კვლევის პრეზენტაცია - განათლების სექტორის მიმოხილვა

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | სტატია 10 ოქტომბერი 2022

10 ოქტომბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) კვლევის „განათლების სექტორის მიმოხილვა“ პრეზენტაცია გამართა და რეკომენდაციები წარადგინა. კვლევის მიზანი იყო განათლების სექტორში ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირება.

 

გამოწვევების იდენტიფიცირების და საჯარო მომსახურების ხარისხისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით, IDFI-ის გუნდმა ჩაატარა ზოგადი განათლების სექტორის წინასწარი ანალიზი. მონაცემების მოძიება მოხდა ღია წყაროებიდან პირდაპირი ანალიზის და საჯარო დაწესებულებებიდან ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე.

 

ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიხეილ კუკავა.  

 

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევები COVID-19 პანდემიის პერიოდში“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან სოხაძე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი და ანგარიშის ავტორი გივი ადეიშვილი.

 

კვლევის შედეგად გამოიკვეთა რომ:

 

- ჯამური დანახარჯი განათლებაზე საშუალო წლიურად 7.9%-ით იზრდებოდა ათი წლის განმავლობაში (6.9% ინფლაციით დაკორექტირებული). თუმცა, 2021 წელს დანახარჯების წილი მშპ-ში შემცირდა და 3.6% შეადგინა, რაც ბოლო ათი წლის მინიმალური მაჩვენებელია.

 

- 2021 წელს გაორმაგდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს შორის სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.

 

- 2021 წ. საქართველოში უმუშევრობის დონემ უმაღლესი განათლების მქონე სამუშაო ძალაში 15.5% შეადგინა, რაც ბევრად მაღალია ვიდრე OECD (6.1%) და ევროკავშირის (5.5%) ქვეყნებში.

 

- 2021 წელს, სოფლებში მცხოვრები მოსწავლეების 84% საკლასო ოთახებში დაბრუნდა, ხოლო ქალაქებში ამ რიცხვმა 67% შეადგინა. დისტანციური სწავლებისთვის აუცილებელი ტექნიკის არ ქონა და ინტერნეტთან დაბალი ხელმისაწვდომობა აიძულებდა სოფელში მცხოვრებ მოსწავლეებს, რომ უფრო მეტად ყოფილიყვნენ დამოკიდებული ტრადიციულ სწავლების მეთოდებზე.

 

- ენის ბარიერი ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა და პანდემიამ აღნიშნული კიდევ უფრო გაამწვავა.

 

- ეთნიკური უმცირესობების მთავარი გამოწვევა მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობა და დაბალი კვალიფიკაციაა.

 

IDFI მიზნად ისახავს გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა სექტორში არსებული გამოწვევების შესახებ, კვლევითი ნაშრომების გამოქვეყნებით და ფართო აუდიტორიისთვის კვლევის შედეგების გაცნობით.

 

IDFI-ის რეკომენდაციები:

 

- აუცილებელია განათლების სექტორზე გამოყოფილი ფინანსური რესურსების ზრდა.

 

- აუცილებელია შეფასდეს მასწავლებელთა სპეციფიკური საჭიროებები და შესაბამისად დაიგეგმოს ტრენინგები. 

 

- მნიშვნელოვანია ქართული ენის შემსწავლელი კურსების რაოდენობისა და ხელმისაწვდომობის ზრდა.

 

- სახელმძღვანელოების პრობლემის მოსაგვარებლად, აუცილებელია, თარგმანში ჩართული იყოს როგორც ფილოლოგი, ისე საგნის სპეციალისტი.

 

- მიზანშეწონილია საინფორმაციო კამპანიის წარმოება ადრეული ქორწინების, როგორც ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაში ხელისშემშლელი ფაქტორის შესახებ. 

 

- ეთიკური უმცირესობების და სსსმ პირების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩასართავად, აუცილებელია, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების უზრუნველყოფა.

 

- აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ადაპტაცია სსსმ და შშმ პირების საჭიროებების მიხედვით.

 

კვლევა განხორციელდა და კვლევის პრეზენტაცია გაიმართა  ფონდი ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024