მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრების მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის მიმოხილვა

სიახლეები | კვლევები | კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი | ადგილობრივი მმართველობა 30 მარტი 2023

ადგილობრივ დონეზე ეფექტური მმართველობის მნიშვნელოვან კომპონენტს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს - გამართული მუშაობა წარმოადგენს. სწორედ საკრებულოს პრეროგატივაა თვითმმართველი ერთეულის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და ადგილობრივ დონეზე საკანონმდებლო პროცესების წარმართვა.მუნიციპალიტეტის საკრებულო 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ აირჩევა. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა[1] და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით განისაზღვრება. საკრებულოს უფლებამოსილება ვრცელდება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებზე, როგორიცაა: აღმასრულებელი ორგანოებისა და ამ ორგანოების თანამდებობის პირების საქმიანობის კონტროლი, მათი ანგარიშების მოსმენა და შეფასება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანა, ბიუჯეტის შესრულების კონტროლი და ბიუჯეტის შესრულების შეფასება და ა.შ.

 

კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ფორმებია: მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება და ინიცირება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა და ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა. ამასთან, საკრებულოს წევრმა შესაძლოა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საქმიანობის სხვა ფორმებიც, რასაც წინამდებარე კვლევის ფარგლებში განვიხილავთ.

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2021 წლის მოწვევის საკრებულოთა საქმიანობის შეფასებით დაინტერესდა და საქართველოს თითოეული მუნიციპალიტეტიდან 2022 წელს საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომების გაცდენების სტატისტიკასთან ერთად, 2022 წელს საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები გამოითხოვა. წინამდებარე კვლევის მიზანს საკრებულოს წევრების მიერ წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისა და მოსახლეობისადმი ანგარიშვალდებულების, ასევე მუშაობის საორგანიზაციო მხარის შეფასება წარმოადგენს.

 

ძირითადი მიგნებები

 

- მუნიციპალიტეტის საკრებულოებში გამართულ სხდომებზე საკრებულოს წევრების 2022 წლის სტატისტიკა IDFI-ის 51-მა მუნიციპალიტეტმა მიაწოდა.

 

- 51 მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სულ აღრიცხულია საკრებულოს წევრების მიერ სხდომის გაცდენის 4,140 შემთხვევა, საიდანაც 65%-ის მიზეზი (საპატიო/არასაპატიო) უცნობია. 29%-ის შემთხვევაში მითითებულია, რომ საკრებულოს წევრმა სხდომა საპატიო მიზეზით გააცდინა, ხოლო 6%-მა არასაპატიო მიზეზით.  

 

- საშუალოდ ყველაზე მეტი გაცდენა მარტვილის, ადიგენის, ცაგერისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებში ფიქსირდება.

 

- საკრებულოს იმ 11 წევრიდან, რომელთაც საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი არასაპატიო გაცდენა დაუგროვდათ, 7 მათგანი მარტივილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია.

 

- მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისმიერ სხდომათა არასაპატიო მიზეზით გაცდენა ხშირია. ამასთან, არაერთგვაროვანია მუნიციპალიტეტების საკრებულოების მხრიდან გაცდენების აღრიცხვის წარმოების პრაქტიკაც, რაც საპატიო/არასაპატიო მიზეზების მიხედვით სტატისტიკის ჩაშლილად წარმოების ნაკლებობას უკავშირდება.

 

- 64 მუნიციპალიტეტიდან, საკრებულოს წევრების მიერ წლის მანძილზე გაწეული მუშაობის ამსახველი ანგარიშები 34-მა მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდა, მათ შორის მხოლოდ 20-ს აქვს ეს დოკუმენტები ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული.

 

- საკრებულოს წევრების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები სრულყოფილი სახით მხოლოდ თბილისის, დმანისის, ფოთის, აბაშისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს.

 

- საკრებულოს წევრთა მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების ფორმა არაერთგვაროვანია და ძირითადად მხოლოდ ფორმალურ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

 

დასკვნა და რეკომენდაციები

 

ადგილობრივ დონეზე პოლიტიკის განსაზღვრის, მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაციასა და მათ გადაჭრაში მნიშვნელოვანი როლი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს აკისრია. საკრებულოს უფლებამოსილებიდან, ასევე, ადგილობრივ დონეზე ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადაწყვეტაში ორგანოს განუზომელი როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მათი გამართული, ფუნქციური მუშაობა, რაც დიდწილად საორგანიზაციო საკითხთა მოწესრიგებას და დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებას გულისხმობს. ანალიზმა აჩვენა, რომ საკრებულოს წევრების მხრიდან სხდომათა საპატიო მიზეზით გაცდენის მაჩვენებელი  დაბალია, გაცდენათა ყველაზე დიდი წილი კი იმ გაცდენებს უჭირავთ, რომელთა მიზეზი (საპატიო/არასაპატიო) უცნობია.

