დისკუსია დაგროვებითი საპენსიო სისტემისა და განვითარებული საფონდო ბირჟის შესახებ

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 26 იანვარი 2015

ოთხშაბათს, 22 იანვარს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ გამართა დისკუსია სახელწოდებით „დაგროვებითი საპენსიო სისტემა და განვითარებული საფონდო ბირჟა, როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ინსტრუმენტები საქართველოში“. დისკუსია გაიმართა პროექტის "სტრატეგიული გეგმა საქართველო 2020 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება (ZigB)" ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მაქსიმალურად ფართო სპექტრის დაინტერესების გამოწვევასა და მათი ცოდნის გაღრმავებას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია "საქართველო -2020"-თან დაკავშირებით, რათა ისინი მომავალში უფრო აქტიურად ჩაერთონ საჯარო განხილვების პროცესში.


მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მათ შორის დაგროვებითი საპენსიო სისტემის ჩამოყალიბება და ფინანსური შუამავლობის განვითარების ხელშეწყობა.


22 იანვარს გამართული დისკუსია შედგებოდა ორი ნაწილისგან: პირველ ნაწილში განხილულ იქნა საპენსიო რეფორმის განხორციელების გზები და საპენსიო გამოწვევები,რომელიც დაკავშირებულია დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვასთან, ხოლო დისკუსიის მეორე ნაწილი დაეთმო საფონდო ბირჟის განვითარების საკითხებს საქართველოში და კონკრეტულად იმას, თუ რა მდგომარეობაში ხვდება საქართველოს საფონდო ბირჟა დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვას საქართველოში.


დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ სახელმწიფო, საერთაშორისო, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სხვა სპეციალისტები. ძირითადმა სპიკერებმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა ისაუბრა საქართველოს საპენსიო გამოწვევებსა და სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ პროექტზე, რომლის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. „იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში პენსიონერთა რიცხვი მზარდია და სახელმწიფოს მოუწევს სულ უფრო მეტი პენსიონერის შენახვა, რაც თავისთავად მომავალში ფისკალური წნეხის გაზრდას გამოიწვევს, მნიშვნელოვანია პროგრამის მალე დაწყება, რათა სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს დამატებითი საპენსიო სისტემის შექმნა“ - განაცხადა ძიძიკაშვილმა.


მან ყურადღება გაამახვლა დაგროვებითი საპენსიო სისტემის ფორმატზე, რომლის დანერგვასაც მთავრობა გეგმავს არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა და სადაც აკუმულირებული სახსრების განკარგვა კერძო ფონდის მეშვეობით მოხდება. ასევე, ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დღეს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საპენსიო დანაზოგების ნებაყოფლობით დაგროვებას. მთავრობის მიერ შემოთავაზებული სამუშაო პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უპირატესობას ანიჭებს იმ მოდელს, რომელიც მოიცავს 6%-იან საპენსიო აქტივს, სადაც დასაქმებულთა მონაწილეობა იქნება ნებაყოფლობითი. კერძოდ, დასაქმებულის თანხმობის არსებობის შემთხვევაში ის შემოსავლის 2%-ს განათავსებს საპენსიო აქტივში, ხოლო სახელმწიფო და დამსაქმებელი სავალდებულო წესით უზრუნველყოფენ ორ-ორი პროცენტის დამატებას. შესაბამისად, ყოველთვიურად მოხდება პროგრამაში ჩართული პირის შემოსავლის 6%-ის, დაგროვებით საპენსიო ფონდში აკუმულირება.


საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე აღნიშნული მოდელი ამ ეტაპისათვის ყველაზე ეფექტური და შეჯერებული კონცეფციაა. ბატონი ძიძიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღების პარალელურად შენარჩუნებული იქნება არსებული სახელმწიფო სოციალური პენსიაც.


დისკუსიაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ რისკების დივერსიფიკაციის მიზნით ფონდის ნახევარზე მეტი, დაახლოებით 60% ჩაიდება საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო დანარჩენი უცხოეთში.


