სხვა სახელწმიფო სააგენტოს მიერ, არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც საჭიროებს ფრთხილ მიდგომას, იმგვარი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას, რომელიც არ შეუქმნის დაბრკოლებებს კერძო-საინვესტიციო კომპანიებს და არ გააუარესებს ბიზნეს გარემოს. მნიშვნელოვანია, რომ მეტი მოგების უზრუნველყოფისათვის, გაიწეროს სექტორებისა და პროექტების ნუსხა, განისაზღვროს ინვესტირების ინსტრუმენტები, სადაც საპენსიო ფონდებს შეეძლებათ ინვესტირება ქვეყნის ეკონომიკაში.

 

მოსახლეობაში არ არსებობს ნდობა, განსაკუთრებით კერძო საინვესტიციო კომპანიების მიმართ, აგრეთვე, გასათვალისწინებელია ქართული მოსახლეობის თვითდისციპლინის დაბალი დონე, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ ახალ სისტემაში მოხვედრის მსურველთა რაოდენობა იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე ამას რეფორმის ინიციატორები ვარაუდობენ. არაერთ ქვეყანაში, საპენსიო ფონდების საქმიანობა ფინანსური სკანდალის მიზეზი გამხდარა და ეს სისტემები „აფეთქებულა“, ამიტომ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებას, ვფიქრობ, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რეფორმის განხორციელების პროცესში.

 

რეკომენდაციები

  • 6 თვიანი პერიოდის გაუქმება რეფორმის საწყის ეტაპზე და სისტემაში ნებაყოფლობითი მოდელის შემოღება, ნაცვლად ნახევრად სავალდებულო მოდელისა;
    გამჭვირვალე პროცესის წარმოება ქვეყანაში საპენსიო ფონდების, აქტივების მმართველი კომპანიების შექმნისა და საქმიანობის, მათი მკაცრი ზედამხვედველობისა და რისკების მინიმიზაციისათვის;
  • საპენსიო აქტივების ინვესტირების მიმართულების გამოკვეთა, იმის ხაზგასმით, რომ საქართველოს საფონდო ბაზარი კვლავაც ჩანასახის მდგომარეობაშია;
    საპენსიო შენატანების დაზღვევის ამოქმედება და წახალისების ფორმების შემუშავება;
  • მინიმალური საპენსიო ასაკის გადასინჯვა, შესაძლო გაზრდის და/ან სქესთა შორის გათანაბრების თვალსაზრისით.

 

ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ გამოხატავს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), ბრემენის უნივერსიტეტის ან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას. შესაბამისად, აღნიშნული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] http://www.economy.ge/ge/media/news/saqartvelos-socialur-ekonomikuri-ganvitarebis-strategiis-proeqti-saqartvelo-2020

[2] http://www.economy.ge/ge/media/news/saqartvelos-socialur-ekonomikuri-ganvitarebis-strategiis-proeqti-saqartvelo-2020

[3] https://idfi.ge/ge/discussion-on-accumulative-pension-system

[4] გასვლითი სამუშაო შეხვედრა დაიგეგმა და ჩატარდა მიმდინარე წლის 25-27 სექტემბერს, IDFI -ის ორგანიზებით, რის ფარგლებშიც საპენსიო სამსახურის წარმომადგენლებმა დეტალურად გააცნეს მონაწილეებს საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები.

[5] http://geostat.ge/?action=page&p_id=145&lang=geo

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023