 

საკრებულოს წევრების მიერ წლის მანძილზე გაწეული მუშაობის ამსახველ - IDFI-ის მიერ შესწავლილ ანგარიშებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ საკრებულოს წევრთა მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშგების ფორმა არაერთგვაროვანია და ძირითადად მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამასთან, შინაარსობრივ ნაწილში იკვეთება კანონშემოქმედებით და საზედამხედველო ფუნქციათა შესრულების შესახებ მოსახლეობათა ინფორმირების ნაკლებობაც. დეპუტატები თავიანთ ანგარიშებში არ საუბრობენ იმ განხორციელებული პროექტებისა თუ პროგრამების შესახებ, რომელიც დადებითად აისახა მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე. ანგარიშები უმეტესწილად არ მოიცავს სტატისტიკურ მაჩვენებლებს, რაც საკრებულოს წევრების ეფექტიან მუშაობას ეჭვქვეშ აყენებს, ან მიუთითებს იმაზე, რომ დეპუტატები სათანადოდ ვერ ახდენენ გაწეული სამუშაოს დემონსტრირებას. პრობლემას წარმოადგენს ანგარიშგების კანონით გათვალისწინებული ვადების დარღვევაც და არსებული დოკუმენტების ვებგვერდზე გამოქვეყნების პრაქტიკაც.

 

მნიშვნელოვანია, საკრებულოს დეპუტატებმა გააცნობიერონ მოქალაქეთა წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა და მოახდინონ ამომრჩევლებთან გამჭვირვალე კომუნიკაცია. დაინერგოს ანგარიშგების მათზე მორგებული პრაქტიკა, რაც შაბლონის ნაცვლად, საქმიანობის ყოვლისმომცველი სურათის მოსახლეობამდე მიტანაში დაეხმარებათ.

 

გამოკვეთილი საჭიროებებიდან გამომდინარე, შესაძლოა გამოვყოთ შემდეგი რეკომენდაციები:

 

- მნიშვნელოვანია, საკრებულოს სხდომებზე წევრების დასწრების საორგანიზაციო ნაწილის მოწესრიგება. კერძოდ, მეტი ანგარიშვალდებულებისთვის, დასწრების უფრო დეტალური აღრიცხვა, რაც საკრებულოს წევრების მიერ სხდომებზე დასწრების მაჩვენებლის საპატიო/არასაპატიო მიზეზით გამიჯვნასა და დეტალური სტატისტიკის წარმოებას გულისხმობს.

 

- მომავალში, ადგილობრივ დონეზე ელექტრონული სისტემების დანარგვის ჭრილში, რეკომენდირებულია ონლაინ აღრიცხვის სისტემის დანერგვა და დასწრების მაჩვენებლების პროაქტიული ხელმისაწვდომობა.

 

- მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თითოეულმა წევრმა განსაზღვრული წესის შესაბამისად მოაწყოს საჯარო შეხვედრა საკუთარ ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.

 

- საჭიროა მუნიციპალიტეტების ვებგვერდის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა და საკრებულოს წევრის მიერ წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ამსახველი ანგარიშების ან/და ანგარიშის მოსმენის ოქმების გამოქვეყნება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დოკუმენტები, შესაბამისი დასახელებით, განთავასებული იყოს ვებგვერდის შესაბამის და მარტივად მოსაძებნ სექციაში. 

 

- სასურველია საკრებულოს წევრებისმხრიდან მოხდეს მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის დეტალური ანგარიშგება, რაც მათ მიერ მომზადებულ ანგარიშში საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების, ინიციატივათა წარდგენის, სათათბირო ორგანოების შექმნის და მოსახლეობისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილი სახით წარდგენას გულისხმობს.

 

____

[1]სართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. მუხლი 24. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2244429

 

/public/upload/00_studies/2023/9785436987965.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-სმიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეროვნული გმირის წოდება

01.06.2023

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში

31.05.2023

საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი (2010-2022)

30.05.2023

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

30.05.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება

31.05.2023

შსს-მ და სუს-მა ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება უნდა გააკეთოს

21.05.2023

კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ეხმაურება

18.05.2023

რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება

18.05.2023
ბლოგპოსტები

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

30.05.2023

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022