კონკურსი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის რეგიონებიდან

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) პროექტის PrIMEპროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით - ფარგლებში, აცხადებს კონკურსს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების შესარჩევად.

 

PrIMEევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით. PrIME-ის მიზანია საქართველოს პროკურატურის შიდა და გარე დამოუკიდებლობის გაზრდა, საქართველოს საპროკურორო და საგამოძიებო სისტემების მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად.

 

პროექტის მიზნების მისაღწევად, IDFI და მისი პარტნიორები ოთხი ძირითადი მიმართულებით მუშაობენ: მონიტორინგი, ჟურნალისტური გამოძიება, შესაძლებლობების გაძლიერება, და ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება.

  

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩევა, პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ცალკეული თემატური მიმართულებების მონიტორინგის განსახორციელებლად.

 

საქმიანობის აღწერა:

 

კონკურსის შედეგად თითოეულ რეგიონში შერჩეული ორგანიზაცია პასუხისმგებელი იქნება უზრუნველყოს პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ცალკეული ნაწილების შესრულების მონიტორინგი ადგილობრივ დონეზე, IDFI-ის მიერ მიწოდებული მონიტორინგის მეთოდოლოგიის მიხედვით.

 

შერჩეული რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე გაუწევენ მონიტორინგს სასამართლო სხდომებს ადგილობრივ  დონეზე, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს.

 

მონიტორინგის ანგარიშებს რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციები წარუდგენენ IDFI-ის.

 

პროექტი უზრუნველყოფს IDFI-ის წარმომადგენლების მიერ კონკურსში გამარჯვებულ რეგიონალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სტუმრობას და მათთვის ტრენინგების ჩატარებას. პროექტის განმავლობაში, IDFI გაუწევს ზედამხედველობას და საჭიროების მიხედვით გაუწევს კონსულტაციებს პარტნიორ ორგანიზაციებს.

 

პროექტში მონაწილეობის პირობები:

 

პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ რეგიონულ ორგანიზაციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

 

1. ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ფარავენ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარის რეგიონებს; სულ აირჩევა ორი ასეთი ორგანიზაცია.

 

2. დაფუძნებული არიან სულ მცირე 3 წლის წინ, აქვთ უწყვეტი საქმიანობის გამოცდილება მინიმუმ ბოლო ორი წლის მანძილზე (ბოლო ორი წლის მანძილზე განხორციელებული ან მიმდინარე სულ მცირე ორი პროექტი);

 

3. შეუძლიათ სულ მცირე ერთი ექსპერტის კანდიდატურის წარდგენა, რომელთაც აქვთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;

 

4. გააჩნიათ სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო საბაზო ინფრასტრუქტურა.

 

უპირატესობა მიენიჭათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ზემოხსენებულთან ერთად:

 

1. მუშაობენ პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმების საკითხებზე, ან გააჩნიათ შესაბამისი პროფილი სისხლის სამართლის კუთხით, კერძოდ, კი, აქვთ სიძულვილით მოტივირებულ ან/და ქალთა მიმართ დანაშაულებების მონიტორინგის გარკვეული გამოცდილება;

 

2. მათ მიერ წარმოდგენილ სპეციალისტს/ებს აქვთ პროკურატურის სტრუქტურისა და საქმიანობის, ასევე ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზისა და სისხლის სამართლის კოდექსის ცოდნა და საჯარო დაწესებულებების მონიტორინგის გამოცდილება;

 

3. აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება;

 

4. აქვთ ევროკავშირის მიერ (პირდაპირ ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით) დაფინანსებული პროექტების განხორციელების გამოცდილება.

 

ხარჯების დაფარვა მოხდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მიკრო გრანტის საშუალებით. რეგიონების მიხედვით მიკრო გრანტების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 5000 ევროს. 

 

სააპლიკაციო პროცედურა

 

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნონ შევსებული განაცხადი თანდართული ფორმის მიხედვით და სულ მცირე 2 სპეციალისტის რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  vacancies@idfi.ge

 

 განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა: 2018 წლის 16 სექტემბერი.  დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  ტელ: +995 32 92 15 14;  ელ. ფოსტა: info@idfi.ge