მიუხედავად იმისა, რომ ფონდის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს სახელმწიფო, მოხდება გარკვეული სახის ნორმებისა და პარამეტრების დადგენა, რითაც უნდა იხელმძღვანელოს კერძო ფონდმა. აქტივების მართვის კომპანიას ინვესტირების განხორციელება შეეძლება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილი თამაშის წესის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს რომ მათ არ ექნებათ სრული თავისუფლება საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღონ გადაწყვეტილება. აღნიშნული მიდგომა სწორია, რადგანაც ის შეამცირებს გაკოტრების ან პოლიტიკური მანიპულაციის რისკს. კერძო ფონდების არსებობა ამ შემთხვევაში საფუძველია სისტემის სტაბილურიბისა და მდგრადობის, რათა სისტემა არ გახდეს მოწყვლადი ისეთი თემების მიმართ, როგორიც არის პოლიტიკურად მოტივირებული ინვესტირების რიცხვის ზრდა - განაცხადა ბატონმა ოთარ ძიძიკაშვილმა. მისი თქმით, კერძო ფონდის შერჩევასთან დაკავშრებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც ქართულ ისე უცხოურ კომპანიებთან.

 

საჯარო პოლიტიკის ცენტრის მკვლევარმა, ბატონმა ანდრია ურუშაძემ ისაუბრა ალტერნატიულ საპენსიო მოდელებზე და აღნიშნა, რომ ისეთი სოციალურ - ეკონომიკური ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა საპენსიო დანაზოგებს თავისი რისკები ახლავს საინვესტიციო მიმართულებით. კერძოდ, პოლიტიკური დაპირებებით გაცემული ვალდებულებები შეიძლება უარყოფით გავლენას ახდენდეს საპენსიო სისტემის მდგრადობაზე, ამიტომ მისი განცხადებით „თავად სისტემა აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური შემადგენლისგან“. მისი თქმით, ჩილეში, სადაც პირველად დაინერგა კერძო საპენსიო დაგროვების ალტერნატიული სისტემა, აშკარა იყო დაგროვებითი სისტემით მიღებული პენსიის ქვოტის შეუსაბამობა მინიმალურ საპენსიო ზღვართან, ამიტომ სახელმწიფოს უხდებოდა დამხმარე როლის შესრულება და გარკვეული სახის სუბსიდირება, რათა პენსია გათანაბრებულიყო იმ მინიმალურ ზღვართან, რამელიც სახელმწიფოს მიერ იყო დადგენილი.

 

შეხვედრაზე მოხსენება გააკეთა ასევე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ბატონმა ნიკოლოზ ქოიავამ, რომელმაც ისაუბრა ორგანიზებული კაპიტალის ბაზარზე, როგორც ფინანსური შუამავლის როლზე და ხაზი გაუსვა ინსტიტუციურ თავსებადობაზე, რაც ეფექტიანობის მიღწევის წინაპირობად განიხილა. მან ასევე აქცენტი გააკეთა ფინანსური ხელმწისაწვდომობის შემაფერხებელ ფაქტორებზე და ხაზი გაუსვა ფინანსური შუამავლობის ეფექტიანობის კრიტერიუმებს.

 

 

„არაეფექტიანობის მიზეზი არის ინფორმაციული ასიმეტრიულობა, რომელიც მსხვილი წილის მფლობელებს და უმნიშვნელო წილის მფლობელებს შორის და ასევე მეწილეებსა და მენეჯმენტს შორის არსებობს ზოგადად. კერძოდ, კი საქართველოს შემთხვევაში მთავარი მიზეზი არის მცირე წილის მფლობელთა უფლებების არაეფექტიანი დაცვა, რაც მარეგულირებლის კერძოდ კი ეროვნული ბანკის ამოცანაა და არა უშუალოდ შუამავლის ამ შემთხვევაში“ - განაცხადა ბატონმა ნიკოლოზ ქოიავამ. მისი თქმით, მცირე წილის მფლობელების უფლებებზე სტრატეგიაში საუბარი თითქმის არ არის.

 

დისკუსიის ფარგლებში, საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა გიორგი ფარესიშვილმა და JSC Galt & Taggart-ის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ირაკლი კირტავამ განიხილეს საფონდო ბირჟა, როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ინსტრუმენტი საქართველოში და ისაუბრეს ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების კონცეპტუალური გეგმის შესახებ.

ბატონი გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია გარკვეული სახის საგადასახადო შეღავათების დაწესება როგორც მინიმუმ 5 წლით საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი კომპანიებისთვის.

 

ამასთან დაკავშირებით კირტავამ მოიყვანა ბულგარეთის მაგალითი, როდესაც მას შემდეგ რაც ბულგარულმა კომპანიებმა დაიწყეს თავიანთი აქციების განთავსება ვარშავის საფონდო ბირჟაზე სახელმწიფოს მოუხდა საგადასახადო შეღავათების დაწესება ბულგარული კომპანიებისთვის, რათა ამ პროცესს არ მიეღო შეუქცევადი ხასიათი.

