სიახლეების გამოწერა

ჩვენი ისტორია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი 2009 წელს დააარსა  ორმა მკვლევარმა, ლევან ავალიშვილმა და გიორგი კლდიაშვილმა.

 

IDFI-ის შექმნის იდეა დაიბადა საერთაშორისო კონფერენციის დროს, რომელსაც ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი 2005 წლიდან  პერიოდულად მასპინძლობდნენ საქართველოში. კონფერენციის მხარდამჭერი იყო ამერიკული არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია „ეროვნული უსაფრთხოების არქივი.“ კონფერენციის მონაწილე ქართველი და უცხოელი ისტორიკოსები, არქივის მკვლევარები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ღია მმართველობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები და იურისტები განიხილავდნენ სხვადასხვა ქვეყნებში სახელწიფო არქივების ღიაობის და საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხებს. სწორედაც, 2009 წელს, მორიგი კონფერენციის დროს,  გაჩნდა იდეა, რომ საქართველოში არქივების ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით,  აქტიური ადვოკატირების საქმიანობა განეხორციელებინა ახალ ორგანიზაციას, რომელიც იმუშავებდა ღიაობის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის გაუმჯობესებაზე. ასეთი ორგანიზაცია, ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, დააფუძნეს ლევან ავალიშვილმა და გიორგი კლდიაშვილმა.  

 

საწყის ეტაპზე, IDFI ეწეოდა ხელისუფლების მაკონტროლებელ საქმიანობას . პირველი გრანტი, რომელიც ორგანიზაციამ მოიპოვა, იყო „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების (სამინისტროების) ოფიციალური ვებგვერდების მონიტორინგი.“ პროექტი დაფინანსდა „ეროვნული უსაფრთხოების არქივის“ მიერ 10 000 დოლარის ოდენობით. პირველი პროექტის ფარგლებში, IDFI-მ ჩაატარა საქართველოს საჯარო დაწესებულებების ვებგვერდების გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანალიზი.

 

ამ პროექტის წარმატებით დასრულების შემდეგ IDFI-მ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით დაიწყო პროექტი სახელწოდებით: „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა www.opendata.ge. სახელმწიფო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგით და საჯარო ინფორმაციაზე გამარტივებული წვდომის მექანიზმების დანერგვის უზრუნველყოფით, პროექტმა დიდი როლი ითამაშა საქართველოში საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდაში. 2014 წელს ბრიტანული ორგანიზაცია mySociety-ის მიერ ვებგვერდი შეყვანილ იქნა FOI-ს პლატფორმების საერთაშორისო ზეგავლენის შეფასებაში.

 

კიდევ ერთი მიმართულება, რომლითაც IDFI-მ  საკუთარი საქმიანობა დაიწყო, იყო არქივების ღიაობისა და საარქივო მასალებზე წვდომის გაზრდა. ლევან ავალიშვილი და გიორგი კლდიაშვილი აქტიურად უწევდნენ ადვოკატორებას საქართველოში მე-20 საუკუნის საბჭოთა პერიოდის არქივების ღიაობას და საბჭოთა ეპოქის დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. ამ მიმართულებით, IDFI-ის ადვოკატირების დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს საქართველოს კომპარტიის ყოფილი არქივის განადგურებისგან გადარჩენა და შემდგომი მოდერნიზება, საქართველოს უშიშროების (КГБ) არქივის გახსნა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ფართო საზოგადოებისთვის. ამავდროულად, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით, IDFI მუშაობს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის შესწავლაზე, აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან, საერთაშორისო საზოგადოება „მემორიალთან“ და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან.

 

ერთ-ერთი პირველი კვლევითი პროექტი IDFI-მ განახორციელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან ერთად, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის სახელწოდება იყო 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული საარქივო დოკუმენტების კოლექციისკრებული“. პროექტი გულისხმობდა საქართველოს საბჭოთა პერიოდის არქივებში 1956 წლის 5-9 მარტის მოვლენებთან დაკავშირებული  საარქივო მასალების მოძიებას და  შესწავლას.  პროექტის ფარგლებში სრულიად საიდუმლო საარქივო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიები გამოქვეყნდა  IDFI-ის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ყველასათვის.

 

საბჭოთა წარსულის შესწავლის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი იყო  „სტალინური სიები საქართველოდან“, რომლის ფარგლებშიც IDFI-მ შეაგროვა და გააანალიზა ინფორმაცია საქართველოში 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა შესახებ და ქართულ და რუსულ ენებზე მოამზადა მონაცემთა ბაზა დაახლოებით 3,600 ადამიანის შესახებ, რომლებიც უშუალოდ სტალინის რეზოლუციის საფუძველზე იქნენ რეპრესირებული საქართველოში. IDFI-ის მიერ შეგროვებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საიტზე.

 

2012 წლიდან IDFI-მ გაააქტიურა ანალიტიკური საქმიანობა. დღეისათვის, IDFI ეწევა ანალიტიკურ და ხელისუფლების მაკონტროლებელ საქმიანობას, ისევე როგორც ადვოკატირებას, სტრატეგიულ სამართალწარმოებას, კონსულტაციებსა და ცნობიერების ამაღლებას კარგი და დემოკრატიული მმართველობის ყველა მიმართულებით. ორგანიზაცია ცნობილია პროფესიონალური, მაღალი სტანდარტების  დამოუკიდებელი კვლევებით და მათზე დაყრდნობით წარმოადგენს ინოვაციურ, პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც ემსახურება საქართველოსა და სხვა ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხის ზრდას, ხელს უწყობს ეკონომიკისა და სოციალური კეთილდღეობის  ამაღლებას.

 

IDFI დღეს უკვე საერთაშორისოდ არის ცნობილი, როგორც ღია და დემოკრატიული მმართველობის  მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია.

 

ანგარიშვალდებულება, პატიოსნება და საიმედოობა ყოველთვის აისახებოდა და მომავალშიც აისახება IDFI-ის თითოეულ წამოწყებაში. ჩვენ ვიცავთ და ერთგულნი ვართ მაღალი პროფესიონალური და ეთიკური სტანდარტების.