განათლების სექტორის მიმოხილვა, ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირება

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | აქტუალური თემები 10 ოქტომბერი 2022

განათლების შესაძლებლობა კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას განათლების მიღების თანაბარი პირობები შეუქმნას, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა თუ სოციალური ჯგუფისა. აღნიშნული, ქვეყანას დაეხმარება განავითაროს კვალიფიციური ადამიანური კაპიტალი და ხელი შეუწყოს მოსახლეობის ინტეგრაციას შრომით ბაზარზე. 2008 წელს, ეუთოს მხარდაჭერით შეიქმნა მოწყვლადი ჯგუფების ინტეგრაციის სამოქმედო გეგმა (2009-2014 წ.წ.), რომელიც ითვალისწინებს ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე, 2015 წლის აგვისტოში დამტკიცდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს ხარისხიანი ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას სახელმწიფო და ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზე.

 

საქართველოში 2015 წლიდან დაიწყო მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ეროვნული პოლიტიკის დღის წესრიგში დანერგვის პროცესი. მე-4 მიზანი ეხება   ხარისხიან განათლებას, რაც გულისხმობს ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფას და ყველასათვის უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას.

 

COVID-19 პანდემიამ წარმოაჩინა განათლების სექტორში არსებული გამოწვევები და დისტანციური სწავლების შეფერხებებით მიმდინარეობის ფონზე, IDFI-ის მიერ შეფასებული დანაკარგების დღევანდელმა ღირებულებამ 55 მლრდ. ლარს მიაღწია. მიმდინარე კვლევის მიზანს წარმოადგენს არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება ეთნიკური უმცირესობებისთვის და მოწყვლადი ჯგუფებისათვის, და საპასუხო ღონისძიებების შეთავაზება დაინტერესებული მხარეებისათვის.

 

ძირითადი მიგნებები

 

- 2021 წელს განათლებაზე, მეცნიერებაზე და პროფესიულ მომზადებაზე დანახარჯები დაახლ. 2.2 მლრდ. ლარია, რაც მშპ-ს 3.6%-ს შეადგენს. აქედან ინკლუზიურ განათლებაზე მხოლოდ 1.2 % დაიხარჯა. 

 

- საქართველო ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 2014 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 13.2% ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, ძირითადად, ეთნიკურად აზერბაიჯანელი (6.3%), სომეხი (4.5%) და რუსი (0.7%) ეროვნების წარმომადგენლები.

 

- 2021-2022 სასწავლო წლის მონაცემებზე დაყრდნობით, არაქართულენოვანი სკოლები საქართველოს საჯარო სკოლების 10%-ს შეადგენს (207 მთელი საქართველოს მასშტაბით).

 

- საქართველოში 54,325 არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლეა, რაც მოსწავლეების საერთო რაოდენობის 9%-ს შეადგენს. არაქართულენოვან მოსწავლეთა 48% აზერბაიჯანულენოვანია, 27% - რუსული, ხოლო 25% კი  სომხურენოვანია.

 

- სპეციალურ მასწავლებლებზე გაზრდილია მოთხოვნა. ყოველწლიურად იზრდება საჯარო სკოლებში იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთაც აქვთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები. 2021 წელს, სსსმ მოსწავლეების რაოდენობამ 10,500-ს გადააჭარბა, რაც 21-ჯერ აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.

 

- პროფესიულ განათლებაზე წვდომა ეთნიკური უმცირესობებისთვის გაიზარდა. აღნიშნულს ხელი შეუწყო გადაწყვეტილებამ, რომ მსურველებს შეუძლიათ პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად პროფესიული ტესტირება ჩააბარონ სომხურ, რუსულ ან აზერბაიჯანულ ენაზე. 2021 წელს, არაქართულენოვანი ტესტირების საფუძველზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 250 აპლიკანტი, რაც 17-ჯერ აღემატება 2016 წლის მაჩვენებელს.

