2013 წლის 20 დეკემბერს IDFI-იმ საქართველოს პარლამენტს მიმართა 2013 წელს გაწეული ხარჯების შესახებ სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. ინსტიტუტმა ყველა მოთხოვნაზე მეტ-ნაკლებად სრულყოფილი პასუხი მიიღო. მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ჩვენს მიერ ქვემოთ წარმოდგენილი იქნება მცირე ანალიზი.
საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით პარლამენტის წევრის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისთვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი განისაზღვრა შემდეგნაირად:
როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა 2013 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის წევრებს პრემიები არ მიუღიათ და შესაბამისად მათი შრომის ანაზღაურებით მიღებული შემოსავლები შეადგენდა მხოლოდ მათ სარგოს (2000 ლარი) დამატებული ზემოთ ჩამოთვლილი სახელფასო დანამატები.
2013 წლის 18 იანვარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით აგრეთვე დამტკიცდა პარლამენტის აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოებისა და დანამატების ოდენობაც.
პარლამენტის წევრებისგან განსხვავებით, აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების გარდა 2013 წლის განმავლობაში დაირიცხა 2 294 516 ლარის პრემია. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2013 წელს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული პრემიების ოდენობა განახევრებულია 2012 წელთან შედარებით (2012 წელს აპარატის თანამშრომლებზე პრემიის სახით გაიცა 4 927 487,8 ლარი) აღნიშნული არ განაპირობებდა თანამშრომელთა შემოსავლების კლებას ვინაიდან წინა წელთან განსხვავებით პარლამენტის თანამშრომლები 2013 წლიდან ყოველთვიურად იღებდნენ დაახლოებით თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დანამატსაც.
2012 წლის დეკემბრის თვეში მიღებული დადგენილებით ადგილობრივ თვითმართველობებს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსების ვალდებულება მოეხსნათ. ხსენებულ ბიუროების დაფინანსება 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან, ყოველთვიურად 5 ათასი ლარის ოდენობით (60 000 ლარი ყოველწლიურად). მაჟორიტარი დეპუტატები აღნიშნული თანხის განაწილებას საკუთარი შეხედულებისამებრ ახორციელებენ.
როგორც საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2013 წელს ყველა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებზე შრომის ანაზღაურებისთვის სულ გაიცა 2 211 751 ლარი, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული მაჟორიტარის ბიუროში როგორც დასაქმებულ თანამშრომელთა ასევე სახელფასო ფონდისთვის გამოყოფილი თანხები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ზვიად ძიძიგურის ბიუროში დასაქმებულია მხოლოდ 2 ადამიანი, რომლებმაც 2013 წელს ხელფასის სახით მიიღეს 34 630 ლარი, ხოლო ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატის ვაჟა ჩიტაშვილის ბიუროში დასაქმებულმა 8 თანამშრომელმა 2013 წელს ხელფასის სახით მიიღეს მხოლოდ 19 325 ლარი.
2013 წელს ბიუროს თანამშრომლებზე ხელფასის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ოქრიაშვილის ბიუროში – 45 838,6 ლარი. მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების დაფინანსების თანაბარ პირობებში, შრომის ანაზღაურებაზე ყველაზე დიდი თანხა დახარჯეს შემდეგმა დეპუტატებმა:
2013 წელს ყველაზე მცირე თანხა ბიუროს თანამშრომელთა ხელფასების ანაზღაურებაზე დაიხარჯა ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ჩილინგარაშვილის ბიუროში – სამ თანამშრომელზე ხელფასის სახით სულ გაიცა 13 025,5 ლარი.
