საქართველოს მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების მიმოხილვა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 14 აპრილი 2022

უკრაინის წინაღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიას ცივილიზებულმა სამყარომ ეკონომიკური და ფინანსური სანქციები დაუპირისპირა. სანქციების პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულებისთვის მაქსიმალური გამჭვირვალობაა საჭირო იმისთვის, რომ გამოაშკარავდეს დამალული ფინანსები და ვერ მოხდეს ბენეფიციარი საკუთრების ბოროტად გამოყენებით სანქციებისთვის თავი არიდება.[1] წინამდებარე მიმოხილვა სწორედ ფულის გათეთრებასა და ბენეფიციარ საკუთრებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ პრობლემურ საკითხებს მიმოიხილავს და ამ მიმართულებით მსოფლიოში განვითარებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებს წარმოაჩენს.

 

ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფი (FATF) წარმოადგენს დამოუკიდებელ მთავრობათაშორის უწყებას, რომლის მიზანი ფულის გათეთრების, ტერორიზმთან ბრძოლისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ პოლიტიკის ხელშეწყობაა. სწორედ ამ მიზნით 2012 წელს გამოიცა რეკომენდაციები, რომლებიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტად არის აღიარებული. ეს სტანდარტი კონკრეტულ მოთხოვნებს უწესებს სასამართლო, ფინანსური დაზვერვის უწყებებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებს, კერძო სექტორსა და მათ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ ორგანოებს.[2]

 

საქართველოში ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს რისკები და გამოწვევები, რომლებიც აქტიურად განიხილება საერთაშორისო თუ რეგიონულ დონეზე.[3] შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ შეფასდეს რამდენად შეესაბამება საქართველოში დღეს არსებული სისტემა საერთაშორისო სტანდარტად აღიარებულ FATF რეკომენდაციებს.

 

ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციები ეხება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკასა და კოორდინაციასთან, სამართლებრივი დევნის განხორციელებასთან, პრევენციული ზომების გატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს; შესაბამისი უწყებების უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობას; ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობას და საერთაშორისო თანამშრომლობას.

 

ევროსაბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის (MONEYVAL) მიერ 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რომლითაც ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის მიერ 2012 წელს გაცემულ რეკომენდაციებთან საქართველოს შესაბამისობა შეფასდა, ქვეყანას 40 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებული აქვს ექვსი რეკომენდაცია, მეტწილად შესრულებული - 21, ნაწილობრივ - 12, ხოლო შეუსრულებელია ერთი რეკომენდაცია. ეს უკანასკნელი უკავშირდება არაკომერციულ ორგანიზაციებთან მიმართებით არსებულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის კონტექსტში.

 

წინამდებარე მიმოხილვა განსაკუთრებით ყურადღებას სწორედ ამ უკანასკნელ რეკომენდაციის შესრულებაზე ამახვილებს, ამავდროულად, აანალიზებს ბენეფიციარ მესაკუთრეებთან და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობას, რომელსაც 2020 წლის Moneyval-ის ორმხრივი შეფასების ანგარიშში ნაწილობრივ შესრულებულის სტატუსი აქვს მინიჭებული. დოკუმენტი ასევე მოკლედ აანალიზებს Moneyval-ის ანგარიშში სხვა რეკომენდაციებთან მიმართებით საქართველოში არსებულ ხარვეზებს.

____

 

[1] Anders Åslund და Maria Snegovaya, The impact of Western sanctions on Russia and how they can be made even more effective, ხელმისაწვდომია: https://www.atlanticcouncil.org/in-depth-research-reports/report/the-impact-of-western-sanctions-on-russia/#h-effective-sanctions-require-more-transparency-enforcement-and-international-cooperation

 

[2]  MONEYVAL, Annual report 2020, გვ. 9, ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/moneyval-annual-report-2020-eng-final/1680a2b3a4, წვდომის თარიღი: 16.02.2022.

 

[3] IDFI, MONEYVAL– ისშეფასებასაქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ, გვ. 3, ხელმისაწვდომია: https://idfi.ge/public/upload/Blog/MONEYVAL%20final%20GEO.pdf, წვდომის თარიღი: 16.02.2022.

 

/public/upload/Analysis/Compliance with FATF Recommendations_Geo.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე

10.07.2025

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024