საქართველოს პარლამენტის ხარჯები – 2013

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 16 იანვარი 2014

2013 წლის 20 დეკემბერს IDFI-იმ საქართველოს პარლამენტს მიმართა 2013 წელს გაწეული ხარჯების შესახებ სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. ინსტიტუტმა ყველა მოთხოვნაზე მეტ-ნაკლებად სრულყოფილი პასუხი მიიღო. მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით  ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება მცირე ანალიზი.

  •   პრემია და სახელფასო დანამატები საქართველოს პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით პარლამენტის წევრის სადეპუტატო  უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი  განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • პარლამენტის თავმჯდომარე – 3905 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - 3570 ლარი
  • პარლამენტის თავმჯდომარის  მოადგილე – 3505 ლარი
  • საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარე -  2705 ლარი
  • ფრაქციის თავმჯდომარე – 2635 ლარი
  • საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარე- 2105 ლარი
  • საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერების მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე  -  1970 ლარი
  • კომიტეტისა და ფრაქციის  თავმჯდომარეების  მოადგილეები  – 1905 ლარი
  • პარლამენტის წევრი – 1790 ლარი

როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის წევრებს პრემიები არ მიუღიათ და შესაბამისად მათი შრომის ანაზღაურებით  მიღებული შემოსავლები შეადგენდა მხოლოდ მათ სარგოს (2000 ლარი) დამატებული ზემოთ ჩამოთვლილი სახელფასო დანამატები.

2013 წლის 18 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით აგრეთვე დამტკიცდა პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და დანამატების ოდენობაც.

aparatissargo

პარლამენტის წევრებისგან განსხვავებით, აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების გარდა 2013 წლის განმავლობაში დაირიცხა  2 294 516 ლარის პრემია.  მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2013 წელს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების  ოდენობა განახევრებულია 2012  წელთან შედარებით (2012 წელს აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით გაიცა 4 927 487,8 ლარი) აღნიშნული არ განაპირობებდა თანამშრომელთა შემოსავლების კლებას ვინაიდან წინა წელთან განსხვავებით პარლამენტის თანამშრომლები 2013 წლიდან ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატსაც.

 

  • მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების თანამშრომლების ანაზღაურება

2012 წლის დეკემბრის თვეში მიღებული დადგენილებით ადგილობრივ თვითმართველობებს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსების  ვალდებულება მოეხსნათ. ხსენებულ ბიუროების დაფინანსება 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან, ყოველთვიურად 5 ათასი ლარის ოდენობით (60 000 ლარი ყოველწლიურად). მაჟორიტარი დეპუტატები აღნიშნული თანხის განაწილებას საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებენ.

 როგორც საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა,  2013 წელს  ყველა  მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის სულ გაიცა 2 211 751 ლარი, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული მაჟორიტარის ბიუროში  როგორც დასაქმებულ თანამშრომელთა ასევე სახელფასო ფონდისთვის გამოყოფილი თანხები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის ბიუროში დასაქმებულია მხოლოდ 2 ადამიანი, რომლებმაც 2013 წელს ხელფასის სახით  მიიღეს 34 630 ლარი, ხოლო ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ვაჟა ჩიტაშვილის ბიუროში დასაქმებულმა  8 თანამშრომელმა  2013 წელს ხელფასის სახით მიიღეს მხოლოდ 19 325 ლარი.

2013 წელს  ბიუროს თანამშრომლებზე ხელფასის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის ბიუროში – 45 838,6 ლარი.  მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსების თანაბარ პირობებში, შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე დიდი თანხა დახარჯეს შემდეგმა დეპუტატებმა:

biuroebi

2013 წელს ყველაზე მცირე თანხა ბიუროს თანამშრომელთა ხელფასების ანაზღაურებაზე დაიხარჯა  ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ  ჩილინგარაშვილის ბიუროში – სამ თანამშრომელზე ხელფასის სახით სულ გაიცა 13 025,5 ლარი.

mcirefondi

  • ავტოპარკის ხარჯები

 2013  წელს საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ შეძენილია 2013 წელს გამოშვებული 10  „ჰიუნდაი ელანტრას“  მოდელის ავტომობილი საერთო ღირებულებით 292 000 ლარი.    აღნიშნული 10 ავტომობილი გადანაწილდა შემდეგი დანიშნულებით:

  • ფრაქცია „ ქართული ოცნება ეროვნული ფორუმი“ – 1 ავტომობილი
  • ფრაქცია „ ქართული ოცნება მრეწველები“ – 1 ავტომობილი
  • ფრაქცია „ უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ – 1 ავტომობილი
  • უმრავლესობის ლიდერის აპარატი – 1 ავტომობილი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – 1 ავტომობილი
  • დელეგაციებისა და სტუმრების მომსახურების მიზნით – 5 ავტომობილი

 2013 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით საწვავის მოხმარებაზე გაწეული ფაქტობრივი  ხარჯი შეადგენს 736 217,34 ლარს. პარლამენტის აპარატის მიერ გაწეული საწვავის ხარჯების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტს გააჩნია აგრეთვე 2012 წლის  1 იანვრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, რამაც 733 697,92 ლარი შეადგინა. როგორც გამოჩნდა პარლამენტის მიერ 2012 წელს ერთი თვით ნაკლებ პერიოდში დაახლოებით იგივე ხარჯია საწვავის მოხმარებაზე გაწეული, რაც 2013 წელს. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თბილისიდან ქალაქ ქუთაისში პარლამენტის გადატანას არ მოჰყვა პარლამენტის საწვავის ხარჯების ზრდა.  

sawvavi

2013 წელს ავტომანქანების მომსახურებაზე (შეკეთება, ცვეთა) გაწეული ფაქტობრივი ხარჯი შეადგენს  272 957,74 ლარს.

  • სამივლინებო ხარჯები

 საქართველოს პარლამენტის წევრების სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების საკითხი დარეგულირებულია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანებულებითა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 20 აგვისტოს N98/3 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანებებით განსაზღვრულია ქვეყნების მიხედვით სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები. საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის ბრძანებაში განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის წევრებზე  სადღეღამისო ნორმების დანამატები თანამდებობების მიხედვით.  IDFI შეეცადა გამოერკვია დარეგულირებული სამივლინებო ხარჯების პირობებში, რა თანხა იქნა და რა მიზნებისთვის დახარჯული საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მივლინებებზე 2013 წელს.  ჩვენს მიერ უკვე შემოთავაზებული იქნა 2012 წელს საქართველოს პარლამენტის თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯებისაგან. 2013 წელს საქართველოს პარლამენტის წევრებზე ქვეყნის გარეთ განხორცილებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯი შეადგენს  1 005 282.65 ლარს. ყველაზე დიდი დრო (118 დღე) მივლინებაში პარლამენტის წევრებს შორის გაატარა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ და ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯიც სწორედ მის მიერ არის გაწეული – 88 104,47 ლარი. რიგით მეორე, პარლამენტის წევრებს შორის, როგორც მივლინებაში გატარებული დღეების ასევე გაწეული სამივლინებო ხარჯების თვალსაზრისით არის თინათინ ხიდაშელი. მან მივლინებაში გაატარა 102 დღე და მისმა სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 81 181,82  ლარი.

ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯების მქონე დეპუტატების შესახებ მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

mivlineba

2013 წელს ყველაზე ხანმოკლე ძვირადღირებული  ვიზიტის  თვალსაზრისით გამორჩეულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვიზიტი ქალაქ ათენში. ერთი დღის განმავლობაში სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 3659,59 ლარი. 2013 წელს  პარლამენტის წევრების მიერ განხორცილებული ხანმოკლე და ამავე დროს ძვირადღირებული  ვიზიტების შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

xanmoklee

2013 წელს ყველაზე ხანგრძლივი მივლინებაში იმყოფებოდა თედო ჯაფარიძე, კერძოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა 12 დღე.

xangrZlivi viziti

დეტალურად ყველა დეპუტატის მიერ განხორცილებული ვიზიტების შესახებ ინფორმაცია გაწეული ხარჯებისა და ქვეყნების მითითებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავათ, საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული ვიზიტების დანიშნულების შესახებ ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული.

  • სხვა ხარჯები

ზემოთ მოყვანილი 2013 წელს საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ გაწეული ხარჯების გარდა, IDFI – იმ აგრეთვე მიიღო  ინფორმაცია პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ბინის ქირისა  და სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ.

2013 წელს პარლამენტის წევრების ქუთაისში ცხოვრებასთან დაკავშირებით გაცემულია ბინის ქირის კომპენსაცია 1 367 303,91 ლარი, ხოლო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე ბინის ქირის ანაზღაურებისთვის დანამატის სახით გაცემულია 2 890 530 ლარი.

 რაც შეეხება სატელეკომუნიკაციო ხარჯებს, 2013 წელს სატელეფონო საუბრებზე გაწეულმა სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა შეადგინა 101 681, 43 ლარი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024