2013 წელს საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ შეძენილია 2013 წელს გამოშვებული 10 „ჰიუნდაი ელანტრას“ მოდელის ავტომობილი საერთო ღირებულებით 292 000 ლარი. აღნიშნული 10 ავტომობილი გადანაწილდა შემდეგი დანიშნულებით:
2013 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით საწვავის მოხმარებაზე გაწეული ფაქტობრივი ხარჯი შეადგენს 736 217,34 ლარს. პარლამენტის აპარატის მიერ გაწეული საწვავის ხარჯების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტს გააჩნია აგრეთვე 2012 წლის 1 იანვრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, რამაც 733 697,92 ლარი შეადგინა. როგორც გამოჩნდა პარლამენტის მიერ 2012 წელს ერთი თვით ნაკლებ პერიოდში დაახლოებით იგივე ხარჯია საწვავის მოხმარებაზე გაწეული, რაც 2013 წელს. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თბილისიდან ქალაქ ქუთაისში პარლამენტის გადატანას არ მოჰყვა პარლამენტის საწვავის ხარჯების ზრდა.
2013 წელს ავტომანქანების მომსახურებაზე (შეკეთება, ცვეთა) გაწეული ფაქტობრივი ხარჯი შეადგენს 272 957,74 ლარს.
საქართველოს პარლამენტის წევრების სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების საკითხი დარეგულირებულია საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის N231 ბრძანებულებითა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 20 აგვისტოს N98/3 ბრძანებით. აღნიშნული ბრძანებებით განსაზღვრულია ქვეყნების მიხედვით სამსახურებრივი მივლინების დროს სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ანაზღაურების ნორმები. საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის ბრძანებაში განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის წევრებზე სადღეღამისო ნორმების დანამატები თანამდებობების მიხედვით. IDFI შეეცადა გამოერკვია დარეგულირებული სამივლინებო ხარჯების პირობებში, რა თანხა იქნა და რა მიზნებისთვის დახარჯული საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მივლინებებზე 2013 წელს. ჩვენს მიერ უკვე შემოთავაზებული იქნა 2012 წელს საქართველოს პარლამენტის თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯებისაგან. 2013 წელს საქართველოს პარლამენტის წევრებზე ქვეყნის გარეთ განხორცილებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯი შეადგენს 1 005 282.65 ლარს. ყველაზე დიდი დრო (118 დღე) მივლინებაში პარლამენტის წევრებს შორის გაატარა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ და ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯიც სწორედ მის მიერ არის გაწეული – 88 104,47 ლარი. რიგით მეორე, პარლამენტის წევრებს შორის, როგორც მივლინებაში გატარებული დღეების ასევე გაწეული სამივლინებო ხარჯების თვალსაზრისით არის თინათინ ხიდაშელი. მან მივლინებაში გაატარა 102 დღე და მისმა სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 81 181,82 ლარი.
ყველაზე დიდი სამივლინებო ხარჯების მქონე დეპუტატების შესახებ მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
2013 წელს ყველაზე ხანმოკლე ძვირადღირებული ვიზიტის თვალსაზრისით გამორჩეულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ვიზიტი ქალაქ ათენში. ერთი დღის განმავლობაში სამივლინებო ხარჯმა შეადგინა 3659,59 ლარი. 2013 წელს პარლამენტის წევრების მიერ განხორცილებული ხანმოკლე და ამავე დროს ძვირადღირებული ვიზიტების შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
2013 წელს ყველაზე ხანგრძლივი მივლინებაში იმყოფებოდა თედო ჯაფარიძე, კერძოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა 12 დღე.
დეტალურად ყველა დეპუტატის მიერ განხორცილებული ვიზიტების შესახებ ინფორმაცია გაწეული ხარჯებისა და ქვეყნების მითითებით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავათ, საქართველოს პარლამენტის მიერ აღნიშნული ვიზიტების დანიშნულების შესახებ ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული.
ზემოთ მოყვანილი 2013 წელს საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ გაწეული ხარჯების გარდა, IDFI – იმ აგრეთვე მიიღო ინფორმაცია პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ბინის ქირისა და სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ.
2013 წელს პარლამენტის წევრების ქუთაისში ცხოვრებასთან დაკავშირებით გაცემულია ბინის ქირის კომპენსაცია 1 367 303,91 ლარი, ხოლო პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე ბინის ქირის ანაზღაურებისთვის დანამატის სახით გაცემულია 2 890 530 ლარი.
რაც შეეხება სატელეკომუნიკაციო ხარჯებს, 2013 წელს სატელეფონო საუბრებზე გაწეულმა სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა შეადგინა 101 681, 43 ლარი.