 

ამასთან აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათების დაწესება დაეხმარება საფონდო ბირჟას დააინტერესოს მეტი კომპანია, რომ ივაჭროს საკუთრი აქციებით საფონდო ბირჟაზე. მისი თქმით, იმ ტიპის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც შეიძლება შეეხოთ საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილ კომპანიებს ბიუჯეტის შემოსავლებში შედარებით მცირე წილი უჭირავს, რაც არ გამოიწვევს მკვეთრ ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მნიშვნელოვან ფაქტორს ითამაშებს საფონდო ბირჟის მიმზიდველობის ზრდაში.

 

ცხარე დისკუსია წარიმართა სახაზინო ობლიგაციების შესყიდვების წესთან დაკავშირებით. შპს „საქართველოს საინვესტიციო ჯგუფის“ დირექტორის ბატონი დავით ასლანიშვილის განცხადებით, დღესდღეობით სახაზინო ობლიგაციების შესყიდვის მინიმალური ზღვარი, რომელიც 50 000 ლარს შეადგენს, ხელს უშლის ფიზიკურ პირებს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ამ მაჩვენებლის დაწევა, რათა კერძო პირებს გაუადვილდეთ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება და გაჩნდეს უფრო მეტი კონკურენცია.

 

JSC Galt & Taggart-ის გენერალურმა დირექტორმა ბატონმა ირაკლი კირტავამ ერთმანეთს დაუკავშირა კერძო დაგროვებითი საპენსიო რეფორმა და კორპორატიული ბონდების გამოშვების პრაქტიკა ქართული საწარმოების მხრიდან. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ საპენსიო სისტემის ეფექტურად წარმოების ერთ-ერთ მთავარ პირობას წარმოადგენს საფონდო ბირჟის განვითარება. თუ არ იქნება განვითარებული საფონდო ბირჟა და საწარმოები აქტიურად არ გამოიყენებენ კორპორატიულ ბონდებს როგორც ფინანსურ ინსტრუმენტს მოსალონდელია შემდეგი რისკები გაჩენა: პირველი, გაიზრდება ეკონომიკიდან სახსრების გადინების რისკი, ხოლო მეორე, ფონდში აკუმულირებული თანხები შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან შიდა ვალის აღების ფორმით გამოყენებულ იქნას  მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნით.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ზურაბ გვასალია, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები: ქალბატონი ანჟელა პროგოჟინა, ეკონომისტები ჰიროუკ ტსურაკი და გაბრიელ გოდარდი, მთავრობის ადმინისტრაციის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში ბატონი ზურაბ ჩინჩალაძე, საბროკერო კომპანია „კავკასუს კაპიტალის“ გენერალური დირექტორი ბატონი გიორგი ლოლაძე და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები: ბატონი ნიკოლოზ გაგუა და თენგიზ გველესიანი.


მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ქალბატონი ანჟელა პროგოჟინას თქმით, იმის მიუხედავად, რომ ყველა ვაღიარებთ საფონდო ბირჟის განვითარების აუცილებლობას არსებობს შემდეგი სახის პრობლემა:


„ჩვენ ყველას გვსურს განვითარებული საფონდო ბირჟის არსებობა, თუმცა რეალურად არავის დამსწრე საზოგადოებიდან არ აქვს ინტერესი დააბანდოს თავისი სახსრები საფონდო ბირჟაზე, რადგანაც ჩვენ არ ვიცით ვის მფლობელობაში იმყოფება იქ წარმოდგენილი ფირმები და რამდენად მომგებიანი არიან ისინი“ - განაცხადა პროგოჟინამ. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი დაასახელა საკანონმდებლო ბაზის განუვითარებლობა. მისი თქმით, არსებული მდგომარეობით ერთადერთი მოთამაშე რომელსაც ეს ინფორმაცია გააჩნია არის საბანკო სექტორი, შესაბამისად საქართველოში განვითარებულია მხოლოდ საბანკო დაკრედიტების ინსტიტუტი - როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საშუალება. „სანამ ეს სიტუაცია არ შეიცვლება საფონდო ბირჟა ვერ განვითარდება“- ხაზი გაუსვა მან.


შეხვედრა მიმდინარეობდა სპიკერებისა და დამსწრეების აქტიური ინტერაქციის რეჟიმში.


აღნიშნული პროექტის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გეგმავს.

 

იხილეთ ფოტოალბომი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024

პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, გიორგი დავითური სამართალდამრღვევად ცნო

11.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024