სიახლეების გამოწერა

IDFI და საზოგადოება „მემორიალი“

 

დაარსების დღიდან (2009), IDFI ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს საბჭოთა წარსულის შესწავლასა და ანალიზის პროცესში. ერთ-ერთი თემატური მიმართულების - საბჭოთა კვლევების - ფარგლებში, IDFI მუშაობს საბჭოთა პერიოდის არქივების ღიაობასა და საარქივო დოკუმენტების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობაზე; საბჭოური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად კი ორგანიზაცია ეხმარება რეპრესირებულთა ოჯახის წევრებს რეპრესირებული წინაპრების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და ასევე სასამართლო დავებში თუ კომპენსაციის მიღების საკითხებზე.

 

საერთო მიზნებიდან გამომდინარე, IDFI-მ საბჭოური პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნისა და თანადგომის საზოგადოება „მემორიალთან“ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო თანამშრომლობა, როდესაც შენობა, სადაც მემორიალის ოფისი მდებარეობდა, გაიყიდა და ორგანიზაციის თანამშრომლების მიერ 16 წლიანი შრომის შედეგად შექმნილი (მემორიალი დაფუძნდა 1992 წელს) უნიკალური არქივი ოფისის გარეშე დარჩა. IDFI-მ მემორიალის თანამშრომლებს საკუთარ ოფისში გამოუყო სამუშაო ფართი და განათავსა მემორიალის საარქივო კვლევების ლაბორატორიის საარქივო მასალა, რომელიც შეიცავს ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, როგორიცაა:


- რეპრესირებულთა კარტოთეკა 30 ათასამდე პიროვნებაზე;


- რეპრესირებულთა ანკეტები 9 ათასამდე პიროვნებაზე;


- პუბლიკაციები საბჭოურ რეპრესიებსა და რეპრესირებულთა შესახებ;


- ე. წ. „მემორიალის“ ხსოვნის საღამოების ოთხშაბათობისა;


- აუდიო და ვიდეო ჩანაწერები ( „მემორიალის“ ხსოვნის საღამოებისა ე.წ. „მემორიალის“ ოთხშაბათობისა, ა.შ.) და ა.შ.


მოგვიანებით, 2011 წლიდან ურთიერთთანამშრომლობას მიეცა ოფიციალური სახე. მემორიალსა და IDFI-ის შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციებმა არაერთი საინტერესო, ერთობლივი კვლევითი პროექტი განახორციელეს, მოამზადეს პუბლიკაციები და გამართეს ღონისძიებები, კერძოდ:


-ერთობლივი, სამწლიანი შრომის შედეგად შეიქმნა „სტალინური სიები საქართველოდან“ - საქართველოში პირველი ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც 1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს შეიცავს. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტში გაიმართა მონაცემთა ბაზის პრეზენტაცია.

 

-ასევე დაიწერა და გამოქვეყნდა წიგნი „სტალინის სიები საქართველოზე“, რომელიც მოიცავს 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ მსხვერპლთა შესახებ მონაცემებს, კერძოდ, იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც უშუალოდ სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების გადაწყვეტილებით (გასამართლდნენ) დაისაჯნენ (საერთო ჯამში 3616 პირზე). 2011 წლიდან მოყოლებული, IDFI-მ და საზოგადოება მემორიალმა პარტნიორების (შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი) დახმარებით და საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინასნებით არაერთი გამოფენა (2012 წლის 11 ივნისი - გოეთეს ინსტიტუტი, თბილისი; 2013 წლის 19 თებერვალი - ისტორიულ მუზეუმი, ქალაქი რუსთავი) გამართეს ამ თემასთან დაკავშირებით.

 

-ტოტალიტარული წარსულის გააზრების მიმართულებით, IDFI-მ მოაწყო გამოფენა 1937-1938 წლების რეპრესიებზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა. ეს დოკუმენტები IDFI-მ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საზოგადოება „საქართველოს მემორიალის“, ასევე, რეპრესირებულთა საოჯახო არქივებში მოიძია.

 

-ამავე თემაზე, 2014 წლის 21 დეკემბერს, სტალინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, IDFI-მ გამართა სიმბოლური აქცია 1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლთა გასახსენებლად. IDFI-ის მკვლევარებმა ჩაატარეს რამდენიმე ლექცია მოსწავლეებისთვის „სტალინიზმის“ და მასობრივი რეპრესიების შესახებ.

 

-ბოლო 6 წლის განმავლობაში, პარლამენტის შენობის წინ (თბილისში), ყოველწლიურად, 25 თებერვალს, მემორიალი და IDFI ერთობლივად მართავს გამოფენებს რუბრიკით „გასაბჭოების შედეგები საქართველოში რეპრესირებულთა ფოტოებისა და სიების სახით“. გამოფენა ეძღვნება ოკუპაციის პირველ წლებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დახვრეტილ პატრიოტთა ხსოვნას. გამოფენის მოწყობის მიზანია ანტიჰუმანური რეჟიმის - ბოლშევიზმის ქმედებათა შეხსენება მოსახლეობისთვის.


-IDFI-მ თბილისის მერიის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან და მემორიალთან თანამშრომლობით ბოლშევიკური რუსეთის მიერ დახვრეტილი ქართველი სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა ვაკის პარკის მედიათეკაში. IDFI-მ და საზოგადოება მემორიალმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მონაცემებზე დაყრდნობით მოიძია რეპრესირებული სამხედრო პირების საცხოვრებელი ადგილის შესახებ ინფორმაცია და თბილისის მერიას წინადადებით მიმართა, რომ სამხედროების ხსოვნის უკვდავსაყოფად მომხდარიყო ამ მისამართებზე მემორიალური დაფების განთავსება. თბილისის მერიამ გაიზიარა IDFI-ს ინიციატივა და მერიის შესაბამისი სამსახურების დახმარებით მემორიალური დაფები შესაბამის მისამართებზე განათავსა.


IDFI-ის და საზოგადოება მემორიალის ურთიერთთანამშრომლობა მომავალში გულისხმობს ერთობლივ კვლევით საქმიანობას, „მემორიალის“ საარქივო მასალების, ძირითადად აუდიო-ვიდეო ჩანაწერების, ელექტრონული ვერსიის შექმნას, პოლიტპატიმართა დახვრეტის ადგილების აღმოჩენას და რეპრესირებული მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფების განთავსებას. ასევე იგეგმება, რეპრესირებული ოჯახების და საბჭოური პერიოდის პოლიტპატიმრების შესახებ ერთობლივი გამოფენების მოწყობა.