 

- პროფესიულ სასწავლებლებში სსსმ პირების რაოდენობა იზრდებოდა 2016 წლამდე, შემდეგ კი ტენდენცია შეიცვალა. 2020 წელს, სსსმ სტუდენტების რაოდენობა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მინიმალურ მაჩვენებელზე ჩამოვიდა (164 სსსმ სტუდენტი), რაც COVID-19 პანდემიის უარყოფით გავლენაზე მიუთითებს. 

 

- სსსმ პირების წილი სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შორის ყოველწლიურად იზრდება.  2021 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებული სტუდენტების 37%-მა შეიჩერა სტატუსი.  მათგან  2.5% სსსმ სტუდენტებზე მოდის, რაც ბოლო ცხრა წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.

 

- ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლეს განათლებაზე წვდომა გაზრდილია. მოქმედებს „1+4“ პროგრამა, რომლის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. 2010 წლიდან 2018 წლამდე 5-ჯერ  გაიზარდა ეთნიკურ უმცირესობათა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.

 

- ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა და პანდემიამ აღნიშნული კიდევ უფრო გაამწვავა. პანდემიამდე სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამაზე ჩარიცხული მსმენელების რაოდენობა ნელი ტემპებით იზრდებოდა, თუმცა COVID-19 პანდემიამ მსურველთა მკვეთრი შემცირება გამოიწვია 2,059-მდე (-42%, წ.წ.).

 

- ეთნიკური უმცირესობების მთავარი გამოწვევა მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობა და დაბალი კვალიფიკაციაა. საქართველოში 2018-2022 წლებში 309 მასწავლებელზე გამოცხადებული ვაკანსია დარჩა შეუვსებელი. რაც შეეხება მასწავლებელთა კვალიფიკაციას, 2021 წლისთვის მასწავლებელთა მხოლოდ 27%-ია გადამზადებული.

 

- ჩატარებულმა ფოკუს ჯგუფებმა გამოავლინა, რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის  გამოწვევაა ენის ბარიერი, მასწავლებლების არასაკმარისი რაოდენობა,  სახელმძღვანელოების თარგმანის დაბალი ხარისხი, სკოლის მიტოვება და დასაქმების პრობლემები. ხოლო სსსმ პირებისთვის გამოწვევაა სპეციალური მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის და რესურსების ნაკლებობა.

 

რეკომენდაციები

 

- აუცილებელია განათლების სექტორზე გამოყოფილი ფინანსური რესურსების ზრდა.

 

- კლასებში მოსწავლეების რაოდენობის შემცირება დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, ვინაიდან მოსწავლეების მონიტორინგის საშუალება გაიზრდება.

 

- ზოგადი განათლების სისტემა საჭიროებს კვლევებზე დაფუძნებულ ძირეულ რეფორმას.

 

- სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს საგანგებო გეგმა, რათა შეამციროს გაუთვალისწინებელი მოვლენების ზეგავლენა განათლების სისტემაზე.

 

- განათლების პოლიტიკის ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, დაიგეგმოს და ჩატარდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მეტად ჩართავს მშობლებს სასწავლო პროცესში.

 

- აუცილებელია შეფასდეს მასწავლებელთა სპეციფიკური საჭიროებები და შესაბამისად დაიგეგმოს ტრენინგები. 

 

- მნიშვნელოვანია ქართული ენის შემსწავლელი კურსების რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდა.

 

- სახელმძღვანელოების პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია, თარგმანში ჩართული იყოს როგორც ფილოლოგი, ისე საგნის სპეციალისტი.

 

- მიზანშეწონილია საინფორმაციო კამპანიის წარმოება ადრეული ქორწინების, როგორც ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაში ხელისშემშლელი ფაქტორის შესახებ. 

 

- ეთიკური უმცირესობების და სსსმ პირების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩასართავად, აუცილებელია, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების უზრუნველყოფა.

 

- აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ადაპტაცია სსსმ და შშმ პირების საჭიროებების მიხედვით.

 

 

/public/upload/00_studies/onepager_GEO_IDFI_Education_2022.pdf

 

 

 

/public/upload/00_studies/GEO_IDFI_Education_2022.pdf

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023